წლებთან ერთად საქართველოში უარესდება დემოგრაფიული მდგომარეობა, 2002 წელთან შედარებით 15%-ით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა და დღეს, 3,718 მლნ ადამიანს შეადგენს. შემცირდა ქორწინებები, იმატა განქორწინებებმა. მიზეზი – ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. როგორია მიგრაციის ტალღა და შესაძლებელია თუ არა დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება მრავალშვილიანობით, ამ საკითხებზე Dalma News–ს დემოგრაფი ანზორ თოთაძე ესაუბრა.
– როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას?
– საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს. პირველ რიგში ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლის გამო. ბოლო წლებში ემიგრაციაში თითქმის 1,7 მლნ. ადამიანი წავიდა. თუ 1989 წელს საქართველოში ცხოვრობდა 5,4 მლნ., ბოლო აღწერით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შეადგენდა 3,713 მლნ.
– რა არის მოსახლეობის შემცირების მიზეზი?
– მოსახლეობის შემცირების ორი გზა არსებობს, – ბუნებრივი მოძრაობის კლება და ემიგრაციაში წასვლა. ამავე დროს ინტენსიურია იმიგრაცია, თუ ასე გაგრძელდა, არც თუ შორეულ პერსპექტივაში ერს სიკვდილი ემუქრება. შემცირდა შობადობა. პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში, 2004-2012 წლებში საქართველოდან ძირითადად გავიდნენ ქართველები.
შობადობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში ძალიან ბევრი პატიმარი იყო – ოფიციალურად 30 000.
გარდა ამისა, იყო 300 – 350 ათასი პრობაციონერი. ეს ნიშნავს დაახლოებით 350 ათასს ოჯახს. როდესაც ნაყოფის მომცემი ახალგაზრდა კაცი, 5-7 წლის განმავლობაში კაცი ციხეში ზის, ბუნებრივია ეს მოქმედებს დემოგრაფიული მდგომარეობაზე, რადგან მას თუ სურდა 2-3 ბავშვის ყოლა, იმის გამო, რომ ციხეში ჩასვეს და ყველაფერი წაართვეს, ორი და სამის მაგივრად გააჩინეს 2 ან ერთი. ექსპრეზიდენტ სააკაშვილი დროს, მოქალაქეების მასობრივი დაჭერების გამო, რაც ერთი წლის განმავლობაში იბადებოდა ქვეყანაში ბავშვები, იმდენი აღარ დაიბადა. ამას ემატება ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოსპო ქართული ბიზნესი, რამაც ასევე გამოიწვია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესება.
– რა მდგომარეობა გაქვს ქვეყნის რეგიონებში?
– ქართველებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო – ზემო სვანეთში, იმერეთსა და გურიაში, უკვე მრავალი წელია მოსახლეობის ბუნებრივი კლების პროცესი მიმდინარეობს. თითქმის 40 წელიწადია ყოველწლიურად მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. ბუნებრივი კლება შეადგენს 400-ს და ზოგჯერ მეტს. იმერეთში, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი და ხალხმრავალი რეგიონია, 1989 წელს ცხოვრობდა 767 ათასი ადამიანი. 12 წლის შემდეგ ცხოვრობდა ზუსტად 700 ათასი, ხოლო კიდევ 12 წლის შემდეგ, 2014 წელს ცხოვრობდა 534 ათასი. თითქმის ამ 20-25 წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალი რეგიონი 240 ათასამდე შემცირდა. თუ ასე გაგრძელდა, კიდევ 25 წლის შემდეგ იმერეთი გაუკაცრიელდება.
ასეთივე მდგომარეობაა სხვაგანაც. მარტო სამეგრელოში, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოსახლეობა შემცირდა 135 ათასით. გურიაში ცხოვრობდა 158 ათასი, ახლა ცხოვრობს 111 ათასი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა მთლიანად საქართველოში და მის რეგიონებში.
– როდის იყო საქართველო ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა რეგიონში?
– ქართველები საერთოდ ისტორიულად რაოდენობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი ცხოვრობდა ამიერკავკასიაში, 1926 წელს კავკასიაში მცხოვრები ყოველი მესამე ადამიანი იყო ქართველი. საქართველოს მოსახლეობა აზერბაიჯანთან შედარებით, 300-400 ათასი კაცით მეტი იყო. 1965 წელს გათანაბრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა. ამის შემდეგ გავიდა ნახევარი საუკუნე და ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფო აზერბაიჯანმა, უკვე მიაღწია 10 მლნ-ს. ხოლო ჩვენ ვართ 3 მლნ 713 ათასი. ძალიან დიდია მიგრაციული პროცესები სომხეთშიც. რა თქმა უნდა ჩვენ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ტელევიზია.
– რას გულისხმობთ?
– ძალიან დაბალია ტელევიზიებში გადაცემების დონე. ეს მოქმედებს შემდგომ მოსახლეობის განათლების დონეზე და დემოგრაფიულ პროცესზე. მედიამ პირიქით, მოსახლეობის გემოვნების ამაღლებაზე უნდა იზრუნოს. ქართველი ქართველად რომ დარჩეს მას სჭირდება სულიერი ცხოვრება. ეს საკითხი დემოგრაფიას უშუალოდ უკავშირდება.
ამ ახლო ხანებში ორი არჩევნები ჩატარდა, – საპარლამენტო და თვითმმართველობის. დეპუტატობის არც ერთ კანდიდატს, თავის წინასაარჩევნო პროგრამაში არ უხსენებია ყველაზე მძიმე ეროვნული სატკივარი – დემოგრაფიული პრობლემა. მოსაწესრიგებელია ერის სულიერი ცხოვრება, რაშიც ტელევიზია და საგანმანათლებლო დაწესებულებები დიდი როლს თამაშობენ. კი ბატონო, ნუ ჩავერევით ადამიანის პირად ცხოვრებაში, მაგრამ არც ყველაფრის მიშვება ვარგა. გამოცდების პერიდოში ხშირად ვაკვირდები სტუდენტებს და ერთი აღმოჩენა გავაკეთე. სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი მოსწრება აქვს და კარგად სწავლობენ, იშვიათად აცვიათ მუხლებზე დახეული ჯინსები და არც ერთს არ ჰქონდა სხეულზე სვირინგი.
– ქალზე ძალადობა, რამდენად არის დემოგრაფიული პრობლემის მიზეზი და ზოგადად, ქალზე ძალადობის “ტრადიცია” თუ არსებობს საქართველოში?
– ყველა ქვეყანაშია ძალადობა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქმარი ცოლს კლავს, მაგრამ ჩვენთან გაცილებით დაბალი მაჩვენებელია. ამ საკითხზე რამდენიმე გამოკვლევა ჩატარდა საქართველოში 1995, 2000, 2005, 2012 წლებში. 30 ქვეყანა მონაწილეობდა. ანკეტა ამერიკელებმა შეადგინეს. 100 ათასი რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევაში წერია, რომ საქართველოში ძალიან დაბალია ქალზე ძალადობის შემთხვევების რაოდენობა. ქართული ტელეარხები კი იუწყებიან – მაღალიაო. როდესაც მოსახლეობას ტელეეთერიდან ეუბნები, ქვეყანაში ძალადობა, გარყვნილება და სხვა რამ უბედურება არსებობს, ეს მერე თავისთავად მართლა ხდება. არ შეიძლება ძალადობის მუდმივად ტირაჟირება.
– რეგიონებში რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
– ჩატარდა კვლევა იმის გასარკვევად, რამდენად ხშირად ხდება ქალი ქმრის ძალადობის მსხვერპლი. ყოველი მესამე ექიმი გამოიკითხა კითხვაზე, – მიუმართავთ თუ არა ძალადობის გამო ქალებს? ამ ნაწილში საქართველოს, სამხრეთ კავკასიის
რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ძალადობის გამო ექიმისთვის ხშირი მიმართვის ცალკეული შემთხვევები საქართველოს რამდენიმე რეგიონში ფიქსირდება. მათ შორის, იმერეთში საერთოს არ იყო ქალზე ძალადობის შემთხვევები, სხვაგან შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე ეს დასავლეთის ქვეყნებში ხდება. პოეტ გრიგოლ ორბელიანის “სადღეგრძელო” გამახსენდა: “მესხი სწავლითა ქებული, გმირი იმერი ზრდილობითო”.
ქმარმა არ უნდა იძალადოს ცოლზე, არ უნდა გააუპატიუროს იგი. ამისთვის კანონი არსებობს. გადავხედოთ შუა საუკუნეების საქართველოს და შემდგომ წლებს. მეფე ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულში წერია, რომ თუ ქალმა უღალატოს ქმარს, ქმრის გადასაწყვეტია, დაარჩენს და აპატიებს, თუ გაუშვებსო. მაგრამ თუ კაცი ცოლს გაცილდება, მიტანილი მზითიც უნდა გაატანოსო. საქართველოში ოდითგან ზრუნავდნენ ქალის უფლებების დაცვაზე.
– მრავალშვილიანობა თუ არის დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სწორი გადაწყვეტილება?
– სამი შვილის გაჩენა არის ყველაზე ნორმალური. ქალს აქვს თავისი ცხოვრება, კარიერა, უნდა მიაღწიოს წარმატებას საზოგადო საქმიანობაში და 10 შვილის პირობებში ამას ვერ გააკეთებს. დემოგრაფიულად ეს არაფერს იძლევა. მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და ასე შემდეგ ბავშვი, საქართველოში სულ 494 დაიბადა. 5-ზე მეტი . ანუ საქართველოს მოსახლეობას მოემატება 494 ბავშვი. მაგრამ 25 000 დაიბადა მეორე ბავშვი. ჩვენ იმდენს თუ შევძლებთ, რომ მათ შევუქმნათ ცხოვრებისა და სწავლის ნორმალური პირობები, 25 000 გაიზრდება საქართველოს მოსახლეობა. ამ თემაზე ქართული ხალხური ლექსიც არსებობს:
ერთი შვილი არაშვილი, ორი შვილი ვითომ შვილი, სამი შვილი მართლა შვილიო
ამ საკთხზე გვაქვს ეთნოგრაფიული ინფორმაციაც. მაგალითად ჯავახეთში, ოჯახში საუკეთესო ვარიანტად არის მიჩნეული სამი ვაჟი და ერთი გოგონა. სვანეთში სანატრელია ორი ბავშვი – ქალ-ვაჟი. არის კიდევ ასეთი გამოთქმა – შვილის გაჩენას რა უნდა, შვილის გაზრდაა მთავარიო.
ესაუბრა შ. ქარჩავა