არქეოლოგებმა გრაკლიანის ძეგლის კვლევის პროცესში ძვ.წ აღ. VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა აღმოაჩინეს.
როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული წარწერა ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს.
“გრაკლიანის გორა” წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების 300 ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. გრაკლიანის გორაზე გამოვლენილ ტერასებზე განლაგებულია საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV – ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება.
გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი – სატაძრო კომპლექსი (ძვ.წ. 400 – 350 წლები), რომლის სიგანე 25 მეტრია, სიგრძე კი 6 მეტრი. სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენით შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის ინტერიერში სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლებია შემორჩენილი.
გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში.