მერაბი ცოცხალი რომ ყოფილიყო და მასთან შეხვედრის ბედნიერება მქონოდა, პირველი, რასაც ვეტყოდი არის, რომ იგი აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც თქვა, – ადამიანის აზრი და ცხოვრება სპირალურად მოძრაობსო.
ჯერ კიდევ პატარაობაში, როდესაც დედასთან ერთად ვსეირნობდი, დედამ ერთ ბინაზე მიმითითა და მითხრა, რომ იქ მისი კლასელი, იზა მამარდაშვილი, მერაბ მამარდაშვილის და ცხოვრობს. დიახ, სწორედ ის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც მეოცე საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნე და “ქართველ სოკრატედ” აღიარებული ფილოსოფოსია. წლების შემდეგ, უკვე ჟურნალისტს მერაბ მამარდაშვილის შესახებ ერთ-ერთმა მისმა სტუდენტმა მომითხრო. მესამედ ფილოსოფოსის გვარმა ჩემს ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ გაიჟღერა. კოლეგამ მითხრა, რომ იზა მამარდაშვილს იცნობდა. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრების იგივე სპირალზე აღმოვჩნდი და მერაბის შემოქმედებასთან, ნააზრევთან და ნაშრომებთან შეხვედრა გარდაუვალი იყო.
მარტოობიდან გაქცევა
შევდივარ მერაბ მამარდაშვილის ოთახში. მისი და, ქალბატონი იზა საწერ მაგიდაზე მიმითითებს და მეუბნება: “მერაბი ამ მაგიდასთან მუშაობდა”. მაგიდა ყოველთვის ფურცლებით და წიგნებით იყო სავსე. იზა ძმის მაგიდას არასოდეს ეკარებოდა.
– “მერაბი ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. ბავშვობაში სერიოზულად, არც აღიქვამდა”, – ღიმილით იხსენებს იზა მამარდაშვილი.
მერაბ მამარდაშვილი გორში, 1930 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. სწავლა ძალიან უყვარდა. ვაჟთა მეთოთხმეტე სკოლის დამთავრების შემდეგ, ოჯახს გამოუცხადა, რომ მოსკოვში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად მიდიოდა.
— მამის კიტელში გამოწყობილი წავიდა. დედას მისი გაშვება არ უნდოდა, მამა კი მის გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. მამაჩვენი სამხედრო იყო, ომგამოვლილი. იგი უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე ლექციებს კითხულობდა. ეს ბინაც სწორედ მაგიტომ მოგვცეს. ჭავჭავაძის პროსპექტზე, თსუ-სთან ახლოს კორპუსში უნივერსიტეტის თანამშრომლები შეასახლეს. დედას განათლება არ მიუღია, თუმცა ძალიან გონიერი ადამიანი იყო. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, გაირკვა რომ ფილოსოფიის ფაკულტეტზე მოსახვედრად გერმანული ენის ცოდნა იყო საჭირო. მერაბმა გერმანული ენა 4 თვეში ისწავლა, თუმცა ეს ენა ცხოვრების ბოლომდე არ უყვარდა. ვფიქრობ, ეს ომის პერიოდში განვლილი ბავშვობის დამსახურება იყო.
– კარგად მახსოვს, მერაბს პატარა ჯარისკაცები ჰქონდა, რომლებიც მუყაოსგან თავად გააკეთა და დაყო “ჩვენებად” და გერმანელებად. მერაბმა კარგად იცოდა ინგლისური, ფრანგული და იტალიურიც. იმდენად კარგად ფლობდა ამ ენებს, რომ იტალიელი მეგობრებისთვის იტალიურ ენაზე ითამადა.
მერაბი მოსკოვში ძალიან დიდხანს ცხოვრობდა. ფილოსოფიამ და საგანმანათლებლო მოღვაწეობამ მერაბზე, როგორც დამოუკიდებელ ფილოსოფოსზე, ძალიან დიდი როლი ითამაშა. დიდი სულიერი და საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა მის სალექციო კურსებს ფილოსოფიაში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სრულიად რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, უმაღლესი სარეჟისორო კურსებზე, სსრკ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ქვეყნის სხვა უნივერსიტეტებში, ასევე გარდაქმნების პერიოდში ჩაწერილ მრავალ ინტერვიუსა და საუბარს.
თბილისში გარდაცვალებამდე 10 წლით ადრე ჩამოვიდა. სამშობლოსკენ სწრაფვა ყოველთვის ჰქონდა. როგორც ჩანს, მოსკოვში საქართველოსა და საკუთარი ფესვებისადმი მიჯაჭვულობას, მტკივნეულ მარტოობას განიცდიდა.
იზა მამარდაშვილს, როგორც თავად ამბობს,ძმის, როგორც, რაღაც დიდებულის მიმართ არასოდეს ჰქონია განსაკუთრებული დამოკიდებულება. მას დედმამიშვილი უბრალოდ უყვარდა და მასზე ზრუნვა უნდოდა.
— მას ძალიან ვუყვარდი, – იზა საუბარს წყვეტს, – მთავარია, ახლა არ ავტირდე … დეტექტიური ისტორიების კითხვა ორივეს გვიყვარდა. მაგრამ, ჯერ მერაბი კითხულობდა და შემდეგ მე მაძლევდა წასაკითხად. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში უპრეტენზიო იყო. სახლში მოსული მეკითხებოდა, რამე გემრიელი ხომ არ გამოვაცხვე. მოსკოვში ცხოვრების პერიოდში აბსოლუტურად ყველაფერი ისწავლა და ჩემზე უკეთესად ამზადებდა, განქორწინების შემდეგ ხომ მარტო ცხოვრობდა. თუმცა საშინლად მობეზრდა მარტოობა. მთელი ცხოვრება ქალის სითბო აკლდა. დიახ, მის ცხოვრებაში იყვნენ ქალები, მაგრამ ეს არ იყო ოჯახური ურთიერთობები. გარდა ამისა, მისნაირ ადამიანს საიმედო ზურგი სჭირდებოდა.
შემდეგ დადგა 90-იანი წლები. მერაბ მამარდაშვილი მაშინდელ ხელისუფლებას და მის ლიდერს ზვიად გამსახურდიას ღიად აკრიტიკებდა. იგი აცხადებდა, რომ ტოტალიტარიზმის დემოკრატიულ სისტემაში ტრანსფორმაცია არ მოხდა, ხოლო ნაციონალიზმის პარპაშის ნაციონალური იდეალებისთვის ბრძოლით შენიღბვას ცდილობდნენ. მისი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების გზაზე სიარული განაგრძო, რომლის წინააღმდეგაც იგი იბრძოდა. ბნელი დრო იყო. მერაბს ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ, ავიწროებდნენ. იგი ამის შესახებ არასოდეს საუბრობდა, მაგრამ მისი და ყველაფერს ხვდებოდა.
– ერთხელ ჩემს მეგობართან და მერაბთან ერთად ვისხედით და ვუთხარი: – მერაბ, გაემგზავრე. ძალიან მეშინოდა მის გამო. მერაბმა კითხვით მიპასუხა – „შენ?“ – მე მოგვიანებით ჩამოვალ-მეთქი. იმ დროისთვის მას სამი ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, შესაძლოა სწორედ ქვეყნისადმი ზრუნვამ და მისადმი არსებულმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მისი ამ ქვეყნიდან წასვლა დააჩქარა.
ფილოსოფია, როგორც ჯაზური იმპროვიზაცია
მერაბ მამარდაშვილის შემოქმედებას ძნელად თუ მივაკუთვნებთ, რაიმე კონკრეტულ ფილოსოფიურ მიმართულებას, ან სკოლას. მეცნიერებაში შეტანილი მისი წვლილის შეფასებისას, ხშირად, კომპლიმენტებთან ერთად, კრიტიკული მოსაზრებები გვხვდება. კრიტიკული სკეპტიციზმის საფუძველი არის ის, რომ მისი ფილოსოფია ზედმეტად იმპროვიზირებულია. მერაბ მამარდაშვილის წიგნები მისი სტუდენტების და თავისუფალი მსმენელების მიერ ჩაწერილი ლექციებია. თავად ფილოსოფოსს მიაჩნდა, რომ საჭიროა ფილოსოფოსობა აქ და ახლა, კონკრეტულ აუდიტორიაში და განწყობით. ეს პროდუქტი უნდა იყოს ცოცხალი და არა ტექსტის სახით დაფიქსირებული.
“მერაბ მამარდაშვილის ნამუშევრები არღვევს სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებული აკადემიური გამოხატვის ტრადიციას, რომელიც უზრუნველყოფს წარმოდგენილი მასალის კომპოზიციურ ჰარმონიას, თანმიმდევრულობას და სავარაუდო სისრულეს”, – ამბობს გია სიამაშვილი, ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, რომელიც ფილოსოფოსის ლექციებს ესწრებოდა და მას კარგად იცნობდა.
– სხვაგვარად რომ ვთქვათ, მასში საბჭოთა მკითხველისთვის კარგად ცნობილი ქრესტომატიულობა, ამომწურავ პასუხებზე პრეტენზიები არ არის. ფილოსოფოსი განმანათლებლობის დროიდან მოყოლებულ ტრადიციას არღვევს. იგი იმპროვიზირებს კანტისა და დეკარტის სწავლებებით, რომელიც მასში საკუთარ რეფლექსებს აყალიბებს და თავის მსმენელსა და მკითხველს სთავაზობს. მისი ლექციები ჯაზური მუსიკის, რომელიც მერაბს ძალიან უყვარდა, ვირტუოზულ იმპროვიზაციას ჰგავს. იმპროვიზაცია – ეს არის უცნობი ნიუანსების ახლებური გაგება, გააზრება და ხაზგასმა. იდეების იმპროვიზაციის უნარი ფილოსოფოსისთვის ძალზედ ძვირფასი და უნიკალურია. ასეთი იმპროვიზაციის უნარის ხარჯზე ფილოსოფიური აზრის კლასიკოსი თანამედროვედ გვევლინება.
მამარდაშვილის ფილოსოფიის გამჭოლი თემა და მისი მთავარი განსაკუთრებულობა, ინდივიდუალური ცნობიერების ანალიზია. იგი ერთმანეთისგან განასხვავებდა ფილოსოფიას და ფილოსოფიურ სისტემებს. მიაჩნდა, რომ რეალური ფილოსოფია მიზნად ისახავს ადამიანის მიერ სტაბილურობის მიღებას ცვალებად სამყაროში.
-მას პრუსტი უყვარდა,- განაგრძობს გია. — მან ფრანგი მწერლის შემოქმედების შესწავლას ძალიან დიდი დრო დაუთმო. მისთვის განსაკუთრებით ახლოა „ცნობიერების ნაკადის ლიტერატურა“, რომელშიც მწერლის ყურადღება გმირის შინაგან განცდებზეა კონცენტრირებული. მეოცე საუკუნის დასაწყისში ეს სიახლე იყო. მწერლები შინაგან მდგომარეობას ძირითადად გმირის მოქმედებებით აღწერდნენ. პრუსტის მიხედვით, შინაგანი სამყარო არანაკლებ საინტერესოა მის გარე აქტივობაზე. იგი საკუთარ თავში ჩაღრმავდა და საკუთარი სულიერი გამოხატულებების, მდგომარეობის და განცდების მიყურადება დაიწყო. ერთ-ერთ ლექციაზე იგი საუბრობს სვანის შესახებ (პრუსტის რომანის “დაკარგული დროის ძიებაში”გმირი). ნუშის არომატის მქონდე ჩაის გმირი დროის მანქანის მსგავსად ბავშვობაში გადაჰყავს და ახსენებს მთელ იმ ატმოსფეროს, რომელიც სამუდამოდ დავიწყებული და დაკარგული ეჩვენებოდა. ადამიანი ნამდვილი მაშინ არის, როდესაც საკუთარ მეს ესაუბრება. თანამედროვე ადამიანი შინაგანი სამყაროთი პრაქტიკულად არ არის დაკავებული. იგი მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს.
განმანათლებლობის ეპოქამდე ადამიანი ღმერთის მსგავსება და ქმნილება იყო. ამიტომ, იგი სრულყოფილებისა და ღვთიურისკენ ისწრაფვოდა. განმანათლებლობამ აქცენტები მეცნიერებასა და ტექნიკაზე გადაიტანა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა სწრაფად დაიწყეს განვითარება და გაჩნდა ილუზია, რომ ბედნიერი ცხოვრებისა და კაცობრიობის კეთილდღეობისთვის მხოლოდ გონებაც საკმარისია. ადამიანი გონების ძალამ დაათრო.
— როგორც დოსტოევსკის რაზუმნიხინი რასკოლნიკოვს ეუბნება: „ვიყავი კომუნისტებთან და ისინი ამბობენ, რომ რაღაც მათემატიკური იდეა ისე მოაწყობს საზოგადოებას, რომ არც ბოროტება იქნება და არც – დამნაშავეობა. იქნება იდეალური სოციალური წყობა“. აქ დოსტოევსკი ფაქტობრივად ჩერნიშევსკის და სოციალისტების ირონიზირებას ახდენს, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ შესაძლებელია, რაღაც სოციალური მოწყობილობის სქემის შექმნა, რომელიც ადამიანების ცოდვისა და ნაკლის მიუხედავად, ყველასთვის ბედნიერ ცხოვრებას მოაწყობდა. ამ იდეამ თავი მარქსიზმში პოვა, რუსულ სოციალიზმში, ახლა კი სხვა უტოპიით – ნეოლიბერალიზმად გვევლინება. ამ მიმდინარეობის საპირისპიროდ, აღნიშნული მიმართულება აქცენტს აკეთებს ადამიანის შინაგან ცხოვრებაზე – უნიკალურ განუმეორებელ პიროვნებაზე.
მამარდაშვილი იყო ფსიქოლოგი, რომელსაც ადამიანის სულის მოძრაობებში, მისი ხასიათის ნიუანსებში გარკვევა სურდა. იგი, ისევე როგორც დოსტოევსკი, ადამიანის სულს სწავლობდა.
– მახსოვს, მერაბის უყვარდა შეყვარებული წყვილის ამბავის მოყოლა. მამაკაცი ეზოში გადის, შემოაქვს შეშა, ბუხართან აწყობს და, როდესაც გადაიხარა ზუსტად იმ დროს ქალი ზურგზე შეახტება. მას ეს საშინლად არ მოეწონა და ქალისადმი გრძნობა გაუცივდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალის რეაქციამ მისი მდგომარეობა არ გაითვალისწინა. ამ სცენაში ჩანს ის, რომ ადამიანს შეუძლია ერთდროულად უყვარდეს და გაუცხოვებასაც გრძნობდეს.
მერაბ მამარდაშვილი 1990 წლის 25 ნოემბერს, მოსკოვის აეროპორტში გარდაიცვალა. იგი ამერიკაში კონფერენციაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. აეროპორტში მასთან ორი პიროვნება მივიდა, რაღაცაზე ისაუბრეს და წავიდნენ. ამის შემდეგ, მერაბს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა, – წერს მერაბ მამარდაშვილის მეგობრის და, რუსი ფილოსოფოსის, იური სენოკოსოვის მეუღლე, რომელიც თბილისიდან ჩასულ მერაბს მოსკოვში მასპინძლობდა.
“ადამიანის სული უკვდავია”, – თქვა მერაბმა და წავიდა…
ეკატერინე მინასიანი
მამარდაშვილების საოჯახო ალბომის არქივი