2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობამ მე-10 მოწვევის პარლამენტი აირჩია, მაგრამ ის პარტიები, რომლებმაც ცესკო-ს ინფორმაციით, ჯამში ხმების 45,59% დააგროვეს, სადეპუტატო უფლებამოსილების მიღებაზე უარს აცხადებენ და მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. 150-მანდატიან პარლამენტში პარტია “ქართულ ოცნებას”, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 48% მიიღო, ერთპარტიული უმრავლესობა ექნება. ოპოზიციურ პარტიებს კი განსხვავებული მოლოდინი ჰქონდათ, ისინი იმედოვნებდნენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სწორედ ოპოზიციის ხელში გადავიდოდა. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ბიუჯეტს 42,7 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა. როგორია ოპოზიციის პროტესტის პოლიტიკური მხარე და რას გვეუბნება კონსტიტუცია, ამასთან დაკავშირებით Dalma News-ს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა.
– როგორ აფასებთ ოპოზიციის პროტესტს და პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება შეიტანს თუ არა განხეთქილებას მათ რიგებში?
ზაალ ანჯაფარიძე: – დღეის მდგომარეობით ისე ჩანს, რომ ოპოზიცია აპირებს რადიკალური გზით წასვლას. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება. თუ ხელისუფლება დათანხმდება ბიულეტენების ხელახლა დათვლას, ეს შესაძლოა გახდეს ერთგვარი საშუალება იმისა, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვან რადიკალურ სცენარზე და ბიულეტენების გადათვლის შედეგები მიიღონ. რა თქმა უნდა, თუ გადათვალა განხორციელდება იმ ადამიანების მონაწილეობით, ვისაც ეს პარტიები ენდობიან. შეიძლება მოინახოს მექანიზმები, რომ გადათვლის პროცესისადმი ყველა მხარის ნდობა იყოს. თუ ეს მოხერხდა, მაშინ რევოლუციურ სცენარს საფუძველი გამოეცლება.
– თუ ასე არ მოხდა პროცესების გაგრძელება რევოლუცია იქნება?
– მაშინ პროცესები, სავარაუდოდ, რადიკალური სცენარით წავა. იქნება მცდელობა შენობების ბლოკირების, პარლამენტზე შეტევა და სხვა. თუმცა, ამასაც აქვს თავისი ლიმიტი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ბევრ საპროტესტოდ განწყობილ ადამიანს მოაგროვებენ აქციაზე. დღეს არ არის საზოგადოებაში ისეთი რევოლუციური მუხტი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და ყველა ოპოზიციური პარტიების რევოლუციურმა შემართებამ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰპოვოს. “ენმ” 2003 წლის სცენარს იმეორებს, მაგრამ, მაშინ ამას გარკვეული საზოგადოებრივი სიმპათიაც ახლდა თან. რევოლუციას დღეს, ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვს. რევოლუციური შემართება არის სააკაშვილის გავლენის შედეგი და მეტი არაფერი.
– თუმცა, მათ დღეს გაცილებით უკეთესი მედიაუზრუნველჰყოფა აქვთ…
– გასაგებია თქვენი კითხვის არსი. 2003 წელს მათზე მხოლოდ ერთი ტელეარხი “რუსთავი2”-ი მუშაობდა, რომელიც საზოგადოების ნდობით სარგებლობდა. დღეს მათზე მინიმუმ 5 ტელეკომპანია და სხვადასხვა სახის ინტერნეტგამოცემები მუშაობენ, მაგრამ ეს მედიასაშუალებები ბოლომდე ლუსტრირებულნი არიან, როგორც მათი მომსახურე ტელევიზიები. ისინი საზოგადოებისთვის დამოუკიდებელ მედიაარხებად აღარ აღიქმებიან. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას თვალწინ უდგება ის პერსპექტივა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ნაციონალებისა და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობას, რაც კატეგორიულად მიუღებელია მათ შორის იმ ამომრჩევლისთვის, რომლებმაც ხმა „ქართულ ოცნებას“ არ მისცა. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ ვხედავ რევოლუციური სცენარის წარმატების ნიშნებს. თუმცა ასევე, საინტერესოა, რამდენად მდგრადი აღმოჩნდებიან დღეს, სახელმწიფო ინსტიტუტები. საშიშროება არსებობს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრ უწყებაში დღემდე მუშაობენ “ენმ”-ს კადრები.
– სანიკიძე–მელიას დაპირისპირებაზე რას გვეტყვით?
– ეს უფრო პიროვნულ-ემოციური დაპირისპირება იყო, ვიდრე მნიშვნელოვანი კონფრონტაცია, თუმცა არ ვიცი, რა ხდება “ნაციონალური მოძრაობის” წიაღში. გუბაზ სანიკიძემ მართალია მეტამორფოზა განიცადა და სააკაშვილის გულმხურვალე მომხრე გახდა, მაგრამ მას “ნაციონალურ მოძრაობა” თავისიანად არ აღიქვამს. დიდად, არც სიამოვნებთ მისი სააკაშვილის გვერდით ყოფნა.
– მელია ცდილობს იქცეს ლიდერად და ჩაანაცვლოს სააკაშვილი?
– არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდეს ამის ამბიცია, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ “ენმ”-ში უპირობო ლიდერად სააკაშვილი რჩება. შეიძლება პარტიის შიგნით ერთმანეთს მოწინავე პოზიციებს ეცილებოდნენ, მაგრამ სააკაშვილს კონკურენციას ვერ გაუწევენ.
– არჩევნების პირველივე წუთებიდან აქტიურობდა აშშ–ს ელჩი, ის მარნეულშიც კი ჩავიდა…
– 2012 წელს, როდესაც კრიტიკული არჩევნები იყო და მწვავედ იდგა ხელისუფლების შეცვლის საკითხი, აშშ-ს მაშინდელი ელჩიც ძალიან აქტიური იყო. ის ჩავიდა ისეთ რეგიონში – ზუგდიდში, სადაც იყო ყველაზე უფრო კრიტიკული დაპირისპირების ეპიცენტრი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ არჩევნები ჩატარებულიყო საარჩევნო კოდექსის ფარგლებში. დღეს, აშშ-ს საელჩო, რომელიც აკვირდება მიმდინარე პროცესებს აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს. ის ცდილობს ვითარების დამამშვიდებლის როლი შეასრულოს და მისი ავტორიტეტის გამოყენებით პროცესები ნორმალურ კალაპოტში წარმართოს. ის მარნეულში იყო ჩასული, შევიდა ცესკო-ში. ჩემი ვარაუდით ისინი აკვირდებიან პროცესებს და, თუ კრიზისმა სახიფათო მასშტაბებს მიაღწია, შესაძლოა ისევე ჩაერთონ პროცესებში მედიატორების რანგში, როგორც ეს 1 წლის წინ გააკეთეს, როდესაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მიაღწიეს.
– ამომრჩეველზე ძალადობაზე, როცა საუბრობს ეუთო/ოდირი, იგულისხმება თუ არა ამაში ყველა პარტია და არა მხოლოდ სახელისუფლებო?
– ეუთო/ოდირის მისია, ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან იღებს და აფასებს. მათ ექნებოდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლებზე ზემოქმედებას ახორციელებდა ყველა მხარე. ეს შეფასება შეესაბამება სინამდვილეს. ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლებას დააკისროს მთელი პასუხისმგებლობა და ის გამოიყვანოს პროცესებში დამნაშავედ. თუნდაც ოქმებში დაშვებული შეცდომები, აცდენილი დისბალანსი შესაძლოა აბსოლუტურად წინასწარგანზრახული ყოფილიყო იმისთვის, რომ მერე შეექმნათ სურათი, რომ არჩევნები მასობრივი დარღვევებით ჩატარდა. სანამ არჩევნები გაიმართებოდა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, სადაც დეტალურად იყო ჩამოთვლილი ის, რის გაკეთებასაც გეგმავდა ოპოზიცია, რათა შემდეგ არჩევნები უკანონოდ გამოეცხადებინათ. როცა ვსაუბრობთ ადამიანურ ფაქტორზე – ვიღაცას მდგრადი ფსიქიკა აქვს, ვიღაცას ნაკლებად. ვიღაცამ შესაძლოა ვერ გაუძლო დაძაბულ გარემოს და ყურადღება მოადუნა, რაღაც დააკლო. ამის გამოყენებას ცდილობს ოპოზიცია სათავისოდ.
– … და მაინც, შევა ოპოზიცია პარლამენტში?
– ზოგი პარტია აჰყვა ნაციონალების მოწოდებას და მათ მძევლებად იქცნენ, მაგრამ შემდეგ ზოგმა მათგანმა განაცხადა, რომ პარლამენტში არშესვლა მათი თვითმიზანი არ არის და ბიულეტენების გადათვლის შემთხვევაში შევლენ პარლამეტნში. ეს პარტიები ცდილობენ, არც თავიანთ ამომრჩეველს აწყენინონ და, არც დანარჩენ ოპოზიციას. რაც უფრო მეტად ასრულებენ ისინი “ენმ”-ს დღის წესრიგს, საზოგადოების თვალში მით უფრო აღიქმებიან ნაციონალების მოკავშირეებად.
– იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები ახალარჩეულ პარლამენტში არ შევლენ, რამდენი მანდატია საკმარისი პარლამენტის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობისთვის?
ვახტანგ ხმალაძე: – პირველი სხდომა იმართება ცესკო-ს მიერ ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს მეათე დღისა. პირველი სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა – 76, ან მეტი დეპუტატი. ამის შემდეგ, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ეს ნიშნავს, რომ იმ 10 დღის ვადაში, როცა გამოცხადდება არჩევნების შედეგები, მომდევნო 10 დღიდან ერთ-ერთი დღე პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს პარლამენტის პირველი სხდომის დღედ. ამ დღეს თუ იქ მივიდა პარლამენტის 76, ან მეტი წევრი (ვინც არჩეულად გამოცხადდა), ეს პარლამენტი იწყებს მუშაობას, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აქვს სრული უფლებამოსილება. რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, უნდა გაიმართოს კენჭისყრა პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობაზე, ამისთვის საკმარისია 76 ხმა. მათ შეუძლიათ ცნონ 100 წევრის უფლებამოსილებაც და 150-ვესი.
– 100-კაციან პარლამენტს რისი უფლება აქვს?
– მათ შეუძლიათ ნებისმიერი საკითხი გადაწყვიტონ. შეუძლიათ დასვან საკითხი, რომელიღაც წევრის, ან წევრების უფლებამოსილებაზე.
– რაც შეეხება მაჟორიტარებს?
– პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა სრული სიის დადგენა შეუძლებელია მაჟორიტარული არჩევნების დამთავრებამდე. როცა არჩევნების წინ პარტიები წარადგენენ პარტიულ სიებს, რომელსაც ეყრება კენჭი, ამ სიიდან ვიღაცები ასევე, მაჟორიტარულ ოლქებში არიან წარდგენილები. ვთქვათ, პარტიამ პროპორციულ სიაში მიიღო 10 მანდატი, მაგრამ ამ ათიდან ერთი მაჟორიტარულ არჩევნებშიც მონაწილეობს, მაჟორიტარული ოლქი თუ მიიღო, მას სიიდან ამოიღებენ და დარჩენილ 9-ს მეთერთმეტე კაცი დაემატება. სანამ არ გვეცოდინება მაჟორიტარული არჩევნების შედეგი, მანამდე ვერ ვიტყვით ამ სიიდან რომელიც 10 კაცი გავიდა.
პარლამენტის შეკრება შესაძლებელი იქნება მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდეც. თუმცა ეს მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ პირველ სხდომაზე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა ეს კონსულტაციის საკითხია.
– როდის უნდა გამოაცხადოს ცესკო–მ საბოლოო შედეგები?
– არჩევნებიდან 19 დღის თავზე. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, განცხადებებში ისმის ისეთ დარღვევებზე ბრალდებები, რაც შედეგების კანონიერებაზე ბადებს ეჭვს. აქ უკვე შეიქმნა საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება. ყველაფერია მოსალოდნელი. თუ ის შედეგები იქნა აღიარებული, რასაც ამ წუთამდე აცხადებენ, მაშინ კოალიციური უმრავლესობა არ იქნება და იქნება ერთპარტიული მმართველობა.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი