საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რომ გლობალური პოლიტიკისა თუ ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. ამ პროცესს ხელს უწყობს ის მეგა პროექტები, რომლებიც ქვეყანაში იწყება, ერთ-ერთია ჩინეთის პროექტი – „ერთი გზა ერთი სარტყელი“, სადაც „შუა დერეფნის“ ფორმატში საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ამას ემატება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტვირთების გატარების პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. ცხადია, ეს პროცესები საქართველოს აძლიერებს და ქვეყნის სასიკეთოდ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს.
მას შემდეგ, რაც საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა, საქართველოს მეორე სტრატეგიული პარტნიორი – აშშ, შეშფოთებას ვერ ფარავს. საქართველოში ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა ჩინეთს რუსული არმიის დამფინანსებელიც კი უწოდა, რასაც პეკინის მხრიდან პასუხი მოჰყვა.
„СССС კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია არის ნომერ პირველი ბანკირი რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენი ტერიტორიების ოკუპანტს?“, – აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში.
საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადებას ჩინურ კომპანიებთან დაკავშირებით აბსურდული და სინამდვილესთან შეუსაბამო უწოდეს პეკინში. ჩინურმა მხარემ წუხილი გამოთქვა, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას პროფესიონალიზმი არ გამოიჩინა. მათ ელჩს შეახსენეს, რომ მსგავსი რიტორიკა ეწინააღმდეგება ჯო ბაიდენსა და სინ ძინ პინს შორის 2003 წლის ნოემბერში სან-ფრანცისკოში მიღწეულ შეთანხმებას. მაშინ, როდესაც ამერიკის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს ჩინეთთან მეგობრობის გამო, უკრაინის ომის პარალელურად აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებმა პირდაპირი კავშირების აღდგენასა და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. უფრო მეტიც, ჯო ბაიდენმა სამხედროებს შორის კომუნიკაციის აღდგენასა და ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის საკომუნიკაციო სახის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ერთი სიტყვით საუბარია იმ ძალაზე, რომელსაც ელჩი დანიგანი, საქართველოს შემთხვევაში რუსული ძალის დამფინანსებლად ასახელებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკისა და ჩინეთის, ევროკავშირისა და ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს შეადგენს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესი კვლავ გრძელდება. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა აქამდეც არსებობდა, თუმცა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ თანამშრომლობამ ახალ საფეხურზე გადაინაცვლა. ორ ქვეყანას შორის გაუქმდა სავიზო მიმოსვლა, დაინიშნა პირდაპირი ავიარეისები, საქართველოს ეკონომიკაში შემოდის ჩინური ინვესტიციები. ჩინური ტვირთების სახმელეთო გზაც საქართველოზე გადის, ამას ემატება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელსაც ჩინური კომპანია ააშენებს. ამ პორტის ფუნქციონირებაც ჩინურ ტვირთებზეა დამოკიდებული.
ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited-ი გაუძღვება. შეთანხმების პირობები საქართველოსთვის ოპტიმალურია. თანხას ინვესტორი ხარჯავს, ის ასევე უზრუნველყოფს პორტში ჩინური ტვირთების მოზიდვას და ქართულ სახელმწიფოს პორტის 51% ანუ საკონტროლო პაკეტი რჩება.
როგორც ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა განმარტავს, ამ ინვესტიციას პოლიტიკური ვალდებულებები არ მოჰყვება. მაგალითად: ლგბტ პრაიდის ჩატარება, მარგინალურ ლიბერალურ ჯგუფებთან კოალიციური მთავრობა ან სხვა.
„ზოგადად ქართული სახელმწიფოს მიერ 51%-ის კონტროლი კარგია და თუ მომავალში შემოვიღებთ კანონის ნორმას, რომლის მიხედვით ნებისმიერი იურიდიული პირის 51% საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნოდეთ, ეს გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ სუვერენიტეტს. როგორც მინიმუმ, მსგავსი ნორმა სასარგებლო წიაღისეულს, კომუნალური მომსახურების კომპანიებს, ენერგეტიკას, დიდ სატრანსპორტო ობიექტებს, დიდ სამრეწველო ობიექტებს და სხვა სტრატეგიულ ან დარგწარმომშობ საწარმოებს უნდა ეხებოდეს. ცხადია, ვგულისხმობთ არა კონფისკაციას, არამედ სამართლიან ნაციონალიზაციას – სახელმწიფოს მიერ წილის დადგენილი გრაფიკით გამოსყიდვის ფორმით“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.
მისივე თქმით, თუ კი CCCC Limited-ი ცუდია კომპანიაა, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ეკუთვნის და რუსეთს აფინანსებს, გაუგებარია, რატომ აძლიერებს დასავლეთი ამ კომპანიას თავისი კაპიტალით?! ჩინეთის სახელმწიფო ფლობს ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტს, მაგრამ მინორიტარული აქციონერები არიან: ამერიკული Black Rock Inc.-ის შვილობილი კომპანიები: BlackRock Fund Advisors, BlackRock Advisors (UK) Ltd, BlackRock Investment Management (UK) Ltd., BlackRock Financial Management, Inc., ასევე ამერიკული Fidelity Management & Research Co. LLC, და ბრიტანული Hermes Investment Management Ltd..
როგორც ირაკლი გოგავა აღნიშნავს, ამ კომპანიებმა CCCC-ის აქციები საფონდო ბირჟაზე შეიძინეს, რითაც გაზარდეს CCCC-ის კაპიტალი. კომპანიის 63,8%-ს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ქონების მართვის კომისია ფლობს, ხოლო აქციონერები ამერიკული Meryl Lynch, Black Rock და JP Morgan Chase-ის აფილირებული კომპანიები არიან. 2020 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ამერიკულ კომპანიებს და ინდივიდებს აეკრძალათ ამ ჩინური კომპანიის აქციების ფლობა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი აგრძელებს ამ კომპანიაში სხვა იურისდიქციებში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიებით აქციონერად ყოფნას.
„ანაკლიის პორტისთვის აუცილებელი მოცულობის ტვირთები აქვს მხოლოდ ჩინეთს და ამ ტვირთების მიღებით ევროპა არის დაინტერესებული. გადაწყვეტილება გიგანტური ჩინური კომპანიის მიერ ანაკლიის პორტის აშენების თაობაზე სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ პროექტის დროული და ხარისხიანი შესრულება გააკონტროლოს“, – ამბობს გოგავა.
აშშ-ს მისამართით კრიტიკას არ იშურებენ „ხალხის ძალის“ დეპუტატები. მათი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი წლის განმავლობაში აშშ-დან პრაქტიკულად ერთი სერიოზული ინვესტიცია არ შემოსულა. ამ ფონზე განცხადების გაკეთება, თითქოს ჩინური ინვესტიციები საქართველოში უარყოფითი ნიშნის მატარებელია, არის არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენა. მათივე აზრით, საქართველოს „დაუძინებელი” მეგობრები ჩიხში არიან, ამიტომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა და გაჯანსაღება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამართლიანად აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები უკიდურესად ნეგატიურ წერტილამდე მიიყვანეს აშშ-ს ყოფილმა ელჩებმა – კელი დეგნანმა და კარლ ჰარცელმა. ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის მოქმედ ელჩებსაც აშკარად ეტყობათ, რომ „წვალობენ”, რომ რაღაც „უხილავი” ძალა მათ თითქოს მუდმივი „ძაბვისა” და ტურბულენტობის ქვეშ ამყოფებს. მათი ეს დამოკიდებულება კონკრეტულ დღის წესრიგზეა აწყობილი, დროებითია, ექვემდებარება გადასინჯვას და დამოკიდებულია დასავლეთში ფართოდ მიმდინარე კარდინალურ ცვლილებებზე პოლიტიკასა და იდეოლოგიურ მეინსტრიმში“, – აცხადებს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც „ხალხის ძალაში“ დაითვალეს, სავაჭრო ბრუნვა ჩინეთსა და ამერიკას შორის წელიწადში დაახლოებით ნახევარ ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება. გარდა ამისა, ამერიკამ სპეციალური დათქმა გამოიყენა, რომ შესძლებოდათ სასუქებით ვაჭრობის გაგრძელება რუსეთთან, ეს მათ ინტერესშია, მაგრამ როდესაც საკითხი საქართველოს ინტერესს ეხება, შტატები ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მიუხედავად იმისა ეს თანამშრომლობა რუსეთთან იქნება თუ ჩინეთთან. გამოდის, აშშ არ არის დაინტერესებული საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გაზრდით.
„ხალხის ძალაში“ დათვალეს აშშ-ს დაფინანსება საქართველოში და ამბობენ, რომ ქართველი ჯარისკაცების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად 2 მილიარდზე მეტი დოლარი დაზოგა აშშ-მ ავღანეთისა და ერაყის საერთაშორისო მისიებში.
„ჩვენ, როგორც პარტნიორებმა უდიდესი წვლილი შევიტანეთ ძალიან ბევრ პროექტში, სადაც რა თქმა უნდა, აშშ-ის გარკვეული სააგენტოები მონაწილეობდნენ ფინანსურად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ამ 6 მილიარდით ვაჭრობა, რომ თითქოს ამერიკა მონაწილეობდა საქართველოს დახმარებაში 30 წლის განმავლობაში და ამის გამო ჩვენ უნდა დავთმოთ სუვერენიტეტი – არის მიუღებელი“, – აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის” დეპუტატები.
როგორც ეკონომიკის სფეროში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, საქართველოს სჭირდება თავისუფალი სავაჭრო სივრცე ევროკავშირთანაც, ჩინეთთანაც, ამერიკასთანაც და სამომავლოდ ინდოეთთანაც. თავის მხრივ ამას ყველაფერს საგარეო ვაჭრობის მრავალვექტორულ პოლიტიკასთან მივყავართ.
მისი აზრით, თავის დროზე იმიტომ ჩავარდა ანაკლიის პროექტი, რომ მისი კომერციული ინტერესი ამოვარდნილი იყო გეოეკონომიკური კონტექსტიდან. ამერიკულ მხარეს სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული, კონსორციუმს რეალურად სულაც ამერიკული “კონტი ჯგუფი” წარმოადგენდა, მაგრამ მაშინაც ცხადი იყო პროექტი ვერ იმუშავებდა ჩინური და აზიური ტვირთბრუნვის გარეშე. ამიტომაც ითხოვდნენ საერთაშორისო ბანკები კრედიტის სანაცვლოდ კომერციული რისკების დაზღვევას სახელმწიფოს მხრიდან. დანარჩენი იყო წმინდა სპეკულაციური ნაწილი, რასაც კონსორციუმი და მამუკა ხაზარაძე ეწეოდნენ.
აქედან გამომდინარე, ცუცქირიძის თქმით, პორტის ჩინური მხარის მიერ აშენება სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში ვინმეს ინტერესთან. შეიძლება ვაშინგტონი პეკინს თავის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ განიხილავდეს, მაგრამ აშშ-ის წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ევროკავშირთან და იაპონიასთან ერთად დღეს ჩინეთია, ისევე როგორც ევროკავშირისათვის ჩინეთი შედის წამყვან სავაჭრო პარტნიორთა სამეულში.
გარდა ამისა, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა ქმნის არასწორ პარადიგმას დასავლეთთან გაციებული ურთიერთობის სანაცვლოდ ორიენტაციის აღმოსავლეთით აღებით. აქ ჩინეთი იგულისხმება პირველ რიგში. თუმცა, საქართველოსთვის ვერც ჩინეთი ან ინდოეთი და, მით უმეტეს, ვერც რუსეთი დასავლეთის ალტერნატივა ვერ გახდება.
„ისტორიულად ჩვენ ყოველთვის ვიყავით დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ბიზანტიის იმპერიის დაცემამდეც და მერეც. უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი დასავლეთის ცალკეული ტენდენციების მიუღებლობა და მათი კრიტიკა სულაც არ ნიშნავს დასავლურ კულტურაზე უარის თქმას. როგორც არასდროს, ისე გვჭირდება დასავლური განათლება თანამედროვე, კონკურენტუნარიან ერად რომ ვიქცეთ“, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
გიორგი ქართველი