მთავარ ოპოზიციურ პარტიად წოდებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთწლიან შუალედში უკვე მეორედ იცვლის პარტიის ხელმძღვანელს. ჯერ კიდევ ღრმა დავიწყებას არ მისცემია ის, თუ როგორ ჩაანაცვლა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელია, რომ პარტიაში ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა – ხაბეიშვილმა, დიდი ბრძოლით მოპოვებული თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საბაბითა და პარტიის გუნდთან კონსულტაციით, თინა ბოკუჩავას გადაულოცა.
როგორც ლევან ხაბეიშვილი განმარტავს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც, „უცხოური დაფინანსების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში პოლიციასთან დაპირისპირებისას მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წელი საქართველოში საარჩევნო წელია და პარტიები საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ, სააკაშვილის პარტიაში გადაწყდა, რომ ახალი სისხლი და ენერგიაა საჭირო. რამდენად წაადგება თინა ბოკუჩავას პოლიტიკური ენერგია მის პარტიას, წინასწარ ძნელი სათქმელია, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა ყველაზე მეტად, საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნების პრობლემა უდგას.
მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება, მშობლიური პარტიის ბედზე მოფიქრალი ლევან ხაბეიშვილი თავს ვერ მისცემდა უფლებას, თავმჯდომარე 24-საათიან რეჟიმში არ ყოფილიყო ფუნქციური.
„რამდენიმე დღეში მოვიწვევ ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას, პირველი ეხება პარტიის თავმჯდომარეს. მინდა, ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა. ასევე, მინდა, ყრილობას შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა გუნდთან ერთად, რადგან პოლიტიკური საბჭო არ არის რუტინული საქმიანობა და, შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
რაც მთავარია, ხაბეიშვილი არ ივიწყებს ბრძოლის მთავარ მიზანს – მოემსახუროს ხალხს ივანიშვილთან ბრძოლაში, თუმცა, როცა ის „ენმ“-ს თავმჯდომარე ხდებოდა, მისი მიზანი იყო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა. ერთი სიტყვით, ის რაც ვერ შეძლო ნიკა მელიამ, შეუძლებელი აღმოჩნდა ლევან ხაბეიშვილისათვისაც.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, შეიძლება ითქვას, რომ დაარსების დღიდან – 2001 წლიდან საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ფერადი რევოლუციით ხელისუფლებაში მოსული სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას 2004 წლიდან 2013 წლამდე იკავებდა. ამ ხნის განმავლობაში მის პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა მყარად ჰქონდა გარანტირებული, სანამ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ნაციონალები თავისი პრეზიდენტითურთ ხელისუფლებიდან არჩევნების გზით არ გაისტუმრა. მას შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისტულ სცენარებს აწყობს და აწყობს, მაგრამ მორიგი რევოლუციის მოსაწყობად საქართველოს მოსახლეობის საჭირო უმრავლესობა ვერა და ვერ აიყოლიეს.
ამ 12 წლის განმავლობაში სააკაშვილის პარტიამ არაერთი ცვლილება განიცადა. მის რიგებს გზადაგზა ტოვებდნენ პოლიტიკური სახები და ცალკე პარტიებს ქმნიდნენ, თუმცა ნაციონალის უცვლელი იარლიყი მამის სახელივით აქვს თითოეულს შეზრდილი, რაც ამომრჩეველში ნდობის მოპოვებაში ხელს უშლით. სახეზეა პარტიაში შიდა განხეთქილებები და ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ერთ მხრივ სააკაშვილის მიერ საკნიდან გაცემული დირექტივები, მეორე მხრივ კეზერაშვილი – მერაბიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა კიდევ უფრო ართულებს პარტიის შიდა დინამიკას.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ წლების განმავლობაში „ენმ“-მ შეძლო ის, რომ ქართული პოლიტიკის ოპოზიციურ ფლანგზე შეენარჩუნებინა ფლაგმანის პოზიცია და საჭიროების შემთხვევაში გარშემო შემოიკრიბოს „ოცნების“ ოპონენტები, თუმცა პრობლემაა მხარდამჭერების შენარჩუნება. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი პარტია „ქართული ოცნების“ სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა.
მელიასა და ხაბეიშვილს შორის უთანხმოება პარტიაში სწორედ „ოცნებასთან“ ბრძოლისა და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიზიდვის სტრატეგიებს შორის დაპირისპირებამ განაპირობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ენმ“ დღემდე ფლობს მედია-პროპაგანდის მძლავრ იარაღს, აქვთ მხარდაჭერა დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან და უწყვეტი დაფინანსებაც, მაგრამ ქვეყანაში ძალაუფლება ვერა და ვერ დაიბრუნეს. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოოდ გასამართლებას დაჰპირდა.
საინტერესოა ნიკა მელია როგორც გამოეხმაურე ლევან ხაბეიშვილის მარცხს?
მას შემდეგ, რაც მის ყოფილ პარტიაში თავმჯდომარის მორიგი ცვლილებები გამოცხადდა, პარტია “ახლის” თანადამფუძნებელმა მელიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც „ენმ“-ს რუსული ყაიდის პარტია უწოდა.
„პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე მოხსნა . თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ესაა”, – წერს ნიკა მელია.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ხაბეიშვილს განათლებას უწუნებენ და ამბობენ, რომ ის სააკაშვილმა გადააყენა, რადგან ხაბეიშვილის დაპირება, რომ მისი არჩევა სააკაშვილის გათავისუფლების პროპორციული იქნებოდა, ჰაერში გამოეკიდა. სხვა მხრივ კი, ლევანსა და თინას შორის დიდი განსხვავება არ არის, ორივე ისტერიკული და პოპულისტია.
„ბოკუჩავაც და ხაბეიშვილიც არიან ცოტა ისტერიკულები და პოპულისტები, მაგრამ ბოკუჩავამ უცხო ენა იცის, რაც ხაბეიშვილმა არ იცის. მგონი, მათ შორის სხვაობა ესაა და კიდევ ის ქალია, ეს კაცი. დანარჩენი, მათ შორის, სადიზმის გამართლება, რაც მათ პარტიას ახასიათებს, ერთი და იგივეა. ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის მიერ არის მიღებული, რადგან ხაბეიშვილი ამბობდა, რომ მისი თავმჯდომარედ არჩევა სააკაშვილის გათავისუფლების პირდაპირ პროპორციული იყო, ეს ჰაერში გამოეკიდა და შესაძლოა, სააკაშვილს ამაზეც ჰქონდეს პრეტენზია“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების არგუმენტით თანამდებობიდან წასვლის არ სჯერათ ოპოზიციაშიც. როგორც „გირჩის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, ლევან ხაბეიშვილს სააკაშვილის გამოყვანა არ გამოუვიდა, მაგრამ სადღაც მაინც შევარდა.
„ხაბეიშვილის დაპირება, რომ შევვარდები და მიშას გამოვიყვანო, არ გამოვიდა, მაგრამ სადღაც მაინც შევარდა და თავის თავზე ერთი ვაჟკაცობა აიღო, რაც არ არის ცოტა. ეს აქციაზე იყო. მთლად ისე არ მიდის, ერთი ხელი მოხვდა და ესეც არ არის ცოტა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე Dalma News-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიციას დღეს, რეალურად არავითარი ღირებულებები და პრინციპები არ გააჩნია, ყველა ისინი „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“.
მისივე თქმით, ფული დღეს აქვს ნაცმოძრაობას – კეზერაშვილსა და სააკაშვილს, ესენი არიან ოპოზიციურ ფლანგზე ძირითადი დამფინანსებლები, ასევე უცხოელი დონორები, რომლებიც სხვადასხვა გზით – „ენჯეოების“ მეშვეობითა თუ სხვადასხვა პროექტებით აფინანსებენ მათ პარტიულ აქტივობებს.
„იციან, რომ ხალხს ეზიზღება ეს პარტია, რომ მოსახლეობის 2/3 აღარ იღებს კონკრეტულად „ნაც.მოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ პარტიებს, ახლა ცდილობენ ამომრჩევლის მოტყუებას, რომ თითქოს თავმჯდომარეების შეცვლით რამე იცვლებოდეს მათ პოლიტიკაში“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
მისივე თქმით, „ნაცობა“ დღეს, თავად ყოფილ ნაციონალებსაც კი „უტყდებათ“, თუმცა, ამ დრომდე არ მოუხდიათ ბოდიში მათი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, პირიქით, ცდილობენ მოდელირებული წარსულის შექმნას, რომ თითქოს, ყველა ის დანაშაული, რაც ამ პარტიამ ჩაიდინა, ხალხს დაესიზმრა, მათ შორის, დაესიზმრათ გვირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის გახმაურებული მკვლელობები, ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრება, 300 000 პრობაციონერი, ძალადობა ბიზნესზე, მედიაზე, ადამიანებზე და ა.შ.
ამ წლების განმავლობაში „ენმ“-ს ახალგაზრდულ ორგანიზაციას ემატებიან ახალი სახეები, მაგრამ ამით პარტიას ახალი ენერგია არ ემატება. ახალი სისხლის შეტანის ნაცვლად, ახალი სახეები ძველი, კარგა ხნის წინ შედედებული სისხლით ინათლებიან.
„ახალი სახეები, რომლებიც შემოდიან, ითქვიფებიან და ისვრებიან. პარტიას თუ აახლებ, უნდა გაიაზრო წარსული, ბოდიში მოუხადო ხალხს და წახვიდე, შენს ადგილას კი უნდა მოვიდნენ ახალი სახეები. რა მნიშვნელობა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომელ პარტიაში გადავა, თუ იმავე ღირებულებების მატარებელი იქნება, თუ ისევ მუქარის პოლიტიკას განაგრძობენ, რა იცვლება? რაც მეტად იმუქრებიან, ნაკლებ ხმას აიღებენ“, – განუცხადა Dalma News-ს ამირან სალუქვაძემ.
მისივე აზრით, მეორე პრობლემაა „ენმ“-ში შიდა კინკლაობა, კლანებს შორის დაპირისპირება. ყველასთვის ცნობილია, რომ ხაბეიშვილი თავმჯდომარედ კეზერაშვილმა დასვა.
„ჩააცვა, დაახურა, კბილები გაუკეთა, მის იმიჯზეც ამუშავეს ჯგუფი, წვერი მოაშვებინეს, თმა გააპარსვინეს. შექმნეს ფიტული, დასვეს. ამან გამოიწვია პარტიაში შიდა რყევები, ბევრი წავიდა პარტიიდან. მაგრამ იმის გამო კი არ წავიდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულისგან უნდოდათ დისტანცირება, არა, პირიქით, ამაყობენ და ტრაბახობენ კიდეც ამით, უბრალოდ, ხაბეიშვილი არ ესიამოვნათ პირველ პირად“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
მისივე თქმით, ჩრდილიდან მართავენ პროცესებს კეზერაშვილი და მერაბიშვილი. მათი მიზანია, რევოლუციით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამ ხალხს პოლიტიკიდან წასვლა არ უნდა. ერთადერთი რაც რჩება მათი პოლიტიკური გასამართლება და პოლიტიკური შეფასებების გაკეთებაა.
ამირან სალუქვაძის შეფასებით, „ენმ“-ში ახალი სისხლის გადასხმა მოსალოდნელი არ არის, უფრო მეტიც, „კოლექტიურ ნაც.მოძრაობაში“ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართება პარტიული სიებისთვის. ოპოზიციის მთელი ფლანგი ვერ ჩაეტევა 150-კაციან სიაში, მაშინ, როდესაც კარგად იციან, რომ მაქსიმუმ 50 მანდატი აიღონ.
შორენა პაპაშვილი