სომხეთში ქართული სათვისტომოს, “ივერიის” ვიცე-პრეზიდენტი, საკვირაო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი და სათვისტომოს გაზეთ “ივერიის” რედკოლეგიის წევრი, ნინო სპანდერაშვილი სომხეთში სიყვარულმა წაიყვანა და მას შემდეგ, მეზობელი ქვეყნის მიწაზე თავის პატარა საქართველოს ყოველდღიურად თითო აგურს ამატებს. მომავალი მეუღლე რუსეთში სწავლისას, 1985 წელს გაიცნო, დაქორწინდნენ და ერევანში გადავიდნენ საცხოვრებლად. 29 მაისს თბილისში, მისი პირველი კრებულის “ხელისგულიდან ხელისგულამდე” პრეზენტაცია გაიმართა. Dalma News-ი ნინო სპანდერაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.
– გვიამბეთ თქვენს შესახებ?
– დავიბადე კახეთში, სიღნაღის რაიონში, ქალაქ წნორში. დავამთავრე წნორის N3 საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლა გავაგრძელე რუსეთში, სტავროპოლის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქალაქ პიატიგორსკის ფილიალში.
– რას საქმიანობთ სომხეთში?
– 2010-2016 წლებში ვმუშაობდი სომხეთის საზოგადოებრივ რადიოში, სადაც საზღვარგარეთისათვის განკუთვნილი გადაცემების განყოფილებაში მთარგმნელი – დიქტორი ვიყავი. სომხეთის ახალ ამბებს ვთარგმნიდი ქართულ ენაზე. ქართულად ვკითხულობდი ახალ ამბებს, შემდეგ გადაცემის აუდიო ვერსიას, ფოტოებსა და პრესრელიზებს ვაქვეყნებდი რადიოს საიტზე. 2016 წლის პირველი აპრილიდან, მაშინდელი რადიოს დირექტორის განკარგულებით დაიხურა განყოფილება, მათ შორის შეწყდა ქართული გადაცემებიც. მაგრამ სულ ახლახანს აღდგა სომხეთის ახალი ამბების ქართულ ენაზე გადაცემა, რაც მოწმობს სომხურ-ქართული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას. ამჟამად, ასევე, ვმუშაობ სანოტარო მოქმედებების ლიცენზირებულ მთარგმნელად ქართულ-სომხურ ენებზე. ასევე, ვარ ქართული სათვისტომოს, “ივერიის” ვიცე-პრეზიდენტი და საკვირაო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი. მინდა აღვნიშნო, ასევე, “ივერიელების” მიმართ სომხეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამოვლენილი მუდმივი ყურადღების შესახებ.
– როგორ მოხვდით ქართულ დიასპორულ ორგანიზაციაში?
– თითქმის ორი ათეული წლის წინ, გაზეთში ამოვიკითხე, რომ სომხეთში საქართველოს საელჩოს შენობაში მოქმედებდა ქართული საკვირაო სკოლა და პირველივე კვირა დღეს, ჩემ სამ შვილთან ერთად მივაშურე საელჩოს. გავიცანი სათვისტომოს დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი, აკადემიკოსი თინათინ ასათიანი, საკვირაო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი მასწავლებელი, მაყვალა გეურკოვა-სააკიანი. ასევე, სათვისტომოს აქტიური წევრები. ჩემი შვილები კარგად ფლობდნენ ქართულ ენას, მაგრამ საკვირაო სკოლაში სიარულით უფრო განიმტკიცეს ცოდნა. ისწავლეს ბევრი ქართული ლექსი, ანდაზა, ფრთიანი გამონათქვამი თუ აფორიზმი. ყველა დღესასწაულსა და ფესტივალში ქართული სათვისტომოს სახელით მონაწილეობდნენ.
– რა არის თქვენი უმთავრესი მოტივაცია საკვირაო სკოლაში?
– საკვირაო სკოლაში, რომლის დირექტორია ლიანა სამადალაშვილი, ჩემი ათწლიანი მასწავლებლობის პერიოდში უმთავრეს მოტივაციად ქართულ-სომხური მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას მივიჩნევ. საკვირაო სკოლის მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ანბანს, ქართულ ენასა და ლიტერატურას. ეცნობიან გამოჩენილ ქართველებს, ქართულ რელიგიურ თუ სახელმწიფო დღესასწაულებს, ტრადიციებს. საკვირაო სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა ეროვნებით სომხები არიან, ან ერთ-ერთი მშობელი, ან კიდევ ბებია – პაპა ჰყავთ ქართველი. სწავლის პერიოდში პარალელს ვავლებთ ორი მეზობელი და მეგობარი ერის განვითარების ისტორიას, ტრადიციების ერთობლიობასა და ორივე ერის სახელოვან ადამიანებს შორის. საკვირაო სკოლის მოსწავლეები ცდილობენ დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია სომხურ-ქართული ერთობლივი ღონისძიებების შესახებ, მეტი შეიტყონ სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე და ახალ ინფორმაციას სიამოვნებით უზიარებენ საკვირაო სკოლის დანარჩენ მოსწავლეებს. ქართული კულტურის სიყვარული ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მიაქვთ თავიანთ ოჯახებში, სკოლებში, სასწავლებლებში, იმ გარემოში, სადაც უწევთ ცხოვრება თუ მუშაობა. ამიტომ მივიჩნევ უმთავრესად ამ სიყვარულის ჩანერგვას. გაკვეთილები მხოლოდ კვირა დღესაა და ხშირად ვერ ვასწრებთ ნაწარმოების სრულყოფილად გაცნობას, გაკვეთილის შემდგომ მოსწავლეები უკვე თავად ეძებენ და ეცნობიან მას. აღსანიშნავია სომხეთში საქართველოს საელჩოს მუდმივი ყურადღება საკვირაო სკოლისა და სათვისტომოს მიმართ.
– რა ოჯახური ტრადიციები აქვთ სომხებს?
– სომხების ოჯახური ტრადიციები ძალიან ჰგავს ქართულს, რადგან მეზობელი ერები ვართ და ჩვენი ისტორიაც ერთმანეთში ლამაზად არის ჩაწნული. გამოვყოფდი უფროსებისა და მამაკაცების მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას, სტუმართმოყვარეობას და შვილებზე განსაკუთრებულ ზრუნვას მთელი სიცოცხლის მანძილზე.
– თქვენი აზრით, რა საერთო აქვს ამ ორ მოძმე ერს?
– საერთო ისტორიული ქარტეხილები. ერთი და იგივე დამპყრობლები აოხრებდნენ ორივე ქვეყანას. გაუტეხელი ხასიათი და ფერფლიდან ფენიქსის მსგავსად აღდგომა.
– ხშირად ამბობენ, რომ თბილისელი სომხები განსხვავდებიან ერევნელი სომხებისგანო, თქვენი აზრით?
– თბილისელ სომხებთან სამწუხაროდ არ მქონია ურთიერთობა. სომეხი, როგორც უძველესი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ერი შევიცანი სომხეთში და განსხვავების შესახებ მიჭირს საუბარი. ჩემი აზრით, თბილისელი სომხები თბილისის უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩევიან, რადგან ერევანში ჩამოსული ნებისმიერი თბილისელი სომეხი სიამოვნებით და გაუთავებლად საუბრობს თბილისის შესახებ.
– გვიამბეთ თქვენი წიგნის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც თბილისში შედგა…
– ჩემს პირველ კრებულში – “ხელისგულიდან ხელისგულამდე” შესულია ჩემი ლექსები, პროზა და პოეტური თარგმანები მსოფლიოს სხვადასხვა ენიდან. ლექსებში აღსანიშნავია პატრიოტული და სატრფიალო ლირიკა, ასევე, მივუძღვენი ლექსები დედას და ჩემს თანამემამულეებს. კრებულში შესულია ასევე მოთხრობები, “დაბრუნების შუქურა” და “აღდგენილი ხიდი”, რომელიც ასახავს აფხაზეთიდან ლტოლვილ თანამემამულეთა ცხოვრებას. საქართველოს ფარგლებს გარეთ მათ სულიერ და ფიზიკურ განსაცდელს, მუდმივ ზრუნვას სამშობლოს კეთილდღეობაზე. ეს მოთხრობები შევიდა 2014 -2016 წლებში ჩატარებული კონკურსის, “ემიგრანტის წერილის” საუკეთესო ათეულში.
ჩემი თარგმანების დიდი ნაწილი შექმნილია ფეისბუქში არსებული მთარგმნელთა კლუბის კონკურსებისთვის. მთარგმნელთა კლუბი უკვე რამდენიმე წელია არსებობს. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ალექსანდრე ელერდაშვილი. ნიშანდობლივია, რომ თბილისში ჩემი კრებულის პრეზენტაცია ოვანეს თუმანიანის მუზეუმში გაიმართა. იმ სახლში, სადაც წლების განმავლობაში იკრიბებოდა ქართული და სომხური ელიტა. იმ სახელოვანი ადამიანის მუზეუმში, რომელიც ორივე ერისთვის ერთნაირად ძვირფასია. იგი ძალისხმევას არ იშურებდა ქართველებსა და სომხებს შორის მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად.
ჩემი კრებულის წარდგინებას ესწრებოდა სომხეთში საქართველოს ელჩის მეუღლე ეკა ბაქრაძე, საბერძნეთის ქართული სახლის დირექტორი დარეჯან ღამბაშიძე, ბელგიის ქართული სახლის ხელმძღვანელი ანა ბალამწარაშვილი, ფერეიდანელებისთვის ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოს – “დედა ენის” შემდგენელი საიდ მულიანი, ქართველი პოეტები და მწერლები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქართული დიასპორის წარმომადგენლები, სომხური ეკლესიის მღვდელი მამა კირაკოსი, ერევნის ქართული სათვისტომო “ივერიის” დელეგაცია სათვისტომოს პრეზიდენტ სვეტლანა ნამჩევაძის ხელმძღვანელობით.
30 მაისს, ჩემი წიგნის პრეზენტაცია და ემიგრანტ პოეტთა პოეზიის საღამო გაიმართა ქალაქ რუსთავის მერიის პროგრამა “ჩვენი სტუმარის” ფარგლებში. ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ პოეტები ხათუნა შავგულიძე – ინგლისიდან, ზურაბ პაპიაშვილი – აზერბაიჯანიდან, ლიანა სამადალაშვილი – სომხეთიდან. პრეზენტაცია ქალაქ რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
– რა იციან თქვენმა შვილებმა საქართველოს შესახებ და მიიჩნევენ თუ არა მას მეორე სამშობლოდ?
– ჩემი შვილები ნახევრად ქართველები არიან. კარგად ფლობენ ქართულ ენას, არიან მართლმადიდებლები. საქართველოს დედის სამშობლოდ აღიქვამენ, სადაც მათ, ასევე, ბევრი ნათესავი და მეგობარი ჰყავთ.
– რას აფასებთ უმთავრესად ადამიანში?
– გულწრფელობას, უანგარობასა და ჰუმანურობას.
– რას ნიშნავს თქვენთვის პატრიოტიზმი?
– ჩემს შემთხვევაში პატრიოტიზმის გამოვლინებად მივიჩნევ იმას, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველაფერი ქართულის ღირსეულად წარმოჩენას ვცდილობ. სამშობლოს გარეთ მცხოვრები ქართველები საქართველოს დესპანები ვართ და ჩვენი მეშვეობით ეცნობიან ქართულ კულტურას უცხო ერები. ამიტომ უნდა ვიყოთ ღირსეული წარმომადგენლები ჩვენი ერისა და ქვეყნისა.
– თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ…
– სამომავლო გეგმები მრავალია. უახლოეს მომავალში სათვისტომოში გაიმართება სათვისტომოს დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო. საკვირაო სკოლაში ივნისის ბოლოს გაიმართება ანბანის დღესასწაული. შემოდგომით დაგეგმილია ერევნის ფილარმონიის მცირე დარბაზში ჩავატაროთ მასშტაბური ღონისძიება – “საიათ-ნოვას შემოქმედებით ორ ერს შორის გადებული ხიდი”.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი