ნეტავ, იცოდეს რედაქტორმა, რა რთულია ღვინისა და ყველის ფესტივალზე წასვლა, საინტერესო და გემრიელი სტატიის მომზადება ისე, რომ თან ფხიზელი დარჩე. მით უფრო, თუ საუბარი ქართულ ღვინოზეა.
ღვინისა და ყველის ფესტივალი თბილისის ცენტრში, დედა ენის ბაღში გაიმართა. ეს ის ადგილია, სადაც, ყოველწლიურად, ნებისმიერ სეზონზე ძალიან ბევრ ტურისტს შეხვდები. ბაღთან ახლოს, “მშრალი ხიდის ბაზრობაზე” ძველი ნივთები და სუვენირები იყიდება.
ღვინის ფესტივალი საქართველოში ისეთივე უხვი და მრავალფეროვანია, როგორც ქართული სუფრა. ღვინით სავსე დახლებს შორის, სხვადასხვაგვარი ხელნაკეთი ნივთების და სუვენირების დახლებსაც შეხვდებოდით.
ადამიანი შთაგონება
10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლიამ ხელსაქმე დაიწყო. რთული 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რამოდენიმე პროფესიას დაეუფლა: დაამთავრა სამხატვრო აკადემია, ისწავლა სტილისტობა, მანიკურ-პედიკური. ოჯახში ლიას ხელსაქმეში მხოლოდ რძალი ეხმარება, ის ქსოვს. ქსოვას ყველაზე მეტი დრო მიაქვს, ეს ყველაზე რუტინული სამუშაოა. ლიას დედა კი მომხმარებლებთან კომუნიკაციას უძღვება.
– მამაჩემი იარაღების ოსტატი იყო, ძალიან ლამაზ დანებს აკეთებდა. როგორც ჩანს, შემოქმედებითი ხასიათი მამისგან მერგო.
ლიას პროდუქცია მაღაზიებში არ იყიდება, მას თავისი ხელნაკეთი ნივთები გამოფენა-გაყიდვაზე გააქვს ხოლმე. შეკვეთებს სოცქსელში, ფეისბუქის მეშვეობითაც იღებს. როგორც თავად ამბობს, 8-10 წლის წინ, მისი ნახელავი უფრო ადვილად იყიდებოდა, არა იმიტომ, რომ ხელნაკეთი უფრო მეტად ფასობდა, არამედ იმიტომ, რომ ხალხს მეტი შესაძლებლობა ჰქონდა. წინასწარ არასოდეს იცი, გამოფენაზე რა გაიყიდება.
– ხელსაქმეს, რომელ კარგად ანაზღაურებად საქმეზე გაცვლიდი?
– ალბათ, ამ საქმიანობას თავს არავითარ შემთხვევაში დავანებებ. ალბათ, ლატარეაში თუ მოვიგებდი ძალიან ბევრ ფულს. ეს საქმე ჩემთვის სერიოზული შთაგონებაა. ამის გაკეთებას ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს. ქმნი და სულიც მღერის. მე ფულის ადამიანი არ ვარ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც თავისი საქმე უყვარს.
გაუნათლებლობის ლიკვიდაცია ქართულად და “ჭკვიანი თხილი”
დედაენის ბაღში გაშლილ ღვინისა და ყველის დახლებს შორის, თავს იწონებდნენ ნივრის მწნილი, ოდიოზური ყველი და სხვა. ყველი ბევრი იყო. გადავწყვიტე დაგემოვნება.
მუქი ნაცრისფერი გარე გარსის მქონე ყველი გამესინჯა და გამერკვია, რატომ ჰქონდა ყველს შავი “ძარღვები”. უშედეგოდ.
– ნახშირი, – საზეიმოდ აცხადებს მწარმოებელი.
როგორ, ნახშირი? რატომ ნახშირი? ძალიან მიყვარს ნაკვერჩხალზე შემწვარი კარტოფილი და მიყვარს ის ატმოსფეროც და პროცესიც. მაგრამ კარტოფილი ერთია, ყველი – მეორე. როგორც გავარკვიე, ამისთვის სტერილური ხის ნახშირს იყენებენ. გსმენიათ, ფრანგული ყველის მორბეს შესახებ? – მე არ მსმენია. ქართველი მწარმოებლების წყალობით, ამ ყველის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე. მორბე – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყველია, რომელსაც შუაში ნაცრის გარსი აქვს. ფესტივალზე ქართული დანაცრული ყველის პატარა ნაჭერი 20 ლარი ღირდა.
ყველის გვერდით ჩემი ყურადღება პირამიდასავით წამოჭიმულმა მინის პატარა ქილებმა მიიპყრო. როდესაც ბრენდის სახელი ამოვიკითხე გემრიელად გადავიხარხარე. “ჭკვიანი თხილი” ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. იგი მეუღლეებმა – ნინო ანდრიაძემ და შოთა მურცვალაძემ დააფუძნეს. ბრენდის სახელი პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე შეარჩიეს. კომპანია სამი სახეობის პროდუქტს ამზადებს: თხილისგან, მიწის თხილისგან და ნუშისგან. ნინო ანდრიაძემ “ჭკვიანი თხილის” დაგემოვნება შემომთავაზა. ეს მართლაც დიდი ნეტარება და სიამოვნება იყო, თუმცა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. 100 გრამი – 15 ლარი ღირს. პროდუქტის დასამზადებლად მხოლოდ ქართული ნატურალური თაფლი გამოიყენება. კომპანია ვეგეტარიანელებს უთაფლო პასტას სთავაზობს, ხოლო დიაბეტიან მომხმარებლებს – პროდუქტის შესაბამის ვერსიას.
მთავარი მოქმედი პირი – ღვინო
მთელი ოქტომბრის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ქართული ღვინის დღეები – “ღვინობისთვე 2018” ტარდებოდა. ამჯერად უკვე მეორედ დავესწარი ფესტივალს და შეიძლება ითქვას, დეგუსტატორის პროფესიის ნექტარიც გავსინჯე. ორჯერ დავაგემოვნე ღვინო ციცკა ცოლიკაური და საოცრად აღფრთოვანებული დავრჩი.
მეღვინეობა “კახაბერი” ორი წელია არსებობს და იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 11 სახეობის ღვინოს აწარმოებს. ამ კომპანიის დახლთან მხოლოდ ორი წარმომადგენელი დგას და ამ ღვინის შესახებ ყვებიან, მხოლოდ ერთი – ქართულად, მეორე – რუსულად. რუსულენოვანი ექსკურსი რუსულენოვანი ტურისტების მაღალი ინტერესით იყო ნაკარნახევი. კომპანიის წარმომადგენელი ღვთიურ სასმელს ბოკალში ასხამდა და სტუმრებს სთავაზობდა, თან ეუბნებოდა, რომ ეს ცხანური საფერავიაო.
– არა, არა ეს საფერავი არ არის,- უსწორებდა კომპანიის წარმომადგენელი ტურისტებს.
– ცხანური საფერავი წითელი ყურძნის ერთ-ერთი ჯიშია იმერეთში. მას დასავლეთ საქართველოში ყველგან ერთი ტექნოლოგიით ამზადებენ. მას მუხის კასრებში წურავენ. ზოგიერთი ორ დღეს კასრში აჩერებს და შემდეგ წურავს. წვენს კი დოქებში ანაწილებენ.
კიდევ ცოტა გავიარე და დავინახე ალკოჰოლური სასმელების კიდევ ერთი განყოფილება. შევიხედე და ქართული „გლინტვეინი“ დავინახე. ცხადია, ისიც დავაგემოვნე. გემოთი ბევრად ჩამოუვარდება ევროპულ „გლინტვეინს“, თუმცა მისი ხარშვის ტექნოლოგია ჩვენთან სულ ახალი ათვისებულია და იმედი მაქვს, სულ მალე დასავლეთს დავეწევით კიდეც და გავასწრებთ. რაც შემეხება მე, ფესტივალის ყველაზე მხიარულ სტუმარს დავეწიე კიდეც და გავასწარი… უბრალოდ, რამე უნდა ჩამეყოლებინა…
და მაინც, ჭეშმარიტება ღვინოშია. – ამ ფიქრებში გართულს ფესტივალზე მეგობარი შემხვდა. იქვე კაფეში დავსხედით და სასაუბრო თემები გავშალეთ: ფილოსოფია, ცხოვრება, რელიგია… ჩვენი ყურადღება ტიბეტური ჭურჭლის დახლმა მიიქცია. მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი იყო მომღერალი თასი. როგორც იქ მყოფმა ერთ-ერთმა სირიელმა ახალგაზრდა კაცმა აგვიხსნა, მომღერალი თასი მთელს აზიაშია გავრცელებული, რომელსაც ძალიან ხშირად მედიტაციისთვის იყენებენ. ახალგაზრდამ თასი აიღო, მის ზედაპირზე ხის ყლორტის გასმა დაიწყო და ჭურჭელიც ამღერდა. ეს ხმა ძალიან წააგავდა ეკლესიის ზარების რეკვას.
ეკატერინე მინასიანი