დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას, ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით.
როგორც Dalma News-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, შეთანხმება ქალაქ დალიანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ღარიბაშვილი დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა და იმედი გამოთქვა, რომ მემორანდუმი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
თავის მხრივ დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პროექტები მომავალშიც გაგრძელდება და მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრის დასწრება, არის დასტური ორ ქვეყანას შორის ახალი, დინამიური თანამშრომლობის დასაწყისის.