თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ, 24 ნოემბერს რუსული სუ-24 ჩამოგდების შემდეგ, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გაცივდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ინციდენტი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობები, მათ შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში, გაწყდება.
2016 წლის პირველი იანვრიდან რუსეთი აამოქმედებს სანქციებს საკვებ პროდუქტებზე: თურქულ ხილზე, ბოსტნეულსა და ფრინველის გაყინულ ხორცზე. ასევე დაწესდება სავიზო რეჟიმი თურქეთის მოქალაქეებისთვის. 2015 წლის დეკემბრიდან კი უკვე შეჩერდა ერთობლივი ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო რუსულ-თურქული პროგრამები.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ თურქულ მხარეს ეს სულაც არ აღელვებს. თუმცა, ამის მიუხედავად ყველამ შესანიშნავად იცის, რომ რუსეთის სახით ეკონომიკური პარტნიორის დაკარგვა სერიოზული დარტყმაა თურქული ეკონომიკისთვის.
სანამ თურქეთი მიყენებულ ზარალსა და პოტენციურ ხარჯებს ითვლის, სხვა ქვეყნებმა, მათ შორის სომხეთმაც, შემთხვევით ისარგებლეს და ბაზარზე გამოთავისუფლებული ადგილის შევსება სცადეს.
ტურისტულ ბაზარზე ოდესღაც შედარებით პოპულარული ქვეყნების – თურქეთისა და ეგვიპტის ალტერნატივა შრი-ლანკა, ტაილანდი და ისრაელი გახდა. ამ შემთხვევაში სომხეთი ზღვის არქონის გამო, ცხადია, თამაშგარე მდგომარეობაშია. თუმცა, არსებობს ეკონომიკის სხვა სფერო, კერძოდ, სოფლის მეურნეობა, რომელმაც შესაძლოა სერიოზული მოგება ნახოს.
26 ნოემბერს, რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩოვმა განაცხადა, რომ თურქეთის საკვებ პროდუქტებზე კონტროლი გაძლიერდება, ასევე დაიწყება დამატებითი შემოწმებები საზღვარსა და წარმოებაში. მისივე თქმით, თურქული პროდუქტების საშუალოდ 15% არ შეესაბამება რუსულ ნორმებს. ტკაჩოვმა ასევე დასძინა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის 20% თურქეთზე მოდის და ამ მოცულობის შესავსებად რუსეთმა ახალი პარტნიორი უნდა მოძებნოს.
თურქეთის ადგილის დაკავებისა და წარმოქნილი ვაკუუმის შევსების რეალური შესაძლებლობა სომხეთსაც მიეცა. როგორც სჩანს, ეს ამ ქვეყნის მთავრობასაც კარგად ესმის. რამდენიმე დღის წინათ, სომხეთის სოფლის მეურნოების მინისტრი სერგო კარაპეტიანი სომხეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე არსენ კაზარიანს შეხვდა. შეხვედრას ასევე აგრო-გადამამუშავებელი და სასათბურე საწარმოების ორმოცდაათზე მეტი წარმომადგენელი, რუსეთში სომხეთის სავაჭრო წარმომადგენელი კარენ ასოიანი ესწრებოდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ანტითურქულ სანქციებთან დაკავშირებით რუსეთში ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობების განხილვას. “დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების სია, რომლის თურქეთიდან იმპორტირებაც რუსეთმა აკრძალა. ამგვარად, ჩვენი ექსპორტიორებისთვის ახალი შესაძლებლობების კარი იღება, გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა რუსულ ბაზარზე”, – განაცხადა სერგო კარაპეტიანმა.
მისივე თქმით, რუსეთის ბაზარზე გასატანად ამ დროისთვის რესპუბლიკაში საკმაო რაოდენობის ხილი და ბოსტნეულია, მათ შორის ყურძენი, ვაშლი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხალი, კარტოფილი, სტაფილო, ასევე სასათბურე მეურნეობის პროდუქტი. მინისტრმა დასძინა, რომ არსებობს ექსპორტირებული პროდუქტების მოცულობის გაზრდისა და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმის საშუალებები.
კარენ ასოიანმა თავის მხრივ მზადყოფნა გამოთქვა, სომეხი ექსპორტიორების დასახმარებლად რუსულ ბაზარზე ახალი პარტნიორები მოიძიოს.
სომხეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე არსენ კაზარიანს მიაჩნია, რომ სომხეთს რეალური შანსი ეძლევა, რადგანაც რუსულ ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტი სწორედ თურქეთი იყო. კაზარიანის აზრით, თურქეთს წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის გაზრდის კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა. საუბარია რუსეთის მიერ ეგვიპტიდან იმპორტირებულ პროდუქტზე ემბარგოს დაწესებაზე.
თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით სკეპტიკური მოსაზრებებიც გაისმა. გამოცემა “აიოც აშხარ”-თან საუბარში სომხეთის დამსაქმებელთა კავშირის თავმჯდომარე გაგიკ მაკარიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ჯერ არ არის მზად რუსეთის ბაზარზე წარმოქმნილი სიცარიელე შეავსოს და წელს ექსპორტის გაზრდა შეუძლებელია, რადგან რძისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების შესყიდვის სეზონი უკვე დამთავრდა.
“კომპანიები ვერ შეძლებენ წარმოების დაგეგმილი მოცულობის გაზრდას, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტები საგარეო ბაზარზე უკვე გატანილია. დარჩენილი საქონელი კი ძლივს დააკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას”, – განაცხადა მაკარიანმა.
მისივე თქმით, ექსპორტის ზრდა მხოლოდ იმ მწარმოებლების ხარჯზეა შესაძლებელი, რომლებმაც რუბლის დევალვაციის გამო საკუთარი პროდუქციის რუსეთში რეალიზება ვერ მოახერხეს და საწყობებში დააგროვეს. თუმცა, სომხურ ექსპორტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერც ეს ახდენს,- მიაჩნია ექსპერტს და ექსპორტის მოცულობის 20%-იან ზრდას პროგნოზერებს.
თავის მხრივ, გამოცემა “აიკაკან ჟამანაკის” ეკონომიკური მიმომხილველი აიკ გევორქიანი ამბობს, რომ თეორიულად ანტითურქული სანქციები ადგილობრივი წარმოების საექსპორტო საქონლის მოცულობის გაზრდის საშუალებაა. თუმცა, არსებობს ადგილობრივი წარმოების დაზარალების რისკი.
“საქმე იმაშია, რომ უკვე წარმოებული, მაგრამ რუსეთის ბაზარზე არა ექსპორტირებული საქონელი ჩვენს რეგიონში, ძირითადად საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილი კი სომხეთში აღმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ სომხურ ბაზარზე თურქული საქონელი ხელოვნურად დემპინგურ ფასად შევა და ადგილობრივ პროდუქციას შეავიწროვებს.
სავარაუდოდ პარალელურად, სომხური პომიდორი, ხახვი და კომბოსტი რუსეთში ძვირად გაიყიდება, ადგილობრივი მომხმარებელი კი იაფფასიან თურქულ ხახვსა და პომიდორს იგემებს. მაგრამ ეკონომიკის კანონით, დროთა განმავლობაში სხვა პროცესი დაიწყება. ჩვენი მწარმოებლები შრომატევადი სამუშაოების ნაცვლად იოლ გზას აირჩევენ: იყიდიან იაფფასიან თურქულ პომიდორს, შეფუთავენ და რუსეთში გაყიდიან როგორც სომხურს. აქ, ცხადია ჩნდება პროდუქტის წარმოების სერთიფიკატის საკითხი, მაგრამ, დამიჯერეთ, დიდი სათბურის მქონე ბიზნესმენი ადვილად დაამტკიცებს, რომ 50 ტონა პომიდორი თავად მოიყვანა და არ უყიდია. ყოველივე სომხეთში აღნიშნული საქონლის წარმოების შემცირდებას გამოიწვევს”,- წერს ჟურნალისტი.
საერთო ჯამში, ორად გაიყო მოსაზრება, თუ სომხეთს რუსეთის სოფლის მეურნეობის ბაზარზე მოხვერდის რამდენად რეალური შანსი აქვს. ერთი რამ აშკარაა, ანტითურქულმა სანქციებმა საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. ამბობენ, რომ მოიგებს ის, ვინც უფრო მოქნილი და სხარტი იქნება, ვინც უფრო სწორად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს.