აზერბაიჯანელ მწეველებს არ გაუმართლათ – ქვეყანაში შესაძლოა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა მომავალი წლის ბოლომდე აიკრძალოს.
როგორც “Haqqin.az”-ი “Trend”-ზე დაყრდნობით იტყობინება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევაზე აკრძალვა ეტაპობრივად ხორციელდება და დადებით შედეგებს იძლევა, ამიტომ პარლამენტი აპირებს ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
“რამდენიმე წლის წინათ მივიღეთ კანონი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევას კრძალავს. კანონი უკვე შევიდა ძალაში. გარდა ამისა, შარშან პარლამენტის ბოლო სხდომაზე, საგადასახადო კოდექსში შესწორებები და დამატებები მიიღეს. ამგვარადა, გაიზარდა აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე და მასზე ფასმაც მოიმატა,” – განაცხადეს პარლამენტში.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვაზე პარლამენტი ან შემოდგომის სესიაზე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ან მომავალი წლის საგაზაფხულო სესიაზე.
მას შემდეგ რაც ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე მოგვარდება, აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, რკინიგზისა და ავტობუსების სადგურებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობაში, მათ შორის ტაქსიში, მოწევა აიკრძალება. ასევე იგეგმება მოწევის აკრძალვა კინოთეატრებში, სპორტული შეჯიბრებებისა და კონცერტებისთვის განკუთვნილ დახურულ დარბაზებში, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში, საბანკეტო დარბაზებში. სამუშაო ადგილაზე მოწევა დაიშვება, მხოლოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში.