საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე თბილისის ცენტრალური გამზირი პროტესტის ცეცხლში გაეხვა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ტაიმ-აუტს იღებს და ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 4 წლის განმავლობაში აღარ დააყენებს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია პროტესტის ეპიცენტრად იქცა.

მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. განსაკუთრებული აგრესიითა და მასშტაბით გამოირჩეოდა დედაქალაქში გაშლილი წინააღმდეგობა. შედეგად დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი და დაშავებულია ათობით სამართალდამცველი. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე საღამოს 7 საათიდან იკრიბებოდნენ და გამთენიამდე ვანდალური მეთოდებით წარმართავდნენ პროტესტს. ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის შუშები, დაამტვრიეს და ცეცხლს უკიდებდნენ გარე განათების სისტემებს, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ ქვებსა და პიროტექნიკას, აგებდნენ ბარიკადებს და წვავდნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას.

აქციები შეკრებისთანავე იღებდა აგრესიულ სახეს, შეკრებისა და მანიფესტაციების ყოველგვარი ნორმის დარღვევით. რამდენიმესაათიანი ვანდალური ქმედებების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ იწყებოდა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება. აქციის დაშლის ასეთ ზომებს დემონსტრანტები მომზადებულები ხვდებოდნენ, მათი უმრავლესობა აირწინაღებით იყო აღჭურვილი. შსს-ს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართ დიდი რაოდენობით პიროტექნიკას იყენებდნენ. შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცველები, ჟურნალისტები და ოპერატორები.

ქუჩის მწვავე პროტესტს კვლავ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. როგორც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება არ დაუშვებს “საქართველოს უკრაინიზაციის პროცესს”, რასაც, მისივე თქმით, მესამე წელია ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ცდილობენ.

 ირაკლი კობახიძე

მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ქვეყნის დასასუსტებლად, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღვივებისა და საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩისთვის გამოიყენონ. ასევე, უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტზეც, რომელიც საქართველოს ბიუჯეტის 0,2%-ს შეადგენს.

„ეს გრანტი გამოიყენებოდა, ჩვენი ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად. ჩვენი მიზანია 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივი უნდა იყოს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირში მიღება, როგორც მოწყალება, რომელიც ჩვენთვის უნდა გაიღონ. ევროპარლამენტმა გასული 3 წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის ძალადობრივ მიტინგებზე პასუხისმგებლობას ევროპელ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებსა და ადგილობრივ აგენტურას – „მეხუთე კოლონას“ აკისრებს, რომელიც, მისივე თქმით, 4 პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი. ესენი არიან არჩევნების შედეგად მე-11 მოწვევის პარლამენტში მოხვედრილი პარტიები: „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. სწორედ ეს პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ მოგვიანებით განმარტა, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი მოლაპარაკებებს გახსნის, მზად არიან, იმ დღესვე შეცვალონ გადაწყვეტილება.

„ჩვენი მხრიდან შემდეგი 4 წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, იმისათვის რომ არავის დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი“, – დასძინა კობახიძემ.

მისივე თქმით, როდესაც საქმე მიდგება ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იკითხავენ, აქვს თუ არა საქართველოს შესრულებული ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობა გეგმავს ვალდებულებების 90%-ზე მეტი შეასრულოს.

ოპოზიცია და მასთან ერთად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გადარჩევასაც „ქართულმა ოცნება“ 14 დეკემბრისთვის გეგმავს, ხალხს წინააღმდეგობის მოძრაობის გაშლისკენ მოუწოდებენ.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე, მოუწოდა ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, გამოხატონ საქართველოს ხელისუფლების მიმართ პროტესტი საელჩოებთან, სოციალურ ქსელში ან ჩამოვიდნენ სამშობლოში და დემონსტრანტებს შეუერთდნენ.

ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით აირჩიეს საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტად დღეს ამბობს, რომ იმავე „ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა და ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.

„დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ. ევროპა კარგია მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა არ გამოვა! ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს“, – წერს ფეისბუქში სალომე ზურაბიშვილი.

ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და პარადოქსულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, აქციაზე მყოფ ხალხს არ გაუპროტესტებია და ევროინტეგრაციის შემაფერხებლად არ ჩაუთვლიათ ოპოზიციის მოქმედებები, როლებიც ბრიუსელში დარბოდნენ მოთხოვნით, – არ მისცეთ საქართველოს ასოცირება, არ გააფორმოთ ვიზა-ლიბერალიზაცია, საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებსო, ბოლოს კი, მოლაპარაკებები არ გაუხსნათ ამ მთავრობას და ხალხს ვიზალიბერალიზაცია გაუუქმეთ, სანამ ჩვენ არ მოვალთ ხელისუფლებაშიო.

„გვარამია და ბოკუჩავა ჩავიდნენ ევროპარლამენტში, მიაღებინეს რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას სთხოვენ, სააკაშვილის გამოშვებასთან და სხვა საკითხებთან ერთად, ქართველ ხალხს შეუჩერეთ უვიზო მიმოსვლაო. ამას რატომ არ აპროტესტებენ? ოპოზიციის სირბილის მიუხედავად, ასოცირებაც გაფორმდა, თავისუფალი ვაჭრობაც, უვიზო მიმოსვლაც, კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ, უსამართლოდ დაგვიგვიანეს, მაგრამ მაინც და ამ მთავრობას აქვს კურსი შეცვლილი და კოლექტიური ნაცებია პროევროპულები?“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე შეფასებით, ზურაბიშვილიც და ნაცებიც წლებია ევროპის თემას რევანშისთვის იყენებენ და ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის ევროპული მიმართულებით შესაფერხებლად.

„ხელისუფლებას არათუ ევროინტეგრაციაზე არ უთქვამს უარი, მოლაპარაკებების გახსნაზეც, რომელიც კანდიდატის შემდეგი სტადიაა. ჩვენ არ დავაყენებთ მოთხოვნას 2028 წლამდე, თქვენ თუ დააყენებთ, მზად ვართო. რა არის გაუგებარი?! თანაც თქვეს, რომ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და 2028 წლისთვის ყველა კანდიდატზე უკეთესად ვიქნებით მომზადებული და 90%-მდე ვალდებულება შესრულებული გვექნებაო“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე განმარტებით, სწორედ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 145 კანონი, კანონქვემდებარე აქტი და რეგულაცია შეიმუშავა. ანალოგიურად მუშაობს ყველა უწყება. ასობით ვალდებულებაა შესრულებული და კიდევ არის შესასრულებელი. შესაბამისად, მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში საქართველოს თეორიულად არავინ მიიღებს ევროკავშირში.

დემურ გიორხელიძე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯების მიმართ კრიტიკულია ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე. მისი შეფასებით, 12 წელია, “ოცნება” და მისი ლიდერი აბითურებენ სახელმწიფოს, ძირს უთხრიან სახელმწიფო ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობით, ტოტალური კორუფციით, ნეპოტიზმითა და საჯარო პოლიტიკის
მოშლით.

“ოცნების” 12 წლიანი პოლიტიკა – ეს არის პოლიტიკის პროფანაციაა, უვიცობა, პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნება და დემაგოგია! სახელმწიფო კვლავ საფრთხის წინაშე დადგა! როცა 32 წლის განმავლობაში, ამ არშემდგარ სახელმწიფოში, მუდმივი რევოლუციებია და დესტაბილიზაციის მუდმივი საფრთხე – ეს ხელისუფლებების დანაშაულია და სხვას ვერავის დაადანაშაულებ. ჯერ კიდევ 2012 წლის აგვისტოდან ვსაუბრობ და ვწერ, რომ “ოცნება” კრახით დაასრულებს თავის მოღვაწეობას!“, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკას ქმნიან ისეთი ადამიანები, რომელსაც არაფრის გაგონება, გააზრება და გაცნობიერება არ შეუძლიათ. თავიანთი პოლიტიკური სიჯიუტით, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნებზეა დაქვემდებარებული, მივიდნენ იქამდე, საიდანაც
დაიწყეს, – ისინი გაჰყავთ ხელისუფლებიდან იმათ, ვინც ისინი 2012 წელს მოიყვანა ხელისუფლებაში.

გიორგხელიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს იმ ფონზე იწვევენ, როცა მსოფლიოში სახეზეა დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებები და არავინ იცის, ამ ორი თვის განმავლობაში, როგორ განვითარდება მოვლენები.

შორენა ქარჩავა