ჩინური კომპანიები დაინტერესებულნი არიან სომხეთსა და ირანს შორის რკინიგზის მშენებლობით. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა.
მისივე თქმით, ეს საკითხი იქნება სომხეთის ოფიციალური დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი პუნქტი. დელეგაციის შემადგენლობა მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
“ჩვენ ყოველდღიურ სამუშაოს ჩავატარებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სექტემბერში მზადდება სომური დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში, რომლის დროსაც განვიხილავთ ამ საკითხს. ჩვენთან ბევრი კომპანიის მხრიდან შემოვიდა შეთავაზება, მაგრამ ჩვენ ორი ავტორიტეტული კომპანია ავირჩიეთ”, – განაცხადა ბეგლარიანმა და საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ პირობების გასაჯაროვების პირობა დადო.
“ჩემის აზრით, ჩინურმა მხარემ ძალიან კარგი წინადადება შემოგვთავაზა და ჩვენ მას განვიხილავთ”, – განაცხადა ბეგლარიანმა.
ირან-სომხეთის რკინიგზა სომხეთს საშუალებას მისცემს, ენერგორესურსებისა და სხვა ტვირთების ტრანსპორტირებისას ისარგებლოს ალტერნატიული სატრანსპორტო გზით და დანარჩენ მსოფლიოსთან გასასვლელი ჰქონდეს. ამჟამად სომხეთის საგზაო კომუნიკაცია საზღვარგარეთის ქვეყნებთან, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით არის უზრუნველყოფილი.
სომხეთის მთავრობამ 2014 წლის 7 აგვისტოს მიიღო ირან-სომხეთის რკინიგზის წინასწარი სამშენებლო პროექტი. პროექტის ღირებულება 3,5 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება, მისი სიგრძე 300 კილომეტრია, მის ინფრასტრუქტურაში შედის 19,4 კილომეტრის სიგრძის 64 ხიდი, 102,3 კილომეტრის 60 გვირაბი და 27 სადგური.
ვარაუდობენ, რომ მშენებლობა 2022 წელს დასრულდება, მისი ტვირთბრუნვა კი წელიწადში 25 მილიონი ტონა იქნება.
რკინიგზის პროექტი შეიმუშავა ჩინეთის მშენებლობისა და კომუნიკაციის საერთაშორისო კომპანიამ. პროექტის მიმართ ინტერესი გამოავლინეს ჩინურმა ბანკებმაც, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა დააფინანსონ პროგრამის 60%.