საქართველოს სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო დაპირებებში (მისი ოპონენტებისგან განსხვავებით) კვლავაც გულუხვია. პარტია ახალი მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის იბრძვის, რათა არა მხოლოდ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს, არამედ, ქართული პოლიტიკური ველიდან საბოლოოდ „გააქროს“ სააკაშვილის პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებს შორის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხიც, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების პროცესის დაწყება. ამ ყველაფერს კი წინ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბოდიშისთვის მზადყოფნა უძღვის.
გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, არჩევნების შემდეგ ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ამხელენ, ხოლო შემსრულებლებს სამართლებრივად აგებინებენ პასუხს.
“…26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთ პატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე საკუთარ ამომრჩეველს პირობას აძლევს, რომ ე.წ. ქართული ნიურნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება შერიგების წინაპირობა. მისივე თქმით, საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.
სანამ ივანიშვილი გორში შერიგებისა და ურთიერთ პატიების მნიშვნელობაზე საუბრობდა, რადიკალურმა ოპოზიციამ ნაციონალების თაოსნობით, შერიგებას – ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვეს. ალბათ, არც ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა იმის მოლოდინი, რომ ივანიშვილის „ბოდიშის“ პერსპექტივას „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და მათი მედია, თუ არასამთავრობოები სიხარულით აიტაცებდნენ, მით უმეტეს, რომ ივანიშვილის „ბოდიში“ გაჟღენთილია დამნაშავეთა დასჯის პერსპექტივით.
ქართულ ოპოზიციაზე მეტად საინტერესოა ის, თუ რა გამოხმაურება მოყვა ივანიშვილის განცხადებას ცხინვალიდან და სოხუმიდან. მმართველი პარტიის ლიდერის „ბოდიშს“ ცხინვალში “ცრუ გულწრფელობა” და “წინასაარჩევნო პოლიტიკის ნაწილია” უწოდეს, თუმცა, ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება ამან დაძაბული ურთიერთობა განმუხტოს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იური ვაზაგოვმა განაცხადა, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობების “სამწუხარო გამოცდილებიდან” გამომდინარე, ცხინვალი ელის არა მხოლოდ სიტყვიერ განცხადებებს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც, მათ შორის: „ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შეთანხმების მიღწევას უსაფრთხოების გარანტიებზე დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ“.
14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას გორში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.
საინტერესოა როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ-რუსული ურთიერთობების მოწესრიგებაზე მომუშავე ანალიტიკოსთა აზრი. პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ა.ი.პ. ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ბოდიშის მოხდას მხარს არ უჭერს, მაგრამ ივანიშვილის მხრიდან ბოდიშის მოხდის შესაძლებლობის გაჩენას, თანაც წინასაარჩევნოდ, იწონებს. ის რაც ბოდიშში იგულისხმება, სამომავლო საკითხია, თუმცა ივანიშვილის ამ სიტყვების საშუალებით, რცხილაძის აზრით, ქართულმა საზოგადოებამ კარგი „შემოლაწუნება“ მიიღო, რაც გამოსაფხიზლებლად გამოდგება! გულბაათ რცხილაძე იმედოვნებს, რომ ეს პირველი ნაბიჯი იქნება სიმართლის გზაზე, რადგან სიმართლე საქართველოს მუდმივ ინტერესშია.
…და მაინც, რა იგულისხმებს ამ „სიმართლეში“?
როგორც გულბაათ რცხილაძემ Dalma News-თან საუბრისას განმარტა. ივანიშვილი ცალსახად ადასტურებს იმას, რის თქმასაც 2008 წლის ომის შემდეგ, ვერც თავგადაკლული „ანტიმიშისტები“ ბედავდნენ და ვერც ხელისუფლების ცვლილების შემდგომი „ოცნების“ მხარდამჭერები. ტაბუდადებულ სიმართლედ იქცა ის, რომ აგვისტოს ომი სწორედ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიწყო. თანაც, როგორც ივანიშვილი აზუსტებს, სააკაშვილმა ომი დაიწყო „დავალების შესაბამისად“ (!).
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ივანიშვილის „ბოდიში“ სრულიად სხვა შინაარსით იყო ნათქვამი და სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია მიეცა ამას როგორც ქართულ ოპოზიციაში, ისე ცხინვალსა და სოხუმში. ამ დროს ივანიშვილი არ ამბობს, რომ ბოდიში მოსახდელია ოსების დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის, არამედ საუბარია იმ მშვიდობიან ხალხზე, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გახვია ცეცხლის ალში. ეს კი სრულიად სხვადასხვა რამ არის.
„გასათვალისწინებელია ქართული მენტალობა, როგორც კავკასიური მენტალობის შემადგენელი ნაწილი. ჭარბი სიამაყის გრძნობით განმსჭვალული ქართველობა ასე უეცრად ვერ მიიღებდა ბოდიშის თემას და არც მიიღო – ეს ჩანს ყველა ბლიც-გამოკითხვით, რომელიც ქუჩებში ჩატარდა და სატელევიზიო კამერებით დაფიქსირდა. რესპონდენტთა უდიდესი უმრავლესობა კატეგორიულად უარყოფს „ბოდიშის“ აუცილებლობას. აშკარაა, რომ თვით კითხვის ამგვარად ფორმულირებაც კი აღიზიანებს მოქალაქეთა უმეტესობას“, – ამბობს გულბაათ რცხილაძე.
მისივე თქმით, საკითხი მოუმზადებელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ოსებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა და მათშიც ნაკლები ენთუზიაზმი გამოიწვია.
„სეპარატისტულმა ხელისუფლებამ არანაკლები სისულელეები აფრქვია, ვიდრე ქართულმა ლიბერალურმა ოპოზიციამ. ივანიშვილის განცხადება განცხადებად არ უნდა დარჩესო, უნდა მოხდეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაო. ზოგიერთები თრუსოს ხეობის ოსეთისთვის „დაბრუნებასაც“ ითხოვენ. საკითხი მოუმზადებელია საჯარო სივრცისთვის და შედეგიც შესაბამისად ნეგატიურია. ამიტომ ვიყავი ყოველთვის იმის მომხრე, რომ გამართულიყო საჯარო ღონისძიებები ქართულ-რუსული დიალოგის კუთხით, რაც ამოსავალი წერტილი იქნებოდა ქართულ-ოსური თუ ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყებისთვისაც“, – ამბობს რცხილაძე.
მეორე საკითხია, რას ელოდა ამ ბოდიშით ივანიშვილი და რა მიიღო?
გულბაათ რცხილაძის აზრით, თუ ბიძინა ივანიშვილსა და მის საარჩევნო შტაბს ეგონათ, რომ ეს თემა „ქართული ოცნების“ გარშემო ამომრჩევლების მობილიზებას მოახდენდა და უკუეფექტს არ გამოიწვევდა, ძალიან შეცდნენ.
მართლაც და… რა შეიცვალა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში 2012 წლის შემდეგ? არც არაფერი. არადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება მაშინ, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებაც იყო. რეალურად კი მოხდა ის, რომ მართალია ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან ნაციონალები მოიშორა, მაგრამ „ოცნება“ უხილავი ხელის ტყვეობაში აღმოჩნდა – ქართულ მასმედიაში ანტირუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდა, არაფერი გაკეთებულა სიმართლის პროპაგანდისათვის, კერძოდ, რომ 2008 წელს დაძინებული ცხინვალი სწორედ სააკაშვილის ბრძანებით დაიბომბა, შუაღამით კი სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ცხინვალის აღებას გვილოცავდა.
როგორც გულბაათ რცხილაძე აღნიშნავს, პირველ ყოვლისა, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემები.
„აფხაზებისგან განსხვავებით, ოსები ბევრად უფრო პრაგმატული ხალხია. ეს პრაგმატიზმი ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს, თუკი მას მივაქცევთ ყურადღებას. აფხაზი თითქმის ყველაფერში„დამოუკიდებლობის დაკარგვას“ ხედავს, დაკომპლექსებულია თავისი უკიდურესი მცირერიცხოვნობით და უარს ამბობს თვით რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ხელსაყრელ ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს“, – ამბობს რცხილაძე.
მისივე მოსაზრებით, ოსებში ნაკლებად შეიმჩნევა ეთნიკური იდენტობის დაკარგვისა და გადაშენების შიშები. თანაც, ისინი რუსეთის მიმართ ასი პროცენტით არიან ლოიალურნი. თუკი ცხინვალელ ოსებს ექნებათ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების ეკონომიკური და ფინანსური დაინტერესება და თან, ამავე დროს, ასეთ ურთიერთობებს მხარს დაუჭერს მოსკოვი, ისინი ამ ურთიერთობებზე წამოვლენ. სეპარატისტული ბიუროკრატია უფრო რბილი და დამთმობი გახდება როგორც რუსეთის, ისე საკუთარი, საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობებით დაინტერესებული ხალხის ზეგავლენით.
პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი გულბაათ რცხილაძე დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ოსებთან გვქონდა და არა აფხაზებთან, ოსები უფრო მალე შემობრუნდებიან საქართველოსკენ, ვიდრე აფხაზები.
გიორგი ქართველი