საპროტესტოს აქციების და ხმაურის ფონზე მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” ავ-კარგიანობაზე დავამ ამჯერად, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში გადაინაცვლა. დაიწყება თუ არა ოპოზიციის, პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენელთა საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, ამ გადაწყვეტილებას მოსამართლეთა კოლეგია უახლოეს პერიოდში მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კანონზე ახლა სასამართლომ უნდა იმსჯელოს და დაადგინონ, რამდენად შეესაბამება სადავო კანონი საქართველოს ევროპულ სწრაფვას და არღვევს თუ არა ის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს?
განმწესრიგებელი სხდომის ბოლო დღეს მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგნენ. სხდომა 31 აგვისტოს გაიმართა და 10-საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სასამართლო დარბაზში ოპოზიციას, პრეზიდენტს და 100-ზე მეტ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას ათეულობით იურისტი წარმოადგენდა. პარლამენტის ინტერესებს კი საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი იცავდა. დავის საგანია კანონის სახელწოდება და სტატუსი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებს მიენიჭებათ მას შემდეგ, რაც უცხოური ძალის ინტერესის წარმომადგენელთა რეესტრში დარეგისტრირდებიან. მოსარჩელეთა წარმომადგენლები კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მოსალოდნელ რისკებსა და საფრთხეებზე საუბრობენ, თავის მხრივ კანონის არსს გამჭვირვალობის უზრუნველყოფით ხსნის მოპასუხე მხარე.
მოსამართლეთა კოლეგიას ენათმეცნიერების მიერ მომზადებული 88-გვერდიანი დოკუმენტი გააცნო მარინა ბერიძემ, რომელიც შეეხება „გამჭვირვალობის შესახებ კანონში“ ჩაწერილი ტერმინების ნეგატიურ როლს. მარინა ბერიძის შეფასებით, ნეგატიურ ასოციაციას იწვევს რიგი ტერმინებისა და მათ შორის კანონის სახელწოდება.
მოპასუხე მხარის ადვოკატებმა მარინა ბერიძის მოსაზრებები, მისივე ფეისბუქის გვერდიდან ამოღებულ სტატუსებზე დაყრდნობით, საჯაროდ წარმოადგინეს, სადაც ის სიტყვა „მოღალატეს“ თამამად იყენებს და ამ იარლიყს აკერებს ყველას განურჩევლად, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს ზემოთ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. როგორც მოპასუხე მხარის ადვოკატებმა განმარტეს, ისინი უნდობლობას უცხადებენ ექსპერტს, რომელიც პოლიტიკურად მიკერძოებულია და მისი სანდოობა მათთვის საეჭვოა. ამის მიუხედავად, მაინც დასვეს კითხვა, თუ ვინ დააფინანსა 88-გვერდიანი სამეცნიერო ნაშრომი, რაზედაც მარინა ბერიძემ განაცხადა, რომ ეს წმინდად სამეცნიერო ნაშრომია და ენათმეცნიერთა ჯგუფისთვის არავის არც ერთი თეთრი არ გადაუხდია.
მოსარჩელე მხარისთვის მარინა ბერიძის გამოცვლა იყო არგუმენტირებული და მყარი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, თუ კანონში ჩაწერილი ზოგიერთი ტერმინი და მათ შორის, კანონის სახელწოდებაც, რატომ არის მიუღებელი.
„ეს იყო დასაბუთებული, მოქალაქეობრივი, ძალიან კვალიფიციური ემპირიულ დასკვნაზე დაფუძნებული მოხსენება. მთავარი ფრაზა თქვა, რა ასოციაციას იწვევს ადამიანებში, ანუ რა აღქმას იწვევს – მტრულს, საშიშს, ნეგატიურს, ანუ შემაშინებელი თანწყობაა ამ სიტყვებში, როდესაც საუბარია „უცხო ქვეყნის გავლენის“ ორგანიზაციებზე, ამიტომ არის ეს მტრული შინაარსის მატარებელი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ადვოკატმა ეკა ბესელიამ სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მოსარჩელე მხარეს არ აქვს არც ერთი მტკიცებულება და, არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ იდავონ.
„რაც დრო გადის, საკონსტიტუციო სასამართლო პროცესზე, ყოველ საათობრივად მოსარჩელის მტკიცებულებები ქრება, მათ შორის, თვითონ აქრობენ ზოგიერთ ტერმინებს. ჩვენ ვნახეთ, რომ თავიანთი სარჩელიდან ამოიღეს ე.წ. უთანასწორობის საკითხი, იმიტომ, რომ მიხვდნენ მეორე მხარეს ისეთი მოპასუხეები არიან, რომლებიც უნადგურებენ ნებისმიერ მტკიცებულებას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიონალები არიან ეს ადამიანები, რომლებიც პარლამენტიდან არიან წარგზავნილები, ამიტომაც და იმიტომაც, რომ ძალიან ძნელია გამჭვირვალობის წინააღმდეგ წარადგინო რაიმე ტიპის მტკიცებულება. არ ვარგა გამჭვირვალობა და კარგია გაუმჭვირვალობა და შავი ფულის ჩარიცხვა საქართველოში?“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
განმწესრიგებელ სხდომაზე ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან დაისვა კითხვა, – თუ ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს შემოსავლების 20%-ზე მეტის წყაროს, რატომ უნდა დაიწყოს სახელმწიფომ ამ ორგანიზაციის ამა თუ იმ ხელმძღვანელი პირის პირადი ცხოვრების გამოძიება? რაზედაც მმართველი გუნდის ადვოკატმა განაცხადა, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციას სახელმწიფო არ ითხოვს და ეს იუსტიციის მინისტრის ჩანაწერშიც არის აღნიშნული. ამ შემთხვევაში კანონი ინტერესდება იმ პირის ვინაობით, ვინც უცხოური დაფინანსება პირადად მიიღო, ანუ ვინც არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარი. კანონის თანახმად, საკმარისი არ არის მხოლოდ 20 %-ის დარეგისტრირება, არამედ ამ ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
“მონიტორინგი გულისხმობს, რომ განისაზღვროს ის სუბიექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმს, რომ 20% ზე მეტი შემოსავალი არის მათთვის უცხოელი ძალის მიერ ჩარიცხული. ამ ორგანიზაციებს ევალებათ პირველ რიგში დეკლარირების ვალდებულება და მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება/დგება მონიტორინგის წესი”, – განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ – დავით დევიძემ.
მისივე განმარტებით, მედიაორგანიზაციები, რომლებსაც ასევე აქვთ თავიანთ ვებგვერდზე გამოქვეყნებული, რომ არ დარეგისტრირდებიან შესაბამის რეესტრში, ბუნებრივია ესეც არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შეიძლება საჯარო რეესტრის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა იხელმძღვანელოს და ამითაც მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.
რაც შეეხება კითხვას, საჯარო რეესტრი შევა თუ არა მათ ოფისებში? დავით დევიძის განმარტებით, ეს არ მოხდება, რადგან მხოლოდ წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლიათ.
“პირველ რიგში მას მივაწვდით ინფორმაციას რომ დაიწყო მონიტორინგის პროცესი. შემდეგ მათ ექნებათ ვალდებულება რომ წარმოუდგინონ საჯარო რეესტრს ინფორმაცია, შეავსონ საფინანსო დეკლარაცია, შემდეგ შეგვიძლია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან გამოვითხოვოთ წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შევაგროვებთ შესაბამის ინფორმაციას. მაგალითად ბანკები, საიდანაც შეიძლება გავიგოთ საფინანსო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, წყაროები და ა.შ.”, – განაცხადა დავით დევიძემ.
ფილოსოფოსი, “ალტ-ინფოს” ყოფილი წევრი ელიზბარ ელისბარაშვილი სასამართლოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ ეეჭვება საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული კანონი შეაჩეროს ან გააუქმოს. მისივე თქმით, პირველ რიგში “გამჭვირვალობის კანონი” არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს კონსტიტუციას, მეორე რიგში – „ქართულ ოცნებას“ არ უნდა აწყობდეს წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო კარგი გარემო შეუქმნას „მეხუთე კოლონას“, რომ „წინარე რევოლუციის პერიოდში თამამად ატრიალონ შავი ფული საქართველოში”.
ელიზბარს ელიზბარაშვილის თქმით, სასამართლო „ქართული ოცნების“ ნების წინააღმდეგ არ წავა.
„ეს სასამართლო პროცესი ორივე მხარისთვის არის დადგმული შოუ. ამის საშუალებითა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ დონორებს დასავლეთში აჩვენებს – ჩვენ ვიბრძვით, მაქსიმალურად დაგვიდექით გვერდით და არ მოგვაკლოთ თანხებიო. ქვეყნის შიგნით თავიანთ მხარდამჭერებს კი აჩვენებენ, თუ როგორ ებრძვიან „ოცნებას“. გამოჩნდება ეკა ბესელია და შეახსენებს დასავლურ სპექტრს, რომ ის ჯერ კიდევ პოლიტიკური ფიგურაა და კიდევ გამოდგება რაიმესთვის, ხოლო „ოცნება“ ამ პროცესებს ჩაატარებს სათავისოდ ისე, რომ იურიდიულად დაუსაბუთებენ „ოცნების“ იურისტები სავსებით კანონიერად, რომ აქ არავითარი დარღვევა არ არის და კიდევ უფრო დიდ დივიდენდებს მოიპოვებს ხელისუფლება“, – აცხადებს ელიზბარაშვილი.
მისივე თქმით, ეს პროცესები პირდაპირ არჩევნებს უკავშირდება. „ქართული ოცნება“ არავისთან რევერანსებს არ აპირებს, ის იბრძვის ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად. ამას მოწმობს „გორბის“ ბოლო კვლევაც, რომლის თანახმადაც მმართველ პარტიას გამოკითხულთა 60% უჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ „უცხოური დაფინანსების შესახებ კანონი“ 2 სექტემბრიდან ამოქმედდება. ბოლო მონაცემებით, საკუთარი შემოსავლების დეკლარირების და შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების მოთხოვნა 233 ორგანიზაციას აქვს შესრულებული, დარჩენილი “ენჯეოების” ხელმძღვანელები კი აცხადებს, რომ თუ 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა, ეს მათი მარცხიც იქნება და ყველანი შავ დღეში ჩაცვივდებიან.
“მთავარია გაერთიანებული ძალებით მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. თუ 26 ოქტომბერს დავმარცხდით, ყველანი შავ დღეში ჩავცვივდებით. რეგისტრირებულ ორგანიზაციებსაც მიადგებიან, აუცილებლად. ამიტომ ისრები ისევ მთავრობისკენ, რომელმაც ასეთ დღეში ჩააგდო ორგანიზაციებით”, – წერს სოციალურ ქსელში “თბილისი პრაიდის” დირექტორი – თამარ ჯაყელი.
შორენა ქარჩავა