2018 წლის დასასრული საქართველოს მოსახლეობისთვის პოლიტიკურად ცხელი და მოულოდნელობებით აღსავსე გამოდგა. 6 წლის შემდეგ, ქართველი ამომრჩეველი კვლავ აღმოჩნდა წარსულში დაბრუნების ზღვარზე. ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რევანშისთვის ემზადება. მმართველი გუნდისა და მისი ლიდერის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინაშე კვლავ ნაცნობი ამოცანა დგას – დაარწმუნოს ამომრჩეველი.
მმართველი პარტიის დეპუტატები Dalma News-სთან საუბრისას დღეს იმასაც აღიარებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ნაჩქარევი და არადროული გადაწყვეტილება იყო, თუმცა თავად ოლიგარქი განმარტავს, რომ ეს პერიოდი იგი საქართველოს საგარეო იმიჯზე მუშაობდა და ამერიკისა თუ ევროპის პოლიტიკურ წრეებში ფესვგადგმული “ნაციონალური მოძრაობის” შესუსტებაზე მუშაობდა და “ქართული ოცნების” დასავლური ღირებულებების დემონსტრირებას ახდენდა. ახლა კი სურს, ისევ საშინაო საქმეებს მიხედოს და ქვეყნის ეკონომიკა გააჯანსაღოს.
სად გაჩერდა და საიდან იწყებს საქართველოს ეკონომიკის აყვავებას, როგორი მისი მოკლევადიანი, თუ გრძელვადიანი გეგმები, მსგავსი არაფერი მოუსმენია ქართველ ამომრჩეველს, თუმცა, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ერთ წელს დაჟინებით სთხოვს და ირწმუნება, რომ ქვეყანაში ბევრი რამ რადიკალურად შეიცვლება.
“ჭარბვალიანობა და სიღატაკე კვლავ მწვავე პრობლემად დგას ქვეყანაში. ადამიანებმა საკვები რაციონიც კი შეცვალესო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ თავის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, “ქართული ოცნების” ლიდერმა გადაწყვიტა 700 ათასამდე ოჯახს ვალები გადაუხადოს, ამისთვის მისი ფონდი “ქართუ” 1,5 მილიარდ ლარს გაიღებს. ბანქოს კოზირივით შემონახული ინიციატივა მმართველმა გუნდმა მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გააცნო. როგორც ჩანს, ბანკების მიერ “შავ სიაში” შეყვანილი მოქალაქეების დახმარების იდეა, “ნაციონალურ მოძრაობასაც” ჩაუჯდა გუნებაში, თუმცა, მათი დაპირება ნაკლებად რეალისტურად გამოიყურებოდა, ვიდრე ქველმოქმედებით ცნობილი ოლიგარქისგან ზურგგამაგრებული “ქართული ოცნების” პრემიერის, მამუკა ბახტაძის მხრიდან.
ბახტაძის განცხადებით ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება 31 დეკემბრამდე, “შავ სიაში” დაფიქსირებულ 600 ათას ადამიანს, რომელთა სასესხო დავალიანება 2 000 ლარს არ აღემატება, ვალი გაუნულდება, გარანტირებულად ამოვლენ მოვალეთა რეესტრიდან და ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდებიან. ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 000 სოციალურ დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი. მთავრობა განაგრძობს მუშაობას მოვალეთა რეესტრის ბაზებთანაც. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება მოქალაქეებს 3 დეკემბრიდან, სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით შეეძლებათ. ასევე, შეუძლიათ, იმ ორგანიზაციებს მიმართონ, ვისი ვალიც მართებთ. “შავ სიაში” დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან.
მამუკა ბახტაძის აზრით, ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე, სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია.
“ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად დიდია ბევრი ქართული ოჯახისთვის, რომ მძიმე კვალს ტოვებს ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე. გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს თავიანთი შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ მისდიოდეთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს. საქართველოს თითქმის 700 000 მოქალაქე იმყოფება “შავ სიაში”, რის გამოც პრაქტიკულად მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას”, – აცხადებს იგი.
მთავრობაში არ მალავენ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერა. ამ გამოწვევაზე, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე გაამახვილა ყურადღება. 600 ათასი მოქალაქის ვალის გადახდის სურვილი დადებითად შეაფასეს “ქართული ოცნების” წევრებმაც და ყოფილმა წევრებმაც.
“ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ არაფერია ცუდი იმაში, არჩევნების გამო ხელისუფლება თუ ოპოზიცია ხალხს შვებას თუ აგრძნობინებს. მაგრამ, ფული ისეთი პროდუქტია, რომელზეც ადამიანი უარს არასდროს ამბობს, ხოლო ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა კვლავ მწვავე პრობლემაა, არსებობს რისკი, რომ ვალიდან ამოყვანილი ადამიანები, კვლავ აღმოჩნდებიან ბანკებისა და მევახშეების ტყვეობაში.
“საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ვალის სტიმულირებაზეა აწყობილი. ვალის აღების საშუალება გასული საუკუნის 90-იან წლებამდე არ არსებობდა. 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან ადამიანებს სამომხმარებლო – იპოთეკური სესხების აღების შესაძლებლობა მიეცათ. სტუდენტებს შეუძლიათ სტუდენტური სესხი აიღონ. შესაბამისად, ხელისუფლებამ სხვადასხვა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობა მაქსიმალურად შემცირდეს”, – მიაჩნია დავით ჭიჭინაძეს.
მისივე თქმით, ნებისმიერი ვალის ჩამოწერა ძალიან კარგი აქტია, თუმცა ხელისუფლებას დიდი ყურადღება მართებს, რომ ჭარბვალიანობა ისევ არ დადგეს დღის წესრიგში.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე აღნიშნულ ინიციატივაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ეს არის კერძო ფონდის ინიციატივა და რომ არა ბიძინა ივანიშვილის ყოფნა პოლიტიკაში, განსახილველიც არაფერი იქნებოდა. მეორე მხრივ, გიორხელიძის აზრით, გაუგებარია ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას რატომ გააცნო მთავრობის მეთაურმა, მაშინ, როდესაც ამაში საბიუჯეტო სახსრები არ მონაწილეობს.
“კერძო ფონდი, როგორ მოელაპარაკება ბანკებს და როგორ გაათავისუფლებს მოქალაქეებს ვალისგან, ეს კერძო ფონდის, ლომბარედებისა და ფინანსური ინსტიტუტების საქმეა. თუ საბჭოთა მენტალიტეტში და ტოტალიტარიზმში არ დავრჩებით, სხვისი ფულის თვლა ვერ არის კარგი საქმე. ფულის პატრონს მიაჩნია, რომ ასე უნდა გააკეთოს, ამიტომ გააკეთოს. ეს არ ცვლის ქვეყანაში არც ეკონომიკურ მდგომარეობას, არ კეთილდღეობას, უბრალოდ ვინც გაათავისუფლეს იმისთვის შვებაა. ცოტა ხანში ისევ დიდ ვალებში შეძვრებიან ეს ადამიანები, იმიტომ, რომ ქვეყანაში არ იქმნება სამუშაო ადგილები, გაჭირვებული ხალხი ისევ ისესხებს ფულს”, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.
მისივე შეფასებით, ეს არის დროებითი შეღავათი ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, თუმცა უკვე გამოჩნდა ადამიანების მეორე ჯგუფი, რომლებიც აგრესიულად განეწყვნენ ამ ინიციატივის მიმართ და თავს დაჩაგრულად გრძნობენ იმის გამო, რომ თავად პატიოსნად იხდიან ბანკის ვალს. მაგრამ რა მოხდებოდა ეს ვალები ბიუჯეტს რომ დაეფარა, მაშინ უკმაყოფილების ტალღა აგორდებოდა.
“ეს იქნებოდა ძალიან დიდი უსამართლობა, იმიტომ, რომ ფული არის საერთო და საერთო ინტერესს უნდა მოხმარდეს და თუ ხალხის თანხმობა არ იქნებოდა 1,5 მლრდ ლარის გასვლას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნებისმიერი მთავრობა გადაჰყვება”, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.
ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ერთჯერადი აქცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დასაწყისს არ ნიშნავს. იმ ვითარებაში, როცა საქართველს ხელისუფლების მხრიდან წაყრუების პოლიტიკის წყალობით ბანკები დომინირებულ მდგომარეობაში არიან, ქვეყანა ეკონომიკურად ვერ განვითარდება. ექსპერტი დემურ გიორხელიძე Dalma News-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის ხელისუფლებების მიერ შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობში ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
“ფული არ არის და არ იქნება ხელმისაწვდომი. საქართველო ისევ ტურიზმსა და ღვინოს ექსპორტზე ლაპარაკობს. ეს არის სრულებით უპერსპექტივო მიმართულებები. ერთი სექტორიც და მეორეს ძალიან კარგად უნდა მუშაობდეს, მაგრამ მათზე აქცენტის გაკეთება დაუშვებელია”, – მიაჩნია დემურ გიორხელიძეს.
ვალის გადახდის პოლიტიკურ ეფექტზე Dalma News -მა პოლიტოლოგ გია აბაშიძის მოსაზრება მოისმინა. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს საკმაოდ საინტერესო და გაბედული ნაბიჯია, არის გარკვეული პოლიტიკური დივიდენდის მომტანიც იმ მხრივ, მოსახლეობის 1/3, რომელიც “შავ სიაში” იყო, შეძლებს ეკონომიკური აქტივობის დაწყება, იქნება ეს იაფი აგრო კრედიტი, სასესხო ხელშეკრულება, ბიზნესი დაწყება თუ სხვა. რაც შეეხება ხმებს, გაწვდება თუ არა ეს ფული “ქართულ ოცნებას” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ძნელი სათქმელია.
“უმჯობესია, ეს იყოს ერთჯერადი აქტი და აღარ ჰქონდეს პრეცედენტი, რომ მოსახლეობას არ შეექმნას მოლოდინი, რომ არჩევნებამდე აღებული ნებისმიერი ვალი მათ ჩამოეჭრებათ. მეორე მხრივ “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეასრულოს თავისი ნებისმიერი დაპირება, რადგან მათ ამოწურული აქვთ ნდობის კრედიტი, აღარ აქვთ ამომრჩევლის მოტყუების ფუფუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიიღებენ მოსახლეობის პროტესტს”, – აცხადებს გია აბაშიძე.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ მას სულ რაღაც ერთი წელი სჭირდება ყველაფრის დასალაგებლად, თუმცა, რის ან როგორ, ამაზე არ საუბრობს. მორწმუნეთ ისღა რჩებათ კიდევ ერთხელ ირწმუნონ “ოცნების”, უნდათ თუ არა, სხვა არჩევანი მაინც არ აქვთ. უკან რევანშს მოწყურებული “ნაციონალური მოძრაობაა”.
შორენა პაპაშვილი