სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, რუსეთში 15 მარტს, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სომხეთის სახელმწიფოს მეთაური თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს შეხვდა. მათ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები განიხილეს.
ოფიციალური ინფორმაცია მოლაპარაკებების შედეგების თაობაზე, ტრადიციულად სავსე იყო ფრაზებით ორმხრივი თანამშრომლობის, მარადიული მეგობრობის და სომხეთის და რუსეთის ერთგულების შესახებ. ასევე ტრადიციული სიტყვაძუნწობით აღინიშნა სომხური საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები, რომლებიც სომხურ-რუსულ ურთიერთობებს პოტენციურ საფრთხეს უქმნის. ესენია: ყარაბაღის კონფლიქტი, რუსეთის აზერბაიჯანთან და თურქეთის და სომხეთის ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობები.
სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საკმაოდ საინტერესო მოვლენების ფონზე მიმდინარეობდა: ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ცოტა ხნის წინანდელი ესკალაცია და შემდგომი დიპლომატიური ფრონტი (სომხეთის და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ვიზიტები მოსკოვსა და პარიზში), სომხეთის მიერ ევროკავშირთან ჩარჩო-ხელშეკრულების სწრაფად გაფორმება, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიდა პრობლემები, მაგალითად: რუსეთის ფედერაციას და ბელორუსს შორის გაზის გაძვირების გამო ურთიერთობების დაძაბვა.
გარდა ამისა, სომხეთში მალე, საკონსტიტუციო რეფორმების შემდეგ, პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და სომხეთის ხელისუფლებას, როგორც ყოველთვის მოსკოვის მხარდაჭერა სჭირდება, თანაც არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურიც. ეს კი ქვეყანაში რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას და მთავრობის რეიტინგის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ძირითადად ახალ პრემიერ-მინისტრად პრორუსული ფიგურის იმიჯის მქონე კარენ კარაპეტიანის დანიშვნის შემდეგ, მოსკოვმა ამ მიმართულებით განსაზღვრული ნაბიჯები გადადგა. ამის წყალობით მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფები შემცირდა.
მოსკოვში ვიზიტისას გარკვეული შეთანხმებები გაფორმდა, რომლებიც სომხეთის ეკონომიკას უნდა წაადგეს. ამგვარად, სომხეთის სახელმწიფო კომპანია «МСП Инвестиции» რუსულ-სომხური საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი და სომხეთი ანგარიშსწორებას ეროვნულ ვალუტაში შეძლებენ.
რაც შეეხება ყარაბაღის თემას, პუტინმა დასძინა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს, კონფლიქტის ურთიერთმომგებიანი გადაწყვეტილებების მხარდაჭერას, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, ისე ერევანთან და ბაქოსთან პირდაპირი კონტაქტების დროს. სომხეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მოსკოვი და ერევანი ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ მუქარა და ძალის გამოყენება მიუღებელია, რადგან სამშვიდობო პროცესს დიდ ზიანს აყენებს. გარდა ამისა, მოლაპარაკებებზე ხაზგასმით აღინიშნა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 1994-1995 წლების სამმხრივი განუსაზღვრელი შეთანხმების დაცვის აუცილებლობა, ასევე ვენასა და სანკტ-პეტერბურგში გაფორმებული შეთანხმებების რეალიზების აუცილებლობა.
სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, თავიანთ საჯარო გამოსვლებში არ უსაუბრიათ სომხეთის ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობებზე და განაცხადეს, რომ საჭიროა ერთობლივად განავითარონ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, ასევე მჭიდროდ ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე და იმაზე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს სომხეთის დასავლეთთან თანამშრომლობის მიმართ, Dalma News-ს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ცენტრალური აზიის, კავკასიის და ვოლგა-ურალის რეგიონის შესწავლის ცენტრის მეცნიერ-მუშაკი ანდრეი არეშევი ესაუბრა. მისი აზრით, სომხეთი მომავალშიც განაგრძობს მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას და მოსკოვის, ვაშინგტონის და ბრიუსელის სახით მთავარი მოთამაშეების ინტერესების გათვალისწინებას.
“ამასთანავე, ვფიქრობ, სრულად არის აღქმული ის ვითარება, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მთავარი რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაა. უსაფრთხოების ალტერნატიული მოდელი არ არსებობს, შესაბამისად, დასავლურ ალიანსებთან (ევროკავშირი და ნატო) კონტაქტები იმ ზომით განვითარდება, რა ზომითაც ხელს არ შეუშლიან რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს”, – დასძინა მან.
ექსპერტის თქმით, მთიანი ყარაბაღის პრობლემა სომხური მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში კონფლიქტის პერიოდული ესკალაციის კონტექსტში.
“ამასთანავე, ვერ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების დროს, მხარეებმა რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. მიმაჩნია, რომ რუსეთის მხარეს რეგიონის გაგრძელებული მილიტარიზაცია, ნატოს მთელი რიგი სახელმწიფოების, რომლებიც შესაძლოა რეგიონის ქვეყნებისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ, მოღვაწეობის ზოგიერთი მიმართულების ჩათვლით უნდა აღელვებდეს”, – განაცხადა არეშევმა.
“მთიანი ყარაბაღის საკითხში რუსეთის პოზიცია უცვლელია – კონფლიქტი ორმხრივი კომპრომისით უნდა მოგვარდეს; სხვა საკითხია ის, თუ მოცემულ მომენტში ეს რამდენად განხორციელებადია. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვამ, საეჭვოა ეფექტი გამოიღოს კონტროლის შესაბამისი მექანიზმების და დამრღვევთა მიმართ სანქციების დადგენის გარეშე. აქ ვითარება, სამწუხაროდ, იდეალური არ არის და ყველაფერი, არც მხოლოდ რუს დიპლომატებზეა დამოკიდებული”, – დასძინა მან.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მხრიდან სომხეთის ეკონომიკურ მხარდაჭერას, არეშევის თქმით, რეგიონში სომხეთის შედარებით ძლიერი ეკონომიკური პოზიციები რუსეთის ინტერესებს შეესაბამება, თუმცა ყველა ფაქტორი (მათ შორის სუბიექტური) არ არის ხელსაყრელი.
“იმედია, ვითარება ბოლოს და ბოლოს დადებითად შებრუნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ცოტა ხნის წინანდელი ზოგიერთი განცხადება ამის იმედს იძლევა”, – განაცხადა მან.
შეძლო, თუ არა სომხეთმა ევროკავშირთან დაკავშირებით რუსეთისთვის თავისი პოზიციის ახსნა, რომ ეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ერევნის მოვალეობების ხარჯზე არ მოხდება, უახლოეს მომავალში გაირკვევა. მაისში სომხეთს და ევროკავშირს შორის მოსალოდნელია ახალი ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმება. ერევნის ამ ნაბიჯზე მოსკოვის რეაქციაც სწორედ მაშინ გამოიკვეთება.
რაც შეეხება ყარაბაღის კონფლიქტს, მოსკოვში ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის მიერ გაკეთებული განცხადებით, ბაქო სომხეთში დაგეგმილი არჩევნების შედეგებს დაელოდება. ამის შემდეგ კი გამოჩნდება აზერბაიჯანი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების, ძირითადად მოსკოვის ნების წინააღმდეგ წავა თუ არა, და დაიწყებს თუ არა ვითარების ახალ ესკალაციას კონფლიქტის ზონაში.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის და სომხეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო თავდაცვით სფეროსა და მთიან ყარაბაღში ომის თავიდან აცილების საკითხებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას, მოსკოვი დიდ იმედებს სომხეთის სამხედრო შესაძლებლობებზე უფრო ამყარებს, ვიდრე იმაზე, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება შეძლებს გააცნობიეროს, კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით მოგვარების დაუშვებლობა.
მოამზადა ჰაიკ ხალათიანმა