რეგიონში ან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, როგორც წესი, გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, ეროვნულ ვალუტაზე. მსგავსი პროცესების მიმართ მცირე ქვეყნების ეკონომიკები გაცილებით მგრძნობიარენი არიან. 2024 წელი საქართველოში საარჩევნო წელია. 26 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობამ ახალი მოწვევის პარლამენტი აირჩია, თუმცა შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გატანის მცდელობას კვლავაც განაგრძობენ.
რა დოზით აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე პოლიტიკური პროცესები ამ და სხვა საკითხებზე Dalma News-ს პროფესორი ლადო პაპავა ესაუბრა.
– ქვეყანაში ან ქვეყნის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური პროცესები უწინარეს ყოვლისა აისახება მოცემული ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე. აქ საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოზე, ეს ზოგადი პროცესია. როცა ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობაა, როცა წინასაარჩევნო ან არჩევნების შემდგომი პერიოდია, როცა პოლიტიკური კონფრონტაციაა, ამ შემთხვევაში რა მოსდის ეროვნულ ვალუტას? მექანიზმი ასეთია, როცა იქმნება დაძაბულობა, როცა ქვეყანაში არის დაპირისპირება ამ შემთხვევებში ადამიანები ცდილობენ თავი დაიზღვიონ შესაძლო რისკებისგან. ამ დროს ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის ეროვნული ვალუტის გადაყვანა უცხოურ ვალუტაში. რა თქმა უნდა, აშშ დოლარებში, რომელიც ყველაზე უფრო გავრცელებული მსოფლიო ვალუტაა. ამიტომ ადამიანები, ბიზნესი ცდილობს შეიძინოს მყარი ვალუტა, რომ რისკები შეამციროს. ბუნებრივია, როდესაც გაიზრდება მოთხოვნა ვალუტაზე, ეს კიდევ უფრო აუფასურებს ვალუტას, რაც კიდევ უფრო უარესად აისახება ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე.
გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ თურქეთში მიმდინარე პროცესები. ამ ქვეყანას საკმაოდ წარმატებული ეკონომიკა აქვს, თუმცა იყო გარკვეული პოლიტიკური კონფრონტაცია და ამის ფონზე რთული დღეები დაუდგა თურქულ ლირას, რომელმაც დაიწყო გაუფასურება. ასეთი რაღაცები მეტ-ნაკლებად ხდება ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ისეთებში, სადაც პოლიტიკური კულტურა შედარებით დაბალია, ხოლო პოლიტიკური ინსტიტუციების მიმართ ნდობა არც ისე მყარია. ასე, რომ საქართველოში რაც ხდება არის გამოვლენა იმისა, თუ როგორი მაღალია პოლიტიკური პოლარიზაცია. საზოგადოება პრაქტიკულად გახლეჩილია. ვიღაცას ახარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ვიღაც პირიქით, თვლის რომ არჩევნები გაყალბდა. ასეთებს, გაყალბების მყარი არგუმენტები და ფაქტები ჯერჯერობით ვერ მოაქვთ. იმისათვის, რომ ლარის გაუფასურება არ ყოფილიყო კიდევ უფრო დიდი პანიკის შემქმნელი, სავსებით ლოგიკურად იმოქმედა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც რეზერვების ნაწილის გაყიდვის ხარჯზე შეინარჩუნა ლარის სტაბილურობა.
– წინასაარჩევნო პერიოდში გარემო უფრო სტრესული ხდება, რომ გვითხრათ, ასეთ დროს რა რისკები ჩნდება ეკონომიკაში?
– რა თქმა უნდა, როცა პოლიტიკური დაძაბულობა მაღალია, წინასაარჩევნო პერიოდში ეს კიდევ უფრო მძაფრდება, ასეთ ვითარებაში ბიზნესსაც და რიგით ადამიანებსაც აქვთ განცდა, რომ ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს იმით, რომ პოლიტიკური ვითარების დაძაბვის გამო ბიზნესი შეფერხდეს. ბიზნესი თუ შეფერხდება, ვერ განვითარდება ეკონომიკა. ეკონომიკა თუ ვერ განვითარდება, ეს აისახება არა მარტო ეკონომიკის ზრდაზე, არამედ ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე, უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე და სხვ. ასეთ ვითარებაში უარყოფითი მოლოდინები თამაშობს მთავარ როლს.
– არჩევნების შემდგომ პერიოდში ვხედავთ პროცესების არასასურველ განვითარებას, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები ვერ მიდიან კონსენსუსამდე. თქვენი აზრით, ესმით თუ არა ამ დროს პოლიტიკოსებს, რამდენად უარყოფითად ზემოქმედებს ეს ქვეყნის ეკონომიკაზე, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე?
– ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რაც უფრო გაუარესდება ქვეყანაში მდგომარეობა, მით უფრო ადვილი იქნება ხელისუფლების ჩანაცვლება, ჰგონიათ, რომ მეტი მხარდამჭერი ეყოლებათ. ამიტომ, ისინი იმას კი არ ცდილობენ, რომ ქვეყანას ზიანი არ მოუტანონ, არამედ პირიქით, მათთვის ხელსაყრელია, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს ქვეყანას, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირების საპროტესტო მუხტი გააძლიერონ. ხელისუფლების ამოცანა კი ისაა, რომ შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ჰქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა.
– თუმცა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის მაღალი წილი მოდის მმართველ ძალაზე. რაც მეტ ხანს გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, მით უფრო დამძიმდება ეკონომიკური და სოციალური ფონი….
– სწორედ ეგ არის ერთ-ერთი ამოცანა ოპოზიციის, რომ თავისი მომხრეების რაოდენობა გაზარდოს და ხელისუფლების მიმართ დაპირისპირება გააძლიეროს. ამიტომ ხელისუფლების მიზანია, პოლიტიკური პროცესები მოექცეს თავის ჩარჩოებში, საზოგადოება კი დაარწმუნოს იმაში, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, არ ყოფილა იმ მასშტაბის დარღვევები, რაც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებდა.
– ალბათ, უფრო ოპერატიულადაც უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, როდესაც საუბრობენ საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე, პოლიტიკური კრიზისი უკუპროცესებს ხომ გამოიწვევს?
– გმადლობ ამ კითხვისთვის. საქმე იმაშია, რომ ჩვენი პროგნოზები, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, ეფუძნება იმ პროგნოზებს, რომელსაც აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი. მიუხედავად იმისა, რომ მათაც იცოდნენ საქართველოში არჩევნების წინა პერიოდი იყო, იცოდნენ, რომ ქვეყანაში იყო მოსალოდნელი პოლიტიკური დაძაბულობა, კონფრონტაციული ხასიათის დაპირისპირება, პოლარიზაცია, ამის მიუხედავად, ამ საერთაშორისო, კომპეტენტური ორგანიზაციების ყველა პროგნოზი არის მხოლოდ და მხოლოდ ოპტიმისტური. ისინი არ თვლიან, რომ საქართველოს ეკონომიკას რაიმე საფრთხე ემუქრება. არ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზები ეჭვ ქვეშაა დასაყენებელი, ამის საფუძველი ჯერჯერობით არ არის, რადგან მათაც იციან, საქართველოში როგორი პოლიტიკური დაპირისპირებაა? ამ დროს მათი პროგნოზები ოპტიმისტურია.
– რატომ ხდება ასე?
– საქმე იმაშია, რომ საქართველოში იწყება გრანდიოზული პროექტები: ანაკლიის პორტი, შუა დერეფანი, მწვანე ენერგიის წარმოება და სხვ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვალუტის შემოდინება ისე არ შემცირდება, რომ ქვეყანას სირთულეები შეექმნას.
– „ქართული ოცნების“ პირობებში რამდენიმე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, რამდენად იყო იმის შანსი, რომ ოპოზიციის კოალიციური მმართველობის პირობებში ამ პროექტებს საფრთხე შეჰქმნოდა? ამას გეკითხებით იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, ვარდების რევოლუციის შემდეს სააკაშვილმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გააჩერა.
– მე არ მესმის სიტყვა „კოალიციური“ იმ გაგებით, რა გაგებითაც ის დღეს ქართულ პოლიტიკაში გამოიყენება. როცა პარტიები წინასაარჩევნოდ ერთიანდებიან, იმას კოალიცია კი არა, საარჩევნო ბლოკი ჰქვია. კოალიცია არ იქმნება აპრიორი, ეს ყალიბდება მხოლოდ მაშინ, როცა ვერც ერთი პარტია ვერ ახერხებს გამარჯვებას და მთავრობის ჩამოყალიბებას, მაშინ პარტიებს შორის მიდის მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის შექმნაზე. წინასწარ როცა ერთიანდები, შენ იცი, რომ ვერ გაიმარჯვებ და არც ცდილობ გამარჯვებას. თუ არჩევნების გამარჯვებას არ აპირებ, მერე ნუ გაგიკვირდება, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ბოლომდე არ გენდობა… ამომრჩევლისთვის შეთავაზება, რომ გვინდა კოალიციური მთავრობა, როგორც წესი, ეფექტიანად ვერ მუშაობს. არც ერთ პარტიას, გარდა მმართველი პარტიისა არ ჰქონია პრეტენზია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდა. პატიების გაერთიანება ყოველთვის არ გამოიწვევს მათი ხმების გაერთიანებას. მაგალითად, მომწონს პარტია – „ანი“, მაგრამ არ მომწონს პარტია – „ბანი“ და მათი გაერთიანების შემთხვევაში არც ერთს აღარ მივცემ ხმას.
– წინასაარჩევნო პერიოდი ოპოზიციის დიდი აქტიურობით არც გამოირჩეოდა…
– ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო უცხოეთის ფაქტორზე.რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, მე ვერ ვხედავ საფრთხეს, იმიტომ, რომ აქ საქართველოს მთავრობა არის მთავარი ინვესტორი, საკონტროლო პაკეტი საქართველოს ხელშია და შემოდის ჩინელი ინვესტორი. ხოლო შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანა თუ არ განხორციელდება, ისევ ევროკავშირი დაზარალდება, რომელსაც ისედაც ენერგეტიკული შიმშილის პრობლემა აქვს.
– გამომდინარე აქედან, არის თუ არა ევროკავშირის ინტერესებში საქართველოში პოლიტიკური ვითარება რაც შეიძლება მალე დამშვიდდეს?
– ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში ერთპოლუსიანი სისტემის ტრანსფორმაციას. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ამ ერთ პოლუსად აშშ იქცა. ახლა რამდენიმე პოლუსი იქმნება. ევროკავშირი ერთპოლუსიან სისტემაშიც ვერ გამოიყურებოდა დამაჯერებლად და ამ ტრანსფორმაციის პროცესშიც ჯერჯერობით არ აქვს შანსი პოლუსად ჩამოყალიბდეს. პოლუსები ხდებიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი პოლიტიკური გავლენა და ძლიერი სამხედრო-სამრეწველო-კომპლექსი. ფაქტია, რომ ეს უკანასკნელი ევროკავშირს საერთოდ არ გააჩინა. ამიტომ ევროკავშირი დიდად იქნება დამოკიდებული ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზე. როგორც უკვე ცნობილია საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, რასაც დიდი ალბათობით აუცილებლად მოჰყვება მნიშვნელოვანი ცვლილებები მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს აისახება აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაზეც. კერძოდ, სულ მცირე გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ ვაშინგტონიდან აღარ იქნება თბილისის კრიტიკა ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავ კანონთან დაკავშირებით.
– ოპოზიციის დაანონსებული გრძელვადიანი საპროტესტო გამოსვლები რისკებს ზრდის თუ არა ტურიზმისთვის, უცხოური ინვესტიციებისა და ლარის კურსისთვის?
– ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ საზოგადოების მხრიდან როგორი მხარდაჭერა ექნება ოპოზიციის აქციებს. გვახსოვს 2020 წლის არჩევნები და მისი შემდგომი დაძაბულობა. არსებობს რამდენიმე სცენარი, ყველაზე ცუდი სცენარია სახელმწიფო გადატრიალება. ასეთი რამ თუ მოხდა, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ ოპოზიციას ამის რესურსი არ აქვს. 2003 წლის რევოლუციად შერაცხილ სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა თავისი წინაპირობა: უხელფასობა, უშუქობა, გაუცემელი პენსიები, ხალხში საპროტესტო განწყობა კარგა ხნის დამკვიდრებული იყო. „ქართული ოცნება“ თავად ამბობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არ შეიცვლება და ამის ჩანაწერი აქვთ კონსტიტუციაში. არ მგონია, რომ განსაკუთრებით დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების ფონზე, დასავლეთიდან ვინმემ მხარი დაუჭიროს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის რევოლუცია, როგორც ასეთი, პრინციპულად მიუღებელია!
– ოპოზიციაში არიან თუ არა ისეთი ლიდერები, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით პოლიტიკურ კრიზისის უკუშედეგები ეკონომიკაზე? ასეთ ლიდერებად დასახელდა ხაზარაძე და გახარია. ასეთ პოლიტიკოსებს ხედავთ ოპოზიციაში, ვისაც გააზრებული აქვს პოლიტიკური კრიზისის გამო ეკონომიკური კრიზისის მასშტაბები?
– როდესაც გადავხედე იმ პარტიების სიებს, რომლებმაც გადალახეს 5%-იანი ბარიერი, შემიძლია გულდაწყვეტით გითხრათ, რომ ერთი-ორი კაცის გარდა მეტ-ნაკლებად ცნობილი ეკონომისტი არც ერთ პარტიულ სიაში არ არის წარმოდგენილი. ისევე, როგორც ერთი-ორი გამორჩეული მეცნიერის გარდა, პარტიულ სიებში არ არიან მეცნიერები, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია…
ესაუბრა შორენა ქარჩავა