21 აგვისტოს, რიო-დე-ჟანეიროს მარაკანას სტადიონზე, 5 აგვისტოს დაწყებული 31-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიხურა. რიო სამხრეთ ამერიკის კონტინენტის პირველი ქალაქია, რომელსაც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პატივი ხვდა წილად. ოლიმპიური თამაშების მთელი ისტორიის განმავლობაში, ლათინურ ამერიკაში მხოლოდ ერთხელ, 1968 წელს, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ჩატარდა.
რიო არის ქალაქი, სადაც ყველაფერია: ზღვა, მთები,სპორტის მოყვარული ხალხი, ულამაზესი ბუნება და მშვენიერი ადგილები. რიოს ნახვას მილიონობით ადამიანი ოცნებობს. ადგილობრივებს კი საკუთარი თავი საყვარელი ქალაქის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ოლიმპიადის ჩატარებამ ბრაზილიურ საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვია. მოსახლეობის დიდი უმრავლესობის აზრით, ბრაზილიისთვის ასეთი დიდი პასუხისმგებლობის დაკისრება, თანაც რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, ძალიან დიდი ტვირთი და არადროულია. ჯერ კიდევ ოლიმპიადის დაწყებამდე ექსპერტები ოლიმპიური ღონისძიებების დაბალ დონესა და არაორგანიზებულობაზე საუბრობდნენ. საქმე იმაშია, რომ ოლიმპიადის წინ რიოში მასშტაბური სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა ასალი ინფრასტრუქტურის, გზების მშენებლობის, რკინიგზის კვანძების და მეტროს რემონტის ჩათვლით. სამწუხაროდ, ბრაზილიის ხელისუფლებამ დაკისრებულ მოვალეობას მართლაც ვერ გაართვა თავი და სამუშაოების უმრავლესობა დაუსრულებელი დარჩა. ჟურნალისტები და სპორტსმენები საშინელი ხმაურის გამო ჩიოდნენ. რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტიც მოხდა. მაგალითად, ავსტრალიელ მოცურავეებმა ვარჯიში შეწყვიტეს აუზში ბინძური წყლის გამო. თუმცა, ავსტრალიური ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ მთავარი ოლიმპიური აუზი, სადაც შეჯიბრებები უნდა ჩატარებულიყო, “შესანიშნავი და სუფთაა”.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჟურნალისტებს, ადგილობრივ და ჩასულ სპორტსმენებს აღელვებდათ, იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუმცა, შექმნილმა ვითარებამ ბრაზილიას ასობით ათასი მაყურებლის მიღებაში ხელი ვერ შეუშალა.
2009 წელს ტერორისტებმა ბრაზილიაში პოლიციელების ვერტმფრენი ჩამოაგდეს, პილოტი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამ შემთხვევის შემდეგ ხელისუფლებამ ქვეყანაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად მთელი რიგი ზომა გაატარა, ხოლო დადგენილი წესრიგის თანახმად, რიოს ქუჩებსა და სტადიონებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე 85 ათასი პოლიციელი იყო პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე იგივე პასუხისმგებლობა ბევრად ნაკლებს ეკისრებოდა.
რიოს საქვეყნოდ ცნობილი “კრიმინალური” სახელის გამო ზემოთ აღნიშნული კოლოსალური რაოდენობის პოლიციელი, სულაც არ იწვევს გაკვირვებას. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების მუქარას, რიოს სპორტული დღესასწაულის ჩაშლასთან დაკავშირებით, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. თუმცა, საბედნიეროდ, თავად თამაშებმა, ასევე ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიებმა “უსიამოვნებების” გარეშე ჩაიარეს.
როგორც დავინახეთ, ცუდმა ორგანიზებამ, ხმაურმა და ტერორისტულმა მუქარამ ვერ შეუშალეს ხელი სპორტის მოყვარულებს ეზეიმათ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. მთელი თვის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება რიოსკენ იყო მიპყრობილი. ფინანსური კრიზისის მიუხედავად მზიანმა რიომ ფართოდ გაუღო კარი 205 ქვეყნიდან ჩასულ სპორტსმენებს, რომლებიც მედლების 306 კომპლექტისთვის იბრძოდნენ და თავებს არ ზოგავდნენ გამარჯვებისთვის. რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე მოვლენებს 6 ათასზე მეტი ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი აშუქებდა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს მსოფლიო 45 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.
ნანატრი ოლიმპიური “ოქრო”
ოლიმპიური თამაშების ისტორიაში სამშობლოს ოქროს მედალი მხოლოდ 14-მა სომეხმა სპორტსმენმა მოუპოვა. აქედან ორი სპორტსმენი დამოუკიდებელ სომხეთს წარმოადგენდა. 1992 წელს 3 სომეხი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა ისინი მაშინ დსთ-ს ნაკრების სახელით გამოდიოდნენ. დანარჩენი 9 ჩემპიონი უფრო ადრე, სსრკ-ს ნაკრების სახელით ასპარეზობდა. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე სომხეთს 32 სპორტსმენი 7 დისციპლინაში წარმოადგენდა.
დამოუკიდებელი სომხეთის წარმომადგენელმა პირველად 1996 წელს, ახლა კი მეორედ მოიპოვა ოქროს ოლიმპიური მედალი. საუბარია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიუმრელ არტურ ალექსანიანზე, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში კუბელი იასმან დანიელ ლუგუ კაბრეირუ 3:0 დაამარცხა.
არტურს შეჯიბრებაზე თან ახლდა მამა, გევორქ ალექსანიანი, რომელიც გამარჯვებულს პირველი გადაეხვია. “იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის იყო, მეორე – მე”, – აღიარა არტურმა.
18 წლიანი უწყვეტი ვარჯიშის შედეგად “თეთრ დათვად” წოდებულ არტურს, არასოდეს ტოვებდა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვების მოპოვების საოცარი მისწრაფება და თავდაჯერებულობა. უმაღლეს ჯილდოზე ფიქრი მას ყოველთვის თან სდევდა, განსაკუთრებით ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ – ბოლო 4 წლის განმავლობაში. გამარჯვებულის კვარცხლბეკზე კი არტური მთიანი ყარაბაღის აპრილის ომში დაღუპული რობერტ აბაჯიანის ფოტოთი გაფორმებული მაისურით ავიდა.
კიდევ ერთი სომეხი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მიგრან არუთუნიანი ფინალურ ბრძოლაში სერბ დავორ შტეფანეკოსთან დამარცხდა. პირველ რაუნდში მიგრანმა ერთი ქულა მოიპოვა. მეორე რაუნდში კი მსაჯმა, რომელმაც მიიჩნია, რომ მიგრანი პასიურობდა, ერთი ქულა მის მეტოქეს მისცა. ამ უკანასკნელმა კი სერბის გამარჯვება გადაწყვიტა და პარადოქსი სწორედ ის არის, რომ ეს არა ფალავანის, არამედ მსაჯის დამსახურებაა… ასეთმა დაუფარავმა მიკერძოებამ სომეხ ვიცე-ჩემპიონზე უარყოფითად იმოქმედა და ემოციების დაუფარავად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ნაგავია და ამიერიდან აღარც სპორტი აინტერესებს და აღარც – მედალი…
ამის მიუხედავად, მიგრანი თავის სამშობლოში მაინც ჩემპიონია. მისი შესანიშნავი გამოსვლებისა და უსამართლო მსაჯობის შესახებ სომხეთის და დიასპორის გარდა, მსოფლიოს წამყვან სპორტულ გამოცემებშიც საუბრობდნენ. ბევრი უცხოელი ექსპერტი ვარაუდობს, რომ მსაჯებს შტეფანენკოს გამარჯვებით “ბრძოლის გაერთიანებული მსოფლიოს” პრეზიდენტის, წარმოშობით სერბი ნენად ლალოვიჩის გულის მოგება სურდათ.
იმედია, ნანატრ ოლიმპიურ მედალს მიგრანი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვებს. არტურ ალექსანიანის და მიგრან არუთიუნიანის შესახებ Instagram-ის თავის გვერდზე რეპერმა The Game-მა შემდეგი სტატუსი დაწერა:
«ბოლო 10 წლის განმავლობაში კალიფორნიის გლენდეილში (ერთ-ერთი დიდი სომხური სათვისტომო საზღვარგარეთ – რედ.) ვცხოვრობ, სადაც ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს და სადაც ასევე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო არტურ ალექსანიანის მიმართ, რომელმაც 20 წლიანი ლოდინის შემდეგ პირველი ოლიმპიური “ოქრო” მოუპოვა სომხეთს. ასევე აღფრთოვანებული ვარ მიგრან არუთიუნიანის “ვერცხლის” გამო, თუმცა “ოქროს” იმსახურებდა და წაართვეს. როგორც იტყვიან, აქ კომენტარი უადგილოა«.
რიოს ოლიმპიადაზე მიკერძოებული მსაჯების შესახებ მხოლოდ სომეხი სპორტსმენების გულშემატკივრები არ საუბრობდნენ. ეს პრობლემა სხვა ქვეყნის ნაკრებებსაც შეეხოთ.
კიდევ ორი ვერცხლის მედალი 19 წლის სიმონ მარტიროსიანმა (105 კგ.წონით კატეგორიაში) და გორ მინასიანმა (უმძმეს წონით კატეგორიაში) მოიპოვეს.
2016 წლის 21 აგვისტოს ბრაზილიის რიო-დე-ჟანეიროში 31-ე ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალი მოეწყო. ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა, თუმცა 4 წლის შემდეგ, 2020 წელს, ის ტოკიოში აგიზგიზდება. “მარაკანეს” ლეგენდარულ სტადიონზე რიო-დე-ჟანეიროს მერმა ოლიმპიური დროში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ტომას ბახს გადასცა, რომელმაც თავის მხრივ იგი იაპონიის დედაქალაქის მერს გადაულოცა.
დახურვის ცერემონიალზე სომხეთის დროშის ტარების პატივი წილად ხვდა ოლიმპიურ ჩემპიონს არტურ ალექსანიანს.
საერთო ჯამში, ჯგუფურ შეჯიბრებაში სომხეთი 42-ე ადგილზე გავიდა, თუმცა სომხეთის დროშა სხვა დროშებთან ერთადაც აფრიალდა და დამოუკიდებელი სომხეთის ჰიმნიც აჟღერდა. გამარჯვების კვარცხლბეკზე არტურ ალექსანიანთან ერთად მთელი სომხეთი იდგა.
მოამზადა სიუზანა გრიგორიანმა