აზერბაიჯანის აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე ბაქოში, 3 ოქტომბერს ლონდონის ლეგენდარული თეატრი “გლობუსის” დასი სპექტაკლით “ჰამლეტი” წარსდგება.
ბრიტანული თეატრის გასტროლები უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილეს ეძღვნება. ამგვარად, შექსპირის დაბადების 450 და გარდაცვალების 400 წლისთავის აღსანიშნავად თეატრმა “გლობუსმა” მოგზაურობა დაგეგმა, რომელიც 2014 წლის 23 აპრილს დაიწყო და 2016 წლის 23 აპრილამდე გაგრძელდება. “ჰამლეტი” უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაში, 100 ათასზე მეტი მაყურებლის წინაშე წარსდგა ამერიკაში, ევროპასა და აფრიკაში. სპექტაკლის რეჟისორები დომინიკ დრომგული და ბილ ბაკხერსტი არიან.
სტექტაკლის ბაქოში ჩვენების ორგანიზატორია British Council აზერბაიჯანში, ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით. სპექტაკლი ინგლისურ ენაზე აზერბაიჯანული სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი.