რუსეთი სომხეთს, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საიმედო პარტნიორად აღიქვამდა, რომელთან ურთიერთობაც პროგნოზირებადი იყო და ზედმეტ შფოთვას არ იწვევდა. 2018 წლის გაზაფხულის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ეს ურთიერთობა გარკვეულწილად შეიცვალა. ერთი მხრივ, რუსეთი ჯერ კიდევ არ ინტერესდება სომხეთის ახალი ხელისუფლებით და მისი პოლიტიკური კურსით, მეორე მხრივ, ჩნდება იმედი, რომ სომხეთის ამჟამინდელი მმართველობა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს განვითარების დიპლომატიურ გზაზე გადაიყვანს და მოაგვარებს საკითხებს, რომლებსაც წინა ხელისუფლება უგულებელყოფდა. ფაქტობრივად, ამ მოსაზრებას იზიარებენ ექსპერტები, როგორც ერევანში, ისე მოსკოვში, რომლებმაც თავიანთი დაკვირვებების შესახებ ტელეხიდის დროს ისაუბრეს.
პაშინიანის მმართველობის დროს რუსეთთან ურთიერთობა შესაძლოა შედარებით კონსტრუქციული იყოს
რუს პოლიტოლოგს, კავკასიათმცოდნეობის სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტ ალექსანდრ კრილოვს მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში ნიკოლოზ პაშინიანის მოსვლასთან ერთად გაჩნდა დადებითი ბიძგები, რაც იმის იმედს იძლევა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები შედარებით კონსტრუქციული იქნება და ურთიერთობაც გაღრმავდება. ამას ადასტურებს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრები, რაც შესაშური ინტენსივობით გამოირჩევა. ამასთანავე, კრილოვი დასძენს, რომ ამ პროცესს დრო სჭირდება. მთავარი ის არის, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგში ოპტიმისტური განწყობა არსებობს.
“სერჟ სარგსიანის მმართველობის ბოლო წლებში, სომხეთში, აშკარად გამოხატული ანტირუსული რიტორიკა სუფევდა. მსგავსი რამ, არც სააკაშვილის დროს და არც,უკრაინაში შემინიშნავს. თავის დროზე, სპეციალური გამოკვლევაც ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ სომხურ პრესაში არსებული რუსოფობიის დონე, უკრაინულ პრესაში არსებულ ანტირუსულ განწყობას აჭარბებდა. თუმცა ადგილობრივ მედიაზე, ისევე, როგორც მეორე და მესამე პრეზიდენტებს, სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასაც სერიოზული გავლენა აქვს. ზოგიერთებს საკუთარი მედიასაშუალებები აქვთ, ზოგიც რუსულ ფაქტორს საკუთარი შიდაპოლიტიკური ინტერესების დასაცავად იყენებს. ამის მიუხედავად, ადვილად შეიძლება იმის თქმა, რომ გარკვეული დადებითი ძვრები შეინიშნება, რაც ახალი ხელისუფლების დამსახურებაა და რაც რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავების სერიოზულ იმედს იძლევა”, – დასძინა კრილოვმა.
დადებითი ძვრების მაჩვენებელია ისიც, რომ სერჟ სარგსიანის დროს, ლუგარის ლაბორატორიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს მისი მთავრობა არ იმჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ხშირად საუბრობდნენ ამ ლაბორატორიასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საშიშროებებზე, ხელისუფლება საკითხს უყურადღებოდ ეკიდებოდა. მათი მხრიდან მხოლოდ ისმოდა, რომ “კრემლი სისულელეებით არის დაავადებული, რადგან შეუძლებელია სამშვიდობო და სასარგებლო ჰუმანიტარული ორგანიზაცია საფრთხეს წარმოადგენდეს”. სომხეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პაშინიანმა გასცა განკარგულება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტიზა ჩაეტარებინათ და რუსი სპეციალისტები დაეშვათ.
კრილოვი ასევე დასძენს, რომ თუ სომხეთის ახალი ხელისუფლება ვერ მოასწრებს წარმატებული რეფორმების გატარებას, ხალხის ნდობას დაკარგავს, რაც გამოიწვევს იმას, რომ ხელისუფლებაში არაპროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკური კურსის მქონე ახალი პოლიტიკური ძალა მოვა. ცხადია, ამ საკითხით რუსეთიც ინტერესდება და სომხეთში რეფორმების პროცესებს თვალყურს ინტერესით ადევნებს.
“რუსეთი დაინტერესებულია სომხეთის ახალი ხელისუფლების მიერ გახმაურებული რეფორმების წარმატებაში. შიდა რეფორმების დაწყების მიუხედავად, სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსს ინარჩუნებს და განაგრძობს, რაც თავისთავად უკვე კარგია. ახლა აუცილებელია ვადებში ჩატევა და საზოგადოების მოლოდინის გამართლება”, – დასძინა კრილოვმა.
ორგანიზაცია “დიალოგის” თავმჯდომარე იური ნავოიანის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პაშინიანის გუნდის წევრები საერთაშორისო არენაზე ურთიერთობების მოწესრიგებაში შეცდომებს უშვებენ, სომხურ-რუსული ურთიერთობების განვითარების პროგნოზები მაინც დადებითია. იგი დარწმუნებულია, რომ სომხეთის და რუსეთის ურთიერთობები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, სამხედრო-საწარმოო კომპლექსის, ირანის საზღვარზე თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის და სხვა საკითხებში თანამშრომლობის ხაზით წარიმართება. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახლად მოწვეული მუდმივი საპარლამენტო კომისია, რეგიონალური და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში.
“ახალ ხელისუფლებაში ძალიან ბევრი გამოუცდელი ადამიანია, თუმცა საკითხების მოკლევადიან პერსპექტივაში გადაწყვეტის სწრაფვამ არ უნდა დააზარალოს მოკავშირეებთან ურთიერთობები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში აწესრიგებდა. სომხეთი -ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების გაერთიანების წევრია. მას, ასევე, ევროკავშირთან გაფორმებული აქვს ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება. სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკური კურსი”, – განაცხადა ნავოიანმა.
ხელისუფლება გამოუცდელია, თუმცა აქვს მთავარი – სომხური საზოგადოების ნდობის ლიმიტი
“სომხეთის ახალი ხელისუფლება ახალგაზრდა და დიდწილად გამოუცდელია. მას სომხური საზოგადოების ნდობის 2-3-წლიანი ლიმიტი აქვს. ამ დროის განმავლობაში უნდა ისწავლოს ეფექტიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმოება, უნდა იყოს წარმატებული თავის ყველა წამოწყებაში და ასახოს სომეხი ერის რეალური მოლოდინი”, ამის შესახებ, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ინტეგრაცია და განვითარების” თავმჯდომარემ, ევრაზიულ ექსპერტთა კლუბის კოორდინატორმა, არამ საფარიანმა განაცხადა.
გარკვეულწილად, იგი რუს კოლეგას დაეთანხმა იმ საკითხში, რომ თუ შევადარებთ სომხეთის ამჟამინდელ და წინანდელ ხელისუფლებებს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ნამდვილად არ გამოირჩეოდა სერჟ სარგსიანი და მისი გუნდი. საფარიანის თქმით, აშკარაა, რომ ახალი პოლიტიკური ელიტა ზოგ საკითხში ბევრად უფრო გულწრფელი და პრინციპულია, ვიდრე მისი წინამორბედი. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სომხეთის ახალ პარლამენტში, ევრაზიის ინტეგრაციის საკითხებში მუდმივი საპარლამენტო კომისია შეიქმნა. თუმცა ამის გაკეთება წინა ხელისუფლებასაც შეეძლო, რადგან სომხეთი ევრაზიის ინტეგრაციაში 2013 წლიდან მონაწილეობს.
“წინა ხელისუფლებას სომხეთის წინა მოწვევის პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნა შეეძლო და იგი დაარეგულირებდა ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებს, რაც ასე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის. თუმცა აღნიშნული კომისია მხოლოდ ახალი პარლამენტის ფარგლებში ჩამოყალიბდა”, – განაცხადა საფარიანმა.
იგი ასევე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საპარლამენტო სტრუქტურა შეძლებს ახალი იდეების შემუშავებას და განხორციელებას, რაც მიმართული იქნება სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებისკენ.
რთული იქნება, თუმცა საზოგადოება მზად არის
2019 წლის იანვრის დასაწყისში, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის წევრმა, სოციალურ მეცნიერებათა კანდიდატმა სამველ მანუკიანმა, თემაზე “ახალი ხელისუფლებისადმი სომხური საზოგადოების მოლოდინი”, კვლევები წარადგინა. საზოგადოებამ იცის, რომ უახლოეს ორ წელიწადში სომხეთს სერიოზული სირთულეები ელის, თუმცა პოზიტიურად არის განწყობილი და ახალი ხელისუფლების სჯერა. მანუკიანის თქმით, საზოგადოება ქვეყნის ხელისუფლებისადმი თავის მოლოდინებში კონსოლიდირებულია.
“საზოგადოებას პენსიების და ხელფასების მომატება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, სამუშაო ადგილების და საუკეთესო მომავლის შექმნა სურს. თუმცა, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენად შეძლებს სომხეთის მთავრობა არსებულ ვითარებაში საზოგადოების მოლოდინების გამართლებას”, – დასძინა მან.
სოციოლოგის თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პაშინიანს, კარგად იცოდნენ, რომ ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში სწრაფი და დიდი ცვლილებების მოლოდინი არ უნდა ჰქონოდათ. იმ ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომლებმაც რევოლუცია დადებითად აღიქვეს, აღნიშნეს, რომ პირველ რიგში, საზოგადოებაში არსებული განწყობა შეიცვალა და უკეთესი მომავლის იმედი გაჩნდა.
“ნიკოლოზ პაშინიანის და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალისადმი ნდობის ვადა 2-3 წელია. ამ დროის განმავლობაში სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ არა მხოლოდ წინა ხელისუფლების მიერ აღებული განვითარების ტემპი უნდა შეინარჩუნოს, არამედ შექმნას ეკონომიკის იმპულსისთვის რეალური პირობა და წინაპირობა. დღეს ეს ძალიან რთულია, რადგან რევოლუციის შემდგომ სომხეთში, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება არა მხოლოდ შეიცვალა, არსებული პრობლემებიც კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. გარდა ამისა, სომხეთის ეკონომიკური განვითარების უახლოესი 1-2 წლიანი პროგნოზი უიმედოა. ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარების ტემპები უნდა დააჩქაროს და ეს პროცესი უკვე დაწყებული უნდა იყოს”, – განაცხადა მანუკიანმა.
ლინა მაკარიანი