უძველესი რომაელი პოეტი ჰორასი ამბობდა: “ოკეანის გადაღმა იპოვი მხოლოდ განსხვავებულ ცას და არა – სულს”. ეს ყველაზე სწორი მიდგომაა მათთვის, ვისაც სამშობლოს დატოვება და საზღვარგარეთ ცხოვრების გაგრძელება სურს. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 40 მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. Dalma News-ი საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ესაუბრა.
როდესაც საზღვარგარეთ კარგია, მაგრამ სახლში – უკეთესი
შეკერ კერიმოვა: პირველად თურქეთში სასწავლებლად ჩავედი, შემდეგ იქ საცხოვრებლად დარჩენა გადავწყვიტე. თუ შევადარებთ აზერბაიჯანის და იქაურ ცხოვრებას, თურქეთში ბევრად უფრო ადვილია. ჩვენ პასუხისმგებლობის უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, თურქებს კი ძალიან უყვართ დასვენება და გართობა, უყვართ როცა სიცოცხლით ტკბებიან. აზერბაიჯანში თუ ხალხი მიჩვეულია „სამსახური – სახლის“ პრინციპით მუშაობას, თურქეთში სამსახურის შემდეგ, აუცილებლად უნდა დაისვენონ და მოდუნდნენ. თურქულ საზოგადოებაში ინტეგრირება რთული არ არის, რადგანაც ჩვენ თითქმის ერთნაირი ხასიათი გვაქვს და ადვილად ვამყარებთ კონტაქტს. არც სამსახურის პოვნაა რთული. მთავარია, საბუთები იყოს წესრიგში. ჩემთვის ამ ქვეყანას, რამდენიმე დადებითი მხარე აქვს: სტუმართმოყვარეობა, უშუალობა, ძლიერი მედიცინა და კარგი განათლება.
თურქები საკმაოდ ტოლერანტულები არიან, ისინი პატივს სცემენ შენს ტრადიციებს და ჩვევებს. თურქეთში ახალგაზრდები უფრო დამოუკიდებლები არიან, ვიდრე აზერბაიჯანში. ჩვენები ძალიან არიან მშობლებზე მიჯაჭვულები. გარდა ამისა, თურქეთში სამოსი ძალიან იაფია, თუმცა ძვირია ტრანსპორტი და საკვები. მინდა ხაზი გავუსვა აზერბაიჯანის, რამდენიმე უპირატესობას, რომელიც არ არის თურქეთში. სამშობლოში ბევრად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს, ვიდრე თურქეთში, რადგანაც ჩვენთან პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის სადარაჯოზეა, თურქეთში კი ასე არ არის. მაგალითად, საღამოს შეიძლება ქურდსაც გადაეყარო. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ბევრად უფრო უკეთესი კერძები გვაქვს, ჩაი კი, საერთოდ ჩვენი ღირსებაა. ყოველთვის ვთხოვ ჩემს მეგობრებს, რომ აზერბაიჯანიდან ჩაი გამომიგზავნონ, რადგანაც თურქული ჩაის დალევა შეუძლებელია. ახლა სწავლას ვამთავრებ, თან ვმუშაობ. ჩემი სამშობლო ძალიან მენატრება “.
ამერიკული ოცნება
აიდან ალიევა: ამერიკაში “მწვანე ბარათის” მოგებით მოვხვდი. პირველად აშშ-ში სწორედ მაშინ ჩამოვედი. თავდაპირველად ძალიან რთული იყო, მაგრამ ფული თუ გაქვს, აქაურ საზოგადოებასთან ინტეგრირება შედარებით უფრო ადვილია. ყველაფრის ნულიდან დაწყება კი ძალიან, ძალიან რთულია.
გიამბობთ იმ სირთულეებზე, რომელიც პირადად გადამხდა. სამსახური რომ იპოვო, ინგლისური კარგად უნდა იცოდე. თუ ქალაქის ცენტრიდან შორს ცხოვრობ, ავტომობილი უნდა გყავდეს და მისი მართვაც უნდა იცოდე. რა თქმა უნდა, ჩვენი მენტალობა, ტრადიციები და ცხოვრების წესი ამერიკელებისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ჩვენ ტოლერანტულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ამ მხრივ, რაიმე პრობლემას არ შევხვედრივარ. ვერ ვიტყვი, რომ იქ მცხოვრებმა რუსებმა, ან აზერბაიჯანელებმა უკვე ამერიკანიზაცია განიცადეს, თუმცა ისეთები აღარ არიან, როგორებიც სამშობლოში იყვნენ. თავად ამერიკელები კანონმორჩილი მოქალაქეები არიან. შენც თავისუფლებას, არჩევანის და ხმის უფლებას გაძლევენ. ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად ადამიანზეც, თუ შენ ამ საზოგადოებაში ინტეგრირება გსურს და ამ შესაძლებლობას გამოიყენებ, მიზანსაც მიაღწევ. უკვე წელიწადზე მეტია აქ ვცხოვრობ და ყველაფერი მომწონს.
ფილმებში ნაჩვენები და რეალური ამერიკა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ფილმებში ხშირად ვხედავთ, როგორ ერთობიან ამერიკელი ახალგაზრდები, თუმცა რეალურად ისინი სწავლას, განათლებას და სპორტს ძალიან დიდ დროს უთმობენ. იქ ადამიანები უმიზნოდ არ ცხოვრობენ. ყველაფერს აკეთებენ თავიანთ მიზნის მისაღწევად. მთელი ამ დროის განმავლობაში დავასკვენი, რომ აშშ-ში ძალიან ძლიერი განათლება და ძალიან ძვირი ჯანდაცვაა. ახლა ვმუშაობ და ამერიკულ ცხოვრებას თითქმის უკვე მივეჩვიე.
ახალი ცხოვრების ძიებაში
აიტაჯ აბდულაევა: შემიძლია ვთქვა, რომ აზერბაიჯანელი გოგონასთვის ევროპაში კარგი ცხოვრებაა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, აქ ცხოვრების დონე უფრო მაღალია. ადამიანის უფლებები, მამაკაცი იქნება, თუ ქალი, თანაბრად დაცულია. ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, სადაც მე ვცხოვრობ, შესანიშნავი განათლება და ხარისხიანი მედიცინაა. ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას.
აქამდე შვეიცარიაში მაგისტრატურაში ვსწავლობდი, სადაც 2013 წელს ჩავირიცხე. 22 წლის ასაკში ევროპაში მარტო აღმოვჩნდი და პირველ ხანებში, ძალიან გამიჭირდა. სამწუხაროდ, იქ ჩასული ხვდები, რომ შენი პოსტსაბჭოთა განათლება საკმარისი არ არის და არაკვალიფიციური სპეციალისტი ხარ. ეს არის საბჭოთა განათლების სისტემის ნაკლოვანებაა. ენობრივი ბარიერიც ძალიან დიდ როლს თამაშობს. ინგლისური კარგად ვიცოდი, მაგრამ ამ ენაზე სწავლა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. რაც შეეხება სულიერ საკითხებს, რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებსაც არ ესმით შენი ვერ იღებენ შენს ჩვევებს. მაგრამ უმეტესწილად ევროპელები ტოლერანტული ადამიანები არიან და ისინი სხვა ხალხებს პატივს სცემენ. ბევრს უკვირს, როცა ვამბობ, რომ ღორის ხორცს არ ვჭამ და ალკოჰოლს არ სვამს, თუმცა ჩემს არჩევანს პატივს სცემენ.
ადაპტაციის პერიოდი, როგორც წესი, ექვსი თვე ან ერთი წელია. შემდეგ იძენ მეგობრებს. ზოგჯერ ნახევარ განაკვეთიან სამსახურსაც პოულობ. შვეიცარიის შემდეგ, გერმანიაში გადავედი. იმ დროისთვის საქმრო მყავდა და ადაპტაციაც არ გამჭირვებია. შემიძლია ვთქვა, რომ გერმანია ძალიან ბიუროკრატიული სახელმწიფოა, ამიტომ აუცილებელია ყველა დოკუმენტის, ცნობის თუ საბუთის შენახვა, რომელიც ოდესღაც შენს სახელზე გაიცა. გერმანელები აღმოსავლური მენტალიტეტის მქონე ხალხთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენენ. იქ ძალიან ბევრი არაბი და თურქი ცხოვრობს, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან გერმანელებისგან. მათ საკუთარი უბნები აქვთ, სადაც, უკვე რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობენ და გერმანულად არ საუბრობენ.
გერმანულ ენას ყველაზე ადვილად მაშინ სწავლობ, როცა იქ ცხოვრობ. ამგვარად, უფრო ადვილია ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრირებაც. მე და ჩემს მეუღლეს სხვადასხვა ეროვნების ხალხთან გვაქვს ურთიერთობა და გერმანულის გარდა, ინგლისურ ენაზეც ვსაუბრობთ. სხვათა შორის, ქორწილი აზერბაიჯანში გვქონდა და ჩვენი ბევრი ევროპელი მეგობარიც გვეწვია. ევროპაში 6 წლიანი ცხოვრების განმავლობაში, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინეთ. აქ შეუძლებელია ყველაფრის სწრაფად მიღწევა, საჭიროა მოთმინება და ბევრი შრომა.
ცხადია, ევროპასაც თავისი მინუსები აქვს. იქ ძალიან რთულია საკუთარი თავის პოვნა. უნდა ისწავლო ენა, კარგი სამსახური იშოვო, დაამტკიცო, რომ კვალიფიცირებული სპეციალისტი ხარ და იბრძოლო შენი უფლებებისთვის. ამ რთული და ეკლიანი გზის გავლის შემდეგ, შეგიძლია თავისუფლად ამოისუნთქო. ცხოვრებაში ხომ იოლი არაფერია. რაც შეეხება პლიუსებს – ეს არის კარგი განათლება, მაღალი ხელფასები, შესანიშნავი სამუშაო პირობები და პირადი თავისუფლების და უფლებების დაცულობა. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანელისთვის ევროპაში ცხოვრება კარგი და კომფორტულია. კარგია, როცა შენს პირად ცხოვრებაში არავინ ერევა და ჭკუას არავინ გასწავლის, როგორც ეს აზერბაიჯანშია.
სამხრეთ კორეადან იტალიაში
ულკიარ კერიმოვა: ყველაფერი 2011 წელს დაიწყო, როცა სამხრეთ კორეაში ჩუნგნამის ეროვნულ უნივერსიტეტში, ასტროფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თავიდანვე ვიტყვი, რომ ქალაქმა მომხიბლა: ლამაზი, მწვანე, ნათელი, სუფთა, მოკაზმული… საერთოდ, მთელი ქვეყანა ძალიან განვითარებულია, მაგრამ იქ ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ, მარტოობა და სამშობლოს მონატრება საშინლად გთრგუნავს. ბაქოში აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრებაა. ხალხი ემოციური და გახსნილია, ქალაქი ცოცხალი და აქტიურია, რასაც ვერ იტყვი კორეაზე. კორეაში ადამიანები გეგმის მიხედვით ცხოვრობენ, მეგობრებს და ახლობლებს სპონტანურად ვერ შეხვდები. კორეელები ძალიან ცივი და ანგარიშიანი ხალხია, თუმცა ძალიან ზრდილობიანი და კანონმორჩილი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კორეაში ჩემი ცხოვრების განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული სირთულე არ შემქმნია.
თუმცა რთული იყო მეგობრების შეძენა და ეს ძალიან მაწუხებდა. ფაქტობრივად, მხოლოდ სწავლით და ლაბორატორიაში მუშაობით ვიყავი დაკავებული. კორეაში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც ცივები გახდნენ, მაგრამ, თუ მათი დახმარება დაგჭირდება, მაშინვე შენთან გაჩნდებიან.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სამშობლოში დავბრუნდი. გადავწყვიტე სწავლა იტალიაში გამეგრძელებინა. იტალიის უმაღლეს სასწავლებელში საბუთები გავგზავნე და ჩავირიცხე. ახლა რომში, კოსმოსური ასტროფიზიკის და პლანეტალოგიის ინსტიტუტში ვმუშაობ და მურკურიის საერთაშორისო კოსმოსური კვლევების პროექტში „ბეპი კოლომბოში“ ვარ ჩართული. ეს არის ევროპული კოსმოსური სააგენტოს პროექტი, რომელშიც ასევე იაპონური აეროკოსმოსური კვლევების სააგენტო მონაწილეობს. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ იტალია ჩემი ქვეყანაა, თითქოს აზერბაიჯანიდან, არც წავსულვარ. ხალხი, არქიტექტურა, ცხოვრების რაღაც-რაღაც წესები, მაგალითად, უფროსებისადმი პატივისცემა, სტუმართმოყვარეობა, ურთიერთ თანადგომა… თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ. აქ სიმარტოვეს ვერასდროს იგრძნობ.
რა თქმა უნდა, სამშობლო მენატრება, მაგრამ აქ ბევრად უფრო ადვილია ჩემთვის, ვიდრე კორეაში. იტალიურ საზოგადოებაში ინტეგრირება ძალიან სწრაფად მოვახერხე. ხანდახან მეჩვენება, რომ აზერბაიჯანში ვარ, თუმცა ხალხი, რატომღაც იტალიურად საუბრობს. კულტურული თვალსაზრისით მცირე განსხვავებაა. იტალიაში შენს პირად საქმეში არავინ ერევა და გადაწყვეტილებების მიღება თავად შეგიძლია. აზერბაიჯანში საზოგადოება ყოველთვის შენს საქმეში, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში ერევა. იტალიაში, ამ მხრივ სრული თავისუფლებაა. სასიამოვნოა ისიც, რომ იტალიაში პირველადი დახმარება ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის უფასოა. თანაც საუბარია კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე. სამხრეთ კორეაში კი, სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია. დამერწმუნეთ, აზერბაიჯანელი ადამიანისთვის სამხრეთ კორეაში ცხოვრება ბევრად რთულია, ვიდრე იტალიაში”.
გიუნელ მემედლი