ბოლნისის სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდება და ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცე ყაჩაღიანის ობიექტზე აღმოჩენილი მასალებისა და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ბაზაზე შეიქმნება. მისი ძირითადი ფუნქციები იქნება არტეფაქტების კვლევა და კონსერვაცია; როგორც მუდმივმოქმედი, ასევე დროებითი გამოფენები; საზოგადოებრივი განათლება; რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება.
როგორც Dalma News-ს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, კონცეფცია ეროვნულმა მუზეუმმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მოამზადეს. საუკეთესო საკონკურსო წინადადებას სპეციალური კომისია გამოავლენს, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალტეტის, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენლებით და მოწვეული ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული.
გამარჯვებული სრული საპროექტო დოკუმენტაციის შექმნისთვის საჭირო თანხას კომპანია “RMG Gold” გაიღებს და დეტალური პროექტის წარდგენის შემდეგ მშენებლობას სრულად დააფინანსებს.
დაინტერესებულ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მიღება და საკონკურსო წინადადების წარდგენა 2015 წლის 15 სექტემბრამდე შეეძლებათ.