7 ივლისის ღამით, ქართველი ტელემაყურებელი, სრულიად მოულოდნელად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან აღმოჩნდა და ერთ-ერთი ტელეწამყვანის ხულიგნობას აპროტესტებდა. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული ტელეკომპანიის სახემ, ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ, გადაცემა “P.S”-ი მოულოდნელად, რუსულ ენაზე მისალმებით და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვით დაიწყო. დაახლოებით 1,5 წუთის განმავლობაში, იგი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა უცხო ქვეყნის პრეზიდენტს და მშობლების საფლავს უგინებდა. ამ საქციელით აღშფოთებული მოქალაქეები, რამდენიმე საათში, უკვე ტელეკომპანიის ოფისთან იდგნენ და პროტესტს გამოხატავდნენ.
არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ხელისუფლებას პირდაპირი ეთერით მიმართა, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა და ტელემაუწყებლობა, რამდენიმე საათით შეწყვიტა. გვარამიას თქმით, აქციის მონაწილეები “რუსთავი 2”-ში შეჭრით იმუქრებოდნენ და შენობას სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. მოგვიანებით, ტელეკომპანიის დირექციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც გიორგი გაბუნიას ქმედების გამო ბოდიში მოიხადეს, ჟურნალისტს კი, საკუთარი პოზიციის გამოხატვისას არხის სარედაქციო პოლიტიკისა და ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნების დაცვა ურჩიეს.
“გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან, ამაზე ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო იმსჯელებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი გაბუნიას უცენზურო გამოსვლას, მაშინვე მოჰყვა შეფასებები, როგორც საზოგადოების, ისე, ხელისუფლების მხრიდან. კოლეგის საქციელს, არც ქართველი ჟურნალისტების დიდი ნაწილი აღუფრთოვანებია და არც ხელისუფლება.
აღნიშნული ფაქტი თანაბრად დაგმეს ქვეყნის ლიდერებმა: პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. მათ, “რუსთავი 2”-ის ქმედება საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილად შეაფასეს.
“მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა არის ვერბალური ვანდალიზმის აქტი და სცდება, როგორც ქართულ და კავკასიურ, ასევე, ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ეს განცხადება, პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ჩვენს თანამემამულეს. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” განცხადებაში.
მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში”, ტელეკომპანია პროვოკაციაში დაადანაშაულეს, თუმცა განმარტეს, რომ ამ ანკესზე არ წამოეგებიან და ქვეყანაში მედიათავისუფლება არ შეიზღუდება.
“ტყუილად ირჯებით, არავინ აპირებს კანონის დარღვევას და იმ მეთოდებით მოქმედებას, რომელშიც კარგად იყავით გაწაფულები ხელისუფლებაში ყოფნისას. არც იმის სჯერა ვინმეს, რომ “რუსთავი-2″-ის ეთერში დადგმული პროვოკაცია ერთი ჟურნალისტის გაუაზრებელი და უცენზურო გამოხტომა იყო და არა კარგად გამიზნული პროვოკაცია”, – წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
კალაძის აზრით, ნაციონალები, ვითარების ხელოვნურად დრამატიზებით, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის საზღვრებს გარეთ, ვერავის მოატყუებენ.
Dalma News-მა, მომხდართან დაკავშირებით, ქართველი ჟურნალისტების შეფასებები მოისმინა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები მედიასაშუალების რედაქტორთან და პროდიუსერთან კონსულტაციის გარეშე არ მზადდება. შესაბამისად, გაბუნიასეული დედის გინება, მხოლოდ ერთი ტელეწამყვანის თვითნებობად ვერ გასაღდება.
“რაც მოხდა, ყოვლად მიუღებელია… მარტო სარედაქციო ბოდიში საკმარისი არაა, როდესაც ასეთი ქმედებით სახელმწიფოს სკანდალში ახვევ და საბოდიშო რეჟიმში აყენებ… 25 წლის განმავლობაში, სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე უამრავი რეპორტაჟი, სტატია და გადაცემა მომიმზადებია. მათ შორის სამთავრობო არხზეც და კერძო მედია კომპანიებშიც. არ მახსენდება, არც ერთი შემთხვევა, რედაქტორს ან პროდიუსერს არ სცოდნოდა რას ვაშუქებ და რა თემაზე ვმუშაობ… აბა რისთვის არსებობს ხელმძღვანელი, რედაქტორი და პროდიუსერი? სახელმწიფოებრივად უნდა ვიაზროვნოთ, ესაა მთავარი”, – აცხადებს ჟურნალისტი გიორგი ბერიძე.
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას მიმართვა არის ზერიოზული პროვოკაცია, თუმცა არ არის, ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებების დაწყების საფუძველი. იგი არ გამორიცხავს, რომ ამის გამო, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს პრობლემები შეექმნათ, რადგან პუტინისთვის თავის მოწონების ენთუზიასტები ანტიქართულ რიტორიკაზე უარს არ იტყვიან.
როგორც მძინარაშვილმა Dalma News-ს განუცხადა, პრეზიდენტ პუტინს, სპეცსამსახურებში დიდი სკოლა აქვს გავლილი და თითქმის ორი ათეული წელია, უზარმაზარი სახელმწიფოს მეთაურია. ამიტომ ემოციურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სხვა საკითხია, რამდენად აღკვეთენ ამ ანტიქართულ ისტერიას.
მისივე შეფასებით, ქართული ჟურნალისტიკა სერიოზულ კრიზისშია, როგორც პროფესიული, ისე მორალური თვალსაზრისითაც. პროფესიული თავმოყვარეობა დაიკარგა.
“თუ დავაკვირდებით, ქვეყნის უბედურებაში ხალხის დიდი ნაწილი სწორედ ჟურნალისტებს გვადანაშაულებს და არც თუ უსაფუძვლოდ. გვარამია-გაბუნიას შემოქმედებითი ტანდემი, მათი პროვოკაციული გამოხტომებით, ხელს უწყობს პროფესიის მიმართ ხალხის აგრესიას, არადა, არც ერთი და არც მეორე პროფესიით ჟურნალისტი არ არის. უბრალოდ, ცდილობენ საზოგადოების გამოწვევას პროვოკაციული განცხადებებით და ამით აზიანებენ, როგორც ჟურნალისტიკას, ისე ამ საზოგადოებას”, – აცხადებს ბონდო მძინარაშვილი.
რაც შეეხება გაბუნიას განცხადებებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციას, სადაც ჟურნალისტის ბილწსიტყვაობა ქართული – რუსული ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვისკენ მიმართულ პროვოკაციად შეაფასეს და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდეს, მძინარაშვილი გადაჭარბებულ თავგამოდებად მიიჩნევს.
“თანამდებობის პირების პოზიციის გამოხატვა ერთია და სულ სხვაა სახელმწიფო ინსტიტუტის ჩართვა ამ პროცესებში. მგონია, რომ აჩქარდნენ, რაც დიპლომატიურ უწყებას არ შეეფერებოდა”, – აცხადებს იგი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, “რუსთავი 2”-ის 7 ივლისის ღამის ეთერში გასული გინების გამო, პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა, სათანადოდ შეაფასონ ტელეკომპანიის და კონკრეტულად ერთი ჟურნალისტის საქციელი, რომელმაც უხეშად დაარღვია საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები.
ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე მიიჩნევს, რომ ქართული საჯარო სივრციდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაქრეს მიმართვის უხამსი, უწმაწური ფორმებით ადამიანების შეურაცხყოფა.
“მიუღებელია აზრის ამ ფორმით გამოხატვა, ადრესატს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს!”, – აცხადებს იგი.
დიდი ხანია ქართულ საჯარო სივრცეში, ბილწსიტყვაობა, უცენზურო გამონათქვამები და ოპონენტების შეურაცხყოფა სტანდარტად იქცა. ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე მიიჩნევს, რომ ქართული საჯარო სივრციდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაქრეს მიმართვის უხამსი, უწმაწური ფორმებით ადამიანების შეურაცხყოფა და ამ შემთხვევაში ადრესატს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
მსგავსი პოზიცია აქვს საზოგადოების დიდი ნაწილს. მსგავსი შინაარსის სტატუსები, ბოლო დღეებში აქტიურად ქვეყნდება ქართულ სოციალურ სივრცეში. არქიტექტორ მამუკა სალუქვაძის აზრით, მასმედიაში, უპირველეს ყოვლისა ტელეეთერიდან ბილწსიტყვაობა უნდა აიკრძალოს და შესაბამისი კანონი არსებობდეს, ტელევიზორს ბავშვებიც უყურებენ.
“ეს არ არის თავისუფალი სიტყვა, ამას ყველა ეპოქაში და დროში უზრდელობა ერქვა და ჰქვია. შეიტანეთ კანონმდებლობაში ცვლილებები, ვისაც ეს გეხებათ, მხოლოდ თქვენი აღშფოთების გამოხატვა არ გვჭირდება”, – წერს მამუკა სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რუსთავი 2”-ის 7 ივლისის ღამის ეთერის შეფასებისას აცხადებს, რომ გაბუნიას მონოლოგი, რომელიც ეჭვგარეშეა, შეთანხმებული იყო არხის გენდირექტორ გვარამიასთან, “ნაცმოძრაობის” რევანშისტული ქმედების ნაწილია, რომელიც ცდილობს, ნებისმიერ ფასად მოიპოვოს ხელისუფლება.
მისი აზრით, როდესაც ტელეარხი პოლიტიზებულია, მისი ეთერით გაკეთებულ მსგავს განცხადებებს სხვა ჟღერადობა აქვს და მიმართულია, ისედაც გართულებული ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებისკენ.
გია აბაშიძის შეფასებით, ჟურნალისტის უცენზურო გამოსვლა, საზოგადოებამ სრულებით სამართლიანად და მშვიდობიანად გააპროტესტა, ხოლო ტელეკომპანიაში შეჭრა არავის სურს, გარდა გვარამიასი. მეორე მხრივ, ანალიტიკოსი, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს მედიასაშუალებებს გარკვეული რეგულაციები დაუწესოს.
“დიდ ბრიტანეთში არსებობს ასეთი სტრუქტურა Ofcom -ი, რომელიც ბრიტანელ მაყურებელს სახელმწიფო თუ კომერციული ტელე-მედიასაშუალებების მავნე ზეგავლენისგან იცავს, რათა ტელეეთერით უხამსი გამონათქვამები არ გავრცელდეს. დიდი ბრიტანეთის პრაქტიკის საქართველოში გადმოტანა უპრიანი იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების პოლარიზაცია უფრო და უფრო აქტიურდება. ბრიტანეთს დემოკრატიას ნამდვილად ვერ ვასწავლით, ეს არ ნიშნავს ცენზურას, გარკვეული რეგულაციები ყოველთვის საჭიროა, რომ თავისუფლება არ გადაიზარდოს თავაშვებულობაში. ოქროს ზღვარია მოსაძებნი”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
მისივე თქმით, გაბუნიას საქციელს შედეგად მოჰყვა ის, რომ რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელში გააქტიურდა ანტიქართული რიტორიკა; რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საქართველოსთვის ეკონომიკური ემბარგოს დაწესებასა და ფულადი გზავნილების შეზღუდვაზე მსჯელობს.
ექსპერტების შეფასებით, გიორგი გაბუნიას ქმედება არის ცრუ პატრიოტიზმზე დაყრდნობილი პროვოკაციული, იურიდიულ ენაზე – ხულიგნობა. იმ შემთხვევაში, თუ მას ხულიგნობის გამო, პასუხს მოსთხოვენ, თუნდაც დააჯარიმებენ, ნაციონალები რუსეთის პრეზიდენტის დაცვად მონათლავენ.
შ. ქარჩავა