სომხეთის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, 25-27 მარტს ინტელექტუალური თამაშების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი “დილიჟანის თამაშები 2016” ჩატარდება. ფესტივალზე გათამაშდება ორი საგზური (უცხოური და ადგილობრივი გუნდებისთვის) ინტელექტუალური თამაშების “რა?სად?როდის?” სპორტული ვერსიის რიგით მეთოთხმეტე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც წელს პირველად ინტელექტუალური მოძრაობის ისტორიაში სომხეთის საკურორტო ქალაქ ცახკაძორში ჩატარდება.


1989 წელს წარმოუდგენლად წარმატებული და ანალოგის არ მქონე ინტელექტუალური სატელევიზიო თამაშის “რა?სად?როდის?” (პროგრამის რეჟისორი და წამყვანი ვლადიმერ ვოროშილოვი, რედაქტორი ნატალია სტეცენკო), რომელიც იმ დროისთვის თავისი არსებობის 14 წელს ითვლიდა, ბაზაზე კლუბების საერთაშორისო ასოციაციის („МАК“) დაარსების შემდეგ თამაშების სპორტული ვერსია შეიქმნა. თამაშების სპორტული ვერსია იმაში მდგომარობს, რომ ერთდროულად რამდენიმე გუნდი თამაშობს, ხოლო სატელევიზიო – მოაზროვნეების ერთი გუნდი ტელემაყურებლების “ნაკრების” წინააღმდეგ თამაშობს. დღეს “რა?სად?როდის?” კლუბები, არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირში, არამედ ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, აშშ-ში, კანადასა და სხვა ქვეყნებშია. 2011 წელს “МАК”-მა მსოფლიოს 20 ქვეყნის 76 ქალაქსა და რეგიონში დაახლოებით 100 კლუბი გააერთიანა.

ტელეთამაში “რა?სად?როდის?” 1975 წლის 4 სექტემბერს დაიბადა და ეთერში “ოჯახური ვიქტორინის” სახლწოდებით გავიდა. იმ დროისთვის თამაშის სქემა განსხვავებული იყო: ორი რაუნდისგან შემდგარ თამაშში, ორი ოჯახი მონაწილეობდა. 1976 წლიდან ჩნდება ცნობილი ბზრიალა, რომელსაც ორი ისარი ჰქონდა და ორ მოთამაშეს ირჩევდა. თუ პირველს პასუხი არ ჰქონდა, მაშინ პასუხის გაცემის უფლება იმას ეძლეოდა, ვისთანაც მეორე ისარი გაჩერდებოდა. პროგრამამ “სატელევიზიო ახალგაზრდული კლუბის” განსაზღვრება მიიღო, თუმცა მაშინ პროგრამა მიყავდა არა ვლადიმერ ვოროშილოვს, არამედ ალექსანდრე მასლიაკოვს, რომელმაც პოპულარობა მეორე საკულტო თამაშის “მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” წამყვანობით მოიპოვა. მაშინ მოსაფიქრებლად ერთი წუთი არ იყო განსაზღვრული. მოთამაშეს მაშინვე უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე. გარდა ამისა, არც გუნდი არსებობდა: თითოეული საკუთარი თავისთვის თამაშობდა. 1977 წლის 24 დეკემბრიდან თამაშში უკვე ერთ ისრიანი ბზრიალა გვხვდება, რომელიც შეკითხვის კონვერტს მიანიშნებდა, რომელსაც თავდაპირველად ვოროშილოვი და პროგრამის რედაქტორთა გუნდი ამზადებდნენ, მოგვიანებით კი თამაშში ტელემაყურებლებიც ჩაერთნენ, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა “ერთი წუთი მოსაფიქრებლად”.

წესები, პრიზები და მოთამაშეები დროის მიხედვით იცვლებოდნენ. 1991 წლამდე პრიზების სახით ფასეულ წიგნებს არიგებდნენ. 1991 წელს რუსულმა გადაცემამ სახე იცვალა და გადაკეთდა “ინტელექტუალურ კაზინოდ”, სადაც “მოაზროვნეები” წინასწარ ჩამოდიოდნენ ფსონებს კითხვის გამოცნობაზე. ამას ტელემაყურებელის უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა, რის გამოც 2001 წლიდან მოთამაშეები ფულზე აღარ თამაშობენ. 1996–2002 წლებში უძლიერეს ინტელექტუალებს ენიჭებოდათ “მოაზროვნის” ტიტული და გადაეცემოდათ “ბრინჯაოს მოაზროვნე”. 2008 წლიდან, ტერმინი “მოაზროვნე” დამკვიდრდა და სატელევიზიო რა? სად? როდის?-ის ყველა მოთამაშეს ეწოდებათ „მოაზროვნე”, საუკეთესოებს კი “ბროლის ბუ” გადაეცემათ. 2009 წლის დეკემბერში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სატელევიზიო “რა? სად? როდის?”-ის ვერსია ABC-ის ეთერშიც გავა.


თამაშში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება საზოგადოებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. მისი სომხეთში ჩატარების იდეა, სამი წლის წილათ გაჩნდა, თუმცა “სომეხი მოაზროვნეების ასოციაციამ”, თავმჯდომარე ტიგრან კოჩარიანის თქმით, ამისთვის ხანგრძლივი გზა განვლო.

ტიგრან კოჩარიან
ტიგრან კოჩარიან

“საჭირო იყო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. ამისთვის დილიჟანში საერთაშორისო ინტელექტუალური ფესტივალიც ჩატარდა, რომელიც “МАК”-მა 2014 წელს საუკეთესო საერთაშორისო ტურნირად გამოაცხადა. ამის წყალობით სომხეთში ჩავიდნენ რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, საქართველოს გუნდები. “სომეხი მოაზროვნეების ასოციაციისათვის” წარმატებული ფესტივალი სწორედ ის ქვაკუთხედი გახდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვებაში დაეხმარა”. აღსანიშნავია ასევე, სომხეთის მეცნიერებისა და განათლების ყოფილი მინისტრ არმენ აშოტიანის ღვაწლიც. მას, როგორც ყოფილ მოაზროვნეს, შესანიშანვად ესმოდა სომხეთში ამ უდიდესი ღონისძიების გამართვის მნიშვნელობა.

“უცხოური გუნდების მონაწილეობით ფესტივალის ჩატარების იდეა ჰაერში იყო გამოკიდებული. ერთხელ ჩემმა თანაგუნდელმა აიკ კაზარიანმა თქვა, რომ დილიჟანის სასტუმრო Best Western Paradise, მზად არის ინტელექტუალური ფესტივალის ჩასატარებლად საგანგებოდ შექმნას შესანიშნავი პირობები. შევხვდით სასტუმროს ხელძღვანელობას და შევთანხმდით, რომ 2013 წლის პირველი ფესტივალი სომეხი და ქართველი მოაზროვნეთა გუნდების მონაწილეობით უნდა ჩატარებულიყო. ყველაფერი იმდენად კარგად ჩატარდა, რომ ფესტივალის შესახებ ინფორმაციამ მთელი “რა? სად? როდის?” -საზოგადოება მოიცვა. მომდევნო წელს დილიჟანში ბელორუსი და რუსი მოაზროვნეებიც ჩამოვიდნენ. იმავე წელს ჩვენი ღონისძიება “რა? სად? როდის?” კლუბების საერთაშორისო ასოციაციის” ტურნირის წლად გამოაცხადეს”.

კოჩარიანის თქმით, ჩემპიონატის ჩატარებას ხელი არავითარმა პოლიტიკამ არ უნდა შეუშალოს. “რამდენიმე წლის წინათ გადავწყვიტეთ, რომ გვერდზე გადავდებდით ყველა იმ საკითხს, რომელიც პოლიტიკას ეხებოდა. მათ მოსაგვარებლად არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა შესაბამისი მოედანი. ამ გადაწყვეტილებამ სწორი შედეგი გამოიღო: მთავარია, ის რომ თითოეული გუნდი თავად წყვეტს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას. მაგალითად, თუ აზერბაიჯანული გუნდი დილიჟანის ფესტივალში, ან მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, სომხური მხარე პრობლემას არ შექმის”.

ტიგრან კოჩარიანის თქმით, ფესტივალის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გუნდებს საშუალება ეძლევათ ურთიერთობა ჰქონდეთ არა მხოლოდ მოსკოვის, პეტერბურგის, უკრაინის უძლიერეს გუნდებთან, არამედ ისეთ კორიფეებთან, როგორებიც არიან ალექსანდრე რუბინი, მაქსიმ პოტაშევი და სხვები.

ამჟამად კლუბში მუდმივი შემადგენლობით დაახლოებით 10-12 გუნდი თამაშობს, ხოლო ჩემპიონატისთვის 30-მდე გუნდი შეიკრიბება. მაგალითად, აპრილის დასაწყისში ასოციაციამ გადაწყვიტა ახალი ინტელექტუალური ფესტივალი – “საშობაო შეხვედრები” მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ბრეინ-რინგის სომხეთის ჩემპიონატი ჩატარდა. მასში დაახლოებით 25 გუნდი მონაწილეობდა.

“სომხეთში ინტელექტუალური მოძრაობის განვითარება 1992 წელს, სატელევიზიო ბრეინ-რინგში სომხური გუნდის გამარჯვების დამსახურებაა. პირველი მონაწილეები მოსკოვის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. რამდენიმე წლის შემდეგ კი ელიტარიზმის კონცეფცია წარმოიშვა: ჩვენ ყველაზე მაგარი, ჭკვიანი, განათლებული, ნაკითხი მოაზროვნეები ვართ. დაახლოებით ამავროულადვე დაიწყო თამაშების სპორტული ვერსიის განვითარება. ეს არის ის, რასაც მაყურებელი ვერ ხედავს, მაგრამ სწორედ ეს ეხმარება თამაშს იყოს მასობრივი. დღეს, მთელს მსოფლიოში 10 ათასზე მეტი ადამიანი „რა?სად?როდის?“ რუსულ ენაზე თამაშობს. დიდ ბრიტანეთშიც კი რუსულად თამაშობენ, ზუსტად ისე, როგორც აქ”, – ამბობს კოჩარიანი.

 ნორა ალანაქიან
ნორა ალანაქიან

ერევნის კლუბი 1986 წლის შემოდგომით, აწ უკვე გარდაცვლილმა ალიკ თუმანიანმა, ტიგრან კუჩუკიანმა და ლევ ჯანჯულიანმა შექმნეს. 1992 წლის ზამთარში დიმიტრი ტუმასოვის, არტურ გილოიანის, რაზმიკ ჩრაკიანის, ლევ გრიგორიანი, ნატა არუთინიანისა და ტიგრან კოჩარიანის გუნდისაგან სომხეთის ნაკრები შეიქმნა. იმავე წლის მარტში ნაკრები, თამაშში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.

“უშუალოდ გადაღებების წინ აღმოვაჩინეთ, რომ ყველა გუნდს თავისი 9 სახელი ჰქონდა, ჩვენ კი ქალაქ ერევნის, რომელიღაც აბსტრაქტული ნაკრები ვიყავით. აღმოჩნდა, რომ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო სახელწოდება.

შევიკრიბეთ “ოსტანკინოს” დერეფანში და რამდენიმე ვარიანტზე ვიმსჯელეთ. ლიოვა გრიგორიანმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი გუნდისთვის “ბეღურა” (ჩნჩხუკ) დაგვერქმია.

პირველ თამაშში ჩვენი მეტოქე ალექსანდრე დრუზიას გუნდი იყო, რომელსაც იმ დროისათვის 14 გუნდი ჰყავდა დამარცხებული. არ ვიცი შიშმა განაპირობა, თუ კიდევ რამ, მაგრამ გავიმარჯვეთ. შემდეგ ტურში საკმაოდ ძლიერი ნატალია ტურჩენკოს კიევური გუნდი შეგვხვდა, რომელიც ასევე დავამარცხეთ. თუმცა გამოუცდელობამ თავისი კვალი დაგვაჩნია და კიშინიოვის ნაკლებად ცნობილ გუნდთან დავმარცხდით.

მოსკოვის შეჯიბრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1992 წლის ოქტომბერში, ერევანში კოზლოვი ჩამოვიდა. გაოცდა, როდესაც ჩვენს სამუშაო პირობებს გაეცნო. “ყველაფერი მხოლოდ ჩვენი ენთუზიაზმით კეთდებოდა, არ არსებობდა ტექნიკური უზრუნველყოფა. დარბაზში განათება არ გვქონდა. თითოეულ გუნდს და წამყვანს მაგიდაზე თითო სანთელი ედგა. ქალაქის პურის მაღაზიებში უზარმაზარი რიგები იყო. ცენტრიდან გარეუბნებში ხალხი ფეხით დადიოდა. იმ წლებში ჩვენთვის თამაში ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო”, – იხსენებს ნორა ალანაქიანი.

მარკ გრიგორიან
მარკ გრიგორიან

იმ წლებში “უფროსების” გუნდს შორის იყო მარკ გრიგორიანისა და მისი მეგობრების გუნდიც, რომელიც ასევე მოსკოვში, ტელებრეინზე წარსდგა. დიმა ტუმასოვის გუნდის, რომლის წევრებიც იყვნენ ნორა ალანაქიანი და ნატალია არუთინიანი, გამარჯვებამ ერევნის ნაკრებს უმაღლესი ლიგისკენ გზა გაუხსნა.

“მოსკოვში ჯერ ტესტი ჩაგვიტარეს და ერთ-ერთ ცნობილ გუნდთან გვათამაშეს. გამარჯვების შემდეგ თამაშში მონაწილეობის უფლება დაგვრთეს, მხოლოდ ერთი პირობით: იმიჯი უნდა მოგვეფიქრებინა. ჩვენც წავედით და წითელი მატერია შევიძინეთ, რომლისგანაც შარფები შევკერეთ”, – ყვება მარკ გრიგორიანი.

დღეს, 2000 წლამდე კლუბში გაერთიანებული “ძველი” მოაზროვნეებიდან 15-20 ადამიანი დარჩა. კლუბთან და თავად თამაშის დინამიურად განვითარებასთან ერთად, შეკითხვების შერჩევის პრინციპიც იცვლება.

“დღეს შეკითხვები ბევრად უფრო ჩამჭრელი, რთული და მრავალმხრივია. სწორი პასუხის საპოვნელად აუცილებელია, რამდენიმე ლოგიკური ეტაპის გავლა. ერთის მხრივ კარგია, თამაში უფრო საინტერესოა, მეორეს მხრივ – ხშირად შეკითხვა უბრალოდ შეკითხვისთვისაა ჩამოყალიბებული და არა თამაშისთვის. საბოლოო ჯამში, ახალს ვერაფერს გებულობ, მაგრამ შეკითხვის სირთულე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რაც შეეხება ტელეთამაშს, შეკითხვები სანახაობისა და ინტუიციისთვის არის, ხოლო სპორტულ ვარიანტში – შეკითხვა კონკრეტულ პასუხს მოითხოვს”, – ამბობს ნორა ალანაქიანი.

უკვე მესამე წელია ასოციაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების თითქმის ნახევარი სომხურ ენაზეა. იგივე 8 სატელევიზიო ვერსიიდან 2 სომხურ ენაზეა. ის ფაქტი, რომ “რა? სად? როდის?”-ის საერთაშორისო ენა რუსულია, ჩვენი გუნდებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო დონის თამაშზე, ან რუსეთის ტელევიზიაში მოხვედრა სურთ, როგორც მაგალითად აიკი მოიქცა, ელენა პოტანინის გუნდის შემადგენლობაში, რუსული ენის ცოდნა აუცილებელია.

“სამწუხაროდ, დღეს სომხეთში საბავშვო “რა? სად? როდის?” პასიურ ფაზაშია. სომხეთში რუსულენოვანი მოსახლეობა ძალზედ შემცირდა და ამან მომავალ თაობაზეც იქონია გავლენა. ცხადია, სომხეთის სხვადასხვა ქალაქში სასკოლო თამაშები და ჩემპიონატები ტარდება. ორგანიზატორები ენთუზიასტი ადამიანები არიან და სკოლის გუნდებს ამზადებენ, თუმცა ეს მაინც არ არის საჭირო დონე. თვალსაჩინო პრობლემების მიუხედავად, გიუმრიში მოქმედებს გუნდი, რომელიც პრაქტიკულად ერევნის გუნდის პარალელურად ვითარდება. კლუბებია ასევე ეჩმიაძინში, კაპანეში, სპეტანაკერტსა და ნოემბერიანში”, – ამბობს ტიგრან კოჩარიანი და დასძენს, რომ უკანასკნელ სამ წელიწადში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა არა სკოლის მოსწავლეებზე, ან სტუდენტებზე, არამედ იმ გუნდების წინსვლაზე, რომლებიც ქვეყანას მის ფარგლებს გარეთ წარადგენდა.

სომხეთში ამ თამაშს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს სხვადასხვა ბიზნეს-სტრუქტურაში. ასე, რომ ინტელექტუალური მოძრაობა “რა?სად?როდის?” წარმომადგენლობა და თამაშის მონაწილეთა რაოდენობაც საკმაოდ მაღალია. მოძრაობა “რა?სად?როდის?“ სხვა ქვეყნებშიც აქტიურად ვითარდება. ბევრისთვის ეს თამაში საყვარელ გატაცებად იქცა. შედეგად გაჩნდა კიდევ ერთი, კომერციულად უფრო მრავალმხრივი თამაში სახელწოდებით “60 წამი”. რუსეთის, ბელორუსის, უკრაინის ბევრ ქალაქში მსგავსი ღონისძიება კვირაში ერთხელ იმართება, თუმცა მოთამაშეების ამ ფენისთვის შედარებით უფრო მარტივი შეკითხვები ირჩევა.

მოაზროვნეები, რომლებსაც ჩვენ გავესაუბრეთ, ერთხმად ემადლიერებიან ბედს იმისთვის, რომ “რა?სად?როდის?”-ის დიდი ოჯახის ნაწილი გახდნენ. ამ თამაშმა მათ ბევრი მეგობარი, ნაცნობი და უბრალოდ საინტერესო ადამიანი შესძინა. ეს თამაში ჰუმანიტარული “ხიდების” აგებაში ეხმარება ადამიანებს. ზოგიერთმა სომეხმა მოთამაშემ ნორამლური ურთიერთობა დაამყარა აზერბაიჯანელ კოლეგებთან.

სატელევიზიო თამაშის “რა?სად?როდის?”-ის ფუძემდებლის ვლადიმერ ვოროშილოვის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. მისი თამაში დღემდე არსებობს და ყვავის, ლახავს გეოგრაფიულ, მენტალურ, პოლიტიკურ და პიროვნული ურთიერთობების სხვა ბარიერებს. ვიმედოვნებთ, სომხეთში დაგეგმილი ფესტივალი და მსოფლიო ჩემპიონატი ამას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს.

მოამზადა არმინე აგარონიანმა

Lina Levine-ის ფოტოსურათები