საგარეო საქმეთა სამინისტროში 27 მაისს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა, რომლის სახელწოდება იყო – „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის”. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და უცხოეთში ქართული დიასპორების წევრები, რომლებიც ქართული კულტურის უცხოეთში პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, დიასპორის ფორუმის სახელწოდება და სულისკვეთება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის წინაშე ამჟამად მდგარ გამოწვევებთან, დიასპორამ კარგად იცის ევროპული ღირებულებების ფასი და იმ სიკეთეების მნიშვნელობა, რომელთა მოტანაც ევროპული ოჯახის წევრობას შეუძლია.
ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი წინაპრების მიერ, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მიღებულ, გააზრებულ არჩევანს ეფუძნება. მინისტრმა ერთ-ერთ ასეთ ცნობილ ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ლომთათიძეზე ისაუბრა, რომლის ნეშტიც, ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით საქართველოში 26 მაისს ჩამოასვენეს. ალექსანდრე ლომთათიძე მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, ერთ-ერთია მათ შორის, ვისი ხელმოწერაც განთავსებულია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებსა და სამრევლოებს აქვთ. ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახალხო თუ კულტურული დიპლომატიის მრავალმხრივი პლატფორმის გამოყენება, რადგან დიასპორას გააჩნია შესაძლებლობა გაზარდოს ქვეყნის ცნობადობა, ხელი შეუწყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების განხორციელებას.
დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დიასპორაზე ზრუნვა ხელისუფლების ვალდებულებაა და ეს საქართველოს კონსტიტუციაშიც ჩაიწერა. პრემიერის თქმით, შეურაცხმყოფელია ქართველ ემიგრანტებზე ციფრებით საუბარი, თუ რომელ ქვეყანაში ქართული დიასპორის, რამდენი წარმომადგენელი ცხოვრობს. ამგვარად მან პრეზიდენტის გამოსვლა გააკრიტიკა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ის ციფრები, რომელიც ცხადყოფს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთის ფედერაციაში ჰყავს.
„შეურაცხმყოფელია ჩემთვის, დიასპორის წარმომადგენელს ვუწოდოთ “ნახევრად რუსი”, “ნახევრად ქართველი”. შეურაცხმყოფელი იქნებოდა, ალბათ, ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ვინმეს ეწოდებინა ნახევრად ფრანგი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამგვარად, მან შეახსენა სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი სახით, ქართველმა ხალხმა ქვეყნის პრეზიდენტად სწორედ დიასპორის წარმომადგენელი აირჩია: “ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად“.
ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, გაერთიანების გარეშე საქართველო ვერ გახდება ევროპული ტიპის სახელმწიფო. მშვიდობის გარეშე კი, დიასპორის წარმომადგენლები არ იფიქრებენ საქართველოში ჩამოსვლაზე, ბიზნესის აქ განვითარებაზე.
“ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობიანი პერიოდი. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველომ გამოიარა ომები, დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, დაკარგა ტერიტორიები. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და სტაბილურობის შექმნა, რაც არის მთავარი ფუნდამენტი, რომელი დიასპორის წარმომადგენელი იფიქრებდა საქართველოში ჩამოსვლაზე, ბიზნესის განვითარებაზე, აქ ომი რომ ყოფილიყო? ჩვენ შევქმენით მყარი ფუნდამენტი ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ფორუმზე.
პრემიერის გამოსვლას წინ უძღოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მონოლოგი, რომელმაც ტრადიცია არ დაარღვია და ამჯერადაც კრიტიკით დაიწყო, მთავრობას პროტოკოლი დაუწუნა. წინა დღის წყენა სულ სხვა თემატიკის ღონისძიებაზე გადმოიტანა.
“არ შეიძლება, 26 მაისს, თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, რომელიც არის უმაღლესი მთავარსარდალი. პროტოკოლი არის, არა მხოლოდ შიგნით სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არ მოხდეს არაფერი. რაც არ უნდა იყოს განსხვავება აზრების, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს. პროტოკოლი არის ასევე, პატარა სახელმწიფოების საერთაშორისო დონეზე მთავარი დაცვა. პროტოკოლი იცავს პატარას“, – ასე დაიწყო პრეზიდენტმა დიასპორის ფორუმზე თავისი გამოსვლა.
ამის შემდეგ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში აღარ ცხოვრობს ერთი მილიონი ქართველი და, რომ ეს ციფრი განახევრებულია “ნახევრად ქართველების” ხარჯზე.
“დაახლოებით ნახევარი მილიონი ქართველი თუ იქნება, ისინიც ნახევრად ქართველები, ნახევრად რუსები, მაგრამ ამის დათვლა ძალიან რთულია. არალეგალები არსად არ არიან დათვლილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი ვარაუდით, დანარჩენ მსოფლიოში დაახლოებით მილიონი ქართველია გაბნეული. მან მთავრობას ურჩია, დიასპორებთან ურთიერთობის გაძლიერებისას ისრაელის მაგალითით იხელმძღვანელონ.
როგორც რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე Dalma News-სთან საუბრისას აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება დღემდე არანაირ მხარდაჭერას არ იჩენს, არც რუსეთში მყოფი ქართველების პრობლემებისადმი და არც დიასპორის შეთავაზებების მიმართ.
მივესალმები, რომ ხელისუფლების ზოგიერთი თანამდებობის პირი ბედავს და ხმამაღლა საუბრობს, რომ რუსეთში არსებობს ქართული მილიონიანი დიასპორა, რომელიც 30 წელია დაუღალავად შრომობს და შეაქვს თავისი წვლილი საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაში, ზრდიან შვილებს ქართველებად, ქართული კულტურის საფუძველზე. არასდროს ჰქონიათ ქართველებს თავიანთი ცხოვრება მოწყვეტილი საქართველოსგან”, – განაცხადა დავით ცეცხლაძემ.
ქართული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას დიდი ტკივილით ადევნებენ თვალს. პოლარიზებული ქართული საზოგადოების დანახვა სიამოვნებას, არც მათ ანიჭებს. მათი აზრით, პირადი ამბიციების ბრალია ის, რომ საქართველო დღეს პოლიტიკურად გახლეჩილია. მართალია ყველა მათგანს საკუთარი პოლიტიკური გემოვნება აქვს, მაგრამ ცდილობენ დიასპორის წევრებს შორის ეს დაპირისპირების საგნად არ იქცეს.
“რუსეთში მცხოვრები ქართველები ხშირად ვხდებით გარკვეული პოლიტიკური ძალების თავდასხმის ობიექტი. არ ვართ პოლიტიზებულები, ავკრძალეთ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით საუბარი ერთმანეთთან, მხოლოდ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ პრობლემებზე და ვეძებთ მათი მოგვარების გზებს”, – აცხადებს დავით ცეცხლაძე.
პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ საქართველოში მუდმივად ისმის სპეკულაციები რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების რაოდენობასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ლიდერები ეყრდნობიან „ვიკიპედიაში“ არსებულ ციფრებს და ამტკიცებენ, რომ რუსეთში დღეისთვის 112 000 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთში მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ან ეთნიკური ქართველია. აღსანიშნავია ისიც, რომ „ვიკიპედიას“ არანაირი მტკიცებულების ტვირთი არ გააჩნია.
როგორც Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, ის საგანგებოდ დაინტერესდა ამ საკითხით და რუსეთის პარლამენტისგან ითხოვა ზუსტი სტატისტიკის მიწოდება. აღმოჩნდა, რომ რუსეთის მთელს ტერიტორიაზე ქართველების რაოდენობა მილიონის ფარგლებში მერყეობს, მათ შორის, არიან არალეგალებიც.
“საქმე იმაშია, რომ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბევრი ბიზნესით იყო დაკავებული, თავიანთი ცხოვრება ჰქონდათ იქ. საქართველოს უამრავი მოქალაქე აღმოჩნდა აღურიცხავი რუსეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, აღრიცხვა ხორციელდებოდა არა ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით, არამედ იმაზე იყო აგებული სტატისტიკა, თუ რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი და რამდენი დარჩა”, – განუცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში რუსეთში საყოველთაო აღწერა იგეგმება, რა დროსაც აუცილებლად დააყენებენ საკითხს, რომ ეთნიკური ნიშნით აღრიცხონ ქართველები.
„სხვათა შორის, საქართველოში ეთნიკური ქართველი იურიდიული ტერმინოლოგიის დამკვიდრების წინააღმდეგი იყო სალომე ზურაბიშვილი, როდესაც ის იყო პარლამენტის წევრი. იმ დროს პარლამენტში იხილებოდა კანონი “მოქალაქეობისა და ბინადრობის შესახებ”. მმართველი პარტიის ალტერნატიული კანონი ეკუთვნოდა ზვიად ტომარაძეს. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ ეს არ იყო ევროპული მიდგომა. ამგვარად, დავრჩით ეთნიკური განსაზღვრების გარეშე“, – ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისივე ინფორმაციით, 2011 წელს საქართველომ მიიღო „თანამემამულის შესახებ კანონი“, სადაც ჩაიწერა, რომ თანამემამულის სტატუსით შეუძლია ისარგებლოს იბერიულ-კავკასიური ეთნოსის წარმომადგენელმა ნებისმიერმა ეთნოსმა ჩრდილოეთ კავკასიაში და იმ ლინგვისტურმა უმცირესობებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან იბერიულ ჯგუფს. ეს კანონი მოქმედებს და საჯარო რეესტრი ვალდებულია გასცეს ასეთი დოკუმენტი.
მეორე სერიოზული პრობლემაა კონსერვირებული ეროვნული ქართული ღირებულებები დიასპორების დონეზე.
„პეტერბურგის დიასპორაში მოქმედებს „თერგდალეულების“ ორგანიზაცია. სახტად დავრჩი, ეს ახალგაზრდები იმდენად კარგად იცნობენ ქართულ ლიტერატურას, ადათებსა და წესებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ეროვნულ ფოლკლორზე. ეს ის თაობაა, რომლებიც, შესაძლოა, არასდროს ყოფილან საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შვილების თაობაში დავინახე კონსერვირებული ღირებულებები. სხვა ქვეყნებშიც ვნახე ქართული დიასპორები – ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და ხშირ შემთხვევაში წაშლილია მათი ავთენტიკურობა“, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
კიდევ ერთი საკითხია, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა. ლორთქიფანიძის თქმით, რუსეთში არიან, როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლების მქონე თანამემამულენი. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, ეს ადამიანები ვერ მონაწილეობენ არჩევნებში. თავის დროზე, შვეიცარიის საელჩომ გამოთქვა სურვილი, საქართველოს დახმარებოდა რუსეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების გახსნაში, მაგრამ მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს არ ისურვა. საკითხი დღემდე მოუგვარებელია.
გიორგი ქართველი