ქართულ პოლიტიკურ არენაზე, ბოლო წლებია აქტიურად მოღვაწეობს ახალი პოლიტიკური პარტია – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, რომელიც “წინააღმდეგობის მოძრაობის” ბაზაზე ჩამოყალიბდა. პარტიის უმთავრესი მიზანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების დასრულება იყო.

დღეს კი, აქტიურად იბრძვიან ხელისუფლებაში მოსვლისთვის. მართავენ შეხვედრებს ქვეყნის რეგიონებში და ადგილზე ეცნობიან მოსახლეობის პრობლემებს. ალიანსის ლიდერებს მიაჩნია, რომ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად პატრიოტიზმი აკლია და ქვეყანა უნდა დაადგეს იმ გზას, როდესაც ქართული პარტიები იცავენ საქართველოს ინტერესებს ყველგან, თბილისშიც, ვაშინგტონშიც, პარიზში და მოსკოვში.

როგორია პარტიის სამომავლო გეგმები, რატომ ანიჭებენ უპირატესობას მემარჯვენე ცენტრისტულ მიმართულებას და რა წინასაარჩევნო გათვლები აქვთ, ამის შესახებ Dalma News-ს ალიანსის პოლიტიკური მდივანი გიგი მაღლაკელიძე ესაუბრა.

– როგორია თქვენი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო კამპანიის პლატფორმა?

– “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ეკონომიკური პლატფორმის საფუძველია მემარჯვენე ცენტრისტობა. რაც შეეხება იდეოლოგიას. ჩვენ ვართ ზომიერი კონსერვატორები. მემარჯვენე ცენტრისტობა ნიშნავს, რომ ვაღიარებთ საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს, მაგრამ ამავე დროს მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს გააზრებულ თანამონაწილეობას ეკონომიკის განვითარებაში. ზომიერ კონსერვატორობას რაც შეეხება, პატივს ვცემთ საქართველოს ათასწლოვან ტრადიციებს, რაც საუკეთესო იყო, მას ყველაფერს ვინახავთ, ვამრავლებთ და მომავალ თაობებს გადავცემთ, მაგრამ ზომიერი კონსერვატორობა ნიშნავს, რომ თუ კი რამეა კარგი და ახალი ევროპაში, მზად ვართ მივიღოთ.

– რომელ პოლიტიკურ ძალას მიიჩნევთ თქვენს ოპონენტად და რა მიგაჩნიათ მათ ძლიერ და სუსტ მხარედ?

– ოპონენტად მხოლოდ და მხოლოდ “ქართულ ოცნებას” მივიჩნევთ, რადგან მეორე ძალა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის დამნაშავე პოლიტიკური ძალა. ეს პარტია საერთოდ უნდა აიკრძალოს. “ქართული ოცნების” სუსტ და ძლიერ მხარეებზე საუბარს კი საჭიროდ არ მივიჩნევ, ამომრჩეველმა თავად განსაზღვროს. არჩევნები სამართლიანად თუ ჩატარდება, ჩვენს შორის წარიმართება ღირსეული ბრძოლა და სხვაობა მინიმალური იქნება. ან ჩვენ გავიმარჯვებთ, ან “ქართული ოცნება”.

– პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში თუ გეგმავთ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას?

– ყველა პოლიტიკურ ძალასთან არ ვითანამშრომლებთ. მაგრამ იმედია ასეთები ახალ პარლამენტში ვერ მოხვდებიან. რაც შეეხება “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას, “რესპუბლიკელების”, “ნაციონალებისა” და მათი სატელიტ პარტიების გარდა, თემიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ შედგეს თანამშრომლობა სხვა პარტიებთან.

– როგორია თქვენი ალიანსის საკადრო პოტენციალი და რით არის თქვენი მიდგომები განსხვავებული?

– ალიანსს აქვს ძალიან ძლიერი საკადრო პოტენციალი. ამაზე მუშაობა, რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე ისინი, ჯერჯერობით არ არიან სათანადოდ წარმოდგენილნი. არ არსებობს სფერო, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვერ გაუძღვებით. გვაქვს თემატური ჯგუფები, ​პოლიტსაბჭოში გვყავს პოლიტიკური მდივნები, რომლებიც პირდაპირ კურირებენ ამა თუ იმ სფეროს და ამა თუ იმ დარგს. ასევე პარტიაში ფუნქციონირებს საკონსულტაციო საბჭო. ვმართავთ თემატურ შეხვედრებს, მათ შორის ჯანდაცვის სფეროთი. გვყავს იურისტების ფართო სპექტრი.

– როგორ ფიქრობთ რა პროცენტულ მაჩვენებელს დადებს არჩევნების შემდეგ თქვენი ალიანსი?

– პროცენტული მაჩვენებლის თქმა, ამ ეტაპზე ცოტა მიჭირს. არც არის სწორი, ახლა პროცენტებზე დავიწყოთ საუბარი, ვფიქრობთ რომ პირველ, მეორე ადგილზე გასულებს შორის მცირე სხვაობა იქნება. ალიანსი ძალიან დიდ პროცენტულ მაჩვენებს დავდებთ.

– რა გაძლევთ ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს?

– ორი რამ, პირველ რიგში ჩვენი შეხვედრები ხალხთან და მათი განწყობა. ყოველდღიურად ვხვდებით საზოგადოებას სოფელში, დაბაში თუ ქალაქებში. მათი მხარდაჭერა და მათი მზარდი პატივისცემა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. მეორე ის, რომ ჩვენი ე.წ. ოპონენტები, თუ კონკურენტი პარტიები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, მარტივ მამრავლებად იშლებიან. ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს კონსოლიდაციისა და გაერთიანების მუხტი. ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე ის მოლოდინები რაც ჩვენ გვაქვს ძალიან რეალისტურია.

– თქვენ პარტიას არ ემუქრება წინასაარჩევნოდ დაშლა? თქვენ რა გზა გაიარეთ?

– “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” 5 პოლიტიკური ძალა შემოუერთდა და საზოგადოებას დავანახეთ გაერთიანება. სხვა პოლიტიკური ძალები და იქ შემავალი ძალები იშლებიან, პარტიებიდანაც გარბიან წევრები, დაწყებული “რესპუბლიკური” პარტიით, დამთავრებული სხვა პოლიტიკური ძალებით. რეალურად ჩანს, სად არის კონსოლიდაცია და ძალის გაერთიანება და სად დაშლა.

– თქვენ პარტიას არ ემუქრება წინასაარჩევნოდ დაშლა? თქვენ რა გზა გაიარეთ?

– “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” 5 პოლიტიკური ძალა შემოუერთდა და საზოგადოებას დავანახეთ გაერთიანება. სხვა პოლიტიკური ძალები და იქ შემავალი ძალები იშლებიან, პარტიებიდანაც გარბიან წევრები, დაწყებული “რესპუბლიკური” პარტიით, დამთავრებული სხვა პოლიტიკური ძალებით. რეალურად ჩანს, სად არის კონსოლიდაცია და ძალის გაერთიანება და სად დაშლა.

– საარჩევნო მარათონში, რომელ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ერთვებით?

კონსტანტინე გამსახურდიას პოლიტიკური ძალა “თავისუფლება”, აკაკი ასათიანი და მისი პოლიტიკური პარტია “ტრადიციონალისტები”, კახა კუკავა და მისი პარტია “თავისუფალი საქართველო”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და მისი ლიდერი გოჩა ჯოჯუა, რომელიც ასევე არის ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისის ერთ-ერთ რაიონში და “ძალოვანი ვეტერანები”, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ისინი არიან ჩვენი კოალიციის წევრები. არ გამოვრიცხავთ ასევე, ვითანამშრომლოთ ეროვნულ-პატრიოტულ ძალებთან, რომლებიც პარლამენტში მოხვდებიან. პარლამენტშიც მაკონსოლიდირებელ როლს ითამაშებს საქართველოს პატრიოტთა ალიანსი.

 

– ამ ეტაპზე რა პრინციპით ხართ გაერთიანებულნი?

– ძალიან ბევრ საკითხში თითქმის ერთნაირი ხედვები გვაქვს. წარმოიდგინეთ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, რომლებიც ვართ ზომიერი კონსერვატორები და კოალიციაში გვყავს “ტრადიციონალისტები”. ჩვენ შორის 95%-იანი თანხვედრა არსებობს პოლიტიკურ ხედვებში.

– ეროვნულ უმცირესობებთან თუ მუშაობს თქვენი ალიანსი და როგორ ასახვას ჰპოვებს თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში მათი პრობლემები?

– ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები არა მარტო გვყავს ალიანსში, არამედ პარტიაში ლიდერის პოზიციებს იკავებენ. გარდა ამისა, ჩვენთან დაცულია გენდერული ბალანსი. ალიანსის ლიდერიც ქალბატონი, ირმა ინაშვილი გახლავთ. ასევე არიან ჩვენთან აზერბაიჯანული, სომხური თუ ქურთი ეთნოსის წარმომადგენლები, რომლებიც ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებენ პარტიაში. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ძალიან ნათელი პროგრამა გვაქვს მათთან თანამშრომლობის.

ეროვნული უმცირესობების პროგრამული ინტეგრაცია უნდა მოხდეს ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ამის კარგ მაგალითს გვაძლევს თბილისი, თუ როგორ არიან თბილისში მაცხოვრებელი ეროვნული უმცირესობები ინტეგრირებულნი ქართულ კულტურასთან. მათ უნდა იცოდნენ ქართულიც და მშობლიური ენაც და საკუთარი და აქაური ადათ-წესები.

– საქართველო-აშშ-ს მომავალი ურთიერთობა, როგორ გესახებათ?

– საქართველო – ამერიკის ურთიერთობა უნდა იყოს მყარი და სტრატეგიულად პარტნიორული. ამავდროულად რუსეთთან უნდა დავიწყოთ დიალოგი. ეს არის პროგრამა მინიმუმი, რომელიც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეიძლება განახორციელოს. ​საქართველო – რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები შეიძლება ითქვას, რაღაც ეტაპზე მიმდინარეობს. აბაშიძე-კარასინის ფორმატმა, რაღაც დადებითი როლი ითამაშა ამაში, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. როგორც სავაჭრო – ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მიმართულებით. სახელმწიფო სტრუქტურები და ოფიციალური პირები უნდა იყვნენ ჩართულნი ამ, მოლაპარაკებებში. ამიტომ მიმაჩნია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება უკვე დაგვიანებულია და დიდი ხნის წინათ უნდა დაწყებულიყო.

– როგორ დაახასიათებთ საქართველოს -რუსეთის ურთიერთობას სავაჭრო-ჰუმანიტარული მიმართულებით? როგორ გესახებათ “აბაშიძე-კარასინის” ფორმატის მომავალი?

– “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მიესალმება საქართველოს გაწევრიანებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცეში. საერთოდ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დაიცვას თავისი ინტერესები ევროკავშირთან, აშშ-თან, რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან და ყველა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისას. საქართველოს საგარეო პოლიტიკა, უნდა იყოს ქართველი ხალხის უსაფრთხოებაზე და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული. ყველა მიმართულებით უნდა ვიცავდეთ ჩვენს ინტერესებს, აღმოსავლეთითაც, დასავლეთითაც, ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც.

“აბაშიძე-კარასინის” ფორმატს დადებითად ვაფასებ, მაგრამ არ არის საკმარისი, უნდა გაჩნდეს ახალი, სხვა ფორმატები და საერთოდ სახელმწიფო დონეზე უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, არა მხოლოდ აბაშიძე- კარასინის ფორმატში, უფრო ინტენსიური და მაღალი სტატუსი უნდა მიეცეს ამ ურთიერთობებს. რაც კი შეიძლებოდა ამ ფორმატის ფარგლებში, მათ უკვე გააკეთეს. საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ როგორმე გარღვევები მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების საკითხში. ამისთვის კი აბაშიძისა და კარასინის პოლიტიკური სტატუსი აღარ ყოფნის.

– რუსული და სხვა ბაზრების პერსპექტივა…

– რუსეთის ბაზარი, არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მსოფლიოს ყველა ჭკვიანი ქვეყნისთვის. საერთოდ ქვეყნის ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ყველანაირ ბაზარზე იყოს წარმოდგენილი. მსოფლიოში არის ძალიან ძლიერი კონკურენცია და შენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის რუსეთის ბაზარს გამოიყენებ, თუ თურქეთისას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპელები და ამერიკელები თავს იკლავენ, როგორმე რუსეთის ბაზარზე შევიდნენ და ერთი სული აქვთ, როდის გააუქმებენ რუსეთს სანქციებს. ხელისუფლება ხელს უნდა უწყობდეს თავის მეწარმეებს, ნებისმიერი ქვეყნის ბაზრების ათვისებაში.

– საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მიმართ თქვენი პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება?

– ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, პირდაპირ უნდა ვაწარმოოთ აფხაზ და ოს ხალხთან. უნდა შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართულ პოლიტიკას გაუწევენ ლობირებას. პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი სახალხო დიპლომატიის განვითარებას. უფასოდ უნდა უზრუნველვყოთ მათი მკურნალობა ჩვენს ძლიერ სამედიცინო კლინიკებში.

როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალიდან სახელმწიფო უფასოდ უნდა იღებდეს პაციენტებს და ზრუნავდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. პირდაპირი ქვოტა უნდა იყოს, რომ უმაღლეს სასწავლებელში, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა უფასოდ ისწავლონ. ეს ნაბიჯები გეგმაზომიერად, გონივრულად უნდა გადაიდგას. ეს ხელს შეუწყობს ხალხებს შორის ინტეგრაციას. პირველ რიგში უნდა დავიბრუნოთ მათი გულები და არა ტერიტორიები. ერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც ამის პროგრამული რესურსი და ადამიანური ძალა შესწევს არის “გაერთიანებული პატრიოტული ალიანსი”.

დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს, ამის დროც ჰქონდათ და ხელისუფლებაშიც იყვნენ და ვნახეთ, როგორი პროგრამები ჰქონდათ. ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ გაამართლა ამ მიმართულებით. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ისტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” დაუმტკიცეს ნომერი 8, რისთვისაც ის იბრძოდა და ითხოვდა. ყველამ 8 ოქტომბერს, შემოხაზეთ ნომერი 8, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

– როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან. ამ მიმართულებით როგორ გესახებათ საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია?

– სომხეთ-საქართველოს და აზერბაიჯანი – საქართველოს მიმართულებაში, უნდა იყოს კეთილმეზობლური და ნორმალური ურთიერთობა. საქართველომ უნდა აღიდგინოს ისტორიულად ლიდერის ფუნქცია კონფლიქტების მოგვარებაში, არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მთელს რეგიონში. ​მაკოორდინებელი ცენტრის ფუნქცია ბუნებრივადაც გვაქვს. უნდა მივიღოთ მონაწილეობა სომხეთ -აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირებაში. თურქეთთან კი ფრთხილი და ზომიერი პოლიტიკა ვაწარმოოთ, რადგან არსებობს თურქული ექსპანსიის საფრთხე. ისინი არც მალავენ ოსმალოს იმპერიის აღდგენის სურვილს. ძალიან გამჭრიახი და ფრთხილი პოზიცია უნდა გვქონდეს, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ.

ესაუბრა შორენა პაპაშვილ