ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრი (2006-2008 წლებში), ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, 5 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით საქართველოში დაუსწრებლად გასამართლებული დავით კეზერაშვილი საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. ქართული რადიკალური ოპოზიციის მთავარ დამფინანსებელს დიდი ბრიტანეთის გავლენიანი მაუწყებელი მილიარდდოლარიან თაღლითობაში ამხელს.
ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით „მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალდაკვალ“ BBC-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა. სტატიაში გაშიფრულია თაღლითური სქემის უკან არსებული ჩრდილოვანი ქსელი, მათ შორის, რამდენიმე ქართული გვარით: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ეს ის ხუთი გვარია, რომლებიც მითითებული იყვნენ დირექტორებად ან თავად Milton-ის სავაჭრო პლატფორმებზე ან დამხმარე ტექნოლოგიურ კომპანიებში. Milton Group-ი, რომლის სახელს თაღლითები 2020 წლამდე იყენებდნენ, მოიცავს 152 ბრენდს, მათ შორის, Solo Capitals-ს, რომლებიც სამიზნედ შერჩეულ მსხვერპლებს თაღლითური ქსელის მეშვეობით ათასობით, ზოგ შემთხვევაში კი ასი ათასობით გირვანქა სტერლინგს სძალავდნენ.
BBC-ის ჟურნალისტებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების გამოყენებით Milton Group-ის კომპანიებს შორის კავშირები დაადგინეს. ეს ხუთი სახელი Panama Papers-შიც მოიძიეს (ოფშორული კომპანიების შესახებ 2016 წელს მასობრივად გაჟონილ დოკუმენტებში) და დაადგინეს, რომ ოთხი მათგანი – ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი – ნახსენებნი იყვნენ, როგორც დირექტორები, ან მაღალი თანამდებობის პირები იმ ოფშორულ კომპანიებსა თუ მათი შვილობილი კომპანიების ჯგუფში, რომელიც წინ უსწრებდა ზემოხსენებულ Milton-ის ჯგუფს. ამ კომპანიებიდან ბევრი დავით კეზერაშვილთან იყო დაკავშირებული. გამოძიება ასკვნის, რომ „კულისებს მიღმა, ამ ყველაფრის ცენტრში სწორედ კეზერაშვილია“.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, არსებობს არაერთი სხვა არაპირდაპირი მინიშნება ყოფილი თავდაცვის მინისტრის კავშირებზე Milton-ის ბრენდებთან, რომლებიც გამოძიების დროს გამოვლინდა, მაგალითად, პირადი ელექტრონული ფოსტის სერვერი, რომელსაც ექსკლუზიურად კეზერაშვილის კომპანიები და Milton Group-ში შემავალი კომპანიები იყენებდნენ, ასევე კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული საოფისე შენობები კიევში, სადაც თაღლითური ქოლ-ცენტრი იყო განთავსებული, მჭიდრო სოციალური კავშირები Milton Group-ის ოთხ მაღალჩინოსანსა და კეზერაშვილს შორის, რასაც მოწმობს სოციალური მედიის პროფილები და ფოტოები, მის მიერ საკუთარ სოციალურ მედია ანგარიშებზე თაღლითობის სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაცია და ა.შ.
ჟურნალისტური გამოძიების მიზნით, ერთ-ერთი ჟურნალისტი მომხმარებლის რანგში დაუკავშირდა კომპანიას, რათა სქემის მუშაობას პირადად გასცნობოდა. გარიგების თანხა დაყოფილი იყო მცირე ნაწილებად, რათა მსხვერპლს ან ადვოკატს მისი მოძიება გართულებოდა და მათი გადაადგილება უამრავი სხვადასხვა ბიტკოინის საფულის მეშვეობით ხდებოდა და „ყველა სავარაუდოდ Milton Group-თან იყო დაკავშირებული“. ჯგუფის ოპერაციები ადრე შვედურმა გაზეთმა Dagens Nyheter-მა და სხვებმა გამოიძიეს, მაგრამ BBC-მ გადაწყვიტა თაღლითობის უკან მდგომი მაღალი რანგის ფიგურები გამოევლინა.
სტატიის თანახმად, კეზერაშვილმა BBC-ის ადვოკატების მეშვეობით უთხრა, რომ ის კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს Milton Group-თან და რომ თაღლითური სქემიდან არანაირი სარგებელი არ მიუღია. BBC-ის საგამოძიებო ჟურნალისტების ბრალდებები ასევე უარყვეს ჭელიძემ, გოგეშვილმა და მგელაძემ, ხოლო ბენიმინიმ BBC-ის კითხვებს არ უპასუხა.
ბრალდებებს დავით კეზერაშვილი ფეისბუქის საშუალებით გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ არასდროს ჰქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხთან.
საქართველოში სახელმწიფო თანხების მითვისებაში ბრალდებული კეზერაშვილი არ აპირებს, „უყურადღებოდ დატოვოს ის ზიანი, რაც გავრცელებული მასალით მიადგა”, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მის წინააღმდეგ „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება“. მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილი ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად აღიარებს, აცხადებს, რომ მასთან დაკავშირებით BBC-ი ცრუობს, ამიტომ, ამბობს, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა მასთან დაკავშირებით “არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე“ დაამტკიცოს.
„ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ-ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი.
ამის შემდეგ, 18 აპრილს, ტელეკომპანია “ფორმულამ” თავისი დამფუძნებლის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კეზერაშვილი „ფორმულაში“ საკუთარი წილების ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის გადაცემაზე საუბრობს. კეზერაშვილმა საგამოძიებო მასალის ავტორი დაადანაშაულა, რომელიც, მისი თქმით, წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას The Times of Israel და არა BBC-ის და ის წლების განმავლობაში ცდილობს შეულახოს საქმიანი რეპუტაცია.
კეზერაშვილის თქმით, ჟურნალისტური გამოძიების სასურველი მიმართულებით წარსამართად საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ავტორი მიიყვანა სწორედ იმ სპეციალურად შერჩეულ ქოლ-ცენტრზე რეიდის გადასაღებად, რომელიც კეზერაშვილის ყოფილ პარტნიორსა და მეგობართან ასოცირდებოდა. კეზერაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კიევში მის კუთვნილებაში არსებულ კომერციულ შენობებში არასდროს უმუშავიათ თაღლითურ კომპანიებს.
“არასდროს ყოფილა რაიმე ტიპის გამოძიება იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომელთაც ამ შენობებში კომერციული ფართები აქვთ ნაქირავები”, – დასძინა მან.
ექსპერტი თავდაცვის საკითხებში ვახტანგ მაისაია გამორიცხავს ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ვერსიას, თითქოს BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტი “ქართულმა ოცნებამ” და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დაუკვეთეს. მისი აზრით, “ბიბისი”-მ ეს გამოძიება აბსოლუტურად დამოუკიდებლად ჩაატარა, საკუთარი ძალებით, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ამ გამოძიებაში დასავლეთის სხვა სერიოზული გამოცემებიც მონაწილეობდნენ.
“გამოვრიცხავ, რომ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებთან რაიმე კავშირი ყოფილიყო. საქართველოს შემთხვევაში ეს ძალიან საეჭვოა. “ბიბისის” გამოძიება დასავლეთის სპეცსამსახურების თანხმობის გარეშე არ ჩატარდებოდა. “ბიბისი” არ არის კერძო მედიაჰოლდინგი, ეს არის საზოგადოებრივი ტელევიზია, მართალია მეტი თავისუფლება აქვს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება და ასეთი საგამოძიებო მოქმედება, როცა ეხება მეგობარი სახელმწიფოს მოქალაქეებს, არ ჩატარდებოდა, საქმის კურსში რომ არ ყოფილიყო ჩაყენებული ქვეყნის ხელმძღვანელობა”, – განუცხადა Dalma News-ს მაისაიამ.
მეორე საკითხია ის, თუ რამდენად მიადგა ამ გამოძიებით საქართველოს საიმიჯო ზიანი, რადგან ევროპის ერთ-ერთი გავლენიანი მედიაგამოცემა თაღლითობაში, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს თუნდაც ყოფილ, მაგრამ თავდაცვის მინისტრს ამხელს. ვახტანგ მაისაიას აზრით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოავლენს თავს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები – პროკურატურა, სუს-ი, შსს. დაიწყება თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება და საქართველოს ხელისუფლება ითანამშრომლებს თუ არა ბრიტანულ მხარესთან.
“საუბარი ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ისედაც იყვნენ შემჩნეულნი ავტორიტარული მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს მიმართ ჩადენილ დანაშაულებში, მათ წინააღმდეგ საქართველოშიც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. როგორ ლაღად მოქმედებდნენ კეზერაშვილი და მისი სტრუქტურები საქართველოში. კეზერაშვილს ნაცმოძრაობასა და მის ნარჩენებთან ურთიერთობების განვითარებაც ამისთვის სჭირდება, რომ თავისი უკანონო საქმიანობისთვის პოლიტიკური საფარველი შექმნას. ამაზე მეტყველებს “ენმ”-ში ისეთი კადრების მოყვანა, რომლებიც შავი ფულის გასათეთრებლად სჭირდება”, – აცხადებს მაისაია.
ექსპერტის ვერსიით, ქოლცენტრები კიდევ სხვა კომბინაციასთან არის დაკავშირებული. ამის მეშვეობით ხდებოდა იმ თანხების გათეთრება, რომლებსაც კეზერაშვილი იარაღით უკანონო ვაჭრობიდან იღებს.
“ეს საკმაოდ შავი, სერიოზული ბიზნესია, მოიცავს საკმაოდ დიდ, რუხ ზონებს, საკმაოდ სპეციფიკური ბიზნესია. მისი გამოვლენა არ არის იოლი. ამ გამოძიებაში მივაღწიე საკმაოდ სერიოზულ წინსვლას და ამიტომ იყო, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დამაკავა. ციხეში 2-ჯერ იყო ჩემი ლიკვიდაციის მცდელობა. შემთხვევით არ არის, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი ერთ ნავში არიან. ერთი მუშაობდა ნარკოტიკების, მეორე კი, იარაღის უკანონო ტრანზიტზე. ქოლცენტრები არის თვალის ასახვევი, რომლის მიღმა შესაძლოა, უფრო დიდი დანაშაულები ჩანდეს”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე თქმით, BBC-იმ გამოავლინა ის, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილი არის სერიოზული კრიმინალური სინდიკატი.
კეზერაშვილს “ფორმულას” წილების დათმობა მოუწია. ვახტანგ მაისაიას არც იმის სჯერა, რომ ნაციონალების ოლიგარქი კეზერაშვილი “ბიბისი”-ის სასამართლოში უჩივლებს. მან კარგად იცი, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში კიდევ უფრო დაუმძიმდება ბრალი, ამიტომ იძულებული გახდა წილები გაესხვისებინა. ეს ყველაფერი კი, იმ ფონზე მოხდა, როდესაც, მოარული ხმები გვატყობინებდნენ, რომ კეზერაშვილი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტელეკომპანიების – “ტვ პირველისა” და “მთავარის” ერთ მედია-ჰოლდინგში გაერთიანებაზე, თავისი კიბერ საშუალებების გამოყენებით. სწორედ აქ გათეთრდებოდა ქოლცენტრებიდან მიღებული უკანონო ფულიც. მერე კი, რევოლუციის გზით საქართველოს ხელისუფლებაშიც თუ დაბრუნდებოდნენ, ეს იქნებოდა მათთვის სავანე.
როგორც ჩანს კეზერაშვილის სავანე ცოტათი დააგვიანებს. “ბიბისის” გამოძიებით აღელვებული ოლიგარქი პოლიტიკიდან შესაძლოა წასვლაზეც ალაპარაკდა. ახლა მას, რაც შეიძლება ნაკლები სკანდალი სჭირდება, რადგან მისი გემიდან ვირთხები უკვე იპარებიან.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ოპოზიციურ ფლანგზე უკვე დაიწყო ის მოძრაობები, რაც მეტყველებს კეზერაშვილის სკანდალის უარყოფით გავლენაზე ოპოზიციისთვის. “ფორმულას” თანამშრომლებისთვის წილების მიცემა კი, ნაქურდალი წილის გაყოფას ნიშნავს, რაც მიმზიდველად ნამდვილად არ გამოიყურება.
რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, კეზერაშვილის მიმართ კრიტიკულ მუხტს „ფორმულას“ წილების გაყოფა ვერ შეამცირებს. ნეგატიური სიმძიმე ზვავივით გროვდება კეზერაშვილის თავზე, ეს სიმძიმე იმ პოლიტიკურ თუ მედია ჯგუფებზე გადანაწილდება, რომლებიც ამ სიტუაციაში კეზერაშვილის გვერდით აღმოჩნდებიან. საეჭვოა ისიც, ეს თემა ოპოზიციის მიერ სოციალური საკითხების წინ წამოწევით გადაიფაროს. აქცენტის გადატანის მცდელობა ჰქონდა „ენმ“-ს ახალ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს, როდესაც განაცხადა, – რიკოთის გზას უნდა მივხედოთ, რა დროს კეზერაშვილიაო? მაგრამ რიკოთზე ქვათაცვენის პრობლემამ ვერ დაჩრდილა BBC-ის სკანდალური გამოძიება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კეზერაშვილის თემას, დიდი ალბათობით, 2024 წლის არჩევნებისთვის გამოიყენებს, თუმცა რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ 2024 წლამდე კეზერაშვილის პერსონამ სიმწვავე დაკარგოს და მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაც ჩრდილში გადავიდეს.
“კეზერაშვილი იყო “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის წევრი, მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ისეთივე იყო, როგორც „ენმ“-ს მიმართ. გაიარა დრომ, ხალხი ცოტა შეეჩვია “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სივრცეში არსებობას, თუმცა, ამის მიუხედავად, “ენმ”-მ ვერც ერთ არჩევნებში ხელშესახები შედეგი ვერ მიიღო. ამომრჩევლის პასიური დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ჩადენილი დანაშაულები ხალხს დაავიწყდა”, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, კეზერაშვილი დღითიდღე უფრო მეტად მიუღებელი ხდება, როგორც მსოფლიო, ისე ქართული პოლიტიკისთვის.
შორენა პაპაშვილი