ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს მოქალაქე აჰმედ საფაროვი იტალიაში, პარაკანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება. ნიჩბოსნობაში მას სპეციალური მომზადების გავლაში საქართველოს ჯომარდობის ფედერაცია დაეხმარება, რომელმაც ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მომავალი ტურნირისთვის მწვრთნელი გამოუყო.
პარაკანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ მილანში 19-23 აგვისტოს გაიმართება, სადაც გათამაშდება 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც.
ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსოფლიო ჩემპიონატზე თავად კანოე კაიაკის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიწვია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სამხედრო მსგავსი ტიპის შეჯიბრში მონაწილეობს.
თავად ახმედ საფაროვმა კანოე კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის სურვილი აშშ – ში სარეაბილიტაციო კურსის გავლის დროს გამოთქვა. “მინდა გავხდე პირველი ქართველი, ვინც მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ შეჯიბრში”, – აცხადებს რიგითი საფაროვი.
მსოფლიო ჩემპიონატში საფაროვის მონაწილეობასთან მიესალმებიან გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და ავღანეთში დაჭრილ სამხედროს წარმატებებს უსურვებენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაცია და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მათი ხელშეწყობა, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
III ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის რიგითი აჰმედ საფაროვი ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობის დროს ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. საფაროვმა სარეაბილიტაციო კურსი ვაშინგტონში, ვოლტერრიდის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარა.