ნაადრევი ქორწინება სულაც არ არის გასაკვირი იმ საზოგადოებისათვის, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სარძლოებს პანაშვიდებსა და ქორწილებში “მოტრიალე”  გოგონებს შორის ეძებენ. ადრე კი ზოგიერთ აზერბაიჯანულ პროვინციაში  პოტენციური რძლისთვის ბალიშის შემოტყმის ტრადიცია არსებობდა. თუ გოგონა  დარტყმას გაუძლებდა, რძლად ითხოვდნენ  და თუ  წაბორძიკდებოდა, ამბობდნენ, რომ ჯერ კიდევ არ “მომწიფებულა”.
აზერბაიჯანში ნაადრევი ქორწინება  ძირითადად რეგიონებშია აქტუალური და ამას თავისი მიზეზები აქვს. მაგალითად, არსებობს ისეთი რეგიონები, სადაც 18 წლის ასაკს გადაცილებულ გოგონებს შინაბერას უწოდებენ და მის მშობლებზე ჭორაობენ, რომ მათ ქალიშვილი, ან გაუთხოვარი დაურჩათ, ან რაღაც პრობლემა აქვს. ამიტომ, საზოგადოების განსასჯელი რომ არ გახდეს მათი ოჯახი, მშობლები იძლებულები არიან ქალიშვილი ადრეულ ასაკში გაათხოვონ.

კიდევ ერთი მიზეზი ფინანსური სირთულეებია. თუმცა, ასეთი ტენდენცია მხოლოდ მიყრუებული პროვინციის კი არა, აზერბაიჯანის დიდი ქალაქებისთვისაც არის დამახასიათებელი. მშობლებს ქალიშვილის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორც “ზედმეტი მჭამელისადმი”. მას სტუმრად უფრო აღიქვამენ, ვიდრე – ოჯახის წევრად.  ოცნებობენ,  რაც შეიძლება მალე გაათხოვონ და ოჯახს დამატებითი ტვირთი მოაცილონ.

თუმცა აზერბაიჯანელი მოზარდი გოგონები თავადაც ჩქარობენ გათხოვებას.  გარდამავალი ასაკის თანხმლები ჰორმონალური ცვლილებები, გაუნათლებლობა, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უუნარობა, ტელევიზიით პროპაგანდირებული ოჯახური მოდელები და მშობლების კონტროლისათვის თავის დაღწევა – ეს ყველაფერი  გოგონებს გათხოვებისაკენ უბიძგებს.

თუმცა, ისეც ხდება, რომ გოგონები პირველი სიყვარულის მახეში ებმებიან. მიაჩნიათ, რომ საოცნებო მამაკაცი იპოვეს და ცოლად სწორედ მას უნდა გაყვნენ. ასეთ შემთხვევაში მშობლებსა და  შვილებს შორის პრობლმეები იჩენს თავს.  აზერბაიჯანული ტრადიციით მშობლებსა და შვილებს შორის გარკვეული დისტანციაა, მაგრამ ზოგჯერ ეს დისტანცია ქვესკნელს ემსგავსება და ოჯახის წევრებმა ერთმანეთის ფიქრებისა და სურვილების შესახებ არაფერი იციან.  ანუ გოგონა, რომელიც მშობლებს თავისი პირველი სიყვარულისა და გრძნობების შესახებ არაფერს უყვება, რადგანაც ეს სასირცხვილოა, შედეგად სავალალო გადაწყვეტილებას იღებს. მშობლები კი, რომლებმაც არაფერი იციან თავისი ქალიშვილის შესახებ, ვერ “აყენებენ მას სწორ გზაზე”.

ასე, რომ ადრეული ქორწინება ორ კატეგორიად იყოფა: მშობლების დაძალებით და საკუთარი სურვილით.
რატომ ეწინააღმდეგება  საზოგადოება  ნაადრევ ქორწინებას?

14-16 წლის ასაკის გოგონას გათხოვება,  დაორსულება და მშობიარობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამედიცინო თვალსაზრისითაც საშიშია. გოგონა ფიზიოლოგიურად განვითარებულად  მხოლოდ 18 წლის ასაკის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს. ექიმი და ექსპერტი უმიდ სალიმზადე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ  გოგონების უმრავლესობა მოზარდობის ასაკში ბავშვს აჩენს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ჩამოყალიბება დასრულებულია. ადრეულ ასაკში გათხოვება და დაორსულება ჰორმონალურ დარღვევებს იწვევს, რის შედეგადაც ახალგაზრდა დედას ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები უჩნდება, მათ შორისაა ფსიქოლოგიური დარღვევები და ნაადრევი სიბერე.

გარდა ამისა, ნაადრევი ქორწინება ფაქტობრივად, გოგონას განათლებას  ასვამს დაღს. გაუნათლებელი დედის მიერ აღზრდილი ბავშვი კი შეიძლება სრულფასოვან პიროვებად ვერ ჩამოყალიბდეს. ასე, რომ ნაადრევი ქორწინების შედეგებს მთელი საზოგადოება იმკის.

და ბოლოს, ასეთი ოჯახების ფინანსურად უზრუნველყოფა მთლიანად მამაკაცის კისერზეა, რის შედეგადაც ის “მბრძანებელია” და ოჯახში უთანასწორობაა.

სტატისტიკა

ბოლო დროს ნაადრევი ქორწინების რაოდენობამ მნიშვნელოვან იმატა. შარშან  481  დარეგისტრირდა და ყველა გოგონა 18 წლამდე ასაკის იყო. ასევე, შარშან არასრულწლოვანმა გოგონებმა 3 296  ბავშვი გააჩინეს. ორივე ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება2013 წლის მაჩვენებელს.

გამოკვლევების მიხედვით, ნაადრევი ქორწინებისა და ნაადრევი მშობიარობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სოფლებსა და ასევე ბაქოს შემოგარენში არსებულ პარატა დასახლებებზე მოდის. საერთო ჯამში, ბოლო ექვს წელიწადში 15-17 წლის ასაკის გოგონებმა 21 420 ბავშვი გააჩინეს.

ექსპერტის აზრი

ქორწინების, ოჯახისა და ქალთა პრობლემების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციული და ანალიტიკური კვლევების განყოფილების მრჩეველი აინურ ვეისალოვა საუბრობს ნაადრევი ქორწინების შესახებ სახელმწიფო პროგრამის თაობაზე:

“ამ დროისთვის ჩვენი კომიტეტი საგანმანათლებლო სამუშაოსთან ერთად, საკანონმდებლო ბაზის გასრულყოფილებას გეგმავს. მზადდება ახალი კანონპროექტი „მშობლების პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო და სისხლის სამართლის კოდექსში  შესაბამისი მუხლი არსებობს, ჩვენი კვლევების თანახმად, მშობლები მაინც გულგრილად და უპასუხისმგებლოდ ექცევიან თავიანთ შვილებს. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და პრაქტიკულად ნებისმიერი ინფორმაციაა ხელმისაწვდომია. ასე, რომ მოქალაქეები, ძირითადად კი ახალგაზრდობა განათლებული  უნდა იყოს და თანამედროვე მსოფლმხედველობა ჰქონდეთ”.

“აინურ ვეისალოვას თქმით, მხოლოდ მაღალი კლასის მოსწავლეებში  ჩატარებული საგანმანათლებლო სამუშაოები საჭირო ეფექტს ვერ იძლევა. თუმცა მოსწავლეების გონებაში ახალი ინფორმაცია  ინერგება, მაგრამ სახლში მაინც მშლების გავლენაში არიან. ამიტომ საჭიროა მშობლებთან,  განსაკუთრებით მამებთან მუშაობა. თუ საუბარია სოფლებზე, მაშინ ამ საქმეში ადგილობრივი ავტორიტეტული ადამიანები, მათ შორის მასწავლებლები და სასულიერო პირები უნდა ჩაერთონ”.

კანონი მენტალიტეტის წინააღმდეგ

ნაადრევ ქორწინებად ითვლება 18 წლის ასაკამდე მოზარდების დაოჯახება. ეს ზღვარი 1989 წელს დაწესდა, რომელიც შემდეგ ბავშვის უფლებების კონვენციაში შეიტანეს. აზერბაიჯანშიც ქორწინება მხოლოდ 18 წლის ასაკიდან შეიძლება, მაგრამ თუ წყვილმა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა და საპატიო მიზეზი წარუდგინა, როგორიცაა მაგალითად: რომელიმე მშობლის მძიმე მდგომარეობა (სასიკვდილო), ორსულობა და სხვა, მაშინ შესაძლოა 17 წლის ასაკის გოგონებს ქორწინების უფლება მისცენ. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც მშობლები  14-16 წლის ასაკის გოგონებს ათხოვებენ ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე. ქორწილს მართავენ, ან  რელიგიური ტრადიციის – კიაბინის თანახმად აქორწინებენ.

სისხლის სამართლის კოდექსში დამატებულია მუხლი, ქალის იძულებით დაქორწინების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 2-3 ათასი მანათის ოდენობით, ან 2 წლამდე პატიმრობას. თუ იძულება არასრულწლოვანის მიმართ  განხორციელდა, მაშინ ჯარიმა შეადგენს 3-4 ათასს და თავისუფლების აღკვეთა 4 წლამდე განისაზღვრება.

მაგრამ ამ ზომების მიუხედავად, ნაადრევი ქორწინების პრობლემა აზერბაიჯანში  მაინც აქტუალურია და ვაჟების დედები, გასვენებაში ფლავის დამტარებელ და ქორწილში მოცეკვავე  მოზარდ გოგონებს კვლავაც ათვალიერებენ.

ნარმინ ნიოგტე