საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციამ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 28 ოქტომბერს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მხარდამჭერები შეკრიბეს იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი გადალახეს, მაგრამ აღებული მანდატების რაოდენობით უკმაყოფილონი არიან. ირწმუნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხმები ადამიანების დაშინებისა და მოსყიდვის ხარჯზე მიიღო და უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე. ასევე მოუწოდეს მოქალაქეებს, არჩევნების გაყალბების, დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტებზე ინფორმაცია ოპოზიციას მიაწოდონ.

28 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა დაიფიცა, რომ “ევროპულ გზაზე” ოპოზიციის გვერდით იქნება. შემდეგ კი წარმოადგინა ერთგვარი ანგარიში იმისა, თუ თავისი ფლანგიდან ბრძოლის როგორი სტრატეგია აქვს გაშლილი – 17 ინტერვიუ, 6 პრეზიდენტთან საუბარი.

“მე რას ვაკეთებ ამ პერიოდში: დღეს უცხოურ მედიას მივეცი 17 ინტერვიუ, ვესაუბრე 6 პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს. ალბათ წაიკითხავდით იმ მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის ევროპული ქვეყნიდან და ამერიკიდან. ყველა გვეუბნება ერთ რამეს, რომ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. შეიძლება, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ოპოზიციური ფლანგი „ერთიანი პლატფორმის შესახებ“ მემორანდუმისა და ტექნიკური მთავრობის იდეის გარშემო გააერთიანა, არ აქვს შემდგომი ნაბიჯების გეგმა. მან ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

“პოლიტიკური პარტიები გეტყვიან, როგორ აპირებენ მოქმედებას. ჩვენ ერთად ვართ. ძალიან მშვიდობიანად დავიცავთ იმას, რაც არის კონსტიტუციური უფლება, რომ ხმა იყოს დაცული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოპოზიციამ რამდენიმე დღის განმავლობაში იფიქრა გეგმაზე. ზოგს რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმა სურდა, მაგრამ გარეთ სუსხიანი ნოემბერია და კარავში აბა, ვინ “გაწვებოდა”? ცარიელ კარვებს კი, ცხადია, თბილისის მერია მეორე დღესვე გაგვიდა. მოკლედ, ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, აქცია-პერფორმანსებზე შეთანხმდნენ: ხან სასამართლოს შენობებთან იკრიბებიან, ხან რუსთაველის გამზირზე, ხანაც ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის შორიახლოს – სურვილისა და გემოვნებისამებრ.

ასე მაგალითად, 10 ნოემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტეს, რითაც თბილისის მცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალაქეებისგან ხშირად მოისმენთ: “აღარ დაიღალნენ?”, “როდის უნდა შეეგუონ, რომ არჩევნები წააგეს?!” და სხვა. ოპოზიცია თბილისის მცხოვრებლებს ქალაქის პარალიზებას ყოველდღიურად ჰპირდება. საპროტესტო აქციები გამართეს ემიგრანტებმაც. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში “ივანიშვილის გუნდის მიერ არჩევნების ტოტალურად გაყალბება და ხალხის ნების მიტაცება” გააპროტესტეს.

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ ხმების ხელახლა გადათვლის მზაობა გამოხატა და სპეციალური კომისიის შექმნის იდეა წამოაყენა, ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ახალი მტკიცებულება მონახა. არანაირი ხელახლა გადათვლა, ოპოზიციას  შედეგების გაბათილება და ხელახალი არჩევნები სურს იმ მიზეზით, თითქოს დაირღვა მთავარი პრინციპი -კენჭისყრის ფარულობა. საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო ბიულეტენში სასურველი პოლიტიკური სუბიექტის აღმნიშვნელი რგოლის შავი მარკერით გაფერადების კვალი ფურცლის უკანა მხრიდან შესამჩნევი იყო, რაც ოპოზიციის აზრით, არღვევს არჩევნების ფარულობას.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საარჩევნო ბიულეტენი თავსდებოდა სპეციალურ კონვერტში და მხოლოდ ამის შემდეგ შეჰყავდათ ის ხმების დამთვლელ ელექტრონულ მოწყობილობაში.

ბევრი იყვირა ოპოზიციამ თუ ცოტა იყვირა, შავი მარკერის გამოჟონვამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას არსებითი საფრთხე ჯერჯერობით ვერ შეუქმნა. ოპოზიციის საპროტესტო აქციების მასშტაბებითაც თუ ვიმსჯელებთ, ამან ვერც ამომრჩეველზე მოახდინა შთაბეჭდილება.

ამის შემდეგ, „ახალი”-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას დამატებითი დოკუმენტი, რომელშიც პარლამენტის მანდატებზე უარის თქმას ოპოზიციონერი ლიდერები ხელმოწერით დაადასტურებენ. მელიას ინიციატივას იზიარებენ „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ და მზად არიან, საკუთარი გადაწყვეტილება სამართლებრივ დოკუმენტში ასახონ. მსგავს განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამენ პარტია „გირჩში“ და ამბობენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში მაინც შევა.

იაგო ხვიჩია

“გამოცდილება გვაქვს ასეთი, რომ ჩვენთან ოპოზიციამ რასაც ხელი მოაწერა, ყველაფერი უარყვეს. მგონი უმჯობესია დაიგინონ და ისე მოაწერონ ხელი, დაგინებულზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ.

“ქართულ ოცნებაში” კი განმარტავენ, რომ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება და საკანონმდებლო მუშაობა ოპონენტების გარეშეც დაიწყება.

პარალელურად პროკურატურამ ორ კვირაზე მეტია დაიწყო გამოძიება საარჩევნო დარღვევებზე. ოპოზიციონერი ლიდერები პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ და დაკითხვაზე მაგისტრი მოსამართლის დასწრებას მოითხოვენ. ასევე, მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას. მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა მამუკა ხაზარაძე, ზურა გირჩი-ჯაფარიძე და ნათია მეზვრიშვილი. გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა სალომე ზურაბიშვილი უწყებაში მისვლას არ აპირებს.

საკუთარი გამოძიება დაიწყო “ქართულმა ოცნებამაც” და გამოავლინეს ფაქტები, როდესაც მათი მხარდამჭერები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების დამკვირვებელთა სიებში უნებართვოდ აღმოჩნდნენ. შედეგად, ამ ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა და თავიანთ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლეს.

ლევან ნიკოლეიშვილი

“ბევრი იწვალა ოპოზიციამ და ყველაზე გაუმჭვირვალე არასამთავრობოებმა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, აღმოჩენა გააკეთეს, ფარულობა ირღვეოდაო. ვერც ამას ამტკიცებენ. დარბიან სასამართლოებში ატარებენ ექსპერიმენტებს ასე უნდა შეაცურონ ბიულეტენი, თუ ისე, ზომავენ კონვერტებს, მაგრამ არაფერი არ გამოსდით, კრახს კრახზე განიცდიან”, – აცხადებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე მისულ თითოეულ მოქალაქეს დაწვრილებით უხსნიდნენ, როგორ უნდა მიეცათ ხმა. მაგრამ თუ მაინც ვინმემ დაარღვია ფარულობის პრინციპი, მხოლოდ 3 ვარიანტი განიხილება: მართლა შემთხვევით მოუვიდა შეცდომა; ვერ გაიგო ინსტრუქცია, ან პროვოკატორი იყო და სპეციალურად აკეთებდა ამას.

ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, ამასობაში, დრო გადის, ცესკო არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს, პარლამენტიც შეიკრიბება და საქართველოში ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება. მისი აზრით, ოპოზიცია, პრეზიდენტი და ის ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებში დარღვევებზე საუბრობენ პროკურატურასთან იმიტომ არ თანამშრომლობენ, რომ ერთი – მათ არავითარი სერიოზული მტკიცებულება არ გააჩნიათ და მეორე – ელოდებიან დამატებით ინსტრუქციებს უცხოეთიდან და იმის მიხედვით იმოქმედებენ.

გიორგი ცუცქირიძე

როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რაც დრო გადის ქართული ოპოზიცია სულ უფრო ემსგავსება ნეოლიბერალიზმის, როგორც უკიდურესად მემარცხენე საერთაშორისო სინდიკატის ერთ-ერთ ბოლო ბასტიონს – „ანტიფას“.

“მოგეხსენებათ ANTIFA არის უკიდურესად რადიკალური და მემარცხენე იდეოლოგიის მქონე, “ანტიფაშისტური” მოძრაობა, როგორც თავის თავს უწოდებენ, და თავიანთი პოლიტიკური მიზნების მიღწევას, სხვადასხვა ძალადობრივი ხერხით ახორციელებენ, მათ შორის, საკუთრების დაზიანებით, სხვათა უფლებების შევიწროებით, ქუჩების გადაკეტვით თუ ფიზიკური ძალადობით. “ანტიფას” არსენალშია მუქარა და თავდასხმა ჟურნალისტებზე და პოლიციელებზე. ეს ორგანიზაცია იყო დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე წინა პრეზიდენტობისას და ახლაც”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

მისივე შეფასებით, ქართული ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ორიენტირება გარე მოხმარების და ნაკლებად შიდა მოხმარების პრიორიტეტებზე. ამის მკაფიო მაგალითად მოჰყავს წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე ოპოზიციის სლოგანი, რასაც განსაკუთრებით „ლელო“ და მისი კოალიცია მოითხოვდა.

“ეს გარდა იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკას სულ მინიმუმ 14 მილიარდი ლარით აზარალებდა და ზრდის ნაცვლად რეცესიაში შეიყვანდა, სწორედ იმ ამომრჩეველს დაარტყამდა ვისი იმედიც წესით უნდა ჰქონოდათ. ამის შედეგი იყო არჩევნების პირწმინდად წაგება რეგიონებში, განსაკუთრებით კახეთსა და შიდა ქართლში, რომლის მცხოვრებელთა ძირითად შემოსავალსაც აგროპროდუქციის რუსეთის ბაზარზე რეალიზაცია წარმოადგენს”, – აცხადებს ცუცქირიძე.

ოპოზიციის მხარდასაჭერად თბილისში ევროპარლამენტარების ვიზიტი დაიგეგმა, მანამდე გერმანიის საელჩომ მიანიშნა „მშვიდობიან რევოლუციაზე“. ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ქუჩის აქციებით შეცვლა სურს, მაგრამ საინტერესოა, რამდენად მიღწევადია ასეთი სცენარი დღეს იმ ქვეყანაში, რომელმაც ბოლო 30 წლის წლის განმავლობაში რამდენიმე მძიმე პროცესი გადაიტანა საკუთარ თავზე? არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია და დასავლეთიდან წახალისებული ქუჩის პროცესები – ეს კინო საქართველოს უკვე ნანახი აქვს.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ჯერჯერობით, რაც ზედაპირზე ჩანს, ოპოზიცია ვერ აგროვებს მხარდაჭერების კრიტიკულ მასას, ეს კი მოწმობს იმას, რომ ოპოზიციამ ვერ მოიპოვა მხარდაჭერის ის ხარისხი, რომელიც მას მისცემს საშუალებას, დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს და მხარს უჭერს ოპოზიციას.

„ჩვენ გვესმის დასავლეთიდან ამ შინაარსის განცხადებები, – ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით! როდესაც ხედავენ, რომ ოპოზიციამ ამ ერთი კვირის განმავლობაში ვერ მოახერხა ქუჩაში მხარდამჭერების დიდი რაოდენობის გამოყვანა, იქ ალბათ, ეჭვები გაჩნდა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირის 8 ქვეყნიდან დელეგატების ჩამოსვლა უკავშირდებოდეს იმას, რომ ოპოზიციასთან შეათანხმონ შემდგომი მოქმედების გეგმა. თუ ოპოზიციურ მოძრაობას ფართო სახალხო მხარდაჭერა არ ექნება, მაშინ დასავლეთი უფრო ფრთხილი იქნება ოპოზიციის მხარდაჭერაში“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე აზრით, ოპოზიცია საკუთარი თავის მძევლად იქცა – მათ მოიჭრეს პარლამენტში შესასვლელი გზა. ყოველივე ამის ფონზე, პარლამენტში შესვლა რომ მოუწიოთ, მათი რეიტინგები განულდება.

„ოპოზიციას ჯერჯერობით მწყობრი გეგმა არ წარმოუდგენია, მათი ერთადერთი იმედი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ევროპული კავშირებით ცდილობს ოპოზიციას სული შთაბეროს. პრეზიდენტის სახით ოპოზიციას ერთი თვის რეზერვი დარჩა. როცა ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება, მისი პოლიტიკური ფასი და წონა დაეცემა და ის არავის აღარ დასჭირდება. მისი ტექნიკური მთავრობის იდეამაც კი დაპირისპირება გამოიწვია ოპოზიციაში“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ ისევე, როგორც ადამიანი ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევა, არც 2020 წლის მოვლენები განმეორდება და მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც იქნება: „ქართული ოცნების“ მმართველი უმრავლესობა, ხოლო ოპოზიციურ ფლანგს „ხალხის ძალა“ დაიკავებს. თუმცა მთელი ეს სცენარი შესაძლოა შეიცვალოს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნით, რომელიც ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდება. იმაზე, თუ როგორ შეაფასებს ეუთო 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

შორენა ქარჩავა