საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის II ტალღისთვის ემზადება და ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპს იწყებს. მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ მათ მიერ შემუშავებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა და დღეს, შეიძლება ითქვას, საქართველო აკონტროლებს ეპიდემიის გავრცელების რისკებს. ბრძოლა მიმდინარეობდა ორ ფრონტზე – ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის მიმართულებებით.
პირველივე ეტაპზე გამოცხადებული სოციალური დახმარების პაკეტი კვლავ ძალაშია და მას ახალი კომპონენტები დაემატა, მათ შორის, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვის 200-იანი დახმარება და 2020-21 სასწავლო წლის საფასურის გადახდა იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც 150 000 სარეიტინგო ქულა აქვთ და სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ.
წლის ბოლოსთვის კვლავ ამოქმედდება კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროექტი, პირველ ეტაპზე ამ პროგრამით საქართველოს 1,2 მლნ-მა მოქალაქემ ისარგებლა. მეორე ეტაპი კი ზამთრის სეზონს – ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალს მოიცავს. 200 კვ საათამდე ელექტროენერგია და 200 მ3-მდე გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულების მხარდაჭერა საქართველოში აქამდე არასდროს განხორციელებულა. “ქართული ოცნების” მთავრობამ პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის პირობებში, თვითდასაქმებულთა მხარდასაჭერად ერთჯერადად 300 ლარი გამოყო. დახმარება იმ 170 000-მა მოქალაქემ მიიღო, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. 6 თვის განმავლობაში 100 ლარის ოდენობის დახმარება გაიცა შშმ პირებსა და მრავალშვილიან ოჯახებზე.
2020 წელი საარჩევნო წელია. ოქტომბერში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. მთავრობა გლეხებს რთველისა და ვაშლის მოსავლის სუბსიდირებასაც ჰპირბდება. კერძოდ, საუბარია ვაშლის აღების სეზონზე. არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც 2020 წლის პირველ დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფო 10 თეთრის სუბსიდიას გასცემს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის III ეტაპი უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური კრიზისი გრძელვადიანი იქნება.
“შემდეგი ორი წელიც საკმაოდ რთული იქნება გლობალურად ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა რეგიონში და გლობალური ეკონომიკის ნაწილი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ამ კრიზისის ზეგავლენა”, – განაცხადა გახარიამ.
ექსპერტების შეფასება
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია უბრალო მიზეზის გამო, არ ვიცით კრიზისის ბოლო საფეხური სად ჩერდება, ამიტომ, მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას ანტიკრიზისულის ნაცვლად ვარდნის შერბილების ღონისძიებებს უწოდებს.
გიორხელიძის მოსაზრებით, სოფლის მეურნეობის დახმარებით მიმართულებით მთავრობის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება ძალიან დაგვიანებულია, მათ ხელიდან გაუშვეს გაზაფხულის სეზონი და ათასობით ჰექტარი მიწა დაუმუშავებელი დარჩა იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო პანდემიის გამო, გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მსოფლიო ორგანიზაცია მთელს მსოფლიოს მოსალოდნელ შიმშილსა და პროდუქტების დეფიციტზე აფრთხილებს.
“ამ დროს, ჩვენ არაფერი გავაკეთეთ. გვეგონა, 2 თვის შემდეგ, ტურისტები ისევ შემოვიდოდნენ საქართველოში და ბედნიერ ცხოვრებას გავაგრძელებდით. ეს არასწორი მოლოდინი იყო”, – ამბობს იგი.
დემურ გიორხელიძის აზრით, ყურძნის სუბსიდირება ეფექტიანს ვერ ხდის სოფლის მეურნეობას, თუმცა გარკვეულ შეღავათს იძლევა. ამ სუბსიდირებით ძირითადად თბილისში რეგისტრირებული კომპანიები სარგებლობენ.
“კოოპერაცია უსუსტესია, სოფლის მეურნეობის დახმარება ფაქტობრივად შპს-ების დონეზეა დაყვანილი, რომლებიც სოფლად არ მოღვაწეობენ და მარტო მოსავალს ართმევენ ჰაერში გამოკიდებულ იქაურ ჩვენს მცხოვრებლებს, რომლებსაც დიდი წვალებით მოჰყავთ ეს ყველაფერი. 4 500 ტონა ვაშლი და მთელი ბოსტნეული ირანიდან, სოფლის მეურნეობის მთელი რიგი პროდუქტები ჩინეთიდან შემოგვაქვს, რატომ, როცა შეგვიძლია პირიქით, კონკურენტუნარიანი წარმოება და კონკურენტუნარიანი გადამამუშავებელი წარმოება გვქონდეს. ეს უფრო, რაღაც პროპაგანდისტული ხერხი მგონია, რომელიც ეფექტიან შედეგს ვერანაირად ვერ დადებს, თორემ, მოვა შემოდგომა და თავად დაინახავთ რა იქნება”, – განუცხადა Dalma News-ს ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ.
მეორე მხრივ, არც ის მიაჩნია სწორად, როცა არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი, მთავრობას უსაყვედურო, – შენს მიერ გამოყოფილი დახმარებები არჩევნებზეა მიბმულიო. მსგავსი საგანგებო ვითარებები ხელისუფლებისთვის დამატებითი ფაქტორია, თუ ის კვალიფიციურია, პასუხისმგებლობის შეგრძნება აქვს და იცის, პოლიტიკური ხერხებით, როგორ მიაღწიოს შედეგს, მსოფლიო პანდემიაც კი შეიძლება პოლიტიკური რეიტინგის ასამაღლებლად გამოიყენოს.
დემურ გიორხელიძის თქმით, დღეს, მთელი მსოფლიო იმავეს აკეთებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება და ისიც ბუნებრივი სურვილია, რომ “ქართულ ოცნებას” სურდეს ხელისუფლებაში დარჩენა. თუმცა, ჯერჯერობით ვერაფერს ხედავს საიმისოს, რაც მთავრობას აშკარა წონას შემატებდა, თუმცა “ქართულ ოცნებას” პანდემიის დროს ამის ბრწყინვალე შესაძლებლობები ჰქონდა, თუმცა, ექსპერტის შეფასებით, ყველა ეტაპზე, ყველა მიმართულებით, მათ შორის ეპიდემიის გავრცელებასთან ბრძოლის თვალსაზრისით მთავრობამ ზომების გატარება დააგვიანა.
“სოფლის მეურნეობა ძალიან კომპლექსური დარგია და ყველაზე სწრაფად ის იძლევა შედეგს. ამიტომ არაფერი ისე სწრაფად არ სჭირდება საქართველოს, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქცია, საკვები. ამას 2 დანიშნულება აქვს, ერთი რომ ხარისხიანი პროდუქცია ჩვენმა მოქალაქეებმა მოიხმარონ და მეორე, შეივსოს მარაგები. ჩვენი მთავრობა ნეოლიბერალურ მარაზმშია ჩარჩენილი, რომ ტურიზმი გადაარჩენს ქვეყანას. ახლა თურმე ენერგეტიკაში უნდა ჩაიდოს ფული. იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაშია (იმპორტისა და ექსპორტის კლება და ა.შ) რა შეცვლის? ტურიზმის მოლოდინი, თუ ჰესის მშენებლობას რომ იწყებ რაჭაში? ეს ყველაფერი, არის ცალკეულ ინტერესთან ჯგუფების წინადადებების ლობირება. აბსოლუტურად მოწყვეტილია ეკონომიკურ, პროფესიულ ტერმინოლოგიას ყველას ის რეკომენდაცია, რომელსაც მე ვკითხულობ. შეიძლება საიდუმლოდ, რაიმე აქვს მთავრობას, არ ვიცი”, – ამბობს გიორხელიძე.
მისივე შეფასებით, “ქართულ ოცნებას” შეეძლო სრული დომინანტი ყოფილიყო და მსოფლიო კრიზისის ფონზე გამოჩენილიყო ძალად, რომელსაც შეუძლია საჭირო გადაწყვეტილებების მიღება.
Dalma News-ის კითხვაზე, როგორი წლის დასასრული ელოდება საქართველოს, გიორხელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ქვეყნის გარეთ – თურქეთში, რუსეთში, ჩინეთში რა მდგომარეობა იქნება. სწორედ ეს ქვეყნები არიან საქართველოს მთავარია პარტნიორები საქონელბრუნვის თვალსაზრისით. კორონავირუსის გამო, თუ გართულდა მდგომარეობა ყველგან, საქართველოს მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობის მიერ, ექსტრემალურ პირობებში შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრისას, ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე 2 საყურადღებო ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. ერთი ის, რომ საქართველოს მთავრობას, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების მთავრობებს, ექსტრემალურ ვითარებაში მოუწიათ ბიუჯეტის პრიორიტეტების გადაწყობა და მისი განხორციელება და მეორე – თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში დღემდე არსებული კრიზისები გამოწვეული იყო წმინდა ეკონომიკური ფაქტორებით და არა გლობალური პანდემიით, რაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორია. ფინანსური კრიზისი ეკონომიკას არ კეტავს, საწარმოები არ ჩერდება, პანდემიამ კი ეკონომიკები ჩაკეტა.
“ეს არის პირველი კრიზისი, რომელიც არ არის გამოწვეული წმინდა ეკონომიკური ფაქტორებით და გამოწვეულია გლობალური პანდემიით. ეს არის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორი. პანდემია არის გაურკვევლობა, რომელიც არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება. ჩვენთან ძირითადი ეკონომიკური ძრავა, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნიდა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მონაწილეობდა – ტურიზმია. ტურისტული ინდუსტრია ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში წამგებიანი გახდა. წამყვანი ავიაკომპანიებიც კი გაკოტრდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ეს ინდუსტრია როგორმე გადარჩენილიყო. კრიზისი ოდესღაც ხომ დასრულდება და თუ ეს სფერო ჩამოიშლება, მის აღდგენას დრო და ფინანსები დასჭირდება. მთავრობის ამოცანა ამ დროს იყო ზოგადად ბიზნესის გადარჩენა. ის შეღავათები, რაც მთავრობამ დააწესა ბიზნესის სტიმულირებისთვის, სხვა ქვეყნებშიც დაწესდა”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
რაც შეეხება სოციალური დახმარებებს, ექსპერტი „ქართული ოცნების“ მთავრობის ამ გადაწყვეტილებასაც დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კრიზისების დროს ყველაზე მეტად სწორედ რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან, ამიტომ უმუშევრობის 6-თვიანი დახმარება, თვითდასაქმებულების დახმარება, სტუდენტებისთვის შეღავათები, ბავშვების 200-ლარიანი დახმარება და სხვა, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა.
Dalma News-ის კითხვაზე, რომ არა საარჩევნო წელი, იქნებოდა თუ არა „ქართული ოცნება“ ასეთი “გულუხვი”? გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ არჩევნები, ადრე თუ გვიან მოვიდოდა და პანდემიის დროს ხელისუფლების უმოქმედობა აუცილებლად აისახებოდა არჩევნებში მის რეიტინგზე.
“ეკონომიკური ზრდის 13%-იანი ვარდნა გვქონდა აპრილ-მაისში, ახლა ვარდნა 7,7%-მდე შემცირდა. ეს ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ეფექტია. გარედან შემოსული დახმარებები, რომელიც ევროკავშირმა გამოგვიყო – 150 მლნ ევროს შეღავათიანი კრედიტი, გამიზნულია იმაზე, რომ ბიუჯეტი გამაგრდეს. ბიუჯეტი აფინანსებს პენსიებს, სკოლებს, ხელფასებს და ა.შ. ეკონომიკა თუ გაჩერდება, ბიუჯეტში რა შევა? კრიზისი თუ კიდევ გაგრძელდა, მომავალშიც მოუწევს მთავრობას აიღოს საგარეო ვალი, მთავარი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა”, – განუცხადა Dalma News-ს გიორგი ცუცქირიძემ.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინთან ერთად, ქართველ ამომრჩეველს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ელის. წინ საპარლამენტო არჩევნებია. უდანაკარგოდ აისახება, თუ არა ყველა გაწეული დახმარება “ქართული ოცნების” საარჩევნო ხმებზე დრო გვიჩვენებს. ოპოზიციაში კი “შიშობენ”, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვის ყველა ლეგიტიმურ საშუალებას გამოიყენებს.
შორენა პაპაშვილი