ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავზე შავი ღრუბლები შეიყარნენ. პარტიას რთული დროება დაუდგა, ის ორად გაიყო და თანამებრძოლები ერთმანეთს ზურგში დანას ურტყამენ. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ დროს ძლევამოსილი პარტია, არც მეტი, არც ნაკლები, თავად სააკაშვილმა დაასუსტა და ნაწილებად დაყო. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღით, ძებნილი სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის სცენარმა არ გაამართლა. ის დააპატიმრეს, ხოლო პოლიტიკური პროცესები მისი პარტიის საზიანოდ განვითარდა.
პოლიტიკური სახეები, რომლებსაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ძალაუფლება და სისხლიანი რეჟიმის თანაავტორობა აერთიანებდათ, სააკაშვილს 2012 წლის შემდეგ გზადაგზა შემოეცალნენ, დარჩენილები კი, ფინანსურ სარგებელს ეჭიდებიან, როგორც წყალწაღებულნი ხავსს. ამბობენ, რომ პარტიაში განხეთქილება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სახელმწიფო ქონების მითვისებით გამდიდრებული, ოლიგარქად ქცეული დავით კეზერაშვილის ფულების დამსახურებაა.
დაპირისპირებები “ნაციონალურ მოძრაობაში” პერიოდულად იჩენს თავს. ასე მაგალითად, 2017 წელს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია კეზერაშვილს ამხელდა, რომ მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა, – დღეს კი, კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და მის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს” აფინანსებსო.
ჯერ კიდევ 5 წლის წინ ამბობდა ნიკა მელია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” რეფორმებს გაატარებდა, რომ იქ აღარ იყო “მოღალატე უგულავების, ბოკერიების, კორუმპირებული კეზერაშვილების, ფარცხალაძეების და ასე შემდეგ” ადგილი. დღეს კი, მთავარი ოპოზიციური პარტია ორ ბანაკად არის გაყოფილი. პარტიის რიგებს თანდათან ტოვებენ ცალკეული წევრებიც. ზოგისთვის მიზეზი ნიკა მელიას უუნარობაა, რომელმაც ვერ შეძლო სააკაშვილის ციხიდან დახსნა და ასეულობით ათასიანი საპროტესტო ტალღის ორგანიზება, ზოგისთვის კი უპრინციპო ხაბეიშვილი. იმასაც ამბობენ, რომ თანაგუნდელების ნაწილი მელიას სწორედ კეზერაშვილის საჯარო კრიტიკის შემდეგ დაუპირისპირდა.
ლევან ხაბეიშვილს “ენმ”-ს თავმჯდომარეობა სურს. საკუთარი გადაწყვეტილება მოქმედ თავმჯდომარეს პარტიის ცენტრალური ოფისიდან იმ დროს აცნობა, როცა მელია ბრიუსელში იმყოფებოდა. ხაბეიშვილი მელიას მთავარი კონკურენტი ხდება. თანაპარტიელი ირაკლი ნადირაძე ლევან ხაბეიშვილს ახასიათებს, როგორც პარტიის გამორჩეულ მებრძოლს. მთავარი კრიტერიუმი კი ის არის, რომ “ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თავდაუზოგავი მებრძოლია”.
“ბრძოლა არ მიდის თანამდებობებს შორის, ბრძოლა მიდის პარტიის გაძლიერებისთვის”, – აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
თავად ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა დამყოფი და დამაპირისპირებელი. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს იმ ხალხს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია “ვარდების რევოლუციის” იდეალები, ანუ უკან 2003 წლისკენ.
ხაბეიშვილის კანდიდატურის წარდგენას პარტიაში დემარში მოჰყვა. მარიკა დათუკიშვილისთვის ერთნაირად მიუღებელი აღმოჩნდა ნიკა მელიაც და ლევან ხაბეიშვილიც – “ნიკა მელია თავისი უმოქმედობით, უუნარობით, უტაქტობით, ტოქსიკურობით”, ხოლო ლევან ხაბეიშვილი დათუკიშვილისთვის მიუღებელია, როგორც არაგუნდური მოთამაშე.
“2016 წელს წავიდა გიორგი ვაშაძის პარტიაში იმიტომ, რომ “ენმ”-ს პარტიულ სიებში არ ჩასვეს. ასეთი ადამიანი კიდევ უფრო მეტად მიუღებელია, რომელსაც არც ღირებულებები და არც პრინციპები გააჩნია”, – აცხადებს მარიკა დათუკიშვილი.
ნიკა მელია კი ამბობს, რომ მას ზურგში დანა ჩაარტყეს, მაგრამ გამარჯვების იმედს არ კარგავს.
პარტიის ლიდერები ახალი თავმჯდომარის და ახალი პოლიტსაბჭოს ვადამდელ არჩევნებზე ამყარებენ იმედს, თუმცა ეს არჩევნები ბევრში სკეპტიკურ განწყობას იწვევს.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობაზე ხაბეიშვილის კანდიდატურის წარდგენას მმართველი პარტიიდანაც გამოეხმაურნენ. “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” დღეს იმ მდგომარეობაშია, რომ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს.
“ჩემი სრული მხარდაჭერა მას, ძალიან გამიხარდება თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული “ენმ”-ს თავმჯდომარედ, ცოტას გავერთობით”, – აცხადებს კალაძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ადრე თუ გვიან დაიშლებოდა. ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. სააკაშვილის საქართველოში შემოპარვამ და მისმა დაპატიმრებამ კი, მის პარტიაში არსებული განხეთქილება სააშკარაოზე გამოიტანა. როგორც Dalma News-ს გია აბაშიძემ განუცხადა, ნიკა მელია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩააჩოჩეს, როდესაც მას ფორმალურ თანათავმჯდომარედ პოლიტსაბჭოში კობა ნაყოფია დაუყენეს. მელიას მიმართ ჭარბი მოლოდინები, რომ ის შეძლებდა მასების მობილიზებას პროტესტის თვალსაზრისით, არ გამართლა. აღმოჩნდა რომ მელიასაც არ აქვს პოლიტიკური რესურსი პარტიაში რეფორმები განახორციელოს.
“რეალურად გამოჩნდა ის, რასაც ჩვენი არაერთი თანამემამულე პროგნოზირებდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, ადრე თუ გვიან, დაიშლებოდა. პარტია, რომელიც ერთ დროს, ინტელექტუალიზმზე აპელირებდა, ჩამოეშვა იმ დონეზე, რასაც ჰქვია მაგალითად ლევან ხაბეიშვილი. არაფერია გასაკვირი, აშკარად ჩანს რომ მართვის სადავეები ხელთ აღარ უპყრია, არც პატიმარ სააკაშვილს და არც ამერიკაში მყოფ მის ბიძას, თემურ ალასანიას. პარტიაში აბსოლუტური ქაოსია, ძებნილი ოლიგარქი კეზერაშვილი ფულით და მატერიალური რესურსებით ცდილობს გავლენები მოიპოვოს”, – აცხადებს გია აბაშიძე.
მისივე თქმით, არც გიორგი მელაძე და არც ლევან ხაბეიშვილი არ არიან არც ქარიზმატული ლიდები და არც დიდი პოლიტიკური შორსმჭვრეტელობით გამორჩეულები, რომ შეძლონ სააკაშვილის პარტიის მართვა. მათ სააკაშვილი სჭირდებათ, როგორც პოლიტიკური ბრენდი.
“ამას გამოიყენებენ სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვონ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებში. მაგრამ დღეს ხაბეიშვილმა განაცხადა ის, რაც პოლიტიკოსს არ უნდა ეთქვა. თურმე აპირებს, შექმნას შტაბი, რომელიც კონცენტრირებული იქნება სააკაშვილის საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანაზე. ამით ხაბეიშვილმა აღიარა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკოსებს კი არა, აქტივისტებსაც კი აღარ აინტერესებთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს, რომ პარტია ღრმა კრიზისში კი არა, ქაოსშია. ახლა ყველა თვითგადარჩენას ცდილობს.
როგორც ვხედავთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ არ მოახდინა ის დიდი ბიძგი პარტიის რეიტინგებში, რისი მოლოდინიც ნაციონალებს ჰქონდათ. უფრო პირიქით, პარტიის რეიტინგმა მკვეთრად ვარდნა დაიწყო. ახლა უკვე ნათელია, რომ სააკაშვილი საქართველოში მისმა თანაპარტიელებმა შემოიტყუეს, შეიყვანეს შეცდომაში, რომ მისი ციხიდან გამოსახსნელად ასიათასიანი აქციები გაიმართებოდა.
გია აბაშიძის თქმით, სააკაშვილი გაცილებით ეფექტური იყო თავისი ვიდეო ჩართვებით საზღვარგარეთიდან, მათ შორის, უკრაინიდან, მაგრამ, აქ შემოპარული სააკაშვილი პარტიისთვის უკვე ზედმეტი ტვირთი გახდა, რომლის მოშორებაც უნდათ, მაგრამ მეორე მხრივ არ ეთმობათ მისი პოლიტიკური ბრენდი.
რაც შეეხება სააკაშვილის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, საზოგადოებამ მისგან რამდენიმე რადიკალური განცხადება მოისმინა, მაგრამ პარტიაში მისთვის ადგილი ვერ გაიმეტეს. აღმოჩნდა, რომ ის პარტიაში არავის სჭირდებოდა და იძულებული გახდა გარკვეული პერიოდით ჩრდილში დარჩენილიყო. ბოლო დროს კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერაბიშვილთან სათათბიროდ იკრიბებიან.
შ. ქარჩავა