საქართველოს პარლამენტმა, 17 ივლისის პლენარულ სხდომაზე 88 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს.
კომისიას ეს უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუკი კომპანიის მიმართ კონკრეტული დარღვევისთვის უკვე გამოყენებულმა ჯარიმამ კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ვერ უზრუნველყო. კომპანიაში სპეციალური მმართველი, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებამდე გამწესდება. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია: თანამდებობაზე დანიშნოს ან გაათავისუფლოს კომპანიის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები; სასამართლოში იდავოს კომპანიის მიერ დადებული გარიგების გამო და მათი გაბათილება მოითხოვოს; კომპანიას შეუჩეროს, ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, აგრეთვე დივიდენდებისა და პრემიების გაცემა და ხელფასების გაზრდა; განახორციელოს კომპანიის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები, გარდა აქტივის, წილის ან აქციის გასხვისებისა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას წინ უძღოდა საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურის თითქმის ნახევარის, აზერბაიჯანისთვის მიყიდვა. საუბარია, საქართველოში საბითუმო ინტერნეტის ერთ-ერთ მთავარ შემომტანზე, Caucasus Online-ზე.
კომპანია 2008 წლიდან მოყოლებული, შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული, 1,200 – კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრეა, რომლის საშუალებითაც, ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში, მომხმარებლისთვის ინტერნეტის ტრანზიტი ხორციელდება. Caucasus Online ინტერნეტით ამარაგებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის უდიდეს ნაწილს. ასევე 2010 წელს ”რკინიგზის ტელეკომის” შეძენამ კომპანიას საშუალება მისცა შესულიყო მთელ სამხრეთ კავკასიაში და იგი ინტერნეტით ამარაგებს ერაყსა და ირანსაც.
არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მფლობელობაში არსებული, რეგიონში სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული იყვნენ მეზობელი ქვეყნების კომპანიები. საუბარი იყო რუსულ ”ვიმპელკომზე” და აზერბაიჯანის უდიდესი ინტერნეტპროვაიდერ “აზერონლაინზე”. ეს უკანასკნელი ამ საკითხის, ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.
Caucasus Online-ის პირვანდელ მფლობელს, მამია სანადირაძეს სურდა, ამ კაბელით ინტერნეტი არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც მიეწოდებინა. თუმცა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, სანადირაძის კომპანია სააკაშვილთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდა.
“დამემუქრნენ, რომ თუ არ მივცემდი მათ ჩემს კომპანიას გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ის გაკოტრდებოდა და მე ყველაფერს დავკარგავდი. საშიშროება რეალური იყო, იმდენად, რამდენადაც იმ დროს ბევრი კომპანია მთავრობამ გააკოტრა , მეც დავთანხმდი მათ პირობებს. მე მათ გადავეცი ჩემი აქციების 80% 13 მილიონ დოლარად, რაც მისი რეალური ღირებულების 10% შეადგენს”, – აცხადებდა სანადირაძე 2013 წელს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჟამად Caucasus Online-ს ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ – International Online Network LLC, 1502554 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) – 63% და ნელგადო ლიმითედი, 1565890 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) – 36.2%. რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს, მის შემადგენლობაში არიან ხვიჩა მაქაცარია, დავით ზურაბიშვილი, თემური კობახიძე, თეიმურაზ არონია, კობა ღურწკაია. კომპანიის დირექტორია რევაზ კოპალაძე.
სწორედ ხვიჩა მაქაცარიამ გაასხვისა Caucasus Online-ის 49% აზერბაიჯანის მოქალაქეზე, ნასიმ ჰასანოვზე ისე, რომ მარეგულირებელი კომისია საქმის კურსში არ ჩააყენა. საჯარო ინფორმაციის თანახმად, ის კომპანია “ნექსოლის” მფლობელია (NEQSOL), რომელიც აზერბაიჯანული უმსხვილესი ჰოლდინგია ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში. ცნობილია ისიც, რომ ჰასანოვის მფლობელობაში შარშან ურკაინული “ვოდოფონიც” გადავიდა. მედიაში იმასაც წერენ, რომ ჰასანოვი აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან დაახლოებული პირია.
საკანონმდებლო ცვლილებების საკომიტეტო განხილვები ხმაურით წარიმართა. „კავკასუს ონლაინის“ გენდირექტორ რევაზ კოპალაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, კომპანიაში არა სპეციალური მმართველი, არამედ კომპანიის მესაკუთრე შედის, რადგან ის უფლებამოსილება, რომელიც ამ ადამიანს ექნება, შესაძლოა, არც ცალკე აღებულ გენერალურ დირექტორს და არც დირექტორთა საბჭოს არ ჰქონდეს.
“ანუ, ეს ადამიანი განკარგავს მთლიანად მთელს ქონებას, მის ოპერაციებს, მოგების განაწილებას და ასე შემდეგ. პირადად, ამ ადამიანს აღვიქვამ, როგორც მესაკუთრედ, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის თავზე ის არაფრის გაყიდვას აპირებს”, – განაცხადა რევაზ კოპალაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.
როგორც აღვნიშნეთ, Caucasus Online ქვეყანაში საბითუმო ინტერნეტის ერთ-ერთი მთავარი შემომტანია, შესაბამისად უნდა ჰქონდეს, თუ არა სახელმწიფოს ბერკეტები სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მიმართ, Dalma News-მა ამ კითხვით სფეროს სპეციალისტს, კომპანია NewTelco Georgia-ს დირექტორ გიორგი გოთიშიას მიმართა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს იგი განიხილავს, როგორც ხელისუფლების მხრიდან მცდელობას რაღაც გააკეთონ, რაც სულ არაფრის კეთებას სჯობს.
გოთოშიას მოსაზრებით, Caucasus Onlin-ის გასხვისება აზერბაიჯანზე, თუ ნებისმიერ სხვა მეზობელ სახელმწიფოზე, დაუშვებელია. ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველო პირწმინდად დაკარგავს მნიშვნელოვან სარგებელს, რაც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე უნდა მიეღო და ინფრასტრუქტურა გადავა აზერბაიჯანში. ბაქოს დიდი ხანია აქვს მცდელობა, რომ ეს კომპანია თავისკენ გადაზიდოს.
მისივე თქმით, ეს ცენტრი უნდა იყოს საქართველოში. ამას დიდი ბიზნესებიც ასე უყურებენ და თუ კი, ტრანზიტი მაინც აზერბაიჯანისკენ წავა, ბაქოდან ქსელის განშტოება ისეთი კარგი არ იქნება, როგორც საქართველოდან არის.
“მაშინ, როდესაც საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური თუ ყველანაირი პირობებით, მთავარი მოთამაშე უნდა ყოფილიყო მარტო კავკასიაში კი არა, ახლო აღმოსავლეთშიც, კარგავს ყველაფერს. ხელისუფლება მარტო ამბობს, – ჰაბი გვინდა, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. ასე თუ გაგრძელდა, არანაირი ჰაბი არ იქნება და მივიღებთ იმას, რომ მთელი დერეფნის კონტროლი იქნება ბაქოში. საკითხავია, რომელი კომპანიის უკან ვინ დგას, იმ ქვეყანაში რა ვითარებაა, ბიზნესები, რამდენად გამჭვირვალე და ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები არიან. ჩემთვის იდეალური იქნებოდა, ამ ინფრასტრუქტურას რომ ფლობდეს დასავლური კომპანია, რომლის ყველა ქმედება გამჭვირვალე იქნებოდა”, – განუცხადა Dalma News-ს გიორგი გოთოშიამ.
… და მაინც, აზერბაიჯანი რატომ არა?
როგორც გიორგი გოთოშია განმარტავს, საქართველო არ მდებარეობს ევროპის ცენტრში და მისი მეზობლები არ არიან ავსტრია, შვეიცარია და სხვა. მის ორ მეზობელ ქვეყნებს შორის საომარი ვითარებაა და ორივე ამ ქვეყანას საქართველოსთან გარკვეული შეხების წერტილები აქვს.
“ამ ვითარებაში სახელმწიფო ძალიან ჭკვიანურად უნდა იქცეოდეს, მისი ყველა ნაბიჯი გაზომილი და ნაფიქრი უნდა იყოს, რომ შეცდომა არ დავუშვათ. აქ საუბარია გადარჩენაზე და არა უბრალოდ, წესების დაცვაზე. რაც მქონდა და მეკუთვნოდა, ის პოზიციები არ უნდა დამეთმო. ბიზნესს თავისი ამოცანები აქვს და მას გარკვეული ჩარჩოები თუ არ გაუკეთე და წესიერი გარემო არ შეუქმენი, ბანდიტური და ოლიგარქიული პროცესები წავა”, – ამბობს გოთოშია.
მისივე თქმით, “კავკასუს ონლაინის” პროექტის განხორციელებით საქართველოში გაკეთდა ისეთივე უდიდესი მნიშვნელობის საქმე, როგორიც არის მაგალითად, XX საუკუნის დასაწყისში ნიკო ნიკოლაძის მერობის დროს ფოთის პორტის აშენება.
რაც შეეხება Caucasus Online-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ კომპანიის 49%-იანი წილის გაყიდვას და იმას, რომ, როგორც კომპანიაში აცხადებენ აზერბაიჯანულ მხარეს ფული უკვე გადახდილი აქვს, გიორგი გოთოშიას თქმით, ეს არაფერს ნიშნავს. მთავარი ის არის, რომ ამ გარიგებით კანონი დაირღვა. კანონში კი წერია, რომ სანამ კომპანიის მესვეურნი რაღაცას გაასხვისებდნენ საქმის კურსში მაგერულირებელი უნდა ჩაეყენებინათ. მათ კი წილები სახელმწიფოს და კანონის გვერდის ავლით გაყიდეს.
“საკომიტეტო მოსმენაზე ძალიან არასწორ რაღაცეებზე მიდიოდა აპელირება. ყველამ მშვენივრად იცის, რომ საქართველოში, დამოუკიდებლად, ევროპიდან შემომავალი კაბელი ერთადერთია. აზერბაიჯანი და თურქეთი ყოველთვის მოქმედებს, როგორც ერთი სახელმწიფო, ერთი მიზანი აქვს ორივეს, ყველა გადასასვლელი თურქეთზე და აზერბაიჯანზე, ერთნაიარად რომ დაიბლოკოს ორივე მხრიდან, მერე რას ვაკეთებთ?”, – ამბობს გოთოშია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Caucasus Online-ის და ”რკინიგზის ტელეკომის” მფლობელებმა კომპანიების წილი უკვე გაასხვისეს, თუმცა რა პროცენტის გასხვისება მოხდა, რა ფასად, ან ვინ არის კომპანიის ახალი მფლობელი, ამის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ისინი ვალდებულნი არიან 5%-ზე მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში ინფორმაცია გაასაჯაროონ, კომპანიების წარმომადგენლები კანონს არ ემორჩილებოდნენ და აღნიშნულ ინფორმაციას მალავდნენ.
ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება კომპანიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეახსენა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამაც და კანონის გვერდის ავლის გამო კომპანიები ორჯერ დააჯარიმა. როგორც მარეგულირებელი კომისიის განცხადებაშია ნათქვამი კავკასუს ონლაინი 90 000 ლარით ხოლო შპს ”რკინიგზის ტელეკომი” 63 930 ლარით დაჯარიმდნენ.
მარეგულირებელი კომისია არსებობს იმისთვის, რომ იმ ადგილას, იმ ვითარებაში, როცა ბაზარი ვერ რეგულირდება, ან ბუნებრივი მონოპოლიაა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხზეა საუბარი, უნდა ჩაერიოს რეგულაცია. რადგან აქამდე მივედით, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცეები არ იყოს სწორად გაკეთებული და უნდა გამოსწორდეს. მაგრამ გამოსწორდება თუ არა ამ სფეროში არსებული, რამდენიმე კომპანიის სრული მონოპოლია და არაკონკურენტული გარემო, ეს საუბრის სხვა თემაა, თუმცა პრობლემა სეროზულია.
შორენა პაპაშვილი