სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ ლევ ტოლსტოის ქალიშვილი, ალექსანდრა, 1915 წელს, რუსეთ-თურქეთის ომში მედდად მუშაობდა. სომეხი ხალხის გაჭირვების შესახებ, როცა შეიტყო, ქალაქ ვანში გადაყვანა მოითხოვა. ბევრმა შესაძლოა ეს ინფორმაცია მორიგ “ფეიკად” აღიქვას, თუმცა, სინამდვილეში, სწორედ ასე იყო – 1915 წელს, ალექსანდრა ტოლსტაია თურქი სამხედროების მიერ დაზარალებულ სომეხ ქალებს და ბავშვებს ეხმარებოდა. ამას ადასტურებს მისივე ხელნაწერები, რომლებიც დღეს სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული, ხოლო ასლები სომხების გენოციდის მუზეუმში ინახება, რომლის დახმარებითაც Dalma News-ის რედაქციამ წინამდებარე მასალა მოამზადა.
ალექსანდრა ტოლსტაია ლევ ტოლსტოის უმცროსი ქალიშვილი და მდივანი იყო. იგი მამის შესახებ მოგონებების ავტორია. ალექსანდრა “იასნაია პოლიანაში” მუზეუმის და ტოლსტოების ფონდის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში მან საექთნო კურსები დაამთავრა და ფრონტზე ნებაყოფლობით წავიდა. კავკასიის ფრონტზე მედდად მსახურობდა, ასევე ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე სამხედრო სამედიცინო განყოფილების უფროსი იყო. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის მე-4 და მე-3 ხარისხის გმირის მედლით.
ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ლევ ტოლსტოის უმცროსი ქალიშვილი ამბობს: “მამამ უბრალო ხალხის სიყვარული მასწავლა”. ამიტომაც, სომეხი ხალხის უბედურების შესახებ რომ შეიტყო, ალექსანდრამ ინგრიდში (ქალაქი აღმოსავლეთ სომხეთში რედ.), გადაყვანა მოითხოვა, რის შემდეგაც თავისი რთული მოღვაწეობა ქალაქ ვანში განაგრძო, სადაც სომხებს სამედიცინო დახმარებას არავინ უწევდა.
თავის წიგნში “ქალიშვილი”, ერთ-ერთ თავში “არარატის ძირში” ტოლსტაია პირველად საუბრობს სომეხი ხალხის ბედზე:
“…16 ოქტომბერს, ომის გამოცხადების გარეშე, თურქულმა ფლოტმა ოდესა, ნოვოროსიისკი და სევასტოპოლი დაბომბა. რუსეთმა მაშინვე მიიღო გამოწვევა. რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ჩვენი არმია, თითქმის ბრძოლის გარეშე, თურქეთის სიღრმეში შეიჭრა.
ჩვენი ეშელონი ტფილისში, თითქმის კვირაზე მეტხანს მიდიოდა და იქ დანიშნულებას თითქმის ერთ თვეს ველოდებოდით. განწყობა ყველას გაგვიფუჭდა. შესანიშნავი გასეირნებები, ცნობილი გოგირდის აბანოები, უსაქმურობა – ეს ყველაფერი კარგი იყო ტურისტებისთვის, მაგრამ ჩვენ საბრძოლველად ვემზადებოდით.
ბოლოს, როგორც იქნა დაინიშნა შეკრება. შავი, გაჭაღარავებული წვერის ქნევით და წაბლისფერი ჭკვიანი თვალებით გვიცქერდა პოლნერი (მეშვიდე მოწინავე რაზმის ორგანიზატორი, რომელის თურქეთის ფრონტზე სამუშაოდ ხელმძღვანელობდა) და მოხსენებას გვიკითხავდა:
“ჩვენ ორი მიმართულებით უნდა წავიდეთ,” – თქვა მან. – ერთი მიმართულება ერზურუმ-ყარსამდე, კიდევ – ერივან-იგდირი და შემდგომ – ალაშკერტის კარაკალისი თურქეთის სიღრმეში. მეორე მიმართულება საშიშია: ქურთების ბანდების გზებზე ვხვდებით, სადაც ტიფის სამივე სახეობა მძვინვარებს, გრძელი და რთული გადასასვლელები, უღელტეხილები ცხენებით, გზების გარეშე უნდა გადავიაროთ. თავად გადაწყვიტეთ, ვინ სად წავა სამუშაოდ, მე არავის ვნიშნავ”.
საუბარი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ რაზმის თითქმის ნახევარი გამოეყო და ერივან-იგდირის მიმართულებით წასვლის სურვილი გამოთქვა. გავიფიქრეთ: როგორც იქნა, გვეღირსა ნამდვილი სამუშაო!
…იგდირი – არარატის მთის ძირში, ხმაურიანი მდინარე ევფრატის ნაპირზე მდებარე პატარა ადგილია. ბიბლიური, მაგრამ საკმაოდ დაჭაობებული ადგილი, სადაც წარმოუდგენლად ბევრი კოღოა და რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფორმა – ტროპიკული მალარია გადააქვს.
აქ, იგდირში, ყოფილ სკოლაში, რუსეთის ზემსკის კავშირის მეშვიდე მოწინავე რაზმის პირველი გადასახვევი პუნქტი მოვაწყვეთ. მუშაობა წინ მიიწევდა.
…ზემსკის ძველმა ექიმ-ქირურგმა გამოცდილი ქირურგი განყოფილების მედდას დამხმარედ დანიშნა.
ჭრილობები ძალიან მძიმე იყო, თურქები ასაფეთქებელ ტყვიებს “დუმ-დუმს” იყენებდნენ. ძალიან რთული იყო ამპუტაციებთან შეგუება. გიჭირავს ხელი, ან ფეხი და მოულოდნელად გრძნობ მკვდარი სხეულის სიმძიმეს. ადამიანის ნაწილი ხელში გრჩება…”.
შემდეგ თავში “თურქულ სომხეთში” იგი იხსენებს:
“თურქეთის სომხეთში
იგდირში, ცოტა ხანს დავრჩით. რაზმს დაევალა კარაკალისის ალაშკერტისკენ – 100 კილომეტრზე მეტი თურქეთის სიღრმეში – თურქეთის სომხეთში.
…მარცხნიდან, არარატის თოვლის საფარი მზეზე ბრწყინავდა, შემდგომ, ნისლიან ბნელეთში იძირებოდა, თოვლის მთების ჯაჭვები ჩნდებოდა. ზევით, ზევით. მთების ცისფერი ფერდობები, ცისფერი დაუვიწყარი ყვავილებით გადაპენტილი. ისეთი კი არა, როგორც ჩვენთან ტულის გუბერნიაშია, უფრო ცისფერი, დიდი და თითქოს ხელოვნური. ველური ნარცისები, ტიტები… ”.
შემდეგ იყო ქალაქი ვანი:
“ერთხელ, როდესაც ჩვენთან უფლებამოსილი ტ.ნ. პონლერი მოვიდა, ახალი დანიშნულება გადმომცა: “ქალაქ ვანში. იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ბევრი ავადმყოფია, ტიფის სამივე ფორმა მძვინვარებს, ცუდადაა ამერიკული მისია, სამედიცინო დახმარება არ არის, საჭიროა ტყვეებისთვის საკვები პუნქტის გახსნა.
… დანგრეული ქალაქი ვანი. ჩვენს მოსვლამდე აქ, სომხებსა და თურქებს შორის საშინელი ბრძოლები მიმდინარეობდა.
თურქებმა ალყაში მოაქციეს მაღალ მთაზე მდებარე ქალაქი ვანი, სადაც სომხები იყვნენ ჩასაფრებულები. ისინი მხეცებივით იბრძოდნენ და ციხე-სიმაგრეს იცავდნენ. დღე და ღამე, ქალები ზარბაზნებს ტენიდნენ და თურქების მიმართულებით ისროდნენ. ალყაში მოქცეულები დიდხანს ვერ გაძლებდნენ: ამოეწურათ საკვები და ტყვია-წამალი. სომხები ის-ის იყო დანებებას აპირებდნენ, რომ მათ დასახმარებლად მზვერავები გამოჩნდნენ.
მოხდა სისხლიანი შეტაკება. დანაკარგი ორივე მხარეს სერიოზული იყო. დაღუპულების გვამებს ტბაში ყრიდნენ და იქ იხრწნებოდა. ტბა მოიწამლა და შეუძლებელი იყო მისი წყლისა და თევზის გამოყენება.
თურქები წავიდნენ. ქალაქში, ათასამდე ტყვე დატოვეს: ავადმყოფები, ქალები და მოხუცები. სომხებმა შურისძიების მიზნით ქალაქის თურქული კვარტალი გადაწვეს. რადგან თიხით ნაშენები სახლებისთვის ცეცხლის წაკიდება რთული იყო, ისინი სახლებში ხანძარს სათითაოდ აჩენდნენ.
სანამ ბინას ვიპოვიდით, რამოდენიმე დღე ამერიკელი მისიონერის, იაროუს, ბინაში ვცხოვრობდით. დიდი და მოსახერხებელი სახლი: აბანო, სუფთა და ნათელი საძინებლები, რბილი საწოლები, ფართო სასტუმრო ოთახი, სასადილო – ეს ყველაფერი უჩვეულოდ მდიდრულად მომეჩვენა.
ღამით, რაღაც მკბენდა და მთელი სხეული მექავებოდა, მაგრამ ისე ღრმად მეძინა და სამოსის გარეშე ძილით ისე ვტკბებოდი, რომ მკბენარებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ვტკბებოდი სუფთა თეთრეულით, რბილი ბალიშით და სუფთა საბნით – უნაგირის და მკბენარა ნაბდის ნაცვლად. დილით, აბანოში ცხელი წყლით ვიბანავე, სუფთა აბრეშუმის საცვალი ჩავიცვი, მაგრამ, მაინც რაღაც მკბენდა და ტანი სულ მექავებოდა. ბოლოს და ბოლოს, დავინახე, რომ ჩემს საცვალზე საზიზღარი მწერი – რწყილი მიცოცავდა.
ძალიან გამიკვირდა. როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი სუფთა, ელეგანტური და კულტურული ამერიკელის სახლში რწყილები ყოფილიყვნენ? საიდან?
– “მთელი ნიადაგი, მთელი შენობა, სადაც სამხედრო ტყვეები იმყოფებიან,- ქვეწარმავლებით არის სავსე,- ამიხსნა ამერიკელმა მისიონერმა იაროუმ, – ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვიძლია”, – წერს ტოლსტაია თავის მოგონებებში.
ვანში ლევ ტოლსტოის ქალიშვილს ტიფი შეეყარა და იძულებული იყო მოსკოვში დაბრუნებულიყო. ალექსანდრას მოგონებები კიდევ დიდხანს არ ანებებდნენ თავს: “ეს ყველაფერი უსაშინლეს, დამთრგუნველ შთაბეჭდილებებს გიქმნის… არასდროს მინახავს ასეთი ტანჯვა. ადამიანები არა მხოლოდ სახლ-კარს და ქონებას კარგავდნენ, არამედ ოჯახებს, ახლობლებს და ნათესავებს – ისინი ყველაფერს კარგავდნენ”, – წერდა ის.
სამწუხაროდ, იმ მოგზაურობიდან ალექსანდრა ტოლსტაიასთან გადაღებული მხოლოდ ორი ფოტოსურათი გადარჩა, თუმცა სომეხი ხალხისთვის რთულ პერიოდში გაწეული მისი ღვაწლი მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.
ლინა მაკარიანი