თბილისში არსებულ რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს აშშ-ს დაფინანსება მას შემდეგ შეუწყდა, რაც ვაშინგტონმა საქართველოს მთავრობას 95-მილიონიან ყოველწლიურ დახმარებაზე უარი განაცხადა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა საქართველოს ხელისუფლება „ანტიდემოკრატიულ და ცრუ განცხადებებში“ დაადანაშაულა, რაც, მისივე თქმით, შეუთავსებელია ქვეყნის ევროკავშირისა და ნატოს წევრობის სტანდარტებთან. ბლინკენს არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რა სახის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოში იმ პროგრამებისა და აქტივობების დაფინანსებას, “რომლებიც სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკის განვითარებაში”.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მედიასთან არ აკონკრეტებენ, თუ კონკრეტულად რომელი პროექტების დაფინანსება შეწყდება ლუგარის ლაბორატორიაში და რატომ, თუმცა, ადასტურებენ, რომ აშშ არის ლუგარის ლაბორატორიაში განხორციელებული პროექტების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დიდი ხანია ითხოვს ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის გამჭვირვალობას. თემა ძალიან ხშირად ხდება პოლიტიკური განხილვის საკითხი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის ფინანსური დახმარების გარეშე ლუგარის ლაბორატორია შეწყვეტს მუშაობას, შედეგად პრობლემები წარმოიქმნება როგორც კვლევის, ასევე ჯანდაცვის სისტემის და ბიოუსაფრთხოების მიმართულებით. ისინი პასუხისმგებლობას მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ აკისრებენ.

თეონა აქუბარდია

პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია ლუგარის ლაბორატორიასა და „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონს შორის კავშირზე საუბრობს. მისი აზრით, დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან მკაფიოდ აუხსნეს მმართველ ძალას და ქართველ ხალხს, რომ ამ კანონით საქართველო შორდება დემოკრატიას.

“ზარალი, რომელიც უკვე განიცადა ქართველმა ხალხმა, იქნება შიდსის, C ჰეპატიტის ლიკვიდაციისა თუ ექიმების გადამზადების პროგრამა”, – განაცხადა აქუბარდიამ.

აღსანიშნავია, რომ ლუგარის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში მდებარე სოფელ ალექსეევკაში 2011 წლის მარტში აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ჯერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დღეს კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ლაბორატორიული სისტემის ხარჯებს 2018 წლიდან სახელმწიფო აფინანსებს.

რიჩარდ ლუგარი თბილისში

2022 წლის ინტერვიუში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (СDC) რეგიონული დირექტორი ჩარლს ვიტეკი აცხადებდა, რომ ლუგარის ცენტრი თბილისში საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით აშენდა და ის შეიქმნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული დიდი გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა.

მისი თქმით, ლაბორატორიის მიზანია ჩაატაროს ტესტირებები, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი. ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გამოავლინოს დაავადება და გაუწიოს მონიტორინგი, თუ რა დაავადებები ცირკულირებს მოსახლეობაში და როდის უნდა შემოიღოს კონკრეტული ზომები, რათა დაავადება აკონტროლოს. გარდა ამისა, ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა აკონტროლოს ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, გარემოში საშიში ქიმიური ელემენტების შემცველობა და რაოდენობა.

ჩარლს ვიტეკის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობამ წარმატებით გაართვეს თავი მსოფლიო დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიის მშენებლობას.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ცენტრი ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს.

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აშშ-დან მიღებული დაფინანსება არ არის იმ მასშტაბის, რომ ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ფუნქციონირებას რაიმე ფორმით ხელი შეეშალოს. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.

მისივე ინფორმაციით, საგრანტო პროექტების მეშვეობით გარკვეული კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდება, თუმცა ეს არ არის ლუგარის ლაბორატორიის ძირითადი ფუნქცია. დაწესებულება თავის ძირითად უფლებამოსილებას სახელმწიფოს დაფინანსების საფუძველზე ახორციელებს.

მინისტრმა დაადასტურა, რომ კვლევები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა, იყო გლობალური მნიშვნელობის და ამით სარგებლობს ამერიკული და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარე.

“დამატებით მოპოვებული დაფინანსება ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება, რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები. ამით, რა თქმა უნდა, ისარგებლებს ამერიკული და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარე, რომელიც ამ კვლევაშია ჩართული”, – განაცხადა სარჯველაძემ.

თორნიკე მოლაშვილი

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა – თორნიკე მოლაშვილი ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ძირითადად ძლიერი ვირუსები გამოჰყავთ და შეიძლება ითქვას, რომ “ამ ბუნდოვანი დაწესებულების ფუნქციონირებით ქვეყანა დენთის კასრზე იჯდა”.

მისივე თქმით, საქართველოს არაფერი დააკლდება ლუგარისთვის გრანტების შეჩერებით, უფრო მეტიც, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ძალიან კარგია.

„გამჭვირვალობის კანონის მეორე, უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისათვის – აშშ-მა ლუგარის ლაბორატორიას დაფინანსება შეუჩერა. როგორც არავინ იცის, სად მიდიოდა ის 95 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც გაყინეს და რეალურად ამ ფულით საქართველოში თავიანთ აგენტურას აფინანსებდნენ, ასევე არავინ იცის, რას საქმიანობდა ჩვენ ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორია. როგორ შეიძლება ქვეყანაში ფუნქციონირებდეს მსგავსი დაწესებულება და ის ანგარიშვალდებული იყოს სხვა ქვეყანასთან, თუნდაც ეს ამერიკა იყოს?“, – აცხადებს თორნიკე მოლაშვილი.

ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ინტერესი და კრიტიკა კიდევ უფრო გაიზარდა კოვიდ-პანდემიის დროს. მოქალაქეები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უამრავი ბრალდება გაისმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების მისამართითაც, რომ ისინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებით ხოცავდნენ ადამიანებს.

ვიქტორ კუსიანი

უფლებადამცველი, ორგანიზაცია “ევრაზიული ალიანსის” ხელმძღვანელი ვიქტორ კუსიანი უკვე წლებია იბრძვის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. ამ ხნის განმავლობაში მას საინტერესო მტკიცებულებები და ინფორმაცია დაუგროვდა. როგორც კუსიანმა Dalma News-თან საუბრისას აღნიშნა, მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს აშშ-მ ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება შეწყვიტა, სინამდვილეში საუბარია 2025 წლის დაფინანსებაზე, 2024 წლის პროექტებზე თანხა გამოყოფილია და პროექტები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისი აზრით, დაფინანსების შეწყვეტა არის გარკვეული პაუზა, რაც განპირობებულია საქართველოსა და აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. ამას ემატება ისიც, რომ ორივე ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია.

„შეიძლება იმ მასშტაბით არ გაგრძელდეს დაფინანსება, რაც იყო, მაგრამ მთლიანად არ შეჩერდება. შესაძლებელია, ეს იყო გარკვეული ფანდიც, რომ საზოგადოებაში ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ინტერესი განელდეს“, – ამბობს უფლებადამცველი.

ლუგარის ლაბორატორიის მიმართ პრეტენზიები მოსკოვსაც აქვს. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ მოითხოვა ინფორმაცია იმაზე, თუ რა პროექტებსა და ვირუსებზე მუშაობს ლაბორატორია?

“მართალია, რამდენიმე წლის წინ ლუგარის ლაბორატორიაში შეიყვანეს ჟურნალისტები და დაათვალიერებინეს შენობა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. შენობის ქვემოთ კიდევ 3 სართულია, რომელიც ეკუთვნის პენტაგონს და უშუალოდ მუშაობენ აშშ-ს სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები და სხვა სპეციალისტები, იქ არავინ შეუყვანიათ”, – ამბობს ვიქტორ კუსიანი.

მისივე აზრით, ლაბორატორიაში ჟურნალისტების შეყვანა არ ნიშნავს გამჭვირვალობას. ლუგარში მიმდინარე კვლევებზე ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი დამოუკიდებელი მკვლევრებისთვის, რაც აბსოლუტურად იგნორირებულია როგორც ხელისუფლების, ისე ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელების მხრიდან.

„იმ ქვეყნების საშუალებით, სადაც ამერიკამ ააშენა ბიოლოგიური ლაბორატორიები, პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში აწარმოებს ბიოლოგიურ ომს მსოფლიოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ახალ პანდემიებს აანონსებენ კიდევ. უკვე დამზადდა სხვადასხვა ვაქცინები, შემოდგომისთვის გველოდება პანდემიის ახალი ტალღა. ლუგარის ლაბორატორია ჯერჯერობით განაგრძობს თავის საქმეს, ხელისუფლება პასუხს ვერ გვცემს. რამდენიმე წერილი მე თვითონ გავგზავნე. აბსოლუტურ დუმილს ამჯობინებენ. ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია“, – ამბობს ვიქტორ კუსიანი.

მისივე ინფორმაციით, ტვირთი, რომელიც მოდიოდა აშშ-დან, განუბაჟებლად შედიოდა ლუგარის ლაბორატორიაში.

“პრეტენზიები, რომლებიც არის ამ ლაბორატორიის მიმართ, გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით. იგივე ცე-ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ, დღემდე უცნობია, თუ რამდენი ადამიანი პაციენტი გადაარჩინეს, რამდენი – დაიღუპა. მსგავსი მონაცემები გასაიდუმლოებულია და გადაგზავნილია პირდაპირ პენტაგონში“, – განუცხადა Dalma News-ს ვიქტორ კუსიანმა.

სენატორები სემ ნანი და რიჩარდ ლუგარი

მისივე თქმით, კოვიდ-პანდემიამ მთელს მსოფლიოში 17 მლნ ადამიანი შეიწირა, მაგრამ არავისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ჩაკეტვებისა და პირბადეების პანიკური მოთხოვნის ფონზე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო ფსიქოლოგიური სტრესი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფსიქოლოგიური წნეხის გამო გაცილებით მეტ ადამიანს შეერყა ჯანმრთელობა, ვიდრე კოვიდ-ვირუსის შედეგად.

„ეს არის გრანდიოზული ლაბორატორია. თუ ის იმუშავებს სწორი მიმართულებით და ადამიანების კეთილდღეობის სამსახურში იქნება, რა თქმა უნდა, ასეთი ლაბორატორია ქვეყნისთვის საჭიროა, მაგრამ არსებობს სხვა პრობლემებიც. ლაბორატორიის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები ძალიან ხშირად გამოთქვამენ წუხილს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რასაც უკავშირებენ სწორედ ლუგარის ლაბორატორიას“, – ამბობს უფლებადამცველი.

მუდმივად ისმის კითხვა, სად და როგორ ნადგურდება ლაბორატორიიდან გამოტანილი ნარჩენები? როგორც ამბობენ, ქიმიური ნარჩენები ჩაედინება მდინარე მტკვარში, ძირითადად ღამის საათებში. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ლაბორატორიის შენობიდან ღამის საათებში იფრქვევა კვამლის სახით მომწამვლელი ნივთიერებები, რასაც საკმაოდ მძაფრი სუნი აქვს.

​უფლებადამცველის აზრით, არსებულ ვითარებაში გამოსავალი იქნება ლაბორატორიის დამოუკიდებლობა და ღიაობა. დაუშვან ლაბორატორიაში დამოუკიდებელი სპეციალისტები, რათა ყველაფერს მოეფინოს ნათელი.

გიორგი ქართველი