რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოზე გამავალი ტრანზიტული გზა დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს, შესაბამისად დიდი ეკონომიკების დაინტერესებაც იზრდება. სამხრეთ კავკასიისადმი ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში ახალი პერიოდი დაიწყო, შესაბამისად, პეკინი ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობებს განსხვავებული პრიზმიდან შეხედოს.
ყურადღების ცენტრში მოექცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმედღიანი ვიზიტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით დასრულდა. საერთაშორისო და რეგიონული ვითარების ფონზე, ღარიბაშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი შეთანხმდნენ, გააფართოონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონული და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. მხარეები მიიჩნევენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან (1992 წლის 9 ივნისი), ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერად მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჩინეთში ვიზიტის დროს ქ. ჩენგდუში საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტული ფედერაციის (FISU) 31-ე მსოფლიო საზაფხულო თამაშებს დაესწრო.
სტრატეგიული პარტნიორობის პოლიტიკურ ნაწილში მოიაზრებს ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას; მხარეები ერთმანეთს მიიჩნევენ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად; საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად.
რაც შეეხება ეკონომიკისა და განათლების სფეროში თანამშრომლობას. საქართველო და ჩინეთი უზრუნველყოფენ ღია, მწვანე და სუფთა თანამშრომლობას „სარტყლისა და გზის” პროექტის რეალიზებისთვის. ხელს შეუწყობენ ორმხრივ ინვესტიციებს, თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის და სხვა საკითხებში.
ჩინეთი და საქართველო 2018 წლიდან იღებენ სარგებელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, რაც მომავალშიც გაგრძელდება. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში. განხორციელდება პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, გაძლიერდება თანამშრომლობა მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სფეროში, განხორციელდება ერთობლივი პროექტები.
მხარეები მნიშვნელობას ანიჭებენ ენების შესწავლის მიზნით გაცვლისა და თანამშრომლობის პროგრამებს, წაახალისებენ ორივე ქვეყნის სკოლებს ჩინური და ქართული ენების შესწავლისკენ; მზაობას გამოთქვამენ ენის პედაგოგების გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და გადამზადებისთვის;
მხარეები მხარს უჭერენ კაცობრიობის საერთო ღირებულებების – მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობის, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობას; პატივს სცემენ ყველა ხალხის დამოუკიდებელ არჩევანს მათი ეროვნული შესაძლებლობების შესაბამისი განვითარების გზის განსაზღვრაში და ხელს უწყობენ კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნას. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური უსაფრთხოების, გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტსა და პრემიერს მისი და ქართული დელეგაციის ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის, სტუმართმოყვარეობისა და თბილი მიღებისთვის.
“მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ – ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს – სტუმართმოყვარეობას, ოჯახის სიწმინდესა და ტრადიციების პატივისცემას. ეს ღირებულებები ქმნის ქართული იდენტობის არსს. მათი დაცვით პატივს ვცემთ ჩვენს მემკვიდრეობას, რაც კიდევ უფრო აერთიანებს და ავითარებს ერს, ამასთანავე, ჩვენ ვავითარებთ ინოვაციებსა და მოდერნიზმს. ამ გზაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობის ხედვას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო არის დამაკავშირებელი იმ 8 ქვეყნისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ. საქართველო ხელს უწყობს უწყვეტ ვაჭრობას ორ კონტინენტს შორის, სწორედ ამიტომ, ის მოიაზრება კარიბჭედ ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო კომპანიებისა და ბიზნესისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან. საერთო ჯამში, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 45 ქვეყანასთან აქვს, მათ შორის, ევროკავშირის 27 სახელმწიფოსთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, თურქეთთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან. გარდა ამისა, საქართველო უვიზო მიმოსვლის უფლებას 98 ქვეყნის მოქალაქეებს ანიჭებს, რაც მათ საშუალებას აძლევს დარჩნენ ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ვიზა ან ბინადრობის ნებართვა 50 სხვა ქვეყნიდან, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში უვიზო მიმოსვლის კომფორტით.
ანალიტიკოსი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე დადებითად აფასებს ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. მისი თქმით, როცა 2 სახელმწიფო გადადის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეს ნიშნავს მინიმუმ იმას, რომ ამ ორ სახელმწიფოს არ გააჩნია ურთიერთსაპირისპირო ინტერესები, ან ეს საპირისპირო ინტერესები მინიმუმამდეა დაყვანილი. საქართველოსა და ჩინეთის შემთხვევაში კი, ბევრი საერთო ინტერესი არსებობს, მათ შორის, პროექტები: „შუა დერეფანი“, ჩინური ინიციატივა – „ერთი სარტყელი ერთი გზა”, რომელ მარშრუტზეც საქართველო იმყოფება.
“ჩინეთის ინტერესია ჩინეთიდან ევროპამდე სტაბილური მარშრუტების არსებობა. მარტო საქართველო არ თანამშრომლობს ჩინეთთან, სტრატეგიული პარტნიორობა აქვს გაფორმებული აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, ევროკავშირს მთლიანად. ამ რიგში, როდესაც საქართველო ხვდება, ამის დაკნინებაა უბრალოდ სასაცილო ქართული ოპოზიციის მხრიდან”, – განუცხადა Dalma News-ს ამირან სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ქართული ოპოზიცია თავის სტილს არ ღალატობს, ისინი ორმაგი სტანდარტებით ცდილობენ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დაკნინებას.
“ჩვენთან ოპოზიციისგან საღი მსჯელობა გამორიცხულია. ორმაგი სტანდარტი და ფარისევლობა არის მათი სტილი. ერთი მხრივ გაიძახოდე, რომ ანაკლიის პორტი არის ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, მაგრამ მეორე მხრივ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას აყენებდე კითხვის ნიშნის ქვეშ, გაუგებარია. ოპოზიცია ცდილობს თავისი აუდიტორია დაარწმუნოს იმაში, რომ ჩინეთთან თანამშრომლობას არა ეკონომიკური, არამედ სამხედრო-პოლიტიკური მიზნები აქვს”, – აცხადებს სალუქვაძე.
მისივე განმარტებით, ტვირთების დივერსიფიკაციაში არ იგულისხმება ნატოს საპირწონე გაერთიანების შექმნა. არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა და სტრატეგიული მოკავშირეობა. საქართველო არ არის ჩინეთის არც სტრატეგიული და არც სამხედრო მოკავშირე, არამედ არის ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, ისევე, როგორც ნატოს წევრი ქვეყნები.
“ახლა არის იმის დრო, რომ საქართველო ნატოში მიიღონ, თუ მათ ამის პოლიტიკური ნება და სურვილი გააჩნიათ. სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობას რაც შეეხება, აშშ-თან საქართველოს გაფორმებული აქვს ჩარჩო-ხელშეკრულება უსაფრთხოების საკითხებში. 2 წლის წინ გავაფორმეთ ჩარჩო-ხელშეკრულება თავდაცვის სფეროში”, – აცხადებს ექსპერტი.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე საქართველოს და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, მეტად საინტერესოდ მიიჩნევს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. მისივე თქმით, პოლიტიკურ ნაწილში ცალსახად არის დაფიქსირებული ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად არის მიჩნეული.
როგორც Dalma News-ს გიორგი ცუცქირიძემ განუცხადა, გაზრდილი საერთაშორისო გამოწვევების პირობებში, საქართველოს სჭირდება ისეთი გლობალური მოთამაშის გაზრდილი მხარდაჭერა, როგორიც ჩინეთია, ხოლო ქართული ოპოზიციის მინიშნებები აშშ-ჩინეთს შორის არსებულ დაძაბულობაზე წმინდა სპეკულაციურია.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც ბილო 50 წელიწადში აგროპროდუქციის ექსპორტიორიდან იქცა თანამედროვე ტექნოლოგიების და მანქანა-დანადგარების ექსპორტიორადაც და გავიდა კოსმოსში. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი უახლოეს პერსპექტივაში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გავაფორმოთ ამერიკასთანაც და ამით, გავალთ რა სამივე ყველაზე გლობალურ ბაზრებზე, კიდევ უფრო მეტი დინამიკა შევმატოთ ეკონომიკის დივერსიფიკაციასაც და გრძელვადიან სტაბილურ ზრდასაც”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
მისივე თქმით, თუ გავითვალისწინებთ რომ ჩინეთი არის ყველაზე მზარდი გლობალური ეკონომიკა ინდოეთთან ერთად და იმავდროულად არის აშშ-ის და ევროკავშირის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანა, იაპონიასთან ერთად; რომ ჩინეთი ახორციელებს მრავალმილიარდიან ინვესტიციებს, როგორც ცენტრალურ და შუა აზიაში, ისე აფრიკაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტი წარმატებული და დროული იყო.
შ. ქარჩავა