კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საქართველოში უმუშევართა რიგები ყოველდღიურად იზრდება. შემოსავლის გარეშე დარჩენილთა არმიას მალე, კიდევ 300 000 ადამიანი შეემატება. საუბარია ტურისტულ, სასტუმრო და რესტორნების ბიზნეში დასაქმებულებზე, რომელთა შემოსავალი, პანდემიის გამო ჯერ 30%-ით შემცირდა, შემდგომ კი თავად მოყვნენ შემცირებაში.
გამკაცრებული რეგულაციები და ჩაკეტილი საზღვრები მცირე ბიზნესისთვის ნოკდაუნს ნიშნავს. საყოველთაო კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ მოგებაზე გასვლის ილუზია ამ ადამიანებს აღარ აქვთ, ახლა მთავარია თავის გადარჩენა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება. მაგრამ ესეც პრობლემაა, covid-19 -ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკის მატებას მთავრობის მხრიდან თუმცა ლოკალული, მაგრამ მაინც შეზღუდვები მოჰყვება. დარტყმის ობიექტი სარესტორნო ბიზნესია. ღამის 12 საათის ნაცვლად, ხელისუფლება მათ 21:00 საათამდე მუშაობის უფლებას აძლევს, ეს კი, როგორც რესტორნების მესვეურნი ამბობენ, არმუშაობის ტოლფასია. ერთი შეხედვით, თითქოს 2 საათი არაფერია, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, საქართველოში რესტორნებს კლიენტები სწორედ საღამოს 8-9 საათიდან ყავს.
რესტორან “შავი ლომის” დამფუძნებელი მერი გუბელაძე აცხადებს, რომ უკიდურეს კრიზისში არიან. საბედისწერო ორმა საათმა კიდევ უფრო დააზარალა მათი ბიზნესი, 60 %-ით შეამცირა შემოსავალი, რაც ავტომატურად გამოიწვევს მომსახურე პერსონალისა და ხელფასების შემცირებას, ან საერთოდ დახურვას. უნდა აღინიშნოს, რომ რესტორნები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ივენთებზე იყვნენ დამოკიდებულნი სრულად დაიხურა.
სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, მათი წინადადებაა, გადაიხედოს დღგ, რეგულაციამ გადაიწიოს ღამის 12 საათამდე.
“დღეს, საუბარია სფეროს გადარჩენაზე და არა კერძო პირების მოგებაზე. ფაქტობრივად არაოფიციალურ ნოკდაუნში ვართ. ამ სფეროს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის განვითარებაში. წლების განმავლობაში მილიონობით ლარი გვაქვს გადახდილი ბიუჯეტში. ახლა, როცა ჩვენ გვიჭირს, მთავრობა უნდა დაგვეხმაროს. ვართ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, გვაქვს ღია სივრცე, ვემორჩილებით რეგულაციებს, დეზინფექცია და სხვა, რასაც მთავრობა გვიწესებს”, – აცხადებს მერი გუბელაძე.
პანდემიის გამო სამასპინძლო ბიზნესს დიდი დარტყმა რომ მიადგა, ეს თავად პრემიერმა გიორგი გახარიამაც აღიარა ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, რომელიც 24 ოქტომბერს შედგა. პრემიერისგან 22:00 საათზე რესტორნების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის პირობა მიიღეს, მაგრამ დღგ-ზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა ითქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განაგრძობენ მუშაობას, რადგან ეს ამ სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე მნიშვნელოვანია ბანკებთან ურთიერთობა და იმ სამუშაო ადგილების გადარჩენა, რაც დღესდღეობით სახელმწიფოს ეკონომიკაში დიდ წილს შეადგენს.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე Dalma News-სთან ისაუბრა. საერთო ჯამში შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის. შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ამ დარგს კრიზისიდან გამოიყვანს.
“ეს იყო დაპირება, რამდენად განხორციელდება მომავალი გვაჩვენებს. რაც მთავარია, გონივრული ეჭვი მქონდა, რომ მთავრობა ვერ გრძნობდა იმ პრობლემას, რა პრობლემებიც დასაქმებულებს აქვთ დღეს, რომ შესაძლებელია 300 ათასმა ადამიანმა დაკარგოს სამსახური, ჩამოიშალოს სფერო და არსებული რესტორნების 95 % უბრალოდ გაკოტრდეს დავალიანებების და იმის გამო, რომ არ შეუძლიათ ოპერირება. გამომდინარე აქედან იმ დარჩენილ 5%-საც გაიყოლებს, რადგან სარესტორნო ბიზნესში სადისტრიბუციო საქმიანობა უბრალოდ შეწყდება, გადაუხდელი დარჩება საბანკო ვალდებულებები და ბევრი დაკარგავს ქონებას, შესაბამისად ბანკიც დაკარგავს დიდ თანხას”, – ამბობს შოთა ბურჯანაძე.
მისივე თქმით, მათი მოთხოვნა არ არის ბანკის იძულებით პირობებში ჩაყენება, რადგან კარგად ესმით, რომ საბანკო სისტემის ჩამოშლა ეკონომიკის განადგურებას ნიშნავს.
“დათვლილია ეს თანხები, თუ ერთი წლის განმავლობაში რა ოდენობის თანხის მოზიდვაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან. ბანკმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს ის თანხა, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, რომ არ ჩამოიშალოს. იქნება ეს ბიუჯეტი, გრანტი, მსოფლიო ბანკის, IBRD-ის დახმარება თუ სხვა რამ, ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია”, – განმარტავს შოთა ბურჯანაძე.
მისივე თქმით, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბიუჯეტში ამ სფეროს გადახდისუნარიანობა. კომპანიები თუ გაკოტრდებიან, ვერც საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან და ვერც დღგ-ს. ამ, ბიზნესიდან ქვეყანას წლიური 3,5 მლრდ ლარი დააკლდა.
სარესტორნო ბიზნესის პრობლემატიკა განსხვავებულია რეგიონების მიხედვითაც. როგორც Dalma News-ს შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, რეგიონები გაცილებით რთულ მდგომარეობაში არიან.
“დედაქალაქში უფრო მეტია შეძლებული ადამიანი, ვიდრე რეგიონში, აქედან გამომდინარე რესტორნებს სხვადასხვა დატვირთვა აქვთ. თუ მაგალითად რეგიონში ეს ბიზნესი ტურიზმის დახმარებით ყვაოდა, დღეს ეს ასე აღარ არის. გაკოტრების პირას უკვე, ძალიან ბევრი კომპანია დგას”, – ამბობს იგი.
როდესაც კოვიდ პანდემია დაიწყო, რესტორნები იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდვების გამო ვერ მუშაობდნენ, დაიკეტა. გარკვეულმა ნაწილმა, დაახლოებით, 20-30% -მა შეძლო ოპერირება. მათ მუშაობა დაიწყეს 8 ივნისიდან, მოიზიდეს საბანკო ვალდებულებები თუ დაფინანსება, შეიძინეს სავალდებულო ატრიბუტიკა, რაც კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია, შეასრულეს ყველა ვალდებულება, დაიწყეს მუშაობა და რაღაც შედეგზე გავიდნენ. მაგრამ სექტემბრიდან ვითარება შეიცვალა, საბანკო ვალდებულება უფრო რთული წნეხით ჩაირთო, საიჯარო ვალდებულება იგივე დარჩა და დოლარის კურსზე არის მიბმული იჯარა, დამატებითი წნეხი იყო, დისტრიბუციამაც თავისი მოითხოვა.
სახელმწიფო რესურსები შეუზღუდავი არ არის, არც საქართველოა მდიდარი ქვეყანა, მაგრამ, ვგონებ, 300 000 ადამიანის უმუშევრად დარჩენა უფრო დიდი პრობლემა იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე დღეს რესტორნების დაკეტვა.
Dalma News-ის კითხვაზე, თუ რა ისწავლეს პანდემიისგან, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა: “გაჭირვება ადამიანს ყოველთვის აძლევს შესაძლებლობას თავისუფლების და თავისი პასუხისმგებლობის გამომჟღავნების, იმიტომ, რომ ადამიანი მებრძოლია, იგონებს ახალ რაღაცეებს. ჩემს კოლეგებს მივმართავ, 2022 წლის გაზაფხულამდე უნდა იბრძოლონ გადარჩენისთვის და არა მოგებისთვის. 2022 წლამდე კოვიდინფექციის პირობებში ვიქნებით”.
არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოჯახური სასტუმროების ბიზნესი. დედაქალაქის სასტუმროებმა პირველი დარტყმა კორონავირუსის პანდემიამდე ბევრად ადრე, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების, ე.წ გავრილოვის ღამის შემდეგ მიიღეს, როცა რუსეთმა შეწყვიტა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციების გამო იკლო ტურისტებმაც. Covid-19-ის შემდეგ კი, მცირე ზომის სასტუმროები საერთოდ დაიკეტა.
“ჩვენთვის პირველი და მეორე ტალღა არ ყოფილა. საზღვრები ჩაკეტილია, ტურისტები არ შემოდიან, სასტუმროს გახსნას რა აზრი აქვს? ხალხი არ არის. გარდა ამისა, უნდა შეიძინო სადეზინფექციო საშუალებები, რაც პატარა თანხა არ ჯდება”, – აცხადებენ ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელები.
როცა საუბარი იყო შიდა ტურიზმის ხელშეწყობაზე, თბილისის სასტუმროებისთვის არაფერი შეცვლილა. თბილისში შიდა ტურიზმი არ არსებობს. სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას რაც შეეხება, გარკვეული შეღავათები კი აქვთ, მაგრამ იმდენად დიდი კრედიტი აქვთ აღებული, რომ სულ რომ გაუნახევრდეთ გადასახადი, მაინც ვერ გადაიხდიან. კიდევ ერთი პრობლემაა კომუნალური გადასახადები, რომელიც დახეტილ სასტუმროებს დღემდე მისდით, ისიც ნომრების რაოდენობის მიხედვით. ვალს ვალი ემატება.
დიდი სასტუმროები, კოვიდის პირობებშიც კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თვითიზოლაციაში გადაყვანილი ადამიანები 20-ზე ნაკლებ ნომრიან სასტუმროებში არ მიჰყავთ. ამ დროს კი, მოთხოვნები და სტანდარტი ყველა სასტუმროს მიმართ ერთნაირია. სასტუმრო დიდი იქნება თუ მცირე, ხარჯი ერთი და იგივეა, დაფინანსება კი სხვადასხვა.
“სასტუმროებს დაეგზავნა მეილები, თანახმა ვიქნებოდით, თუ არა მიგვეღო თვითიზოლაციაში გადაყვანილი პირები? იმდენად დაბალ თანხას გვთავაზობენ, რომ ხარჯსაც ვერ დაფარავს, ამიტომ უარის თქმა გვიწევს. იმ ადამიანებს კვება უნდათ 2 კვირის განმავლობაში ნომერში რომ იქნებიან გამოკეტილები. ამ ნაწილშიც ჩვენმა სეგმენტმა ვერ ნახა სარგებელი”, – ამბობენ სასტუმროების მფლობელები.
მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ ბიზნესს მიმართა, მოემზადონ ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რაშიც მათ სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნებათ. პრემიერის შეფასებით, აღდგენის პროცესი ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიღმა უკვე დაწყებულია, ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენციებია. შედარებითი ანალიზის საშუალებით, პოსტკრიზისული აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები გვაქვს, თუმცა გამოწვევა ბევრი იქნება.
“ვერავინ პროგნოზირებს, როგორი იქნება მეორე ტალღის სიღრმე. სახელმწიფოს რესურსი ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის, შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაში შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ექსპერტების მოსაზრებით, მთავრობამ პირველ რიგში, ფიზიკური პირებისთვის სამომხმარებლო სესხების უპროცენტო გადავადებაზე უნდა იზრუნოს. უნდა გადაუვადოს და არა დაუსუფსიდიროს ბიუჯეტიდან. თუ ვინმეს ჩამოაჭრიან ვალს, უმჯობესია მოსახლეობას ჩამოაჭრან და მერე ბიზნესს.
შ. ქარჩავა