დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის VI პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველია, ვინც ქვეყნის პარლამენტმა აირჩია. მას შემდეგ, რაც საქართველო სახელმწიფო მართვის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა, ქვეყნის მოსახლეობამ პრეზიდენტი ბოლოს 2018 წელს აირჩია. პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილმა სალომე ზურაბიშვილი უნდა შეცვალოს, თუმცა, ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ არ ცნობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, არც ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს და, არც ორბელიანების სასახლის დატოვებას აპირებს. სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.

საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტმა 14 დეკემბერს 5 წლის ვადით აირჩია. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ “შეცდომებზე ისწავლეს” და მომავალი პრეზიდენტი ქართველი, ტრადიციებისა და ეკლესიის ერთგული იქნება.

პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

მიხეილ ყაველაშვილმა საპარლამენტო საქმიანობა 2016 წელს დაიწყო, ის IX, X და XI მოწვევის პარლამენტების წევრია. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღედ 29 დეკემბერი ჩაინიშნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიამ 224 ზმით აირჩია. კოლეგიაში 300 კაცი შედის: პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის 20, აჭარის მთავრობის 21 წევრი და თვითმმართველობების 109 წარმომადგენელი. არჩევნების პროცედურულ ნაწილზე პასუხისმგებელი ცესკო იყო.

მიხეილ ყაველაშვილი

14 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილის არჩევა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა. საპარლამენტო არჩევნების შედეგად 5%-იან ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური გაერთიანება ამ დრომდე უარს აცხადებს საპარლამენტო საქმიანობის დაწყებაზე და ქუჩის აქციებს განაგრძობენ. ისინი „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ოპოზიციის თანამოაზრეა მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ის თავს ქვეყანაში ერთადერთ ლეგიტიმურ ფიგურად აცხადებს.

2018 წელს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, თუმცა დღეს ის რადიკალური ოპოზიციის ავანგარდშია და მოსახლეობას დაუმორჩილებლობებისა და გაფიცვებისკენ მოუწოდებს, რათა „ოცნებას“ არჩევნების შედეგების გაუქმება აიძულოს. საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ზურაბიშვილი აქტიურად იყენებს თავის კონტაქტებს ევროპაში. „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი არაერთხელ დაადანაშაულა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში. ქვეყნის მე-5 პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად საკონსტიტუციო სასამართლომაც ცნო.

ამასობაში მიხეილ ყაველაშვილმა ახალარჩეული პრეზიდენტის რანგში პირველი ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იქნება პიროვნება, რომელიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

მიხეილ ყაველაშვილი

როგორც ყაველაშვილი ამბობს, მისთვის მოულოდნელი იყო პრეზიდენტის კანდიდატობის შეთავაზება.

„პარტიის საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა დამიძახეს შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება. მომეცა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ გამეანალიზებინა, რამდენად შევძლებდი ამ ტვირთის აღებას. იმ დღეებში პოლიტსაბჭოს წევრებთან მოხდა კონსულტაციები, მათმა მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა იმისთვის, რომ კანდიდატობაზე თანხმობა მიმეცა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ქვეყანას ახალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა საქართველოს დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მან ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ღირსეული პრეზიდენტი, იქნება ღირსეული ადამიანი, ვინც იქნება ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. ყველაზე მთავარი არის, რომ გიყვარდეს შენი ქვეყანა და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც სჭირდება შენს სამშობლოსა და მის ხვალინდელ დღეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციაში ყაველაშვილი კანდიდატურა უარყოფითად შეაფასეს. მათი მთავარი არგუმენტია ის, რომ ყაველაშვილს არ აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი. არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დასახელება ქართველი ერის, საქართველოს ისტორიის, აწმყოსა და მომავლის შეურაცხყოფად შეაფასა.

მისი აზრით, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რუკიდან წაიშალა.

ხათუნა ლაგაზიძე

“ქართულმა ოცნებამ” ასე დემონსტრაციულად, დასავლეთს, რომელსაც თუ კიდევ რაიმე ილუზიები ჰქონდა ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის, პირდაპირ

“აწყვეტილი” პრორუსი დაუსვა,გასაგებია, რომ ჩვენი კონსტიტუციით, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ, პრეზიდენტის უფლებამოსილებები არის მინიმუმზე დაყვანილი, მაგრამ საქართველოსნაირი ქვეყანა, რომელსაც ყოველწუთიერად უდგას ლამის გამოწვევა საგანგებო და საომარი სიტუაციების დროს, როცა მთავარსარდალი თავის ფუნქციებში შედის და თავდაცვის საბჭო იწყებს ამოქმედებას, ეს წარმოუდგენელი თავზარდაცემაა“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მისი აზრით, ყაველაშვილის პრეზიდენტად დასახელებით „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთს გზა გადაუკეტა და დასავლელ პოლიტიკოსებს საქართველოში აღარავინ მოიწვევს.

ლაგაზიძის პროგნოზით, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, ხელისუფლება ქვეყანაში ტერორის ახალ ტალღას დაიწყებს.

„ახალი წლები რომ ჩაივლის, დაიწყება მასობრივი ტერორის ტალღა, მე ასეთი განცდა მაქვს. ქართველი ხალხის გარდა კიდევ თუ ვინმეს მიაყენა შეურაცხყოფა და ხელთათმანი ესროლა ამით, ეს არის დასავლეთი. დასავლეთს ამ ქვეყანაში აღარ რჩება ოფიციალური პარტნიორი, რომელიც მათ ქვეყანაში მოიწვევს. რეალურად, ყველა გზა გადაუკეტა დასავლეთს აქ ჩამოსასვლელად“, – მიაჩნია ლაგაზიძეს.

რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით აპოკალიფსურ სურათს არ ხატავს. ამბობს, რომ მას იცნობს, როგორც კეთილშობილ პიროვნებას. ხოლო პოლიტიკასთან ყაველაშვილს მას შემდეგ აქვს კავშირი, რაც 2016 წელს პარლამენტის დეპუტატი გახდა.

„თავიდანვე იდგა საკითხი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც პოლიტიკისგან შორს იქნებოდა“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, სანამ ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს – გიორგი მარგველაშვილს აირჩევდნენ, გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში იყო საუბარი მეცნიერზე, მათემატიკოსზე, რომელიც პოლიტიკაში არ იქნებოდა ჩართული, მაგრამ საზოგადოებრივად აქტიური იქნებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის ფუნქციები შეკვეცილია, პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ისეთი ფიგურა, ვისაც პოლიტიკური პრეტენზიები ნაკლებად ექნებოდა და დამოუკიდებელ ხაზს გაატარებდა, რაც მოხდა კიდეც სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში.

„სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო მოქმედება, როგორც სხვა კონსტიტუციის მქონე ქვეყნის პრეზიდენტმა. ამ ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს არ აქვს არაფრის უფლება და რომ ის ემორჩილება მთავრობის გადაწყვეტილებებს. არ გამოვიდა ორჯერ და მესამე მცდელობაზე მიდიან. მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია, რასაც იტყვის, იმას ასრულებს. ყველა ამბობს, ვაჟკაცური პიროვნება არისო. ვნახოთ. ცნობილია, როგორც ერთგული პიროვნება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

შორენა ქარჩავა