საქართველოს დედაქალაქში ტაქსის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია სავალდებულო რეგისტრაციის შემოღებას გეგმავს. ტაქსი, როგორც ე.წ. M1 კატეგორიის სამგზავრო სატრანსპორტო საშუალება, უნდა იყოს უსაფრთხო და კომფორტული. რეგისტრაცია ნებაყოფლობითი იქნება და პირველ ეტაპზე მძღოლებს მარტივი ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ – აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი პირადობისა და მართვის მოწმობასთან ერთად.
ბაზრის ეს სფერო საქართველოში და მათ შორის დედაქალაქში, სადაც ტაქსის ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, დიდი ხანია თვითდინებაზეა მიშვებული და ქაოტურად ვითარდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კერძო ავტომობილზე ტაქსის ტრაფარეტის დადგმით ეს საქმიანობა საკუთარი შემოსავლის წყაროდ აქციოს, ამასთანავე ავტომობილი სულაც არ იყოს გამართული და ადვილი შესაძლებელია, ქალაქის ქუჩებსაც არ იცნობდეს სათანადოდ, რომ აღარაფერი ვთქვათ საგზაო მოძრაობის წესების ცოდნაზე, რაც ბოლო ხანებში თბილისის კიდევ ერთი თავისტკივილად იქცა. მოუწესრიგებელი და გაუმართავი ტაქსები ხშირად გამხდარა ტურისტების უკმაყოფილების მიზეზიც, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს თბილისისა და მთლიანად ქვეყნის იმიჯზე.
თბილისის ახალი მერი ძალიან არის მონდომებული, რომ ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვის გაცემის ფუნქცია სწორედ დედაქალაქის მთავრობამ აიღოს საკუთარ თავზე. ამისთვის საკანონმდებლო ინიციატივასაც ამზადებენ და ქვეყნის პარლამენტს წარუდგენენ დასამტკიცებლად. რაც მთავარია, კახა კალაძე ირწმუნება, რომ რეგისტრაციის საბუთის აღება მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს. მთავარი აქცენტი კი კეთდება თბილისის მოსახლეობისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის ხარისხიანი სერვისის შეთავაზებაზე.
“თბილისის მოსახლეობა და ჩვენი ქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ეტაპობრივად მის გაუმჯობესებას. მაქსიმუმს გავაკეთებთ ეფექტიანი და თანამედროვე სისტემის დასამკვიდრებლად. თბილისის მართლაც იქნება საცობებისგან თავისუფალი ქალაქი”, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე.
საცობების პრობლემა დიდი ხანია აწუხებს თბილისს, მაგრამ რამდენად არის ამის მიზეზი კერძო ტაქსები, მეორე საკითხია. ანალიტიკოს გიორგი იაკობაშვილის თქმით, ქალაქში მოძრავი 10 მსუბუქი ავტომობილიდან 7 ტაქსია. არაპროფესიონალი ტაქსისტები ხშირად ხდებიან საცობების მიზეზი, არის შემთხვევები, როდესაც ვერ ხვდებიან კონკრეტულ მომენტში რა მანევრი გააკეთონ. ამას ემატება გადაღლა და სტრესი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ხომ არავინ აკონტროლებს? ყველა მძღოლი ერთნაირად ვერ უძლებს გადატვირთვას, როცა მთელი დღის განმავლობაში მოძრაობ ქალაქის ქუჩებში, “პიკის” საათებში გიწევს საცობებში დგომა და კლიენტის ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში გადაყვანა.
ანალიტიკოსი გიორგი იაკობაშვილი, თბილისის მერის ამ ინიციატივას დადებითად აფასებს და რეგულაციების შემოღებას დაგვიანებულადაც კი მიიჩნევს. მისი უმთავრესი პირობაა, რეფორმა არ იქცეს კორუფციის ახალ წყაროდ, მძღოლებისგან ამოღებული გადასახადი კი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდეს.
როგორც Dalma News-ს გიორგი იაკობაშვილმა განუცხადა, ტაქსის მძღოლებისგანაც ხშირად მოუსმენია მსგავსი მოსაზრებები, რომ არსებობენ არაპროფესიონალი მძღოლები, რომლებმაც სათანადოდ არ იციან ავტომობილის მართვა და საგზაო მოძრაობის წესები. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის ვიზუალურ მდგომარეობას, რომ სალონი სუფთა იყოს და მძღოლიც სათანადოდ გამოიყურებოდეს.
“ხშირია შემთხვევები, რომ ტურისტები აჩერებენ ტაქსის და მძღოლმა ელემენტარულად არ იცის თბილისის გზები. ამით ტურისტიც ზარალდება და ქალაქის იმიჯიც. მაგალითად, ერთხელ ჩემმა მეგობარმა ტაქსი გააჩერა და ფიქრის გორაზე (უბანი თბილისის ცენტრში, რომელსაც გორას სიმბოლურად, მცირე შემაღლებული ადგილის გამო უწოდებენ. რედ.)ამიყვანეო, სთხოვა. ტაქსისტმა კი უპასუხა, ჩემი მანქანა გორებზე კარგად ვერ დადისო. რატომ უნდა იყოს ეს სფერო გამონაკლისი და რატომ არ უნდა მოვთხოვოთ ტაქსის მძღოლებს პროფესიონალიზმი, გაუგებარია”, – აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.
ტაქსი არა მხოლოდ თბილისელებისთვის შემოსავლის წყაროა, არამედ რეგიონებიდან ჩამოსულებისთვისაც. ზამთრის პერიოდში დედაქალაქში ბევრი მძღოლი იყრის, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში საკუთარ ავტომობილებში სძინავთ, იქვე სადილობენ, რაც, რა თქმა უნდა აისახება ავტომობილის სალონის ჰიგიენაზე. ცხადია, სფეროს რეგულაცია და ტაქსების აღრიცხვა საჭიროა, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა არსებობდეს, თუ არა გარკვეული სერვისი თავად ტაქსის მძღოლებისთვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა, წახალისება იგრძნონ, რომ დედაქალაქი მხოლოდ მათთვის ფულის წაცინცვლაზე არ იყოს ორიენტირებული? მოწმდებოდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადიოდნენ სპეციალური გადამზადების კურსებს და სხვა.
ანალიტიკოს გიორგი იაკობაშვილის აზრით, ასე შემთხვევაში ტაქსისტობა არ უნდა იყოს ორდღიანი პროფესია: “ჩვენთან ტაქსისტობა არ არსი პროფესია. ზოგმა შეიძლება ერთი დღით იტაქსაოს. ზოგი ტაქსის ტრაფარეტს ძირითადი სამუშაო დასრულების შემდეგ იყენებს, როგორც დამატებითი შემოსავლის წყაროს. მაგრამ თუ ამას ადამიანი ძირითად პროფესიად გაიხდის, მაშინ ის დაინტერესებული იქნება გამოცდილება აიმაღლოს და ქალაქი უკეთესად შეისწავლოს. თბილისელი მეგობარი მყავს, რომელსაც მშობლიურ კახეთთან არ დაუკარგავს ურთიერთობა. თავისი კუთხის პატრიოტია, მაგრა ერთ დღეს ასეთი რაღაც მითხრა: – ჩემი კახელები წლის განმავლობაში მოყვანილ ყურძენს, ღვინოს, მოსავალს რომ დააბინავებენ და სოფლად საქმე აღარ აქვთ, თბილისში ჩამოდიან და ტაქსაობენ, ამით თბილისელ მძღოლებს, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ, ფაქტობრივად ლუკმას ართმევენო”.
დავითი, 65 წლის, ორი წელია ტაქსაობს. ამბობს, რომ ამ საქმიანობას ოჯახის რჩენის მიზნით მოჰკიდა ხელი. ყოველთვიური ხარჯი დათვლილი არ აქვს, თუმცა, ამბობს, რომ საწვავის გაძვირება მნიშვნელოვნად აზარალებს, რადგან იძულებულია გააძვიროს მომსახურება, მგზავრებს კი ხშირად შეთავაზებული ფასი არ მოსწონთ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. სავალდებულო რეგისტრაციის შემოღებაც გარკვეულ წილად აისახება ტაქსის სერვისზე.
“ბენზინი და გაზი გაძვირდა, შესაბამისად ძვირდება ტაქსი. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს ცვეთა. ყოველ 8000 კმ-ზე ზეთი უნდა შეცვალო, რასაც დიდი ფასი აქვს. იცვითება საბურავები, მანქანის გარკვეული ნაწილები და ა.შ. ავტომობილის პროფილაქტიკაში თითო შეყვანა, 50 ლარზე ნალები არ მიჯდება. საწვავს -დღეში 25 ლარისას ვასხამ გაზსაც და ბენზინსაც. ორივეს მოვიხმარ”, – ამბობს ბატონი დავითი.
როგორც მან Dalma News-სთან საუბრისას განაცხადა, დღეში საშუალოდ 130 კმ უნდა გაიარო, რომ დღის ბოლოს 20-25 ლარი, საუკეთესო შემთხვევაში 30 ლარი დარჩეს. ბატონი დავითი თბილისის მერიას ურჩევს პრობლემის მოგვარება მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვით დაიწყოს, რომლებიც, მისივე თქმით, ძალიან ხშირად ხდებიან საცობის მიზეზი და ამასთანავე, მგზავრის ჩამოსხმისას მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ ფიზიკური პირები, რომლებიც ტაქსის მძღოლად მუშაობენ, კერძო კომპანიების მსგავსად ბიუჯეტში გარკვეული გადასახდს უნდა იხდიდნენ, რადგან ეს კომერციული საქმიანობაა. ბაზრის ამ სეგმენტში არსებული ქაოსი კი, უსამართლო ვითარებაში აყენებს კერძო კომპანიებს, რომლებიც აღრიცხული არიან და გადასახადს იხდიან.
კერძო ტაქსების ლიცენზირების საკითხი თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას დროსაც განიხილებოდა, მაგრამ საკითხი შეჩერდა, რადგან რთულად განსახორციელებლად მიიჩნიეს იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც მაშინ სამუშაო ჯგუფმა წამოაყენა.
“ჯერ არ ვიცით რა რაოდენობის, რა კატეგორიისა და ასაკობრივ ჯგუფთან გვაქვს საქმე. თბილისის მერის ინიციატივა პირველი სიგნალია იმისა, რომ მძღოლები მზადყოფნაში იყვნენ შემდგომი ეტაპისთვის. განვითარება თუ გვინდა, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის რომ გარკვეული ფინანსური ხარჯი გავწიოთ, რომ მივიღოთ უფრო მაღალი ხარისხის უსაფრთხო მომსახურება”, – განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე შეფასებით, მძღოლის პროფესია ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ამ მხრივ უცხოეთში მკაცრი რეგულაციები და მაღალი გადასახადი მოქმედებს. არსებობს მონიტორინგის სისტემა. თუ მძღოლი არ მოიქცა სწორად და სათანადოდ არ მოემსახურა მგზავრს, ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება ლიცენზიის მოხსნის საკითხი.
“უცხოეთში, ვინც არის რეგისტრირებული და ვისაც აქვს ლიცენზია ფიზიკურ პირს თუ კომპანიას ყველას შეაქვს ბიუჯეტში თანხა”, – აცხადებს ეკა ლალიაშვილი.
თბილისის მერის ინიციატივას მომხრეები ტაქსისტებს შორისაც ყავს, რომლებიც კალაძეს დამატებით რჩევებსაც უგზავნიან, თუმცა, უმეტესობა საეჭვოდ მიიჩნევს, ამ რეგულაციებმა საცობებისგან განტვირთოს თბილისის ქუჩები. ასეა თუ ისე, ქვეყანას უსაფრთხო და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდება და რეფორმაც გარდაუვალია.
შორენა პაპაშვილი