ანაკლიაში პორტის აშენების იდეა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაჩნდა. მაშინ ქვეყანაში განვითარებული იყო თევზის მრეწველობა, სსრკ თევზის მრეწველობის სამინისტროც კი არსებობდა. მაშინ შავ ზღვაზე სურდათ ისეთი პორტის აშენება, რომელიც არ გაიყინებოდა, პრობლემური არ იქნებოდა, არ მოისილებოდა და რაც მთავარია, იქნებოდა ღრმაწყლოვანი. ასეთად შეარჩიეს ანაკლია. აქედან დაიწყო მთელი ეპოპეა.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თანამედროვე პროექტთან დაკავშირებით ქართველ მეცნიერებს მნიშვნელოვანი შენიშვნები აქვთ. ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალზე Dalma News–ს ოკეანოლოგი ნოდარ ძიძიკაშვილი ესაუბრა.
– ანაკლიაზე არჩევანის გაკეთების ძირითადი მიზეზი იყო კანიონი, რომელიც არის ღრმაწყლოვანი, მდებარეობს მდინარე ენგურის შავ ზღვასთან შესართავის წინ და 200 მეტრში უკვე 20 მეტრის სიღრმეა. თავის დროზე გაკეთდა კიდეც პროექტი. მაშინ გვქონდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქნაპირდაცვა“, სადაც ძალიან კვალიფიციური ხალხი მუშაობდა. პროფესორ არჩილ კიკნაძის ხელმძღვანელობით გაკეთდა ანაკლიის პორტის პროექტი. ის პროექტი თავისი მასშტაბით განსხვავდებოდა ამჟამინდელი პროექტისგან, რომელიც „თიბისი ბანკმა“ მოამზადა. სხვა ადგილას იყო ლოკაციაც. ენგური სადაც ზღვას უერთდება იქ იყო სოფელი განარჯის მუხური, ახლა განმუხურს ეძახიან. მანდ აპირებდნენ პორტის აშენებას. ძალიან კარგი ადგილია, ჭაობიანი ტერიტორიაა, 170 ჰა გამოიყო. ის პროექტი მარტო პორტს არ ეხებოდა, ითვალისწინებდა მთლიანად ენგურის ხეობის გაკეთილშობილებას. ენგურის სიგრძეზე უნდა მოწყობილიყო საწყლოსნო სპორტული კომპლექსები. ძალიან კარგი პროექტი იყო თავის დროზე. მე გიყვებით გასული საუკუნის 80-იან წლებზე, საბჭოთა კავშირი რომ იშლება. მაშინ პრობლემა არ იყო აფხაზეთთან და ამიტომ კეთდებოდა ზუსტად მარჯვენა სანაპიროზე. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო, ჯერ სააკაშვილის მთავრობამ და შემდეგ „ქართული ოცნებისამ“ გადაწყვიტეს, რომ მარცხენა სანაპიროზე გაეკეთებინათ, სოფელ ანაკლიის სამხრეთით. დაახლოებით იმ ტერიტორიაზე, სადაც სააკაშვილმა ახალგაზრდული ბანაკი ააშენა.
– როგორც ვიცი, ახალი პროექტი მეცნიერებმა დაიწუნეთ, რა ხარვეზებია აღმოჩენილი?
– 1974 წლიდან ანაკლიაში ვმუშაობ, ძალიან დიდი შრომა მაქვს ამ საქმეში ჩადებული, შესაბამისად, განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ ანაკლიაში ნავსადგურის აშენებას. მინდა რომ საქართველოში დიდებული პორტი გაკეთდეს. ახალი პროექტი კანიონიდან დაახლოებით 3 კმ-ით არის დაშორებული. მისი სამხრეთი მოლი, რომლითაც შემოიფარგლება ეს პორტი, მთლიანად კეტავს მდინარიდან გამოტანილ მყარ ნაპირგასწვრივ ნაკადს. მოგეხსენებათ ჩვენი სანაპირო შექმნილია მდინარეებით. საქართველოს მდინარეებმა შეგვიქმნეს ეს მშვენიერი პლაჟები თავისი კონცხებით, ყურეებით, კანიონებით და ა.შ. დღეს, თითქმის მთელი სანაპირო ირეცხება (ეროზიას განიცდის), გარდა ერთი ადგილისა – რიონის შესართავისა. ბევრმა არ იცის, რომ მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნაპირებს საქართველოში ჩამოყალიბდა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან. მისი დამაარსებელია პროფესორი ვსევოლოდ ზენკოვიჩი, რომელმაც 1962 წელს დაწერა მონოგრაფია ამ მეცნიერების შესწავლის შესახებ. 1964 წელს ახალი მეცნიერული დისციპლინის შექმნისთვის მას მიანიჭეს ლენინური პრემია.
ეს პიროვნება წლების განმავლობაში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის საქართველოს გეოგრაფიის ინსტიტუტში ლაბორატორიის ხელმძღვანელად და შესულია საქართველოს სსრ ენციკლოპედიაშიც. მაშინ ბევრი სახელოვანი მეცნიერი აღზარდეს. შეიქმნა ნაპირების დინამიკის შემსწავლელი მსოფლიო მნიშვნელობის სკოლა. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ მეცნიერები. პირველი საერთაშორისო კონფერენცია ქალაქ გაგრაში რომ ჩატარდა, რიგში იდგნენ, რომ როგორმე ხელზე შეხებოდნენ ამ კაცს. ასეთი პიროვნების გვერდით მუშაობის ბედნიერება მქონდა მეც.
– სადაური იყო ვსევოლოდ ზენკოვიჩი და როგორ მოხვდა ის საქართველოში?
-ის იყო მოსკოველი, მუშაობდა მოსკოვის ოკეანოლოგიის ინსტიტუტში. გარკვეული მიზეზების გამო, ინსტიტუტიდან წამოვიდა და არჩილ კიკნაძემ საქართველოში ჩამოიყვანა. სასტუმრო „ივერიაში“ ჰქონდა აღებული ნომერი და იქ ცხოვრობდა წლების განმავლობაში.
– დავუბრუნდეთ ანაკლიის პორტის თანამედროვე პროექტს…
– „საქნაპირდაცვაში“ შემუშავებული ანაკლიის პორტის პროექტის მერე, გაკეთდა 2 პროექტი – ერთი ჩინელებს უნდა დაეფინანსებინათ, მეორე „თიბისი ბანკს“, რომელიც ძირითადად უცხოელების თანამშრომლობით შეიმუშავეს. ორივე პროექტი ითვალისწინებდა პორტის განთავსებას ენგურის მარცხენა სანაპიროზე, სადაც მდინარე თიკორია. ცნობილმა ინჟინერმა სპარტაკ ერაგიამ შეიმუშავა და გააკეთა პროექტი, რომელიც თიკორში უნდა განთავსებულიყო. ამ პროექტის მინუსი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ნაპირების დინამიკის მხრივ, მორფოლოგიურად, პროექტს აქვს ის ხარვეზი, რომ კანიონიდან 2 კმ-შია განლაგებული და კანიონიდან უნდა გაეთხარათ პორტში შესასვლელი არხი. ეს ხარვეზია იმიტომ, რომ შესასვლელი არხი მოისილებოდა და პრობლემური პორტი გვექნებოდა, როგორც ფოთის პორტი ისილება, ისე. სხვა მხრივ ბრწყინვალე პროექტია. ახალი ტენდერი „თიბისი ბანკის“ პროექტით ტარდება.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ 9 ფაზა არისო, ალბათ აღნიშნულ პროექტს გულისხმობდა, რადგან, სწორედ ამ პროექტს აქვს 9 ფაზა. ეს პროექტი გათვლილია 100 მლნ ტონის ტვირთბრუნვაზე წელიწადში. ის გამორიცხავს კანიონს. ხდება ხელოვნური დაღრმავება ზღვაში, ანუ ხმელეთზე ტერიტორიას არ ვკარგავთ მეორე პროექტისგან განსხვავებით. ე.წ. საზღვარო აკვატორია გვექნება ზღვაში, მაგას ჰქვია სველი პორტი. მეორეა მშრალი პორტი, სადაც საწყობები და ტერმინალებია – ის ხმელეთზე განთავსდება. პრობლემა ის არის, რომ პორტი კეტავს მყარი მასალის ნაპირგასწვრივ ნაკადს, რომელიც მოედინება ჩრდილოეთიდან და მიდის მდინარე ხობის წყლამდე, ამით იკვებება ჩვენი სანაპირო. კარგი იქნება, თუ ჩატარდება გარკვეული შემარბილებელი ღონისძიებები. იმხელა თანხებია უკვე დახარჯული ამ პროექტზე, რომ მისი შეჩერება წარმოუდგენლად მიმაჩნია.
– რაში მდგომარეობს საქართველოს დანარჩენი პორტების პრობლემატურობა?
– ფოთის პორტი ისილება, ყულევის პორტიც ისილება მდინარე რიონიდან ჩამოტანილი ქვიშით. თუ წყნარი ამინდი არ არის გემებს შესვლა უჭირთ, რეიდებზე დგანან და ელოდებიან. ბათუმის პორტი შედარებით ღრმაწყლიანია, მაგრამ მას აქვს ერთი უარყოფითი თვისება. ისეთი რხევები წარმოიქმნება, რომ შეიძლება გემები ჩაიძიროს. მას „წიაგუნს“ ეძახიან. დიდი გემები, შტორმის დროს პორტში ვერ შედიან, გარეთ დგებიან რეიდზე. ამიტომ, ყველა პორტი დღესდღეობით გვაქვს პრობლემატური და არც ერთი მათგანი სახელმწიფოსი არ არის, ყველა უცხო ქვეყნის კერძო კომპანიებს ეკუთვნის.
– ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის საკონტროლო პაკეტი იქნება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება, ამ გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ?
– ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. სახელმწიფომ სადავეები ხელიდან არ უნდა გაუშვას. პორტი არის სტრატეგიული ობიექტი. ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის ნავსადგურები და აეროპორტები, უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში. ყოველ შემთხვევაში საკონტროლო პაკეტი უნდა გვეჭიროს ხელში. საქართველოს უნდა შეეძლოს თავისი სტრატეგიული ფუნქციების განხორციელება. მთავარია, ყველამ გაიგოს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის აშენებას.
– კანიონის გამოყენებას რა უპირატესობა აქვს?
– ნაკლები ხარჯი იქნებოდა, კანიონს თუ გამოვიყენებდით. დაღრმავება უფრო იაფი დაჯდებოდა. დაღრმავების შედეგად ზღვიდან ამოღებული მასალა არის განძი. მისი ძალიან ჭკვიანურად გამოყენება შეიძლება. ჩათვალეთ რომ ოქროა. არ შეიძლება უდიერად მოვექცეთ ამ მასალას და გადავყაროთ. ამ მასალით პორტი უნდა ავაშენოთ და ნაპირებიც უნდა გავამაგროთ მდინარე ხობის წყლამდე. კარგი იქნება თუ გაითვალისწინებენ ამ რჩევას. თუმცა, ძველ პროექტს, რომლის ლოკაციაც განმუხურშია, ალტერნატივა არ გააჩნია.
– შესაძლებელია თუ არა ამ 2 პროექტის გაერთიანება?
– რომ წარმოვიდგინოთ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, როტერდამის პორტი. ეს არის ძალიან ბევრი პორტების ერთობლიობა, ავანპორტებს ეძახიან. ვთავაზობ მთავრობას, ავანპორტებით გავაკეთოთ ანაკლიის პორტიც. 2 დამოუკიდებელი პორტი იქნებოდა – ერთი მარცხენა სანაპიროზე, ხოლო მეორე – მომავალში, განმუხურის მხარეს, რომლის შესასვლელი იქნება უკვე კანიონიდან. იმხელა აუთვისებელი ტერიტორიებია მარჯვენა სანაპიროზე, რომ ძალიან დიდი მასშტაბის ნავსადგურის აშენება არის შესაძლებელი. მდინარე ენგურს გამოაქვს ქვიშნარი, მაგრამ ანაკლიის პლაჟზე ნახავთ, რომ მსხვილი კენჭებიც ურევია. ისინი კოდორიდან მოდის, იხეხება, ცვდება და ჩამოდის ჩვენთან კენჭების სახით. როცა ღელვაა დიდი ტალღების დროს, გადმოდის კანიონის სამხრეთით. ეს არის ნაპირშემქმნელი მასალა. უცხოელებმა ეს არ იციან. ქართული სანაპირო განსხვავებულია უცხოურისგან. ნახევარსაუკუნოვანი კვლევებია ჩატარებული ამ სფეროში. ენგურჰესი როცა აშენდა, მდინარე ენგური გადააგდეს მდინარე ერისწყალში – 23 კმ-ით ჩრდილოეთით. ბუნებაში ადამიანის ჩარევის შედეგად მივიღეთ ის, რომ ენგურს რაც ჩამოჰქონდა მყარი მასალა ნაწილობრივ შეწყდა, რომლითაც ანაკლიაში პლაჟები იქმნებოდა, დაიწყო ანაკლიის სანაპიროების ინტენსიური გარეცხვა. ეს იყო ადამიანის მიერ გამოწვეული ზღვის ნაპირების გარეცხვაზე პირველი ექსპერიმენტი. ტექნოგენური ხასიათი ჰქონდა ადამიანის ჩარევას. ჩემი რჩევა იქნება ამ მთავრობისადმი, რომ გაგრძელდეს კვლევები. აუცილებლად უნდა ჩატარდეს ლითოდინამიკური, ჰიდროდინამიკური მოდელირება ტალღურ რეჟიმზე და მყარი მასალის დინამიკაზე. ასევე საჭიროა ზღვის დონის აწევის ტენდენციების გათვალისწინებაც. არასდროს ვიტყვი პროექტზე, კარგია თუ ცუდი, სანამ არ ვნახავ მოდელირებას. პროექტში ენგურის კანიონი რომ გამოირიცხა, ეს რას გამოიწვევს გამოჩნდება მოდელირებისას. მოდელირება გამოაჩენს პორტში შესასვლელი არხის ვარგისიანობასაც.
– ჩინეთში ვიზიტისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური ინვესტიციაც ჩაიდება, როგორ აფასებთ პრემიერის ამ ინიციატივას?
– ჩინეთი თუ შემოვა წილობრივ ნაწილში, იქნება ძალიან კარგი. ამ პროექტს განმუხურში თუ გავაკეთებთ, აფხაზეთის მოსახლეობას დავასაქმებთ. ეს შესაძლოა, შერიგების საკითხშიც დაგვეხმაროს. სამწუხაროა, რომ ასეთი პროექტების ბედს ფინანსისტები და პოლიტიკოსები წყვეტენ და არა დარგის სპეციალისტები.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი