ბათუმობის ფერადი დღესასწაული დღეს, დღის 12 საათზე დაიწყო ევროპის მოედანზე ფესტივალი “განდაგანას” გახსნით. დღესასწაულისათვის მემედ აბაშიძისა და დუმბაძის ქუჩები ფერადი აქსესუარებით მორთეს, ჭრელი ქოლგებით, საჰაერო და სტაციონარული დეკორაციებით გაალამაზეს. მოედანზე ადგილობრივი კომპანიების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. 5-6 სექტემბერს, ბათუმობის ფარგლებში, სხვადასხვა ასაკის მაყურებლისთვის, თხუთმეტამდე ღონისძიება იგეგმება. ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან ბათუმობისთვის 350 000 ლარი გამოიყო.
ღონიძიების შესასებ batumelebi.ge წერს. ორი დღის განმავლობაში მრავალი კონცერტი და კულტურული ღონისძიება გაიმართება: ფოლკლურის მოყვარულებს მერია ევროპის მოედანზე იწვევს. კოსტუმირებული ჭადრაკი გაიმართება ბულვარში. ჭადრაკის ფიგურების დანიშნულებას ფიგურების კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები შეასრულებენ. ამ ორიგინალური ფიგურებით ბათუმობაზე ევროპისა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნინო ბათიაშვილი და ევროპის ჩემპიონი მირანდა მიქაძე ითამაშებენ. წარმოდგენა 15-25 წუთს გარძელდება.
მემედ აბაშიძის ქუჩაზე სასულე ორკესტრი ერთსაათიან მსვლელობას გამართავს. კოლონადებთან ბავშვებისთვის გაიმართება წარმოდგენა – “ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში”. დღესვე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება მსოფლიო კინოს მუსიკის შედევრების ღონისძიება. მანამდე კი ანბანის კოშკთან თანამედროვე მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია ბათუმის ქუჩების გაფერადებაც. ჭრელად შეიღებება გზის სავალი ნაწილი. გაიმართება შეჯიბრი სიმინდის სწრაფ გარჩევაში, ბაგირის გადაწევაში. მასტერკლასები ყველის ამოყვანაში, თათარას გაკეთებასა და ჩურჩხელის ამოვლებაში.