საქართველოში 26 ოქტომბერს მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პარტიების საარჩევნო სიებიც უკვე განსაზღვრულია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის ემზადება, რადიკალური ოპოზიციის სცენარი უცვლელია, ისინი არჩევნებზე მეტად, 27 ოქტომბრისთვის – არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებიან. წინდაწინ ნერგავენ საზოგადოებაში განწყობას, რომ არჩევნები აპრიორი გაყალბდება და „ყველანი ქუჩაში!“.

ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერას აშშ უკვე ღიად გამოხატავს. ასე მაგალითად, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში მოცემულია მთელი რიგი რეკომენდაციებისა სწორედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს „სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიგნებები“ და არა ცესკოს მიერ წარმოდგენილი ოფიციალური შედეგები. დამკვირვებელთა სანდოობა რა კრიტერიუმებით იზომება და ვინ საზღვრავს მათ კომპეტენციას, უცნობია.

„მაკკეინის ინსტიტუტი“ უკვე წინასწარ ამზადებს ქართველ ამომრჩეველს, რომ პარალელური ხმების დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგები კრიტიკული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური არჩევნების შედეგების დამოწმებისთვის.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში 20 სექტემბერს გამოქვეყნდა და ის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ არის მომზადებული და ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მისიას თბილისში, რომელიც 2-8 სექტემბერს შედგა.

დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ს, განიხილოს არჩევნების შემდგომ პერიოდში კონგრესის ორპარტიული დელეგაციის გაგზავნის შესაძლებლობა, „ქართველი დამკვირვებლების გასაძლიერებლად, დემონსტრანტი მოქალაქეების მხარდასაჭერად და შესაძლო ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისა და დევნის შემაკავებელ ფაქტორად“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებლების მიერ დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგი, განსაკუთრებით კი, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე“.

დოკუმენტის ავტორები ასევე გამოდიან რეკომენდაციით, რომ ევროკავშირმა განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ „არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ აუცილებლად მტკიცედ დაუჭერენ მხარს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან ნებისმიერი ხელის შეშლა გააჩენს საერთაშორისო დახმარების პერმანენტული შეწყვეტის, მთავრობის მიმართ სანქციების დაწესებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის საჭიროებას“.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად თუ გამოაცხადებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სადამკვირვებლო ჯგუფებს მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი ან ისინი განაცხადებენ სერიოზული დარღვევების შესახებ, რაც შედეგებს არასანდოს გახდის, საერთაშორისო ზეწოლა გადამწყვეტი იქნება საჩივრების განხილვის, აუდიტის, ხმების გადათვლისა და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში.

ზაალ ანჯაფარიძე

როგორც Dalma News-თან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც საქართველოში დაინერგა ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა, ეგზიტპოლების ჩატარების აუცილებლობა ფაქტობრივად გაქრა. ახალი სისტემის საფუძველზე მყისიერად გამოქვეყნდება არჩევნების შედეგები. ეგზიტპოლების ჩატარებას, გაანალიზებასა და გამოქვეყნებას გარკვეული დრო სჭირდება, ამდენად, ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნების პირველად შედეგებს უმოკლეს დროში გამოაქვეყნებს. აქედან გამომდინარე, ყველა ის განცხადება, რომ ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის შედეგები გარკვეული ორგანიზაციებისთვის გადამწყვეტი და ერთადერთი სანდო წყარო იქნება, მიმართულია იმისკენ, რომ დასავლეთი დაეყრდნოს იმ ორგანიზაციების პარალელურ დათვლებსა და დაკვირვებებს, რომლებიც ოპოზიციასთან არიან აფილირებულნი, ხოლო ხელისუფლებასთან დაპირისპირებულნი, შესაბამისად, არ წარმოადგენენ ნეიტრალურ მხარეს, ისე, როგორც ეს მოხდა 2020 წელს „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან.

„სამწუხაროდ, მაშინ ხელისუფლებამ ბოლომდე არ გამოიკვლია ეს საქმე. საინტერესო იქნებოდა გაერკვიათ, ეს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა იყო თუ ვიღაცამ გარედან უკარნახათ, რომ სწორედ განსხვავებული ციფრები დაედოთ. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ „სამართლიან არჩევნებს“ საკუთარი სურვილით არ გაუკეთებია, არამედ გარედან მიიღეს მითითება, რომ პარალელური დათვლის დროს დაედოთ განსხვავებული ციფრები, რათა ოპოზიციისთვის მიეცათ ბერკეტი საპროტესტო აქციების დასაწყებად“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, არც 2020 წელს ყოფილა კოლექტიური დასავლეთი არ იყო დაინტერესებული იმით, რომ „ქართული ოცნება“ მესამე ვადით დარჩენილიყო ხელისუფლებაში და ახლა ხომ საერთოდ, ღიად ღიად გამოხატავენ საკუთარ განწყობებს. ამას ადასტურებს შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაც, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები ფაქტობრივად ცნობილი იყო არალეგიტიმურად, სწორედ მაშინ შარლ მიშელმა „ქართულ ოცნებას“ დაუწესა პირობა, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში არ აიღებდა 42%-ზე მეტს უნდა ჩატარებულიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველმა მაშინ, დასავლეთის მოლოდინები ვერ გაამართლა.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, დასავლეთი იმავე ტრიუკს მიმართავს ამჯერადაც.

„სხვათა შორის, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, NDI – ის მიერ დაფინანსებულმა „ისფედმა“ გამოიყენა იგივე მეთოდი. მისი პარალელური დათვლის შედეგები ასცდა ცესკოს შედეგებს და ეს გახდა ეუთოსთვის საფუძველი იმისა, რომ თავის დასკვნაში ჩაეწერათ – არჩევნები არ შეესაბამებოდა საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოვლინებას“, – აცხადებს ანჯაფარიძე.

მისი თქმით, ამომრჩევლის უმეტესობა სრულიად საფუძვლიანად ფიქრობს იმას, რომ არჩევნების მეორე დღე იქნება დაძაბული, ოპოზიციური პარტიები უკვე აღარც მალავენ, რომ არჩევნების მერე აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას. მათი განცხადებებიდან გამომდინარე, ისინი არ უშვებენ არანაირ სხვა შედეგს გარდა მათი გამარჯვებისა. „ქართული ოცნების“ გამარჯვებას კი, წინასწარვე არალეგიტიმურად აცხადებენ.

„აქ არის მეორე საკითხი, რამდენად მზად იქნება მეორე დღისთვის ქართული საზოგადოება. ვისაც არ სურს ხელისუფლებაში დაბრუნდეს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, ის ხალხი თუ გამოვიდა ქუჩაში და განაცხადა, – დავიცავთ ჩვენს ხმებს, ანუ იმ შედეგებს რაც ცესკომ დადოო, თუ ხალხი გამოვა გარეთ და არ დაუთმობს ქუჩას ოპოზიციის ამომრჩეველს, მაშინ დასავლეთი იძულებული გახდება არჩევნების შედეგები აღიაროს. დასავლეთი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი არიან ისინი, რომლებიც ოპოზიციის აქციებზე გამოდიან და სათვალავში არ აგდებენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არ მონაწილეობს ოპოზიციის აქციებში“, – ამბობს ანალიტიკოსი.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით თუ არა, უბრალო უმრავლესობით გაიმარჯვოს. მისივე შეფასებით, დასავლეთი ფართოდ დახუჭული თვალებით იყურება საქართველოსკენ. ისინი ეყრდნობიან ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და არ ინტერესდებიან ალტერნატიული წყაროებით.

 გიორგი ცუცქირიძე

არჩევნების შედეგების პროგნოზირების ინდიკატორებიდან ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე წინასაარჩევნო კამპანიის აქტივობას გამოყოფს, – როგორია ამომრჩეველთან შეხვედრების და კომუნიკაციის დინამიკა, როგორ ხდება საინფორმაციო ბადით მისი ფართო საზოგადოებისათვის მიწოდება და სხვა.

„ბოლო დღეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯერ ე.წ ოპოზიციური წალენჯიხის, შემდეგ თელავის და ხაშურის მაგალითზე, ხელისუფლება პირწმინდად იგებს საინფორმაციო და პიარ კამპანიას, რაც შემდეგ ხმებში აისახება. ამ საპარლამენტო არჩევნებს “ქართული ოცნება” იგებს, თან დიდი ანგარიშით, რადგან წინასაარჩევნო აქტივობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს არჩევნების შედეგსაც. მეორე მხარეს ჩვენ ვაკვირდებით ოპოზიციის აქტივობასაც. ამ წინასაარჩევნო მარათონში ოპოზიცია ფაქტობრივად არ მონაწილეობს, თუ არ ჩავთვლით „ლელოს“ კოალიციის შედარებით აქტივობას“, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.

მისივე შეფასებით, სარკასტულად გამოიყურება „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ შემოკრებილი კოალიციის შეხვედრები რეგიონებში, რომლის დროსაც დამსწრე პირთა აშკარა სიმცირეს ვერც ოპოზიციური ტელევიზიები ფარავენ.

ცუცქირიძის აზრით, ამ მოცემულობაში ოპოზიციიდან საარჩევნო 5 %-იანი ბარიერი 2 სუბიექტმა თუ გადალახა, კარგ შედეგად ჩაითვლება, რომლის დიდი შანსი ნაციონალებთან ერთად, ჯერ კიდევ შემორჩენილი მხარდამჭერების რესურსით, უფრო „ლელოს“ კოალიციას აქვს წინასაარჩევნო აქტივობის მიხედვით.

„როგორც ჩანს, ოპოზიცია ბოლო კოზირად საგარეო ფაქტორს გამოიყენებს, მათ შორის არჩევნებამდე დარჩენილ დროში პრესინგის გაზრდით. ყველაფრიდან ჩანს გარეთ დაწერილი სცენარის სავარაუდო სურათიც. პრეზიდენტის ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიცია 26 ოქტომბრის დილიდანვე საკუთარი პარტიული ტელევიზიებიდან და დაკვეთილი ეგზიტპოლებიდან, დაიწყებს საინფორმაციო შტურმს არჩევნების მოგებაზე, როგორც უკვე დამდგარ შედეგზე და „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე“, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტის აზრით, 26 ოქტომბრის შემდეგ დღეებში არაერთ განცხადებას და მოწოდებას მოვისმენთ უცხოეთიდან, ოპოზიციის გამარჯვების აღიარებასა და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე. მაგრამ ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული რეალურად აიღებს თუ არა „ქართული ოცნება“ პირობითად 100 სადეპუტატო მანდატს, რადგან ასეთ დროს ვერც პროტესტი იქნება ხანგრძლივი და დესტაბილიზაციისაკენ გადახრილი.

„იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების საპირწონედ ოპოზიცია რეალურად შედეგსაც ვერ დებს, ჩავთვალოთ, რომ შიდა პროტესტი სუსტი იქნება, და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისმა გარე მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშოს. არჩევნების შედეგებს კი საბოლოოდ ეუთო/ოდირიც აღიარებს და თქვენ წარმოიდგინეთ ვაშინგტონიც და ბრიუსელიც“, – ამბობს გიორგი ცუცქირიძე.

შორენა ქარჩავა