შავი ზღვის ფონზე ყვითელი დაფა წარწერით “ლელო” და ანაკლიის სანაპიროზე ჩამომჯდარი აუდიტორია, – ქართულ საზოგადოებას ამ ერთობ, მარტივი სურათით დაამახსოვრდება ბანკირების პოლიტიკაში შემოსვლა. ჰო, კიდევ, გალაქტიონის ლექსიდან წამოსული შთაგონება, საკრალური რიცხვი 12 და წიწამურის ტრაგედია (1907 წლის, 12 სექტემბერს, სოფელ წიწამურთან, ერის მამად წოდებული, მწერალი ილია ჭავჭავაძე მოკლეს). სიმბოლოების უჩვეულო სიმრავლე და მათი ერთმანეთთან დაკავშირების, კიდევ უფრო უჩვეულო მცდელობა.
მას შემდეგ რაც, საქართველოში, ერთ-ერთი გავლენიანი საფინანსო ორგანიზაცია “თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პატიოსნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და პროკურატურამ ის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ამხილა, ბანკირებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვირეს. შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” და პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გამართეს.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიება სრულებით შემთხვევით დაემთხვა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თარიღს, თუმცა, არის ამაში მაინც რაღაც მისტიკური. გარდა ამისა, XII საუკუნეში საქართველოს ოქროს ხანა ჰქონდა; ევროკავშირის დროშაზე 12 ვარსკვლავია; წელიწადში 12 თვეა. კიდევ არსებობს ზოდიაქოს 12 ნიშანი, ბოლოს და ბოლოს ქრისტეს 12 მოციქული.
“12-ის მერე ახალი წელი მოდის და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განმარტავს 12-ის მნიშნელობას მამუკა ხაზარაძე. ბანკირი, ეძებს 12 ლიდერს, 12 რაინდს, რომლებიც მის ორგანიზაციაში გაწევრიანდებიან, რათა ქვეყანას აღარ დასჭირდეს მესია.
“უახლოეს მომავალში ეს იქნება ლიდერების პარტია. პოლიტიკაში ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ კონკრეტულ თარიღებს დავასახელებთ. ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო. 12 კაც ლიდერს სოფლებში, 12 ქალ ლიდერს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი არ არის. 112 წლის წინ, 12 რიცხვში, ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა. ილია ჭავჭავაძე 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ეს ქვეყანა გადარჩენილიყო”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში, ახალი მოძრაობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, მოძრაობის სახელწოდება – “ლელოს” შთაგონების წყარო გალაკტიონ ტაბიძის ლექსი – “მშობლიურო ჩემო მიწავ” არის. ხაზარაძემ პოეტის ვრცელი ლექსიდან (რომელიც საბჭოთა ეპოქაშია დაწერილი და მასში, ლენინის მიმართ ხოტბაც არის), ორი სტროფი წაიკითხა.
“ქართველებმა უნდა გავიტანოთ და დავდოთ ჩვენი ლელო, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავდოთ ჩვენი ლელო”, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, საქართველომ, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დაიბრუნოს თავისი ფუნქცია სამეზობლოში, რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. მან ისაუბრა ანაკლიის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის პროექტი უნდა განხორციელდეს. ის არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას, აზიასა და ევროპას შორის.
“აქედან, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი დასავლეთისკენ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს. საქართველო დღეს, განსაკუთრებით საჭიროებს ამ ადამიანების ერთობას”, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ქართულ ეკონომიკას დღეს, ემიგრანტები ასაზრდოებენ. აპირებს, თავისი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს თუ, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისა და აქ დასაქმების პერსპექტივა გაუჩნდეთ.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო”, თემატურ საკითხებში, პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს, თუმცა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჯერ არ დაკონტაქტებიან. რაც შეეხება სააკაშვილს, ის ჯაფარიძე-ხაზარაძის პოლიტიკურ მიზნებს სერიოზულად არ განიხილავს, მათ მევახშეებს, ფართხუნა შარვალში გამოწყობილ, კრიალოსნიან ბიჭებს უწოდებს და ურჩევს, ხელისუფლებისგან ხელები შორს წაიღონ.
“ცალი თვალით შევხედე ხაზარაძის პრეზენტაციას და მის მოთქმას, რომ 30 წელია მოჯადოებულ წრეზე დავდივართო. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე. ანაკლიის, იგივე ლაზიკის პორტი, უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე. რა შუაშია ხაზარაძე და ანაკლიის პორტი ერთმანეთთან? როცა აშენდება, ხაზარაძის საკუთრება უნდა იყოს და მის ჯიბეზე იმუშაოს? საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას მევახშეებისა და კრიალოსნიანი ბიჭების გარეშე”, – განაცხადა სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში.
ბანკირების მევახშეებად მოხსენიება არ მოეწონა სააკაშვილის ყოფილ თანაგუნდელს, თბილისის ექსმერ გიგი უგულავას და განაცხადა, რომ პრინციპულად არასწორად მიაჩნია პროფესიის დემონიზაცია.
“ბანკის გარეშე არ არსებობს ქვეყანა. რაც უფრო ძლიერია ბანკები, მით უფრო ძლიერია ეკონომიკა”, – აცხადებს უგულავა.
პოლიტოლოგისა და ფსიქოლოგის, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძის გამოსვლა უმეტესად, რომანტიული ხასიათის იყო და მისი, რამდენიმე ფრაგმენტის სერიოზულად განხილვა შეუძლებელია. მისი მოსაზრებით, სანამ პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებიან, ჯაფარიძესა და ხაზარაძეს დიდი გზის გავლა მოუწევთ.
“ჯერ ერთი, რატომ 12 და არა 32 და მეორე – პროფესიონალები პოლიტიკაში პროფესიულ პოლიტიკოსობას ნიშნავს. კარგი პროფესიონალი არ ნიშნავს ყველაფერში პროფესიონალობას. ამით ქვეყანას დიდი სიკეთე არ დაადგება. ამ საკითხში ხაზარაძის მსჯელობა შესაძლოა, კამათის საგნად იქცეს. მის ყოველ სიტყვას თუ გამოვეკიდებით, საბჭოთა ეპოქა გაგვახსენდება, როცა ბოლშევიკებს მიაჩნდათ, რომ სახელმწიფოს მართვა კარგ მწყემსსა და მუშასაც შეუძლიათ”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ
როგორც Dalma News-ს განუცხადა მან, ხაზარაძე გათვლას საქართველოში, პოლიტიკური პარტიების ძალიან დაბალ რეიტინგზე აკეთებს და იმედი აქვს, რომ ამომრჩეველი ხმას ბიზნესმენებს მისცემს. თუმცა, მეორე მხრივ, ქვეყანაში არსებობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებმაც 2-ჯერ უკვე აირჩიეს ოლიგარქი და მისი მმართველობის მიმართ იმედგაცრუებას ვეღარ მალავენ. ამას ემატება ბანკის ვალებითა და მაღალი საკრედიტო პროცენტით გამწარებული მოსახლეობა.
რამაზ საყვარელიძის თქმით, ყველაფერი ზემოთ თქმული, ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებზე ნეგატიურად იმოქმედებს. ქართულ საზოგადოებას დიდად არ უყვარს ბიზნესმენები, ამ შემთხვევაში ბანკირი, რომელიც ხშირად იძულებულია საბანკო ბიზნესის მოთხოვნებიდან გამომდინარე მკაცრი იყოს.
“ილია ჭავჭავაძესაც კი, როცა ბანკს ხელმძღვანელობდა, უჩიოდნენ, ძალიან დაუნდობელიაო. ლმობიერი ბანკი არ არსებობს”, – აცხადებს პოლიტოლოგი.
რა შემთხვევაში მოდიან ბიზნესმენები პოლიტიკაში? ძალაუფლების მოპოვების სურვილით. როცა მათ ფულადი რესურსი და ამბიციები იზრდება.
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე არაქარიზმატულია და არც ისეთი პოლიტიკური წონა გააჩნია, როგორც მას და მის გარემოცვას წარმოუდგენია. ეს ჩანს მისი საჯარო გამოსვლებიდან. ხოლო “ლელოს” პრეზენტაცია, პიარის თვალსაზრისით აბსოლუტური ჩავარდნა იყო.
“ქართულმა საზოგადოებამ, 10-წლეულების განმავლობაში არა ერთი პარტია იხილა, რომლებიც უკვალოდ გაქრნენ. სიმბოლოებით, საკრალური რიცხვებითა და სადღეგრძელოებით პრეზენტაციები საკმაოდ მობეზრდა ქართულ საზოგადოებას. კარგია, რომ 12 რიცხვში 12 მოციქული არ ახსენა. ილია ჭავჭავაძე 12 ინჟინერს ეძებდაო. საინტერესოა, რა წყაროს ეყრდნობა? მოგვატყუა, თითქოს, შემთხვევით დაემთხვა მისი მოძრაობის პრეზენტაცია წიწამურის ტრაგედიის თარიღს. ეს არავინ დაიჯერა. ხაზარაძეს ვურჩევდი პიარმრჩევლები გამოცვალოს”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
ექსპერტები ხაზარაძეს დიდ პოლიტიკურ მომავალს არ უწინასწარმეტყველებენ, თუმცა აღიარებენ, რომ “თიბისი ბანკის” მფლობელი, თავისი ფინანსების წყალობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 50 – 100 ათასი ამომრჩევლის ხმას მიიღებს. ადვილი შესაძლებელია ფრაქციაც შექმნას. ამის მიუხედავად, მის პარტიას ქართულ პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანი როლი არ ექნება. ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ რეიტინგი კატასტროფულად დაცემულია, ხაზარაძემ შესაძლოა, ნეიტრალურად განწყობილი ან აპოლიტიკური ადამიანების ხმები მიიღოს.
შორენა პაპაშვილი