„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში ქართული პოლიტიკა კვლავ აქტუალურია, ამჯერად დოკუმენტი სკანდალური გამოვიდა. იგი ერთგვარად ადასტურებს საქართველოში ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას, რომლებსაც ჰყოფნით „სიმამაცე“ ევროკავშირს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სთხოვონ, რაც წინასაარჩევნოდ, მათივე გათვლებით, აუცილებლად იმუშავებს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ და არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსს შეამცირებს.
არასამთავრობოების ამ ანტისახელმწიფოებრივი განზრახვის მთავარი გათვლაა ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ქართველმა ამომრჩეველმა აღიქვას, როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების შედეგი, – სწორედ ამის შესახებ არის საუბარია „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის – ლორა თორნტონის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში. დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მისიას თბილისში, რომელიც 2-8 სექტემბერს შედგა.
ანგარიშში ჩამოთვლილია 7 ქმედება, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა განახორციელონ საქართველოს არჩევნების წინ, მათ შორისაა: ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სამოგზაურო სანქციების შემოღება, აშშ-ის კონგრესში „ქართული ოცნების“ მთავრობის ანგარიშვალდებულების დემონსტრირებისთვის კანონმდებლობის წინ წაწევა, აშშ-ის მთავრობის მხრიდან „ქართული ოცნების“ ცალკეული ლიდერებისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, პირადი და ფინანსური სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვა, მედიის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „აშშ-ისა და ევროკავშირის საერთაშორისო დახმარების სააგენტოებმა უნდა დაუჭირონ მხარი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და არ შეასრულონ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი, ხოლო „აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა საჯაროდ უნდა გამოთქვან სერიოზული ეჭვები ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობის შესახებ, რომელიც ჩატარდება მიუკერძოებელი დაკვირვების შეზღუდვისა და წარუმატებელი საარჩევნო რეფორმის ფონზე“.
დოკუმენტის ავტორები ასევე გამოდიან რეკომენდაციით, რომ ევროკავშირმა განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ „არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ აუცილებლად მტკიცედ დაუჭერენ მხარს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან ნებისმიერი ხელის შეშლა გააჩენს საერთაშორისო დახმარების პერმანენტული შეწყვეტის, მთავრობის მიმართ სანქციების დაწესებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის საჭიროებას“.
მდიდარი და რადიკალიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბრისას უარყოფენ „მაკკეინის ინსტიტუტთან“ ურთიერთობასაც კი. ისმის კითხვა, ვინ ცრუობს, „მაკკეინის ინსტიტუტი“ თუ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი? ამ კითხვაზე „ქართულ ოცნებაში“ ერთი პასუხი აქვთ, – არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი დადასტურებაა „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიღწეული წარმატებები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მისგან წარმოქმნილ პარტიებს საარჩევნოდ წამგებიან მდგომარეობაში აყენებს. ამდენად, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშმა მოარული ჭორები დაადასტურა, რომ ვიღაც-ვიღაცები უკვე წლებია ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის ხელის შეშლას.
არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები უარყოფენ მათი მხრიდან მსგავსი მოთხოვნის წაყენებას, ზოგი მათგანი ჟურნალისტებთან კომენტარსაც გაურბის.
„სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ მაკკეინის ინსტიტუტს მათ ორგანიზაციასთან შეხვედრები არ ჰქონია და არასდროს დაუყენებიათ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საკითხი. ორგანიზაციის სახელით ამბობს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს.
„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს სიტყვას გარკვეული ძალა აქვს, თუმცა არა იმდენი, როგორც ეს ზოგს ჰგონია“, – ამბობს ლევან ნატროშვილი.
„საია“-ში აცხადებენ, რომ მათი უმთავრესი მოთხოვნაა, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაზარალდეს.
„ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ხალხი არ უნდა ზარალდებოდეს იმ ქმედებებისთვის, რასაც შესაძლოა მთავრობა ჩადიოდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წინ მიიწევდეს ევროინტეგრაციის გზაზე“, – ამბობს „საია“-ს წარმომადგენელი ნათია ყრუაშვილი.
მსგავსი მოთხოვნის ავტორად თავს არც ოპოზიციაში აცხადებენ, მათი აზრით, თუ კი რაიმე ტიპის სანქცია დაწესდება „ქართული ოცნების“ ლიდერებისა, თუ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ეს იქნება მხოლოდ ხელისუფლების დამსახურება და სხვა არავისი.
როგორც „გირჩის“ წევრები აცხადებენ, არც ერთ დახურულ შეხვედრაზე არ მოუსმენიათ, რომ ოპოზიციიდან რომელიმე პოლიტიკოსს მოეთხოვა საქართველოსთვის ევროკავშირის ქვენებში უვიზო რეჟიმის გაუქმება, თუმცა, ითხოვენ თუ არა ამას არასამთავრობოები ამაზე პასუხი არც „გირჩში“ არ აქვთ.
„თუ ვინმე ითხოვს ამას, ძალიან მიქარავს. შესაძლებელია ბიძინა არ მოგწონდეს, ხელისუფლების შეცვლა გინდოდეს, მაგრამ ამისთვის სასწორის პინაზე დადო საქართველოს ერთ-ერთი ძალიან მაგარი მიღწევა, არ არის სწორი არც პოლიტიკური და, არც ადამიანური თვალსაზრისით“, – აცხადებს „გირჩის“ დეპუტატი ჰერმან საბო.
ოპოზიციის უფრო რადიკალურ ნაწილში კი ბრალდებას „ოცნებისკენ“ ამისამართებენ და აცხადებენ, რომ თუ ვინმემ შეუქმნა საფრთხე საქართველოს ევროინტეგრაციას „ქართულმა ოცნებამ“ თავისი არადემოკრატიული ნაბიჯებით და ამაზე თავად ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები საუბრობენ.
„თუ ვინმე საფრთხე უქმნის დღეს საქართველოს ურთიერთობას ცივილიზებულ მსოფლიოსთან, ეს არის ივანიშვილი და მისი ანტიქართული რეჟიმი“, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.
„მოქალაქეების“ ლიდერის – ალეკო ელისაშვილის აზრით კი, ევროკავშირი არის ყველაზე მდიდარი ქვეყნების გაერთიანება, ეს არის შანსი საქართველოს გამდიდრების. მისი აზრით, თუ უვიზო მიმოსვლა შეუწყდება საქართველოს ეს „თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ უღირსი საქციელის დამსახურება იქნება“.
თავად „ქართულ ოცნებაში“ კი ქვეყნის მოღალატის იარლიყით ამკობენ მათ, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს.
„პოლიტიკური „ენჯეოებისგან“ ეს არ გვიკვირს. ქვეყნის წინააღმდეგ ამ მზაკვრულ გეგმას ვერ განახორციელებენ. ამით მხოლოდ ბუმერანგის ეფექტს მიიღებენ, რისი შედეგიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დადასტურდება. სინამდვილეში, ესენი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, არიან პოლიტიკური „ენჯეოები“, რომლებიც უფრო რადიკალური პოლიტიკური პარტიები არიან, ვიდრე თავად პარტიები. ისინი ქვეყანაში უკიდურეს რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ახორციელებენ. იმ კასტას წარმოგვიდგენენ, რომლებიც ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანას ცდილობენ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, გიორგი კახიანი სამწუხარო ფაქტს უწოდებს იმას, რომ საქართველოში არსებობენ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შეიძლება, თავში გაუჩნდეთ აზრი, რომ ევროკავშირს მოსთხოვონ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გაუქმება.
„არ მესმის, სხვა რა შეიძლება იყოს შენს ქვეყანასთან მიმართებაში მოღალატეობრივი დამოკიდებულება? მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ამბიცია დაკმაყოფილდეს, თურმე ჩვენს ქვეყანას უნდა შეეზღუდოს ვიზალიბერალიზაცია. დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ არ მოხდება“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ხელისუფლების ოპონენტები და მათთან ღიად აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციები განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ არჩევნების წინ დაასუსტონ „ქართული ოცნების“ პოზიციები. მათ იციან, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება შეეხება ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში, რომლებიც დღეს სარგებლობენ ამ სიკეთით – არ უწევთ საელჩოებში რიგებში დგომა საბუთებისთვის და სხვა. იციან საქართველოს მოსახლეობის განწყობები ამ თემის მიმართ და სწორედ ამ მტკივნეულ წერტილში უნდათ დაარტყან ხელისუფლებას, რომ როგორმე დაითანხმონ კოლექტიური დასავლეთი და კიდევ უფრო მეტი ადამიანი განაწყონ ხელისუფლების წინააღმდეგ.
„ეს ყველაფერი სწორად რომ შევაფასოთ – სახელმწიფოებრიობის, ქვეყნის პატრიოტიზმისა და მოქალაქეობრიობის გაგების თვალსაზრისით ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია. უვიზო რეჟიმი რომ შეჩერდეს, მის აღდგენას სჭირდება წლები, რამდენი მოქალაქე დაზარალდება ამით? საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ, რა პროცენტს შეადგენს საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც უვიზო რეჟიმით აქტიურად სარგებლობენ, გააჩნიათ ამის ფინანსური შესაძლებლობა და სხვა? გამოკითხვები, რაც მე მინახავს, საუბრობს იმაზე, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ევროპაში გაემგზავროს. შესაბამისად, ეს არის გათვლილი იმ სეგმენტზე, რომელიც მონაწილეობდა მაის-ივნისის ანტისამთავრობო აქციებში“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
არსებობს ვიზალიბერალიზაციის შინაარსობრივი და ემოციური მხარე. შესაძლოა საქართველოს მოსახლეობის 100% ვერ მოგზაურობს დღეს ევროპაში და ამ ფუფუნების უფლებას თავს ბევრი ვერ აძლევს, მაგრამ განცდა, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტით კარი ევროპაში ღიაა, ბევრს ნიშნავს. ამდენად, ამომრჩეველში პანიკას იწვევს ის ცნობა, რომ ვიღაცის ან რაღაცის გამო, შესაძლოა, ერთ დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის კარი ევროპაში დაიხუროს.
ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, მით უფრო ცდილობენ რადიკალური ძალები, ამომრჩეველში პანიკური და უარყოფითი განცდების დათესვით „ოცნებას“ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი გამოაცალონ. დასავლეთში ძირითადად ეყრდნობიან რამდენიმე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს და მიაჩნიათ, რომ ისინი წარმოადგენენ ქართული საზოგადოების აზრს, არ ინტერესდებიან ალტერნატიული ინფორმაციით.
„არაერთხელ მითქვამს მათთვის, რომ ფართოდ დახუჭული თვალები გაახილეთ და გაიხედეთ სხვაგანაც. ეყრდნობიან იმ ორგანიზაციების ინფორმაციას, რომლებთანაც მეტად არიან შეთამაშებულები. რაც ძალიან კარგად გამოჩნდა „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშშიც“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, მართალია ანგარიშში არ არის მითითებული თუ კონკრეტულად რომელი ენჯეოებისგან მოისმინეს ეს მოთხოვნა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ „მაკკეინის ინსტიტუტს“ გამოგონილი ამბავი არ დაუწერია.
შორენა ქარჩავა