საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო 4 ოპოზიციური პარტიის მილევადი პროტესტის ფონზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთი მხრივ -სუვერენული სახელმწიფოსთვის შესაფერად პრინციპულმა, მეორე მხრივ – სკანდალურმა განცხადებამ რუსთაველის გამზირი კვლავ წინააღმდეგობის ველად აქცია. როგორც ცნობილი გახდა, „ქართული ოცნება“ დროებით აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, თუმცა განაგრძობს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებას. 2028 წლის ბოლოს კი, საქართველო უკვე მეორედ მოითხოვს მოლაპარაკებების გახსნას იმ იმედით, რომ უარს ვეღარ ეტყვიან ევროკავშირში მიღებაზე. კობახიძის ეს განცხადება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის მოწოდებით ხალხი ქუჩაში საპროტესტოდ კვლავ გამოსულიყო. კვირაზე მეტია რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი სამართალდამცველებსა და მომიტინგეების რადიკალურ ჯგუფებს შორის წინააღმდეგობების არეალად არის ქცეული. არიან დაზარალებულები როგორც მომიტინგეებს, ისე სამართალდამცველებს შორის, დაკავებულია ათეულობით ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მძიმე მუხლითაც.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე Dalma News- ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.

ოპოზიციის მილევადი საპროტესტო აქციების ფონზე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განცხადება ისეთი ფორმულირებით გააკეთა, რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა პროტესტი. რატომ მოიქცა, თქვენი აზრი, ხელისუფლება ამგვარად?

– ბოლომდე ვერ ვუპოვე ახსნა ხელისუფლების ამ განცხადებას და მის უკან მდგომ მიზეზებს. შესაძლოა, იმაზე მეტი ინფორმაცია აქვთ, რაც ჩვენ არ ვიცით. მარტო ის, რომ თითქოს 16 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ევროსაბჭოს მინისტერიალს საქართველოსთვის ოფიციალურად უნდა ეთქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე და ოპოზიცია ამ დღისთვის ემზადებოდა და „ოცნებამ“ მათ დაასწრო, მე ვფიქრობ, რომ ეს მთლად დამაჯერებელი არგუმენტი არ არის. მეორე მხრივ, ის რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, შეიძლებოდა მართლაც სხვა ენით თქმულიყო, სხვა ფორმულირებით. ვფიქრობ, სწორედ იმ ფორმულირებამ გამოიწვია ის რეაქციები, რასაც ვხედავთ დღეს. როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ოპოზიციის მთავარმა სლოგანმა – „ევროპა თუ რუსეთი?“ , ამან არ იმუშავა და ხალხმა ხმა მაინც „ქართულ ოცნებას“ მისცა. მაგრამ ახლა, როცა უკვე გაცხადდა, რომ ევროპასთან მოლაპარაკებები ჩერდება 2028 წლამდე, როგორც ჩანს იფიქრა, რომ იმ დრომდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ამან გამოიწვია ასეთი რეაქციები.

Заал Анджапаридзе

ვინ დგა დღეს ქუჩაში ოპოზიციის მოწოდებით?

– ეს არის ძირითადად ოპოზიციური პარტიების აქტიური ელექტორატი. ყველაზე ოპტიმისტური დათვლებით აქციების მონაწილეთა რაოდენობას, ჩემი აზრით, 20 000-თვის არ გადაუჭარბებია. ამდენი ამომრჩეველი, კი ჰყავს იმ 4-ოპოზიციურ პარტიას. უფრო მეტიც უნდა გამოეყვანათ, მაგრამ ვერ გამოიყვანეს.

რა მიიღო ხელისუფლებამ ამ აქციებით?

– ხელისუფლებამ ამ აქციებით თავისთვის არაერთი დივიდენდი მიიღო. პირველ რიგში გამოავლინა სახელმწიფო უწყებებში მოკალათებული ოპოზიციური კლასტერი. ძალიან ბევრი ცნობადი სახე ამ დღეებში ძალიან ნეგატიური კუთხით წარმოჩინდა საზოგადოების წინაშე თავისი უკიდეგანო რადიკალიზმით. ვნახეთ მივარდნები რუსთაველის თეატრში, მწერალთა სახლში, საზოგადოებრივ მაუწყებელში. ქუჩის აქციების მონაწილეებმა გაანადგურეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ორივე მხარეს არიან დაშავებულები. გულწრფელი ადამიანების ნაწილმა დაინახა, რომ ეს დემონსტრაციები რეალურად არის ოპოზიციის ლიდერების ხელისუფლებისთვის ბრძოლა და არა ევროპული ორიენტაციისთვის. ამ ახალგაზრდებს შეიძლება მკაფიო წარმოდგენაც არ აქვთ, რა არის ევროკავშირი, ბევრი მათგანი ვერც კი დაგისახელებთ, რამდენი ქვეყანაა ან ევროკავშირში, ან ნატოში. ნელ-ნელა ამ აქციებმა თავი გამოფიტა. ხელისუფლებასაც რომ არ განეხორციელებინა საპოლიციო მოქმედება, როდესაც ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან პიროტექნიკა და “მაიდანური” ამუნიცია ამოიღეს, რომლითაც მარაგდებოდნენ აქციის რადიკალური ჯგუფები, შეიძლება აქცია ისედაც მილევად რეჟიმში გადასულიყო.

პრემიერმინისტრმა აღიარა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, რაზედაც საზოგადოების კრიტიკას სწორი რეაქცია უწოდა. რა შემთხვევაში შეუძლია აიძულოს საზოგადოებამ ხელისუფლება არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს?

– ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების ზეგავლენა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამის გარეშე არ არსებობს დემოკრატია. 2023 წელს, როდესაც საზოგადოება ბოლომდე ვერ გაერკვა „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის“ შინაარსში, მაშინ იყო საზოგადოების წნეხი და ხელისუფლებამ ამის გამო უკან წაიღო ეს კანონი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არა ერთხელ დაუხევია უკან საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებისას, განსხვავებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, მაგრამ ბოლო დროს, როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილისთვის მეტისმეტი დათმობები არ არის მომგებიანი. „ოცნების“ ხელისუფლება გარკვეულ მომენტებში ამჟღავნებს სიხისტეს, გარკვეულ მომენტებში შეუძლია უკან დახევა, ამაშია სწორედ პოლიტიკური ძალის სიცოცხლის ერთ-ერთი კომპონენტი.

ვიხილეთ პრეზიდენტის მოწოდებები წინააღმდეგობრივი მოძრაობის გაშლაზე, ასევე სკოლის მოსწავლეების ძალადობრივ აქციაზე გამოყვანის მოწოდებები, რაც შემდგომ, სალომე ზურაბიშვილმა უარყო საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. თქვენი აზრით, პრეზიდენტი სხვების კარნახით მოქმედებს?

– მისი ინტერვიუ იყო სრული კატასტროფა. ჟურნალისტის კითხვებზე თითქოსდა გამოცდილ დიპლომატს – სალომე ზურაბიშვილს ადეკვატური პასუხები არ ჰქონდა. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს გარკვეულ მომენტში ემოციებმა გადასძლია, მან დაკარგა თვითშეფასების რეალისტური უნარი და მთელი ოპოზიციური სპექტრის ლიდერად, ზეპარტიულ წინამძღოლად მიაჩნია თავი. ეს თვითგანდიდების მანიის ნიშნებსაც შეიცავს. შეიძლება თავად ოპოზიციურმა ენჯეოებმა შეუქმნეს მას ასეთი ცდუნება და განცდა, რომ შენ ხარ ჩვენი ლიდერი და გაგვიძეხი წინო. ისიც ჩაეშვა ცდუნებაში. სალომე ზურაბიშვილი არასდროს ყოფილა ლიდერი. რამდენი ხანია ის ქართულ პოლიტიკაშია და მისი ლიდერობით წამოწყებული ყველა ინიციატივა კრახით დასრულდა. ლიდერი გახდა სწორედ იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას აჩუქა პრეზიდენტის სავარძელი – სახელისუფლებო ქარიზმა. იგივე შეიძლება ვთქვათ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე. როდესაც ის „ქართული ოცნების“ პრემიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შეცდომა დაუშვა, ჰქონდა სახელისუფლებო ქარიზმა. არ ვიცი სალომე ზურაბიშვილი როგორ მოიქცევა დარჩენილ დღეებში, შესაძლოა მორიგი სიურპრიზები შესთავაზოს საზოგადოებას, მაგრამ თუ გონიერებას მოუხმობს, მისთვის, ალბათ, უკეთესი იქნება, როდესაც ის გამოვა ორბელიანების რეზიდენციიდან, ან გამოიყვანენ, უკვე მისი ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი შეიძლება დადგეს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია მასზე გაბრაზებული.

რა არის ამ აქციების მიზანი?

– ხელისუფლების შერყევა და შემდგომ მისი დამხობა. თქვენ ნახეთ როგორი მუშაობა მიდიოდა სახელისუფლებო უწყებებში, სამინისტროებში, ვინც იცნობს ფერადი რევოლუციების თეორიას და ტექნიკას, მან იცის, რომ ის რაც ხდება ქუჩებში – ფეიერვერკების პოლიციისთვის დამიზნებით სროლა, მათთვის ქვების დაშენა და წინააღმდეგობები, ეს არის აისბერგის ხილული ნაწილი. ძირითადი ნაწილი არის ფარული. დაახლოებით 1000-მდე საჯარო მოხელემ რომ დაწერა ერთ დაძახებაზე განცხადებები, ეს ხომ არის იმის შედეგი, რომ ვიღაცამ მათთან იმუშავა, ვიღაცამ ისინი დაარწმუნა. ფონდი შექმნეს გიული ალასანიას თაოსნობით, რომ ერთი წლის განმავლობაში ხელფასი დაენიშნებათ მათ, ვინც ასე საჯაროდ და ხმაურით დატოვებს სამსახურს, პრეზიდენტმაც მოუწოდა მათ ამისკენ. ხელისუფლებამაც, რომ იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელიაო, გაიგო ვინ არიან სახელისუფლებო სტრუქტურებში მყოფი ადამიანები, რომელთა ნდობა აღარ შეიძლება. ამ ადამიანებს, თუ კი ისინი პროევროპულები არიან, ევროპული პრაქტიკის თანახმად, აქამდე უნდა დაეტოვებინათ სამსახურები. როდესაც არ ეთანხმები ხელისუფლების პოლიტიკას, უნდა დაწერო განცხადება და წახვიდე.

ესაუბრა შორენა ქარჩავა