C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების პრევენციის მიზნით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა მკურნალობის ეფექტიანობის ტესტი 2014 წლის იანვრიდან საქართველოს პრობაციონერებმა ჩააბარეს. ინფექციის გავრცელების პრევენციასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წლების განმავლობაში მძიმე პრობლემად რჩებოდა. პაციენტებს მკურნალობდნენ ე.წ. ორმაგი თერაპიით, პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციით.
საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნა, რომ სწორედ საქართველო ყოფილიყო ტესტქვეყანა C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისთვის. კომპანია Gilead-ის ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი ერთ-ერთ ინტერვიუში წერს, რომ ხუთმილიონიანი საქართველო, თავისი ზომით, ვირუსის სკრინინგის სისტემით იდეალურია სამეცნიერო ტესტისთვის. საბოლოოდ საქართველო რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩა: ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და ქვეყნის მცირე ფართობი.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით ხორციელდება. 2020 წლამდე დაავადება 90%-ით შემცირება ივარაუდება, რაც ჯანდაცვის სფეროში მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო მოვლენა იქნება. საქართველოში მიღებულ გამოცდილებას კი მთელს მსოფლიოში გამოიყენებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 71 მლნ. ადამიანია ინფიცირებული C ჰეპატიტით, ყოველწლიურად კი დაახლოებით 400 000 ადამიანი იღუპება მასთან ასოცირებული დაავადებებით.
C ჰეპატიტის პროგრამის პირველ ეტაპზე საქართველოს უფასოდ გადაეცა დაავადების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტი – სოფოსბუვირი. 2016 წლიდან, პროგრამის მეორე ეტაპზე კი ახალი პრეპარატით – ჰარვონით მარაგდება. როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ჰარვონით მკურნალობის შემთხვევაში დამატებითი მედიკამენტები ნაკლებად არის საჭირო. თავდაპირველად პროგრამაში მხოლოდ ის პაციენტები ერთვებოდნენ, რომლებიც ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, ჰქონდათ ღვიძლის დაზიანების მაღალი ხარისხი. დღეისათვის კი ყველა დაავადებულს შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში. 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამა.
როგორც Dalma News-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველო გადასულია აქტიურ სკრინინგზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ასაკისა და ყველა ჯგუფის ადამიანებს უტარდება კვლევა. სკრინინგი საზოგადოების რამდენიმე ჯგუფისთვის სავალდებულოც კი გახდა, მანამდე კი გამოკვლევის ჩატარება მხოლოდ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებისთვის იყო აუცილებელი პროცედურა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სკრინინგი 2018 წელს კიდევ უფრო გაფართოვდება, რათა მეტი ადამიანის იდენტიფიცირება მოხდეს. მომავალი სამი წლის განმავლობაში დაახლოებით მილიონ 800 ათასი ადამიანის შემოწმება იგეგმება. უპირატესად მოზრდილი, 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის.
“50 000-მა ადამიანმა უკვე ჩაიტარა მკურნალობა. ინფიცირებულების გამოვლენა ძალიან რთულია. ჩვენი აქტიურობის შედეგი შეიძლება იყოს მოსახლეობის 10-15 %. ამიტომ ჟურნალისტებსაც გთხოვთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ C ჰეპატიტი უკვე განკურნებადია და რაც მთავარია საქართველოში მკურნალობა უფასოა. 7-8 წლის წინათ ეს ასე არ იყო. ყველამ უნდა იცოდეს თავისი სტატუსი ჰეპატიტთან მიმართებაში. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე დადგინდება დიაგნოზი, მკურნალობის ეფექტი უფრო მაღალია. სხვადასხვა გართულების ეტაპზე გამოვლენა როცა ხდება, იქაც არის ეფექტი, მაგრამ უფრო მეტი მკურნალობა ხდება პაციენტს”, – განმარტავს ამირან გამყრელიძე.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში სკრინინგი თითქმის 1,5 მლნ ადამიანმა გაიარა, მათგან ზოგმა ორჯერ. 900 ათას ადამიანს ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუ სისხლში აქტიური ვირუსის არსებობა დაფიქსირდა, პაციენტი ერთვება სასწრაფო მკურნალობის პროგრამაში.
C ჰეპატიტს “ჩუმ მკვლელს” უწოდებენ. შესაძლოა ადამიანს ის წლების განმავლობაში ჰქონდეს სისხლში, მაგრამ არ გამოვლინდეს. პროგრამის დაწყებამდე, საქართველოს მოსახლეობაში C ჰეპატიტის გავრცელების დადგენის მიზნით ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვით, ზრდასრულთა 5,4% დაავადებული აღმოჩნდა, გავრცელება უფრო მაღალი იყო მამაკაცებში, მათ შორის 30-59 წლის ასაკის ჯგუფებში. გავრცელების გზებს შორის კი, ყველაზე მაღალი იყო ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება და დაინფიცირებული სისხლისა და სისხლის პროდუქტების მოხვედრა ორგანიზმში. პარალელურად შემოწმდა სტომატოლოგიური კლინიკები, როგორც ქვეყნის დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. შედეგად 20-მდე დაწესებულებამ შეწყვიტა ფუნქციონირება. C ჰეპატიტის პრევენციისთვის აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებებში, სტომატოლოგიურ კლინიკებში, სილამაზისა და სვირინგის სალონებში სტერილიზაციის ნორმების სრული დაცვა. ეს ის ადგილებია, სადაც ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს.
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თემურ რადიანი 62 წლისაა. დაავადების შესახებ 2008 წელს, სრულიად შემთხვევით შეიტყო. მის სისხლში ინფექცია უკვე 13-14 წლის განმავლობაში არსებობდა. 1996 წელს, ფეხზე ღრმა ჭრილობა მიუღია და 2 ოპერაცია დასჭირვებია. იმ ხანებში ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა იყო, წამალსა და გადასახვევ საშუალებებს პაციენტები ქუჩაში ყიდულობდნენ, საავადმყოფოები არ იყო სათანადოდ აღჭურვილი. უფრო მეტი, მყესებ გადაჭრილი პაციენტი საავადმყოფოს მეოთხე სართულზე ბავშვის ყავარჯნებით აიყვანეს, რადგან ლიფტიც კი არ მუშაობდა. ჭრილობა გაურთულდა და დაეწყო განგრენა. ოპერაციის შემდეგ 3 თვის განმავლობაში ღია ჭრილობას მკურნალობდა. ვარაუდობს, რომ ინფექციაც სწორედ მაშინ შეეჭრა. ამის მიუხედავად მადლიერია ექიმების, რომლებმაც იმ მძიმე პერიოდში შეძლეს და მას ფეხი შეუნარჩუნეს.
როგორც თემურ რადიანი Dalma News-სთან საუბრისას იხსენებს, როცა C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს, უკვე კარგად იცოდა რასთან ჰქონდა საქმე. ამ დაავადებით მისი ბევრი მეგობარი გარდაცვლილა.
“იმ პერიოდში ძალიან შეზღუდული იყო მედიკამენტები. ძალიან ძვირი ჯდებოდა ანალიზის გაკეთებაც კი, არა თუ მკურნალობა. 2011 წელს, მეგობრების დახმარებით დაავადების გენოტიპის დამდგენი ანალიზი გავიკეთე. ორ ანალიზში, რომელიც დღეს საერთოდ უფასოა, 850 ლარი გადავიხადე. 2013 წელს მერიამ გარკვეული თანხა გადმომირიცხა და 3 თვის განმავლობაში ვმკურნალობდი”, – იხსენებს თემურ რადიანი.
მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა, ვირუსი შემცირების ნაცვლად მრავლდებოდა. იმედს ვერც ექიმები აძლევდნენ.
“რიბავერინითა და ინტერფერონით ვმკურნალობდი. იშვიათად ხდება, როდესაც ვირუსი მრავლდება. ეს იშვიათი შემთხვევა აღმოვჩნდი. მერე შევიტყვე რომ არსებობდა წამალი, მაგრამ წარმოუდგენლად ძვირი ღირდა. ამ პროგრამამ სულზე მომისწრო და ორი 6 თვიანი თერაპია ჩავიტარე. არასდროს დამიმალავს ახლობლებისთვის, რომ ვირუსის მატარებელი ვიყავი. მე ამ პროექტით მეორე სიცოცხლე მაჩუქეს”, – აცხადებს თემურ რადიანი და თანამოქალაქეებს მოუწოდებს ჩაერთონ სკრინინგის პროგრამაში.
დღეს ის, რამდნიმე ყოფილ პაციენტთან ერთად ორგანიზაციას ქმნის, რათა ადამიანებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაარწმუნოს ისინი, რომ სახელმწიფო მათ განკურნების ყველანაირ საშუალებას აძლევს.
თემურ რადიანს მიაჩნია, რომ C ჰეპატიტზე სკრინინგი ისეთივე სავალდებულო უნდა გახდეს, როგორც ნარკოლოგიურიდან ცნობის აღებაა, რომლის გარეშეც, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამსახურში არ აგიყვანენ.
“საჯარო რეესტრში რომ შეხვალთ, უამრავი უცხოელი დგას რიგში, რომლებსაც სურთ საქართველოს მოქალაქეობა, რათა ისარგებლონ ამ წამლებით. ჩვენი ურწმუნო მოქალაქეები კი არ იტარებენ გამოკვლევებს. ამიტომ, ყოფილი პაციენტები ვქმნით ორგანიზაციას და გვსურს C ჰეპატიტის ილუმინაციის პროგრამას დავუდგეთ გვერდში. ევროპის 27 ქვეყანაში არის ასეთი ორგანიზაციები, სადაც გაერთიანებულნი არიან ყოფილი პაციენტები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ამ ადამიანებს მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მე და სხვა პაციენტებმა გავიარეთ”, – განაცხადა თემურ რადიანმა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს თბილისსაც და ქვეყნის რეგიონებში 50-მდე სამედიცინო დაწესებულება ემსახურება. C ჰეპატიტის სკრინინგი სავალდებულო გახდა ორსულებისთვის. უფასო მკურნალობის პროგრამაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაერთონ.
შ. ქარჩავა