საქართველოს დედაქალაქ თბილისს თავისი ლამაზი ლეგენდა აქვს, რომელსაც ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს ამაყად ვუყვებით, თან ქართულად მისალმებასაც ვასწავლით და ისინიც ბედნიერი სახეებით იმეორებენ ქართული ენისთვის დამახასიათებელ, რთულად წარმოსათქმელ ბგერებს – გამარჯობათ! ლეგენდის თანახმად თბილისის სახელწოდება სიტყვა თბილიდან მომდინარეობს და აქ აღმოჩენილ ბუნებრივად ცხელ წყლებს უკავშირდება. ისტორია, ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V საუკუნეში ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს.
X საუკუნეში არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი წერდა, რომ ქალაქ თბილისში არის აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხოდ დუღს. იმ ადგილს, სადაც აბანოებია აშენებული “აბანოთუბანს” ეძახიან.
ძველად თბილისში ამ აბანოებს მარტო სამკურნალო დანიშნულება როდი ჰქონდა. აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ.
გაგიკვირდებათ და ეს ადგილი სადედამთილოებისა და გასათხოვარი გოგონების “საყვარელი” ადგილი იყო, აქ ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.
ისტორიული წყაროების მიხედვით, პირველი საცხოვრებელი კერა თბილისში, სწორედ გოგირდის ცხელი წყაროების ტერიტორიაზე გაჩნდა. “აბანოთუბნიდან” დაიწყო ქალაქის ეკონომიკური აყვავება, ჩამოყალიბდა ნაგებობათა არქიტექტურული სახე, განვითარდა ხელოვნება. სხვადასხვა დროის გეოგრაფები და მოგზაურები თბილისს, როგორც მრავალი სიმდიდრის მქონე, საკვირველ და საოცარ ქალაქად ახასიათებდნენ. გოგირდის აბანოების სამკურნალო თვისებების შესახებ არაერთი საინტერესო ინფორმაცია უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებმაც შემოგვინახეს.
მაგალითად, XVII საუკუნეში საქართველოში ჩამოსული რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა წერდა: იმ წყაროებზე ძალიან ლამაზი პალატებია აგებული, ცხელ ჭებში ბანაობენ ქრისტიანები და მაჰმადიანებიო.
რუსმა პოეტმა ალექსანდრე პუშკინმა 1829 წელს თბილისში ყოფნისას, ორბელიანების ჭრელ აბანოებში იბანავა და შემდგომ თავისი შთაბეჭდელებები გადმოსცა ნარკვევში “მოგზაურობა არზრუმში”.
XIX საუკუნის 60-იან წლებში გოგირდის ცხელი წყალი არაერთი მეცნიერისა და სპეციალისტის ყურადღების ცენტრში მოექცა და მეცნიერებმა ქიმიური ანალიზიც ჩაატარეს. 1884 წელს თბილისის საკრებულოში შეიქმნა კომისია, რომელსაც ბალნეოლოგიური სადგურის აშენების საკითხის დამუშავება დაევალა.
აბანოებს, რომლებიც თბილისის ერთგვარი ტურისტული სავიზიტო ბარათია, რთული დღეები უდგას. “აბანოთუბანის” აბანოებს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” გადასახადის ახალი ტარიფი დაუწესა. ტარიფის სიმძიმის გამო, შესაძლოა აბანო დაიხუროს. საქმე სასამართლომდე მივიდა და აბანოები დააყადაღეს, შესაბამისად ბიზნესს პრობლემები ექმნება, აბანოების ხელმძღვანელებს შემდგომი საქმიანობისთვის ბანკიდან სესხი ვერ გამოაქვთ.
ვითარების გარკვევის მიზნით Dalma News-ი ერთ-ერთი აბანოს მფლობელს, შპს “ნარიყალას” დირექტორ ნოდარ ტოტოღაშვილს ესაუბრა.
– რამდენი ხანია, რაც ამ ბიზნესში ხართ?
– ცხრა წელია ამ ბიზნესში ვარ. საკუთარი სახსრებით, ყოველგვარი უცხოელი ინვესტორების დაუხმარებლად მოვიტანეთ აბანოები დღემდე. 9 წლის წინათ გაპარტახებული იყო აქაურობა. ჩვენ შევინარჩუნეთ მისი სახე ძველი თბილისის სტილში. შარშან საერთო განყოფილება გავარემონტეთ ისე, რომ არ დავხურეთ აბანო. ღამის საათებში ვმუშაობდით.
– დღეს რა პრობლემები გაქვთ?
– როცა დავიწყეთ მუშაობა, კომპანია “ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერთან” გვქონთა სიტყვიერი მოლაპარაკება, გონივრულ ტარიფზე შევჯერდით და დღემდე ვიხდით. 2015 წლის თებერვალში კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და პრობლემებიც მას შემდეგ დაიწყო. ჩვენგან მოითხოვეს ინფორმაცია, თუ რამდენ კუბამეტრ წყალს მოვიხმართ, რათა დაგვიწესონ წყლის დაღვრის გადასახადი. საკანალიზაციო ქსელში რაც ჩაედინება იმ წყალზეა საუბარი. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ 15-ჯერ გამეზარდა გადასახადი, რაც თვეში დაახლოებით 10000 ლარს შეადგენს.
ეს ძალიან მტკივნეული თემაა. მოგეხსენებათ, აბანო სპეციფიური ბიზნესია. ჩვენ წყლის ყოველი მოხმარებული ლიტრიდან არ გვაქვს შემოსავალი, შეიძლება დღე გავიდეს და ერთი მომხმარებელიც არ შემოვიდეს ნომრებში. პირველი პრობლემა რაც არის, ამ წყალს ვერ ვკეტავთ, იმიტომ, რომ მიწიდან ამოდის ბუნებრივად და დაკეტვის შემთხვევაში შეიძლება გოგირდის წყალი დაიკარგოს. ამ საშიშროების წინაშე ვართ. რასაც ასევე ეთანხმება გარემოს დაცვის სამინისტროც.
– სახელმწიფო უწყებები საქმის კურსში არიან?
– თებერვალში, როდესაც ეს თემა დაიძრა, ყველა აბანომ ერთობლივი წერილი მივწერეთ სახელისულებო უწყებებს, გამგებლით დაწყებული – პრემიერით დასრულებული. მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, საკრებულოს, მერიას, ტურიზმის დეპარტამენტს. შესაბამისად გარკვეული მოლაპარაკებები გაიმართა, მაგრამ მერე ჩიხური ვითარება შეიქმნა, რადგან “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” არანაირ კომპრომისზე არ წავიდა.
“სემეკის” დადგენილების თანხმად განსაზღვრულია ტარიფები, სადაც ტარიფის უმაღლესი ზღვარი 0,716 ლარია, ამა დამატებული 18% დღგ, რაც საერთო ჯამში 0,84488 ლარს შეადგენს. ერთ კუბამეტრზე 85 თეთრიც არ გამოდის. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით კი 90 თეთრის გადახდას გვაკისრებენ, რასაც პირადად მე თაღლითობად ვაფასებ. პრობლემა უკვე 6 თვეა გრძელდება. მეორედაც ვცადეთ კომპანიასთან მოლაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ. პირდად შევხვდი მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგრამ არანაირი რეაგირება. კომპანიის ანგარიშით დღეისთვის დაახლოებით 90 000 ლარის დავალიანება მაქვს, რასაც არ ვუდასტურებ. ექვსივე აბანო კეთილსინდისიერად ვიხდით ძველი ტაფირით.
– “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” ხელმძღვანელობის შეცვლას რატომ უკავშირებთ თქვენს შორის ურთიერთობის გართულებას?
– კომპანიის წინა ხელმძღვანელობამ, გაითვალისწინა აბანოს სპეციფიურობა, დაწესებული ჰქონდათ კუბამეტრზე დაახლოებით 10-დან 15 თეთრამდე გადასახადი. რასაც კეთილსინდისიერად ვიხდიდით. 10 თეთრიდან ახლა 85 თეთრამდე გაგვიზარდეს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბაზარზე მონოპოლისტია. მე სხვა ალტერნატივა არ მაქვს და იძულებული ვარ მასთან ვცადო მოლაპარაკება.
– აბანოს საკანალიზაციო სისტემაში ამ კომპანიას ინვესტიცია აქვს განხორციელებული?
– სად იყო “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, როდესაც თბილისში აბანოები არსებობდა. მათ ერთი მილიც არ ჩაუდიათ. აბანოებს საკუთარი საკანალიზაციო მაღაროების ქსელი აქვს. ეს საკანალიზაციო კომუნიკაცია საუკუნეების წინ შეიქმნა. ჩემის აზრით, ვიღაცის ახირებას ეწირება ქალაქის აბანოები. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” აქციების ნაწილი “საქართველოს ბანკმა” შეიძინა და კომპანიის მართვა მთლიანად ჩაიბარა. ეს არის ბანკირების პოზიცია.
– სასამართლოს იმედი გაქვთ?
– სასამართლოს იმდენი არგუმენტი წარვუდგინეთ და კიდევ წარვადგენთ, რომ იმედია ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანენ გადაწყვეტილებას. მაგრამ უკვე სასამართლოსაც ვეღარ დაველოდებით. ამ დღეებში თუ არ შემეხმიანა სახელმწიფო სტრუქტურები და ჩვენი საკითხის განხილვა არ დაიწყეს, მომავალი კვირიდან დავკეტავთ აბანოებს.
– გოგირდის აბანო თბილისის ერთგვარი სავიზიტო ბარათია ტურიზმის თვალსაზრისით, თუ დაიკეტებით ეს არ დააზარალებს ქალაქს?
– ძალიან ხშირად სტუმრობენ ჩვენს აბანოში ტურიტული ჯგუფები. რამდენიმე დღის წინათ მოსკოვიდან დამირეკეს, ტურისტული ჯგუფები ჩაოდიან, რომლებსაც უკვე დაჯავშნილი აქვთ ნომრები. შარშან მაისში უამრავი ტურისტი გვყავდა. გარდა ამისა, ყოველ შაბათ-კვირას, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოდიან სტუმრები და ღებულობენ ამ სიამოვნებას, რასაც გოგირდის აბანოები ჰქვია.
– იქნებ, აბანოს სტუმრების რაოდენობა აღრიცხა კომპანიამ და მიიჩნიეს, რომ მეტის გადახდა შეგიძლიათ?
– ჩვენი ხარჯთაღრიცხვა საჯაროა. არაფერს ვმალავთ. აბანოების მართვა ტურიზმზე არაა გათვლილი. ჩვენი ძირითადი მომხმარებელი გაჭირვებული ფენაა, რომელიც აბანოში ზამთრის პერიოდში გასათბობად დადის, ვისაც სახლში არ აქვს გათბობა და ის კომფორტი, რაც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” თანამშრომლებს აქვთ. 70-80 წლის მოხუცები მოდიან და სახსრების დაავადებებს მკურნალობენ ჩვენთან. ტკივილები აწუხებთ და სარგებლობენ ამ წყლით, ან უბრალოდ თბებიან. “ჯე-ვე-პე”-ს დათვლით რომ მივყვე ჩემს ბიზნესს, გამოდის, რომ ადამიანს, რომელიც სამ ლარიან ბილეთს ყიდულობს, 5-ჯერ უნდა გავუძვირო მომსახურება. ჩვენი მოსახლეობა ამდენს ვერ გადაიხდის და პრაქტიკულად ბიზნესი დაიღუპება.
– რა ხარჯი აქვს აბანოს, ალბათ, შენობას ძალიან ხშირად სჭირდება რემონტი?
– ყოველდღიურად ფუჭდება შენობა. ჩვენი აბანო სარდაფული შენობა- ნაგებობაა. გოგირდის წყალი, თავისი თვისებიდან გამომდინარე, აზიანებს რკინას, პლასტმასს, ყოველდღიურად ფუჭდება ნათურები, ელექტროგაყვანილობა. თვითონ შენობა- ნაგებობა არ არის რკინაბეტონით აშენებული, ეს არის აგურით ნაშენები, რომელსაც ხელის შევლება და გამაგრება სჭირდება. გაზაფხულზე დაგეგმილი მქონდა შიდა ინტერიერის გარემონტება, რადგან არსებული ინტერიერი ნამდვილად აღარ შეესაბამება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს. მაგრამ ვეღარაფერს ვაკეთებ.
– გოგირდის აბანოების შენობა, ხომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესული
– დიახ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ არის. ვერც კულტურის სამინისტრო აკეთებს ვერაფერს და ვერც მერია. 14-ე საუკუნის ერთი გუმბათი წამართვეს. ერთ კომპანიას მიჰყიდეს და მის დასაბრუნებლად სასამართლოში მაქვს სარჩელი შეტანილი.
– რა მომსახურება გაქვს, რით აინტერესებთ ტურსიტებს?
– უპირველესად, ტურისტები გაოცებულები არიან წყლის ტემპერატურით. სულ იმას კითხულობენ, მართლა არ ცხელდება ეს წყალი და მართლა მიწიდან ამოდისო? მათ გაოცებას იწვევს გოგირდის წყლის თვისება, რომელიც საოცრად არბილებს კანს. უმთავრესია მექისის ტრადიციული მომსახურება. უცხოელებს უკვირთ, როგორ ქაფდება ქისა და საპონი, როგორ არ თავდება…
– ქისა განსაკუთარებული მასალისგან მზადდება?
– ძველი ხალიჩებისგან არის დამზადებული. მექისე მკვდარ კანს რომ აცლის ტურისტებს, ჭუჭყი ჰგონიათ. თავიდან დავიბადეთო, – ასე ამბობენ აბანოდან გამოსულები.
– ბევრი მექისე გყავთ? ალბათ, ძნელია მთელი დღე აბანოში ყოფნა და მუშაობა?
– მართლაც შრომატევადი სამუშაოა. მექისეები დღე-გამოშვებით მუშაობენ. ცვლაში 6 მექისე მყავს. შეუძლებელია დილის 6-7 საათიდან, დაღამოს 9 საათამდე იყო სარდაფულ შენობაში და პლუს მთელი დღე გოგირდის სუნში გაატარო. თანამშრომლების უმეტესობა აზერბაიჯანელები არიან. ძალიან ძნელია დღეს უსამსახუროდ დარჩენა. თითოეული მათგანი სულ მცირე, ათსულიან ოჯახს ინახავს.
– მექისე ქალებიც გყავთ?
– რა თქმა უნდა, ქალი მექისეებიც გვყავს. მექისეს მომსახურება მხოლოდ მამაკაცების პრივილეგია არ არის.
– ყველაზე იაფი მომხურება რა ღირს?
– სხვადასხვა კატეგორიის მომსახურება გვაქვს. 20 ლარიდან 150 ლარამდე. განსხვავება ინტერიერშია. გვაქვს საუნა, იზოლირებული მოსასვენებელი ოთახები და სხვა.
– რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გოგირდის აბანო დაიხურება და წყალი დაიკეტება, ის, ხომ სადმე აუცილებლად დაგროვდება?
– როგორც სპეციალისტები ამბობენ, კატეგორიულად დაუშვებელია ჭაბურღილის დაკეტვა. შეიძლება იქ აღარ ამოვიდეს წყალი და სხვაგან ამოხეთქოს. 2 500 მეტრის სიღრმიდან ამოდის ეს წყალი. შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ სადღაც იქვეა…
– ყოველთვის ერთი ნაკადით მოდის წყალი, თუ ზოგჯერ კლებულობს?
– წელიწადის სხვადასხვა დროს განსხვავებული რაოდენობის წყალი ამოდის. მაგრამ ეს უმნიშვნელო ცვლილებებია. ძირითადად დამოკიდებულია ნალექზე, როგორი თოვლიანი ზამთარი იქნება. ქვედა ფენები წყლით, ხომ უნდა შეივსოს? როგორც წესი ზამთარში წყალი კლებულობს, გაზაფხულზე კი მატულობს. ყოველთვიურად ვატარებთ კვლევებს და გარემოს დაცვის სამინისტროს ვაწვდით მონაცემებს წყლის ტემპერატურის, ნაკადის, თუ ხარისხის შესახებ.
– მთავრობის წევრები არ სტუმრობენ თქვენთან?
– დადიან, როგორ არა. გული მტკივა, რომ გულგრილი დამოკიდებულება აქვთ ამ პრობლემის მიმართ. თბილისში ჩამოსული უცხოელი სტუმრები პირველ რიგში „აბანოთუბანში“ მოჰყავთ. ხვალ აქ აბანოები თუ აღარ იქნება, ქალაქის მთავრობას მოუწევს იმაზე ფიქრი, რა სახელი დაარქვან „აბანოთუბანს“.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი