ადამიანის წარმოსახვაში დრო და ისტორია შემთხვევით არ ასოცირდება მდინარესთან და ქართან. ერთიცა და მეორეც მუდმივად იკვეთებიან სივრცეში, მიაქვთ ძველი და ქმნიან ახალს. ისტორიის უწყვეტი მოძრაობა ქმნის იმპერიას, რომელიც გიგანტურ ზომებს აღწევს, შემდეგ ანგრევს და ისტორიულ წარსულში მიაქვს. გაერთიანებული სახელმწიფოს საზღვრებში ბევრი ხალხის ბედი ხან ერთიანდება, ხანაც დამოუკიდებლად განაგრძობენ მოძრაობას ისტორიის ტალღებზე. სხვადასხვა ხალხების თანაცხოვრებისას ბუნებრივი მოვლენაა კულტურების ურთიერთგავლენა. იმპერიები ქრებიან, მაგრამ მათი კვალი ყველა სფეროში – წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და კულტურაში რჩება.
თბილისში უჩვეულო ორნამენტებით გადაჯაჭვულა დასავლური და აღმოსავლური მოტივები. ეს ქალაქი აბსოლუტურად უარყოფს კიპლინგის თეზისს იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი არასდროს გადაიკვეთება. თბილისი სწორედ ის ადგილია, სადაც არა მხოლოდ გადაიკვეთა აღმოსავლეთი და დასავლეთი, არამედ ორგანულად შეერწყა ერთმანეთს მთლიანობაში და მსოფლიოს განსაცვიფრებელ ჰარმონიას აჩვენებს.
ტიპიური აღმოსავლური ქალაქი ტფილისი რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა და ევროპული კომპონენტების ხარჯზე სახეცვლილება განიცადა. პატარა დაკლაკნილ ქუჩებზე ჩუქურთმიანი აივნები,რომლებმაც ბინა კლდის ციცაბო ფერდობებზე დაიდეს და ყოველი მხრიდან შეავიწროვეს მდინარე მტკვრის კალაპოტი, თავადაც არანაკლებ შევიწროვდნენ, რათა ადგილი დაეთმოთ ევროპული არქიტექტურით აგებული შენობებისა და გამზირებისთვის, რომლებიც ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქს დაამშვენებდა.
საქართველოს დედაქალაქს ისტორიამ რუსული კვალი დააჩნია გოლოვინის სახელობის გამზირის სახით, რომელიც დღეს ქართველი დიდებული პოეტის შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ეს უბრალოდ ქალაქის გული და სავიზიტო ბარათი არ არის. ძველათაც და დღესაც ამ გამზირს თბილისელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც მომლოცველებისთვის წმინდა ადგილები და მორწმუნეთათვის – ღია ტაძარი, ასეთივე ამაღლებულია ეს ადგილი თბილისელებისთვის. ქალაქის ამ გამზირის ერთ-ერთი მარგალიტია შ.რუსთაველის სახელობის თეატრის შენობა.
შენობის ისტორია უკავშირდება რუსეთის იმპერიის მოქალაქეს, ტფილისში მცხოვრებ მეწარმეს ეგორ ისაევიჩ პიტოევსა და მის ვაჟს ესაიას. მან თავისი საქმიანობის გამო, ყირიმის ომის დროს მემკვიდრეობითი თავადაზნაურობა მიიღო. მისი თანამედროვე სხვა ოლიგარქებისაგან განსხვავებით პიტოევს თეატრი უყვარდა. სწორედ ამიტომ დაუთმო მან საკუთარი სახლი თეატრალურ საზოგადოებას. მოგვიანებით კი მეზობლად არსებული სახლებიც გადააკეთა იმპროვიზებული თეატრისთვის, სადაც გამოვიდნენ ფიოდორ შალიაპინი და ვერა კომისარჟევსკაია. ასევე მისი სტუმრები იყვნენ დიდებული კომპოზიტორები პეტრე ჩაიკოვსკი, ა.რუბინშტეინი, მ.იპოლიტოვ-ივანოვი.
მაგრამ პითოევს სურდა, რომ მისი საყვარელი ტფილისი თეატრისთვის აშენებული ნაგებობით გაელამაზებინა. მან პროექტი ცნობილ თბილისელ არქიტექტორებს კ.ტატიშევსა და ა.შინკევიჩს შესთავაზა.
თეატრის მშენებლობა 1898 წელს დაიწყო, არქიტექტორმა “გვიანი ბაროკოს” სტილი აირჩია. შენობის ფასადის და შიდა პროფილები სპეციალურად მოწვეულმა იტალიელმა ოსტატებმა გააკეთეს. სპეციალური შეკვეთით ერთადერთ ეგზემპლარად დამზადებული მთელი ავეჯი, აბრები, ნათურები, ნოხები, სარკეები ევროპიდან ჩამოიტანეს. თითოეული მათგანი ხელოვნების უნიკალური ქმნილებაა. იგივეს თქმა შეიძლება თეატრის ტექნიკურ მოწყობილობაზე, რომელიც ცნობილმა გერმანულმა ფირმა “შუკერტმა” დაამონტაჟა. ფირმის ტექნიკოსებმა არა მხოლოდ ტექნიკური საკითხები გადაჭრეს, არამედ დახვეწილი მხატვრული გემოვნება გამოავლინეს.
თეატრის შენობაში ლუდოვიკო მე-15-ის სტილის უდიდესი საკონცერტო დარბაზიც იყო, ხოლო მცირე დარბაზი დირექტორიის (ფრანგული რევოლუციის) ეპოქის სტილში იყო შესრულებული. სასტუმრო – მოდერნის სტილში, ქალების ოთახი – დეკადენტურ სტილში, მცირე დარბაზი – “გერმანული რენესანსის”, ხოლო უდიდესი სარკეებიანი შესანიშნავი სასადილო – რენესანსის სტილში.
თეატრის ამ შენობაში სტილების კონგლომერატიული შერწყმა ზოგს გადაჭარბებულად მიაჩნია. ასეთი ადამიანები ბარსელონაში უნდა წავიდნენ და ანტონიო გაუდის ცნობილ არქიტექტურულ ნამუშევრებს გაეცნონ.
თეატრი 1901 წლის თებერვალში გაიხსნა.
პიტოევს მშენებლობა კოლოსალური თანხა, ნახევარი მილიონი რუბლის ოქრო დაუჯდა. თვადაპირველად სპექტაკლები რუსულად მიმდინარეობდა, შემდეგ ქართული ჯგუფიც ჩამოყალიბდა.
შენობას მოქალაქეებმა პიტოევის სახლი შეარქვეს, ხოლო 1921 წელს მან შოთა რუსთაველის სახელობის დრამის სახელმწიფო თეატრი ეწოდა.
პიტოევის საქციელი ტფილისისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული არ ყოფილა. ასევე იქცეოდნენ თბილისის სხვა მდიდარი მოქალაქეებიც. მაგალითად, მიქაელ არამიანცმა გოლოვინის პროსპეტზე პირველი კლასის სასტუმროს აშენება გადაწყვიტა. თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად მან ახალგაზრდა და ნიჭიერი არქტიტექტორი გაბო ტერ-მიქელოვი ორი წლით ევროპაში გაგზავნა, რათა გაცნობოდა და დეტალურად შეესწავლა საუკეთესო ევროპული სასტუმროების სტილის არქიტექტურა. მისი სასტუმრო “მაჟესტიკ”-ის პროექტი, რომელშიც ფართო და განსაკუთრებული გემოვნებით იყო გამოყენებული ბაროკოსა და რენესანსის მოტივები, პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1912-1915 წლებში გოლოვინის პროსპექტი ახალი არქიტექტურული შედევრებით დამშვენდა. პიტოევის სახლის მეზობლად მდიდრული სასტუმრო შესანიშნავად შეერწყა ქალაქის რთულ რელიეფს. მისი წინა ფასადი პროსპექტს უყურებდა, ხოლო გვერდიდან – ალექსანდროვის ბაღს და ნაზად ეშვებოდა მდინარე მტკვრის ციცაბო ფერდობისაკენ.
საბჭოთა პერიოდში სასტუმროს “თბილისი” ერქვა, ახლა კი იქ სასტუმრო “მარიოტია”. თუმცა მიქაელ არამიანცმა თავისი სახელი მხოლოდ ამ შენობით არ უკვდავყო. ტფილისში იმ დროს ადგილობრივი თვითმმართველობის ხარჯზე, ფაქტობრივად ერთადერთი მიხაილოვის საავადმყოფო ფუნქციონირებდა, მაგრამ ქალაქის ზრდასთან ერთად იგი ვეღარ უზრუნველყოფდა სრულ სამედიცინო მომსახურებას.
1903 წლის გაზაფხულზე არამიანცმა ქალაქის მმართველობას საკუთარი სახსრებით საავადმყოფოს აშენება შესთავაზა. დროთა განმავლობაში არამიანცი საავადმყოფოების მთელი ქალაქის აშენებას გეგმავდა. ქალაქის არქიტექტორმა ზურაბიანცმა პირველი შენობა ააგო, რომელშიც განთავსდა უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი თერაპევტული განყოფილება. მიქაელ არამიანცმა ევროპიდან პირადად ჩამოიტანა რენტგენის აპარატი, რომელიც იშვიათი იყო არა მხოლოდ რუსეთის იმპერიაში, არამე ევროპასა და ამერიკაში.
ამ საავადმყოფოს ანალოგი არ ჰყავდა მსოფლიოში, რადგან იქ პაციენტების მკურნალობა და ოპერაციები უფასო იყო. სამედიცინო პერსონალი ხელფასს ქველმოქმედის პირადი სახსრებიდან ღებულობდა.
საუკუნეზე მეტი გავიდა და დღეს, ნებისმიერ თბილისელს რომ ჰკითხო ქალაქის პირველი საავადმყოფოს მისამართი, აუცილებლად შეგიბრუნებს კითხვას: “არამიანცის საავადმყოფო?”. ასეთ კვალს ხალხის მეხსიერება დიდი ხნის განმავლობაში ინახავს.
ოდესღაც ერთ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხებს შორის ორასწლიანი და მრავალმხრივი კავშირების ეს მხოლოდ ორი ეპიზოდია.
მარი თოფურიძე (თბილისი) სპეციალურად Dalma News-სთვის