არჩევნებამდე 6 დღით ადრე თბილისში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მარში გაიმართა ლოზუნგით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. აქცია, რომელსაც სოციალურ ქსელის საკუთარ გვერდზე აქტიურად აანონსებდა „თბილისი პრაიდი“, იდეის თანახმად აპოლიტიკური და სახალხო პროტესტის გამომხატველი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.

მართალია პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ტრიბუნიდან არ გაუკეთებიათ განცხადებები, მაგრამ აქციის მთავარ ლოზუნგს თუ შევხედავთ, ეს უკვე პოლიტიკაა. მარშის მთავარი მიზანიც საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფების დემონსტრირება იყო.

აქცია-მარშში მონაწილე პარტიები დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და დათქმულ დროს ფეხით მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ. პარტია „ლელოს“ კოალიციის წარმომადგენლები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ, სხვებმა ორთაჭალა, გმირთა მოედანი, სამგორი და მთაწმინდა აირჩიეს, არასამთავრობოების შეკრების ადგილად კი რესპუბლიკის მოედანი შეირჩა.

„და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე”, – აანონსებდნენ ორგანიზატორები.

მსვლელობისას პოლიტიკური პარტიების ლიდერების მსგავსად ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებდნენ. ასე მაგალითად, ყოფილმა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ 20 ოქტომბრის მარში იყო მოსახლეობის დაკვეთა, რათა „დავანახოთ მთელ დასავლურ ცივილიზაციას, რომ ჩვენს მომავალს ევროკავშირში ვხედავთ“,  განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც „ენმ“-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ თქვა, 20 ოქტომბრის აქცია არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომ „ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს“. „განახლებულმა“, ანუ პოლიტიკური პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ კი განმარტა, რომ აქცია სიმბოლური ხასიათის იყო. განცხადება გააკეთა „ლელოს“ სულის ჩამდგმელმა მამუკა ხაზარაძემაც. მისი თქმით, 20 ოქტომბერს შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებსაც უნდა საქართველოს სიძლიერე.

„ჩვენი მოქალაქეები იკრიბებიან, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი, ეს არის ეროვნული არჩევანი. 26 ოქტომბერს მშვიდობიანად გავისტუმროთ „ქართული ოცნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აქციას შეუერთდა „თბილისი პრაიდიც“, თუმცა ერთგვარი დრეს კოდის დაცვა მოუხდათ, აქციაზე არ იყო ლგბტ დროშები, მხოლოდ ევროკავშირისა და საქართველოს სახელმწიფო დროშა, აქა-იქ უკრაინისაც. აქციაზე ხალხი რეგიონებიდანაც ჩამოიყვანეს. წინა დღეებში მარშისთვის მობილიზაცია, ოპოზიციური მედია არხებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მარში ოპოზიციის პოლიტიკური მიზნების ნაწილი იყო.

თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე 10 ათასობით მხარდამჭერისთვის კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ გახსნა, მან საქართველოს ჰიმნი აქციის მონაწილეებთან ერთად შეასრულა. ამის შემდეგ, შესრულდა ევროპის ჰიმნი, რასაც მოჰყვა სხვა მუსიკალური ნომრები.

მომღერალ ნინო ქათამაძის მუსიკალური იმპროვიზაციების ფონზე აქციის მონაწილეებს შორის, სცენის მიდამოებში, დაცვის თანხლებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოჩნდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განმარტა, რომ განცხადებას ყველასთვის ერთიანად სცენიდან გააკეთებდა. პრეზიდენტს გარკვეულ ხანს მოუწია მოცდა, მისთვის სცენის დათმობად თითქოს არავინ ჩქარობდა. სალომე ზურაბიშვილი „მოთმინებით“ ელოდა თავის რიგს.

პრეზიდენტის მიერ 20 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება ოპონენტები კრიტიკას ვერ ასცდა, განსაკუთრებით ის მონაკვეთი, როდესაც ზურაბიშვილმა მაია სანდუსა და ზელენსკის უხმო. ზელენსკი იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებულიო – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აღაშფოთა სალომე ზურაბიშვილის სიტყვებმა, მისი თქმით, საქართველოს გზა ევროკავშირისკენ არც მოლდოვის გავლით გადის, არც – უკრაინის. არც იმ გზების გავლით გადის, რა გზებითაც ეს ქვეყნები ევროკავშირისკენ მიდიან. საქართველოს აქვს თავისი გზა, ის უკვე არის კანდიდატი ქვეყანა.

მაკა ბოჭორიშვილი

„ქართველ ხალხს არჩევანი დიდი ხნის წინ აქვს გაკეთებული. დიდი ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ამ ქვეყნის არჩევანი არის ევროკავშირი. მივდივართ ევროკავშირისკენ და ეს ახალი არ არის – ახალი შეთავაზება არ არის საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამას ელის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც და მოსახლეობის 85%-იც, რომელიც ევროკავშირს უჭერს მხარს, მაგრამ როგორ მივდივართ იმ ევროკავშირამდე? – ამაზეა საუბარი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

არ დააყოვნა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთიმ. ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ გამართულ მარშს ის სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და მარშის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

“ქართველები ისევ ისტორიას წერენ! დღეს ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. გმადლობთ!”, – წერს როთი X-ზე.

მარშში მონაწილე ხალხის სიმცირემ დისკომფორტი შეუქმნა ლიდერებს, მათ შორის, სავარაუდოდ პრეზიდენტსაც. ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა, „მთის ამბებმა“ და „ტვ პირველმა“, ვიდეოები გამოაქვეყნეს, სადაც ოპოზიციის პრაიდის ნაცვლად, ძველი აქციების კადრებიც კი გამოიყენეს.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 20 ოქტომბრის მარშის მონაწილეთა სიმცირე არ გაჰკვირვებია.

გურამ მაჭარაშვილი

მისივე თქმით, როდესაც “თბილისი პრაიდი” აორგანიზებს, კაცების გათხოვების დაკანონების მოთხოვნით აქციას, იქ საზოგადოების უმრავლესობა რომ არ მივიდეს, გასაკვირი არ არის.

„მთელი ოპოზიცია და მთელი ენჯეო სექტორი, უცხოური ძალები ევროკავშირისა და საელჩოების ჩათვლით, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, მთელი 1 თუ 2 თვის განმავლობაში ამზადებდნენ ამ აქციას და იმისი მეოთხედიც ვერ მოვიდა, რასაც აანონსებდნენ. რა არის გასაკვირი, როდესაც „თბილისი პრაიდი“ აორგანიზებს, კაცების გათხოვების დაკანონების მოთხოვნით აქციას, რომ იქ საზოგადოების უმრავლესობა არ მივიდეს“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 20 ოქტომბრის მარში საქართველოს ისტორიაში პირველი წინასაარჩევნო აქცია იყო, სადაც ვერცერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა. მათი განმარტებით, წინასაარჩევნო აქცია კი ჩაატარეს, მაგრამ, საზოგადოებამ არ იცოდა ვისთვის უნდა დაეჭირათ მხარი. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ აქციისთვის თადარიგი საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიჭირეს, იმ რაოდენობის ხალხის მოგროვება მაინც ვერ შეძლეს, რის მოლოდინიც ოპოზიციაში ჰქონდათ.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ევროპული მარში“ შედგა. ქართველმა ხალხმა „ოცნებას“ კიდევ ერთხელ აჩვენა,თუ ვის ირჩევს ხალხი და რა საგარეო ორიენტაცია უნდა მას ხელისუფლებისგან. ამიტომ 26 ოქტომბერს „ოცნება“ მიიღებს უარს ამ ხალხისგან და ის ხელისუფლებას დატოვებს.

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია. არ ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიებს, არ დადიან სოფლებსა და ქალაქებში, შეკრებებს ვერ ატარებენ. მთავრობის მეთაურის თქმით, თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე და იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ.

“სკამებით როდესაც ატარებ შეკრებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ უმძიმესი მდგომარეობა გაქვს და მხარდაჭერა არ გაქვს საერთოდ საზოგადოებაში. გუშინ ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, NGO-მ, სალომე ზურაბიშვილმა, ყველა მიიყვანეს და თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეს. იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ავრცელებდნენ ძველი აქციების კადრებს და მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას და იმ ლოკაციას ვერ ავსებ, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე არავითარი შანსი არ გაქვს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, თავისუფლების მოედნის შევსებას არ სჭირდება დიდი რაოდენობის ხალხი. თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეთ, აქცია ჩაუვარდა და რეალურად, რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები 1 კვირით ადრე წააგო.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, 20 ოქტომბრის აქცია იყო ერთი მხრივ დასავლურ აუდიტორიაზე, მათ პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებზე გათვლილი აქცია, მეორე არ გაცხადებული მიზანი იყო ის, რომ მოეხდინათ ძალების დათვალიერება იმისთვის, თუ რამდენი ადამიანი გამოვა 27 ოქტომბერს აქციებზე, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდება.

მისივე დაკვირვებით, 20 ოქტომბრის აქციაზე იყო დაახლოებით იმდენი ადამიანი, რამდენიც იყო „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მიმართულ ბოლო თვეების აქციებზე, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად პოლიტიკური პარტიების ლიდერები ტრიბუნასთან არ გამოიყვანეს. მათ ვერ აიყოლიეს საზოგადოების კრიტიკული უმრავლესობა.

„ძალიან აშკარა არის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, ვშიშობ, ამან ზეგავლენა არ იქონიოს სახელმწიფო სტრუქტურებში, საჯარო მოხელეებზე“, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პროევროპულად საქართველოს გაცილებით მეტი მოქალაქეა განწყობილი, ვიდრე ოპოზიციის მარშზე მივიდა.

შორენა ქარჩავა